აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ჯო ბაიდენს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის ქალიშვილი იმის გამო, რომ მან (ბაიდენმა) მამამისს შობელძაღლი უწოდა (შოკინი დაკავებული თანამდებობიდან 6 საათში მოხსნეს).
შოკინის ქალიშვილი აშშ-ის მოქალაქეა, ამიტომ სასამართლო შტატებში უნდა გაიმართოს, იუწყება გამოცემა “უკრაინსკი ნოვინი” ჟურნალისტ ალექსანდრ ზუბის “ფეისბუქზე” დაყრდნობით. ავტორი წერს, რომ სარჩელში ლაპარაკია არა მხოლოდ მრავალმილიონიან ფულად კომპენსაციაზე, არამედ საჯაროდ ბოდიშის მოხდაზე, რაც ასეთი დონის პოლიტიკოსისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ნოკდაუნის ტოლფასია”.
უკრაინის ყოფილმა პოლიტიკოსმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ვიცეპრეზიდენტის გამონათქვამი დამატებით არგუმენტად იქნება გამოყენებული სამსახურიდან მისი უკანონოდ გათავისუფლების საქმის სასამართლოში განხილვის დროს. “ბაიდენის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მე უკანონოდ გამათავისუფლეს, ამ პიროვნების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების შედეგად”, _ ხაზი გაუსვა შოკინმა.
24 იანვარს, ჯო ბაიდენმა, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობის საბჭოში გამართულ სხდომაზე, წაიტრაბახა, რომ აიძულა უკრაინის ხელმძღვანელობა 6 საათში მოეხსნათ გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი. ეს მან მოახერხა იმით, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით კიეველებს დაემუქრა დაპირებული საკრედიტო გარანტიების მიუცემლობით.
“მე ვთქვი, რომ თქვენ არ მიიღებთ მილიარდ დოლარს და გავემგზავრები 6 საათში. თუ ამ დროისთვის თქვენი გენპროკურორი (შოკინი) არ იქნება გათავისუფლებული, ფულს ვერ მიიღებთ. და ის შობელძაღლი მოხსნეს. და მის ადგილზე დანიშნეს სხვა (იური შევრუკი), რომელსაც მაშინ ენდობოდნენ”, _ ამაყად განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა.