Home რუბრიკები პოლიტიკა სინდისდაცვეთილები

სინდისდაცვეთილები

612

ლათინურად res publica ხალხის საქმეს ნიშნავს. რთული წარმოსადგენია ხალხისა და მისი საქმისგან უფრო დაშორებული პარტიის მოძებნა, ვიდრე ჩვენებური რესპუბლიკელები არიან. როგორც არ უნდა გიკვირდეთ, ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს უძველეს პარტიას წარმოადგენენ. არადა, მისი დაფუძნების თარიღი სულაც არ არის უძველესი _ 1978 წლის 21 მაისი. მერე რა, რომ, მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან არსებობს. რესპუბლიკელები მიუთითებენ, რომ საბჭოთა წლებში იგი არ ფუნქციონირებდა და მხოლოდ 1981 წელს აღდგა. თუ ამაზე მიდგა საქმე, საბჭოთა წლებში არც რესპუბლიკელების «მჩქეფარე» პოლიტიკურ საქმიანობაზე გაუგია ვინმეს რამე (სუკის გარდა, თუმცა ამ თემას ქვემოთ დავუბრუნდეთ).

თავად რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ მაშინ მოქმედი სხვა დისიდენტური ჯგუფებისგან განსხვავებით, რომლებიც საბჭოთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალურ დაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს, ამათი მიზანი თავიდანვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ყოფილა. მასთან ერთად კი პლურალიზმის დამკვიდრება (გორბაჩოვს ჰყვარებია ეს სიტყვა «პერესტროიკის» პერიოდში, რომელმაც საბოლოოდ «გადააშენა» საბჭოთა კავშირი, რასაც ახლა რესპუბლიკელები მიიწერენ), დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება ჰქონდათ დასახული მიზნად 1978 წელს რესპუბლიკელებს.რა თქმა უნდა, ამ კეთილშობილური მიზნების შესახებ, ისევე როგორც ამგვარი პარტიის შესახებ ბრეჟნევის ეპოქაში საქართველოს მოსახლეობას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ნუ დავწვრილმანდებით იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი «მედია» მაშინ არ იხმარებოდა, იგი მოგვიანებით დამკვიდრდა, თუმცა რესპუბლიკელების ეს თვისება – უკანა რიცხვით შექმნან ლეგენდები საკუთარ თავზე, მარტო ამ ტერმინს როდი უკავშირდება. ამ თემასაც ქვემოთ მივუბრუნდეთ.

საკუთარი პარტისტორიის მოკლე კურსში რესპუბლიკელები მიუთითებენ, რომ არალეგალური ჯგუფები შეიქმნა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში. გამოუშვეს ჟურნალ «სამრეკლოს» ორი ნომერი, ხოლო 1983-84 წლებში პარტიის ოთხი დამფუძნებელი, მათ შორის ლიდერი ვახტანგ ძაბირაძე სუკმა დააპატიმრა. ძაბირაძე პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე იყო 1979-1995 წლებში. მის გარდა პარტიის ისტორიამ კიდევ სამი გვარი შემოინახა – ძმები ბერძენიშვილების და ვახტანგ შონიასი. დაპატიმრებულთა სიმცირეს რესპუბლიკელები მათი სიმტკიცითა და მაღალი ზნეობრივი თვისებებით ხსნიან. დავეთანხმებოდი, მაგრამ ახლა ხომ მაინც აღარავინ დაიჭერს მათ პარტიულ აქტივს და დაგვიანებით მაინც ჩამოთვალონ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელთა გვარები. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვეველია, როგორ შექმნა ოთხმა კაცმა ექვს ქალაქში არალეგალური ჯგუფები! აქაც, როგორც ყოველთვის, ტრაბახისა და ტყუილების ნიაღვართან გვაქვს საქმე. რესპუბლიკელებს ხომ გულწრფელად სჯერათ, რომ წერა-კითხვა და ანგარიში მხოლოდ მათ იციან!

ჩამოთვლილი ოთხი პირი «ანტისაბჭოთა ორგანიზაციის, ანუ რესპუბლიკური პარტიის შექმნისთვის» გაასამართლეს. ამით, რესპუბლიკელების აზრით, საბჭოთა ხელისუფლებამ აღიარა მათი პარტიის არსებობა. რა უშავს, რომ სხვა ყველა დისიდენტიც ზუსტად ამ მუხლით იყო გასამართლებული (ე. წ. ხულიგნების გარდა), რესპუბლიკელებს სულაც არ აწუხებთ ის, რომ ამგვარი თავისუფალი ინტერპრეტაციით გამოდის _ საბჭოთა კავშირს სხვა დანარჩენი პარტიებიც უღიარებია და სწორედ ის მრავალპარტიული, პლურალისტური წყობა შეუქმნია, რომლისთვისაც დღემდე იბრძვიან რესპუბლიკელები!

დაპატიმრებულთაგან ერთ-ერთი – ლევან ბერძენიშვილი ძალიან ცხარდება, როცა სუკის იზოლატორში დაწერილ მის განცხადებას შეახსენებენ. საქართველოს სუკის სახელზე 1984 წლის 6 იანვარს დაწერილ იმ განცხადებაში იგი წერს:

«მე, ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილი, დაბადებული 1953 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც ბრალად მედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ვაღიარებ ამ მძიმე დანაშაულს და მსურს, გაუწყოთ შემდეგი: იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ სტრიქონებს წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, უზარმაზარი უფსკრული ძევს – ამჟამად მე სრული სერიოზულობით მაქვს შეცნობილი ჩემი დანაშაულის არსიც და ჩემი დანაშაულისდროინდელი მოქმედების მთელი უბადრუკობაც».

აქ შევჩერდეთ, რადგან ლევან ბერძენიშვილის ეს ნოუ ჰაუ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანი იყოს, თანაბრად ახასიათებთ სხვა რესპუბლიკელებსაც: მაგალითად, როცა «საქმეს ასე სჭირდება», პაატა ზაქარეიშვილი, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და სხვები უპარტიო, მიუკერძოებელი ექსპერტის მანტიას ირგებენ, ხოლო სხვა დროს პარტიის ლიდერებად გვევლინებიან. ამიტომ, როცა «აქუვიზიაში» რომელიმე მათგანს დაინახავთ (ეს კი თითქმის ყოველდღე ხდება), მკითხაობა მოგიწევთ, რომელი იპოსტასით არიან იქ წარმოდგენილი.

ბერძენიშვილის აღსარების სრული სახით წარმოდგენა მეტად რთულია; ეტყობა ნაწერს, რომ ადამიანი მთელი სულითა და გულით წერდა ისე, რომ ძალა არავის დაუტანებია. იგი დღესაც ასეთი ენაწყლიანია, განსაკუთრებით, თუ ოპონენტი არ ჰყავს. თუმცა მივყვეთ მის ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, რათა დავინახოთ მისი სიცრუის ანატომია. მას შემდეგ, როცა იგი ინანიებს სამ ძირითად იდეოლოგიურ შეცდომას, რომლის საფუძველზეც საქართველოს დამოუკიდებლობა მიუღწეველი ამოცანა ყოფილა, ლევან ბერძენიშვილი თავად წერს რესპუბლიკელთა «მრავალრიცხოვან» პარტიაზე:

«ასეთ მცდარ იდეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობილნი შევეცადეთ, შეგვექმნა სათანადო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალს გამოსცემდა და პოპულარობას მოუპოვებდა ჩვენს «განმათავისუფლებელ» (ფრჩხილი მისისა – ავტ.) იდეებს და მიზანსწრაფვებს… იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუსტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო «პარტიას» მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება «საქართველოს რესპუბლიკური პარტია»… ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბავად ჩემი წინადადებით ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო «რესპუბლიკური პარტიის წესდება», რომელიც მომზადდა ჩემი რედაქციით. «წესდება» ისე იყო შედგენილი, რომ მას შეექმნა ყალბი წარმოდგენა «რესპუბლიკური პარტიის» ნამდვილი მასშტაბების შესახებ, რომ ეს «ოპოზიციური პარტია» დახატულიყო როგორც მძლავრი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და, საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი».…

ამ ტრადიციის ერთგული დარჩა რესპუბლიკური პარტია თითქმის ორმოცი წლის შემდეგაც. იგი მუდმივად არწმუნებს პარტნიორ პარტიებს, რომ იგი «მძლავრი ორგანოა, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და, საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი»… ამომრჩეველს ამაში ვერასოდეს არწმუნებდნენ და ამიტომ არჩევნებზე დამოუკიდებლად სამ პროცენტზე მეტს ვერასოდეს აგროვებდნენ, მაგრამ ხალხზე ბევრად უფრო მიამიტი პარტიების მოტყუებას კი ახერხებდნენ. ახლა ამ როლისთვის ბიძინა ივანიშვილია შერჩეული, რომელმაც ამ ურეიტინგო პარტიის რამდენიმე ლიდერი პარლამენტში უნდა გაათრიოს. მასაც, მარჯვნივ ალასანია უზის, მარცხნივ _ უსუფაშვილი და მათი იმედით აპირებს სააკაშვილის დამარცხებას! სინამდვილეში მთელი ეს ბაქი-ბუქი ისეთივე მარტივი ასახსნელია, როგორც ორიოდე წლის წინ ბერძენიშვილის უნებლიე აღიარება: «გეპეიში რომ ვსწავლობდი, კედლის გაზეთი გამოვუშვი, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია. განხილვები მიდიოდა. რვა ავტორი აწერდა ხელს და ყველა მე ვიყავი სხვადასხვა ფსევდონიმით».

ვინმეს რომ არ ეგონოს, თითქოს სუკის იზოლატორში ლევან ბერძენიშვილი ხელს აფარებდა «მძლავრ» და «მრავალრიცხოვან» რესპუბლიკურ პარტიას, აქვე ისიც ვნახოთ, რას წერს იგი საკუთარ ძმაზე:

«ჩემი წინადადებით, ეს «საქმე» (ჟურნალის გავრცელება. – ავტ.) დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანეს ძე ბერძენიშვილს, რომლისთვისაც მე, სამწუხაროდ, ავტორიტეტს წარმოვადგენდი და რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი (18 წლისაც არ იყო მაშინ) ბრმად მენდობოდა მე, როგორც უფროს ძმას. ამავე დროს, ჩვენი ცდა, გაგვეზარდა ორგანიზაციის რიცხობრივი შემადგენლობა, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე კრახით მთავრდებოდა… მსგავსმა საუბრებმა თანაგრძნობა ვერ ჰპოვა ვერც იმ ადამიანში, რომელიც მიყვარდა და რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლად მოვიყვანე (ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს – ინგა ლეოს ასულ შირავას, რომელიც ცოლად მოვიყვანე 1979 წელს)».

2009 წელს მიცემულ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი უკვე თავის ცოლსაც პოლიტიკურ თანამოაზრედ აცხადებს: «ჩემი ცოლიც ჩარეული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობაში. შევქმენით ჟურნალი «სამრეკლო». ხან მე ვბეჭდავდი, ხან ის»…

დღეს ლევან ბერძენიშვილის თანაპარტიელები სუკში დაწერილ მის განცხადებას სპეცსამსახურების ფაბრიკაციას უწოდებენ, მაგრამ რატომ არ არის ამგვარივე «ფაბრიკაციები» სხვა დაპატიმრებულების მიმართ, ამას ვერავინ ხსნის. თუმცა ყველაზე გულის ამაჩუყებელი მაინც განცხადების ფინალია:

«ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენში მომხდარი ცვლილებები _ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში (როგორ სადღეისოდ ჟღერს! _ ავტ.). მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა».

ახლა რესპუბლიკელების რეალურ პოლიტიკურ ბიოგრაფიას მივუბრუნდეთ და არა იმ მითებს, რომელთაც ისინი საკუთარი თავის გარშემო ავრცელებენ. პირველი არჩევნები, რომელზეც ისინი გამოჩნდნენ, 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები იყო. მაშინ მათ უზენაეს საბჭოში 3 მანდატი ერგოთ. ნოდარ ნათაძესთან, ელდარ შენგელაიასთან და სხვა დეპუტატებთან ერთად ქმნიან ოპოზიციურ ფრაქციას «დემოკრატიული ცენტრი».

1991 წელი გამონაკლისია რესპუბლიკელების ბიოგრაფიაში. ადგილობრივ არჩევნებზე მათ პირველად და უკანასკნელად მიიღეს ხმების 20% და ოპოზიციური ფრაქცია «აჭარა» შექმნეს.

1992 წელს, გადატრიალების შემდეგ, რესპუბლიკელები საპარლამენტო არჩევნებზე «თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან» და «დას-თან» (დემოკრატიული არჩევანი საქართველოს) ერთად გავიდნენ. 1994 წელს ისინი «სახალხო ფრონტთან» და «ქარტია 91-თან» გაერთიანდნენ და «გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიად» დარეგისტრირდნენ. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ ეს გაერთიანება დაიშალა, რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რესპუბლიკელები კიდევ ერთ ახალ გაერთიანებაში შედიან _ «ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა», მაგრამ ამ ბლოკმა მხოლოდ 4,46% მიიღო და დამარცხდა. 2001 წელს ეს ალიანსიც დაიშალა. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ პარტნიორებმა მათ მხარი არ დაუჭირეს აბაშიძისა და შევარდნაძის რეჟიმების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. სინამდვილეში ახალი მიზიდულობის ცენტრი გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის სახით და რესპუბლიკელებმაც მას მიაშურეს.

2002 წლის გაზაფხულზე მათი მონაწილეობით ახალი, სამსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკი შეიქმნა: ნაციონალური მოძრაობა _ სააკაშვილი _ დავითაშვილი, ზვიად ძიძიგურის ეროვნულ ძალთა გაერთიანება _ კონსერვატორები და რესპუბლიკური პარტია. ამ ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 24% მიიღო. სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო დავით ბერძენიშვილი – ფრაქცია «ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის» თავმჯდომარე, თუმცა რესპუბლიკელებს სულ სამი მანდატი ჰქონდათ.

2004 წლის «ნაცმოძრაობის» საპარლამენტო სიაში რესპუბლიკელებს 5 ადგილი ერგოთ, ისიც ზურაბ ჟვანიასთან გაუთავებელი ბოდიშებისა და ხვეწნის შემდეგ. 2004 წლის 20 მაისის აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მათ 30-დან 3 მანდატი მიიღეს. 2006 წლისთვის რესპუბლიკელები იმით ტრაბახობდნენ, რომ ერთადერთ პარტიას წარმოადგენენ, რომელსაც წარმომადგენლები ყველა დონის არჩევით ორგანოებში ჰყავდათ, თუმცა ხმას არ იღებდნენ იმაზე, რომ ეს ადგილები მათ მმართველ პარტიასთან ბლოკში ჰქონდათ მიღებული.

2006 წელს რესპუბლიკელები კვლავ ახალ ბლოკში შედიან კონსერვატიულ პარტიასთან, რომელმაც 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ხმების 8,6% მიიღო.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკელებმა დამოუკიდებლად გარისკეს გასვლა და, როგორც მოსალოდნელი იყო, წააგეს – 3,84% მიიღეს. იმავე წლის დეკემბერში რესპუბლიკელებმა კვლავ ახალ გაერთიანებაში ამოყვეს თავი: ჯერ «ახალ მემარჯვენეებთან» ალიანსის შექმნას მოაწერეს ხელი, ხოლო შემდეგ მათ ირაკლი ალასანიაც შეუერთდა. ახალი ალიანსის ლიდერი ალასანია გახდა. 2009 წლის ადგილობრივ არჩევნებში ამ ალიანსის წყალობით რესპუბლიკელებმა 17 მუნიციპალურ საკრებულოში თითო მანდატი მიიღეს. იმ არჩევნების შემდეგ ასეთი ანეკდოტიც დადიოდა: ირაკლი ალასანიამ იმიტომ ირბინა მთელ საქართველოში, რომ თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოში შესულიყოო!

ახლა რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს მიუჩოჩდნენ. მერე რა, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობის გამო ადგილობრივი ორგანიზაციები დაეშალათ; არც ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის რესპუბლიკელები არაფერთან კარგთან არ არიან გაიგივებული; მერე რა, რომ ყველაზე მცირერიცხოვანი და დაბალრეიტინგიანი პარტია ყოველთვის ახერხებს, სხვადასხვა გაერთიანებაში სპიკერი და საკუთარი აზრების სხვისთვის მომხვევი იყოს. ივანიშვილს, როგორც ჩანს, მათი პროდასავლურობა იმდენად ხიბლავს, რომ ამ ყველაფერზე ფართოდ აქვს თვალები დახუჭული.

ამასობაში კი ამ მრავალ ბლოკგამოცვლილ პარტიას უკვე ხვალინდელი მანდატები აქვს მოზომილი, რომელთაც ვერასოდეს მიიღებდა, რომ არა სხვადასხვა დროს გაბითურებული მიამიტი პოლიტიკოსები, რომელთა რიგს ამჯერად ხალხის იმედად მიჩნეული ბიძინა ივანიშვილიც შეუერთდა. ლევან ბერძენიშვილის სინდისი კი, რომელზეც 1984 წელს სუკს არწმუნებდა, «სუფთა მაქვსო», უკვე გვარიანად გაცვდა, უფრო სწორად წინადაცვეთას გადაჰყვა.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here