პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ვიზიტის ფარგლებში არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი განმარტებით, ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო არ არის. კობახიძის თქმით, უკრაინის პრემიერმინისტრთან ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და განმტკიცებაზე ისაუბრა, ასევე განიხილეს პარტნიორობის საკითხებიც, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მიმართულებებით… შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება”, რომლის საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირი დღეს ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება საინტერესო თემა არ არის, თავის დროზე ქვეყნის სათავეში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. უკრაინა კი ის სახელმწიფოა, რომლისგანაც ქართული მართლმსაჯულება დღემდე ამაოდ ითხოვს უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადმოცემას. ადეკვატურია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სააკაშვილის ექსტრადირებაზე, რატომ არის მისთვის ეს საკითხი უინტერესო და, საერთოდ, რა უშლის დღეს საქართველოს ხელისუფლებას ხელს, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშაოს? _ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
_ ბატონო გიორგი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი პოლიტიკურად საინტერესო არ არის. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე, ადეკვატურია კი ეს შეფასება იმ ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომელიც თავის დროზე ქვეყნის სათავეში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა?
_ დიდი სიბრძნე არ სჭირდება იმის განსაზღვრას, რა მნიშვნელოვანია დღეს სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა და იქ მოთავსება, სადაც დიდი ხნის წინათ უნდა ჩამჯდარიყო, მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, როგორც ჩანს, ამას ვერ ხვდება. ეტყობა, არ აქვთ გაცნობიერებული, რა მოვლენა იყო “ნაციონალური მოძრაობა”, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე წლების განამვლობაში და რა უბედურება დაატყდა თავს ქვეყანას ამ დანაშაულებრივი პარტიის მმართველობის შედეგად. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ყველას გვესმის, რომ კობახიძეს დღეს უკრაინაში სხვა საქმე არ აქვს, გარდა იმ საკითხზე მსჯელობისა, რომელიც სააკაშვილის ექსტრადირებას ეხება. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეიფარა ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი სააკაშვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაპაუზდა. თავის მხრივ სააკაშვილი უკვე სერიოზული თავისტკივილია როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვისაც და, სხვათა შორის, თბილისში პრეზიდენტ პოროშენკოს ვიზიტისას მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ეს იყო. მეტიც, პოროშენკო გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ სააკაშვილი გადმოეცათ საქართველოსთვის, მაგრამ ივანიშვილმა უარი განაცხადა და, ფაქტობრივად, თქვა, რომ ჩვენ არ გვჭირდება სააკაშვილი ქართულ ციხეშიო, ანუ გაცხადებული მოთხოვნები, სააკაშვილის ექსტრადიციაზე მხოლოდ ფორმალობა იყო და რეალურად მათ უკან არანაირი ნება და მონდომება არ იდგა. ცალკე თემაა ის, რომ, თავის მხრივ, პოროშენკო და, საერთოდ, უკრაინის ხელისუფლება, მსგავსად “ქართული ოცნებისა”, უხერხემლოა და არ აქვს პრობლემების მოგვარების უნარი. არადა, კიდევ ვიმეორებ: კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა ყოფილიყო, სად უნდა იყოს დღეს სააკაშვილი _ გლდანის ციხეში თუ სხვაგან. მაგრამ, როგორც ჩანს, კობახიძეს ეს საკითხი არ აინტერესებს და მისთვის შესრულება იმ მთავარი დაპირებისა, რომლის გამოც ხალხმა “ოცნებას” მხარი დაუჭირა, დღის წესრიგში არ დგას…
_ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სააკაშვილის ექსტრადირება პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური და ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდესო…
_ მერე სად, რაში ჩანს, რომ ვინმე დაინტერესებულია ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში გადაწყვეტით? ქვეყანაში არის უამრავი დაზარალებული მოქალაქე, ბიზნესმენი, ქონებაწართმეული ადამიანი, შვილმკვდარი დედა და მამა… ხელისუფლების შეცვლიდან ექვსი წლის თავზე ვინმე იტყვის, რომ ამ ხალხმა სამართლიანობა იგრძნო?! არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ; სანამ სააკაშვილს არ დაეკისრება ჩადენილი დანაშაულების შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვერ გადავაგორებთ ამ თემას იმაზე, რომ გიგი უგულავა წელიწად-ნახევარს იჯდა ციხეში, თუმცა მერე ისე გამოუშვეს, კაციშვილმა ვერ გაიგო, რა იყო მისი გათავისუფლების მიზეზი. არც სასამართლო ყოფილა, არც შეწყალება… უბრალოდ, გამოუშვეს. შემდეგ ითქვა, რომ თურმე ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. ციხე სავსეა ადამიანებით, რომლებმაც სრულად აღიარეს დანაშაული, მაგრამ არ გაუთავისუფლებიათ. ასე რომ, ესენი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას ვერავის დაუკმაყოფილებენ დანაშაულთან შედარებით საკმაოდ კომფორტული წელიწად-ნახევრიანი სასჯელით, რომელიც უგულავას მოახდევინეს; ვერც იმით, რომ ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ციხეში არიან. სისტემური დანაშაული შექმნა სააკაშვილმა და, პირველ რიგში, მან უნდა აგოს პასუხი…
_ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს, სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს?
_ რა თქმა უნდა. და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც პოროშენკო იმყოფებოდა თბილისში, ის სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ვიმეორებ: პოროშენკოსთან შეხვედრისას ივანიშვილი სააკაშვილის ექსტრადიციის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, იმიტომ, რომ მისთვის, როგორც ჩანს, სააკაშვილი საქართველოში ძალიან დიდი თავისსტკივილი იქნება, ისევე, როგორც პოროშენკოსთვისაა დღეს უკრაინაში.
_ და მაინც, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ივანიშვილს სააკაშვილის გასამართლებამ?
_ მაგალითად, არის ასეთი მექრთამე ადამიანი, იაცეკ სარიუშ–ვოლსკი, ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი “ხელფასს” უხდიდა. ახლა წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ გაასამართლო, რას იზამს ეს კაცი, დადგება და მთელი დღე იჭყავლებს ევროპარლამენტში, რომ თურმე საქართველოში ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რომ ქვეყანაში დემოკრატია ჩამოიქცა… ეს, რა თქმა უნდა, არის პრობლემა, მაგრამ მთავარი უბედურება ამ ხელისუფლების უუნარობაა. ვერ მოახერხეს ნორმალური გამოძიების, ნორმალური სასამართლო პროცესების ჩატარება, სადაც სააკაშვილს ბრალი წარედგინებოდა არა პიჯაკებისა და პალტოებისთვის, არამედ იმ რეალური დანაშაულებისთვის, რომლებიც მან თავის გარემოცვასთან ერთად ჩაიდინა. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ივანიშვილმაც იცის, რომ, როდესაც ევროპარლამენტიდან წამოვა შეკითხვები, მათ პასუხის გასაცემი არაფერი ექნებათ…
_ გასაგებია, რომ ივანიშვილისთვის თავისტკივილია სააკაშვილის გასამართლება, მაგრამ რა უშლის ხელს ხელისუფლებას, გამოძიება ისე ჩაატაროს, რომ ჰქონდეს რეალური არგუმენტები და პასუხები თუნდაც “ნაცმოძრაობის” მოსყიდული ევროპარლამენტარების შეკითხვებზე?
_ აი, ეს არის სწორედ ის თემა, რომელიც ავადსახსენებელ კოაბიტაციას უკავშირდება და რომლის წყალობითაც “ნაცრეჟიმს” ვაპატიეთ ყველაფერი. მეტიც, ამ მახინჯი პოლიტიკის შედეგად “ნაცმოძრაობა” გამოცხადდა მთავარ ოპოზიციურ ძალად, ხოლო სააკაშვილი, ფაქტობრივად, გავაპარეთ საქართველოდან. ხომ გახსოვთ, როდესაც ის უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, რამდენიმე თვე დაშლიგინობდა ქვეყანაში თავისი პატარა ცისფერი ელექტრომობილით, “მეოცნებე” ხელისუფლებამ კი თითიც არ გაანძრია, რომ მას პასუხი ეგო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩემოდნები ჩაალაგა და ჩაჯდა თვითმფრინავში, დაიწყეს საქმის წარმოება. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ იყო წინასწარი შეთანხმება სააკაშვილის ხელშეუხებლობაზე, სანამ ის საქართველოში რჩებოდა?!
_ ვთქვათ, სააკაშვილის ხელშეუხებლობით ხელისუფლება აუტკივარ თავს არ იტკივებს, მაგრამ ნაკლები თავისტკივილია საზოგადოების უკმაყოფილება, რომელიც სამართლიანობის აღუდგენლობითაა გამოწვეული?
_ საზოგადოების უკმაყოფილება თავისტკივილია იმ ძალისთვის, რომელსაც ხალხის აზრი და განწყობა აინტერესებს, მაგრამ როგორ აგვარებს ამ პრობლემას ხელისუფლება? _ არჩევნების გაყალბებით. 2014 წელს “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული გაყალბებებით მიიღო ხმების 44 პროცენტი და ეს მაშინ, როცა 2012 წელს მილიონი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. სულ რაღაც, ოთხ წელიწადში თავიანთი უხერხემლობით მოახერხეს ის, რომ ტოტალური გაყალბებით ხმების 44 პროცენტზე მეტი ვერ მიიღეს. იგივე მოხდა 2016-შიც, როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ არანაირი მხარდაჭერა ხალხისგან არ ჰქონდა, ისევ გაყალბების, ბიულეტენების გადალაგებისა და, სადაც სჭირდებოდათ, გაბათილების მეშვეობით დააგროვა ხმების 48 პროცენტი. აი, ამ ხერხებითა და საშუალებებით აბალანსებს “ქართული ოცნება” იმ უარყოფით განწყობას, რომელიც, მისი უნიათობის გამო, დღითიდღე იზრდება ჩვენს საზოგადოებაში. სხვა დანარჩენი მას არ აინტერესებს, ასე აბალანსებდა თავის დროზე სააკაშვილიც, მაგრამ, როდესაც მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ვერავითარმა საარჩევნო სისტემამ ვერ უშველა. ძალიან მალე ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ეს ხელისუფლებაც, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, იგივე გზა აირჩია. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ შეცდომების ეშინიათ პათოლოგიურად და ამ შიშით, რომ რამე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვან, არაფერს აკეთებენ. ქვეყანაში. პრაქტიკულად, ყველა პროცესი გააჩერეს _ პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, ინფრასტრუქტურულიც და აქანავებენ ახლა ამ გაჩერებულ ვაგონს, რათა შექმნან განწყობა, თითქოს მივდივართ…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
P.S. 18 იანვარს კიევში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის რადაში საპატიო სტუმრის სტატუსით იჯდა და პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მომზადებულ დონბასის რეინტეგრაციის კანონპროექტს ტაშს უკრავდა. ეს კანონი უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალს უფლებას აძლევს, კონფლიქტის რეგიონში სუვერენიტეტის დასაცავად მშვიდობიანობის პერიოდშიც კი ძალა გამოიყენოს. ამისთვის მას არც საგანგებო და არც საომარი მდგომარეობის გამოცხადება ან მოსახლეობის გაფრთხილება და სახიფათო ზონიდან გაყვანა არ ევალება. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები უძღოდა წინ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, როცა, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, მძინარე ქალაქი ცხინვალი არტილერიით დაიბომბა და მშვიდობიანი მოსახლეობა, როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც დაუცველი აღმოჩნდა… ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ზემოაღნიშნული კანონი უკრაინას მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში არ მიუღია და რეალურად იგი ახლო მომავალში რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის გასაახლებლად ემზადება. დიდი ალბათობით, საქართველო, დასავლეთის კარნახით, ამ კონფლიქტში იქნება ჩათრეული, ხოლო კობახიძის ვიზიტი უკრაინაში, როგორც ჩანს, ამის სამზადისი იყო.