Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

ზურაბ კვარაცხელია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარინე ჯაშს

საქართველოს პარლამენტის წევრებს

პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ,

პატივცემულო პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარევ,

პატივცემულო პარლამენტის წევრებო,

აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიეთ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ჩვენის აზრით უმნიშვნელოვანეს და უაღრესად პრობლემურ საკითხზე.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არსებული არაერთი ენა გამქრალა. ფაქტია ისიც, რომ გამქრალ ენებზე მოლაპარაკე ხალხებმაც დროთა განმავლობაში ასიმილაცია განიცადეს, რაც დამეთანხმებით, იგივე გაქრობის ტოლფასია. ალბათ მოგეხსენებათ, რომ ,,გაჰქრა ენა – მოკვდა ხალხი”. ეს პრობლემაა და ის ათასეული წლებია, რაც დამოკლეს მახვილივითაა კაცობრიობის თავზე დაკიდული. ეს პრობლემა მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ხალხებისთვის თუ ეთნოსებისთვის. უკვე ოცდამეერთე საუკუნეა, მაგრამ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით უკეთესობისაკენ ჯერჯერობით არც არაფერი შეცვლილა, უფრო პირიქით, რადგან გლობალიზაციის ამ ყოვლის მანიველირებელ ეპოქაში უფრო ძალუმად იგრძნობა ამა თუ იმ ენის გაქრობის რეალური საშიშროება. ერთი სიტყვით, რაც დრო გადის საკითხი დამაფიქრებლი და აქტუალური ხდება. კაცობრიობას ისღა დარჩენია, როგორმე შეეცადოს და ეფექტურად წინ აღუდგეს ამ სავალალო ტენდენციას.

ამ მცირე შესავალის გაკეთება იმიტომ მოგვიწია, რომ ჩვენდა საუბედუროდ ქართველი ერის წიაღში დაუნჯებული ლექსიკური სიმდიდრე, ანუ მეგრული, ლაზური, სვანური და საკუთრივ ქართული ენები დიდი ალბათობით შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში საერთოდ გაჰქრეს. ეს არანაირად არ გახლავთ ჩვენის მხრიდან საშიშროების გაზვიადების ოდნავი მცდელობაც კი. დიახ, თვით სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე ქართულ ენასაც კი ემუქრება სერიოზული საშიშროება, თორემ, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურიცაა ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე დარჩენილ დანარჩენ ქართველურ, ანუ კოლხურ-იბერიულ (მეგრული, ლაზური, სვანური) ენებს მეტად სავალალო ხვედრი რომ ელოდება. მოკლედ, ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს – აუცილებელია საერთოეროვნული ტრაგედიის თავიდან აცილება. უფრო მეტიც – ქვეყნის ხელისუფლება-მთავრობა ვალდებულია უსერიოზესულად დაფიქრდეს ამაზე და დაუყონებლივ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებებიც გაქრობის საშიშიროების წინაშე მდგარი ჩვენი ენობრივი კულტურის, ანუ კოლხურ-იბერიული ენების გადასარჩენად. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია პარლამენტის გადაწყვეტილებით დაუყონებლივ შეიქმნას სპეციალური და კომპენტენტური კომისია, რომელიც ზემოთაღნიშნული ენების დაცვა-განვითარების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს ყოვლისმომცველ, კომპლექსურ პროგრამას. პროგრამაში სკრუპულოზურად ასახული ღონისძიებების პრაქტიკული რეალიზებით შეუქცევადი უნდა გახდეს ჩვენი ენობრივ-ლექსიკური კულტურის არათუ დაცვა-გადარჩენა, არამედ, მისი შემდგომი განვითარებაც. კომისია დაკომპლექტებულ უნდა იქნას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით და მასში აუცილებლად უნდა იქნან ჩართული ენათმეცნიერები, მწერლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა. შ. ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ წარმომადგენელთა ჩართულობით მხოლოდამხოლოდ პოზიტიური წვლილი შევიტანოთ აღნიშნული კომისიის საქმიანობაში.

პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ,

პატივცემულო პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარევ,

პატივცემულო პარლამენტის წევრებო,

დრო არ ითმენს. რადგან არსებობს პრობლემა – ბუნებრივია არსებობს მისი გადაჭრის აუცილებლობაც. პრობლემა კი, აუცილებლად ჩვენი გადასაწყვეტია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არსებული პრობლემატიკის გარშემო ესკალაციის პროვოცირება. პრობლემა გადაწყვეტილ უნდა იქნას ზოგადეროვნულ და ზოგადსახელმწიფოებრივ კონტექსტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდამხოლოდ ქართველური საზოგადოებრიობის და საქართველოს ხელისუფლება-მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობა-ძალისხმევით.

და ბოლოს, ვიტოვებთ იმედს, რომ ჩვენი ეს მიმართვა არ დარჩება ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

უფალი ფარავდეს ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების და კოლხურ-იბერიული თვითმყოფადობის უმთავრესი გამოხატულების – ენობრივ-ლექსიკური საუნჯის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებულ საქართველოს!..

პატივისცემით,  ზურაბ კვარაცხელია,

სახალხო მოძრაობა ,,სამეგრელოსრეგიონული რწმუნებული.

ძვირფასო თანამემამულენო,

ამ მიმართვის შინაარს თუ ეთანხმებით, მაშინ კარგი იქნება თუ ტექსტს დააკოპირებთ, მასზე ინდივიდუალურად ან კოლექტიურად გააკეთებთ ხელმოწერებს და ელექტროფოსტის მეშვეობით გადააგზავნით პარლამენტში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მისი მასობრიობის შემთხვევაში შეიძლება სასურველი შედეგი მოჰყვეს

ელ.ფოსტა: contact@parliament.ge

პატივისცემით,

ზურაბ კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here