“რას მიკეთებს არჩეული სახალხო დამცველი?! ჩავიდეს და მიხედოს მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ”
ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ქართველი მეზღვაურების სასამართლო პროცესი, რომელიც 18 აპრილს უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო.
ეკიპაჟის წევრები ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ REX-ისა, რომელიც ბერძნულ კომპანია Evalend Shipping Tankers-ის საკუთრებაა, ხმელთაშუა ზღვაში 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიის სანაპირო დაცვის ძალებმა ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის ბრალდებით. დაკავებულთა შორის იყვნენ ტანკერის კაპიტანი გენადი კომახიძე, აგრეთვე, ქართველი მეზღვაურები _ რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. ლიბიელი სამართალდამცველების მტკიცებით, REX -ის კაპიტანს არ აღმოაჩნდა ზუვარაში (საპორტო ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში. დედაქალქ ტრიპოლიდან 102 კმ-ში) ჩატვირთული 806 ტონა დიზელის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები… ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაური ნუკრი ხოხბა საპატიმროდან 7 თვის შემდეგ გათავისუფლდა და საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად ლიბიის ქალაქ ტაჯურას ციხეში რჩებიან გემის კაპიტანი, 55 წლის გენადი კომახიძე და მისი 32 წლის თანაშემწე რომან კაკალაძე. რას აკეთებს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების დასაცავდ და რა სირთულეებს აწყდება საგარეო უწყება ლიბიაში, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს? მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმის პოზიტიური შედეგით დასასრულებლად. მისი თქმით, საკონსულოს მუდმივი კავშირი აქვს, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. “გამომდინარე იქიდან, რომ ლიბიაში არ გვყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ამ ადამიანების უფლებების დაცვას სჭირდება”, _ განაცხადა მინისტრმა 23 აპრილს ბათუმში ნატოს ფარგლებში გამართული შეხვედრისას. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მაგრამ ორივე უწყებიდან კომენტარზე უარი გვითხრეს.
“საქართველო და მსოფლიო” ესაუბრა ლიბიაში დატყვევებული 32 წლის მეზღვაურის _ რომან კაკალაძის დას _ სალომე კაკალაძეს, რომელიც ამბობს, რომ მისი ძმის ბედით საქართველოში მოქმედი არც ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია არ დაინტერესებულა. ვესაუბრეთ, აგრეთვე, ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში _ ვახტანგ მაისაიას.
“სახელმწიფომ ისიც არ გააკეთა, რომ პროცესი თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველეყო”
სალომე კაკალაძე, ლიბიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურის _ რომან კაკალაძის და:
_ სასამართლო პროცესს ველოდებოდით 18 აპრილს, მაგრამ არ ჩატარდა და გადაიდო მაისისთვის. ადვოკატი ჰყავთ ისევ ის, ვინც აუყვანა ჩვენმა მთავრობამ, მაგრამ ხან მიდის პროცესზე , ხან _ არა. პროცესი კი იმიტომ გადაიდო, რომ თარჯიმანი არ ჰყავდათ. სახელმწიფომ ისიც არ გააკეთა, რომ პროცესი თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველეყო. ჩემმა ძმამ მთხოვა, გადამეცა საკონსულო დეპარტამენტისთვის მისი გზავნილი, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატიცა და თარჯიმანიც ერთდროულად ყოფილიყვნენ.
_ გამოგეხმაურათ სამინისტროდან ვინმე?
_ არა. სასამართლო პროცესი კი ისევ გადაიდო ერთი თვით.
_ როგორია დღეს თქვენი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ ახერხებთ მასთან კომუნიკაციას? როგორც ვიცი, დაპატიმრებულებს საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა ჰქონდათ…
_ ხანდახან აქვს საშუალება, მესიჯი მომწეროს, მაგრამ ციხეში მკაცრი წესებია და, როცა უპოვიან ტელეფონს, ართმევენ. ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ნორმალურია, რადგან აქვს წყალი და საკვები. აღარ უწევს შიმშილობა. გემის მფლობელს პირადად დავუკავშირდი და მოვთხოვე, რომ ბიჭებისთვის მიეხედა, რადგან გაუსაძლის პირობებში ჰყავდათ _ რამდენიმე დღის განმავლობაში სასმელი წყალი და საკვები არ ჰქონდათ, შიმშილით იხოცებოდნენ. დავემუქრე კიდეც ამ კაცს, _ სასამართლოში გიჩივლებ-მეთქი და რამდენიმე დღის შემდეგ ჩაი, ყველი და სარეცხი ფხვნილი შეუგზავნა. სხვა მხრივ, არანაირი ყურადღება ამ კომპანიისგან არ ყოფილა. დღემდე ოჯახები ვრიცხავთ ციხეში ფულს, რომ ვარჩინოთ ჩვენი პატიმრები. ბათუმში ერთ-ერთი თურქული ბანკიდან ვრიცხავ თანხას ანკარაში, ხოლო ანკარიდან ირიცხება ლიბიაში და თურქეთის საკონსულოს შეაქვს ეს ფული პატიმრებთან. საუბარია 100 დოლარზე ან ნაკლებზე. თანხის გადარიცხვის შესახებაც ინფორმაცია, რა როგორ ხდებოდა, ჩემმა ძმამ თვითონ გაარკვია.
_ დახმარების სურვილი ხომ არ გამოუთქვამს ადამიანის უფლებათა დამცველ რომელიმე ორგანიზაციას?
_ აჭარის სახალხო დამცველი თამაზ ბაკურიძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც 2017 წლის ოქტომბერ-ნოემებერში ჩვენ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების დროს ოჯახებს მხარში ამოგვიდგა. სამწუხაროდ, სხვა არავინ გამოგვხმაურებია. როდესაც გამწარებული ოჯახები ვიდექით აქციაზე და ვითხოვდით დახმარებას, სად იყვნენ ეს უფლებადამცველი ორგანიზაციები ან დღეს სად არიან? რატომ არ დაინტერესდნენ?
_ როგორც ვიცი, თქვენი ძმა იყო ოჯახის მარჩენალი, როგორ და რით ცხოვრობთ ამჟამად?
_ ჩემი ძმა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო… წარმოიდგინეთ, კომპანიამ ის თანხაც კი არ გადაუხადა, რომელიც დაკავებამდე ჰქონდა გამომუშავებული, და რა დახმარებაზეა საუბარი?! მამაჩემი ავადმყოფი კაცია, ჩემი ძმის დაჭერიდან 10 დღის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა ტვინის ატროფიის დიაგნოზით. სჭირდება მკურნალობა, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ. დღეს ნათესავების დახმარებით ვარსებობთ. რაც შეეხება დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ სამინისტროს ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ყველა საკითხზე.
“საგარეო საქმეთა სამინისტოში არაპროფესიონალების მთელი ჯგროა მოკალათებული”
ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:
_ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია თავისი მოქალაქეების დაცვა, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. პოლიტოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობაში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიბია და საქართველო, არშემდგარი ქვეყნები ეწოდება. ეს სტატუსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ჯერ კიდევ 2002 წელს მიანიჭა, შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში, იმხანად ქვეყანაში კორუფცია ყვაოდა, იტაცებდნენ ადამიანებს, ამის მომსწრენი ვიყავით ყველა. გამოდის, საქართველოს იგივე სტატუსი უბრუნდება.
_ როდესაც ლიბიაში დაპატიმრებულ ქართველ მეზღვაურებზე ვსაუბრობთ, გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში არ გვყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მაგრამ აშშ–მა ლიბიაში ხომ უკვე დაამხო “პირსისხლიანი კადაფი” და “არაბული გაზაფხულის” მეშვეობით დაამყარა არნახული დემოკრატია?! რატომ არ გვეხმარება სტრატეგიული პარტნიორი? გარდა გვარებისა, ტატუნაშვილსა და კაკალაძეს შორის რა განსხვავებაა?!
_ უმძიმესი იყო ტატუნაშვილის საქმე. ასევე მძიმეა ქართველი მფრინავის _ სოსო ოსორაულის საქმეც, როდესაც ქვეყანამ ვერაფერი გააკეთა და ახლა _ ლიბია. ჩვენ მესამედ მივიღეთ ის, რასაც “სახეში გარტყმა” ჰქვია. სახელმწიფომ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, აქ მხოლოდ პარტნიორ აშშ-ზე არ არის ლაპარაკი. დარგის სპეციალისტებისა და დიპლომატების მეშვეობით შესაძლებელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქმის წარმოება. დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას დიპლომატიური მოქმედების საშუალება არ აქვს. საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ლიბიასთან, მაგრამ არ ჰყავს იქ დიპლომატიური წარმომადგენელი. საქართველოს წარმომადგენელი ჰყავს ეგვიპტეში, რას მიკეთებს?! ჩავიდეს, იმუშაოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გამოუშვან ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ, თუ არ უნდა, ფეხები დაისველოს და არაკომფორტული სიტუაცია შეექმნას, ეს სხვა საკითხია.
_ კაკალაძის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ არც ერთ ორგანიზაციას არ გამოუთქვამს სურვილი მათ დასახმარებლად. მათ უჩნდებათ კითხვა: მაინცდამაინც უნდა მოკვდეს ადამიანი,ან რუსეთი უნდა იყოს მის გატაცებაში გარეული, რომ მესამე სექტორი მათი ბედით დაინტერესდეს? თქვენი შეფასებით, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი?
_ რეჟისორმა ვარსიმაშვილმა გადაიღო ფილმი “იდიოტოკრატია” და “იდიოტოკრატია 2”. ახლა ჩვენ, მგონი, “იდიოტოკრატია 3”-ში ვართ. თუ სახელმწიფო არის ნორმალური, ჩვენ ყველა უნდა დავიცვათ. მე არ ვყოფილვარ უფლებადამცველი 2010 წელს, მაშინ, როდესაც ვიბრძოდი ციხეში და იქიდან დავანგრიე სააკაშვილის საზიზღარი რეჟიმი. 40-დღიანი პოლიტიკური საპროტესტო აქციით, რომელიც ჩავატარე, იმას მაინც მივაღწიე, რომ ციხეებში წამება დროებით შეჩერდა. რას მიკეთებს ახალარჩეული სახალხო დამცველი?! ჩავიდეს და მიხედოს მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ბერკეტი რომ მქონდეს, აუცილებლად ჩავიდოდი. მაქვს კითხვა: რომელი საინფორმაციო საშუალებები ამახვილებს ამ საკითხებზე ყურადღებას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა? ფაქტია, დღეს ქვეყანაში არსებობს არაპროფესიონალური საინფორმაციო ველი. საზოგადოებამ არც კი იცის ლიბიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურების პრობლემის არსი, ხოლო სახელმწიფო ამას შეგნებულად მალავს. ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს ასეთი მოდელი: სამთავრობო სტრუქტურა, მედიოკრატია და არასამთავრობო სექტორი, რომელთა შორის კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფოს წარმატების განმსაზღვრელია. საქართველოში კი ყველა თავისთვის “უბერავს”. საქართველოში პოლიტიკური სისტემა აგონიაშია.
_ გამოსავალს ხედავთ?
_ როცა სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, რა გამოსავალზეა საუბარი? ამერიკელი ან სხვა დიპლომატიური პარტნიორი შენ მაგივრად საქმეს არ გააკეთებს, თვითონ თუ არ შეიწუხე თავი და არ იაქტიურე. ფაქტია, რომ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში არაპროფესიონალების მთელი ჯგროა მოკალათებული. წესით, უნდა არსებობდეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან მედიის, სამთავრობო სტრუქტურებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ მსგავს საკითხებზე. საუკეთესო ვარიანტში, ამ კომისიას პრემიერი უნდა ჩაუდგეს სათავეში.
მოამზადა
სოფო კაკაჩიამ
P.S. გენადი კომახიძისა და რომან კაკალაძის გარდა, ლიბიის ციხეში 2015 წლის აგვისტოდან, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ ბათუმელი სოსლან კაკაბაძე , რომელიც მალტის მცირე ტანკერ Sovereign M-ზე მზარეულად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლება კი ისე ინტენსიურად არის დაკავებული ნატოს კარზე კაკუნითა და ევკალიპტების გადარგვით, რომ ტყვეობაში მყოფი მოქალაქეებისათვის ვერ იცლის.