30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ხანგრძლივი “ლიბერალური” წნეხისა და ზეწოლის შემდეგ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას საბოლოოდ დაუჭირა მხარი.
გადაწყვეტილების საფუძველი იყო სარჩელი მოქალაქე გივი შანიძისა, რომელიც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას ითხოვდა. მოსარჩელეს სამართლებრივ დახმარებას პარტია “გირჩი” და მისი მხარდამჭერი უფლებადამცველები უწევდნენ. “პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს”, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ მედიასთან განაცხადა, მოქალაქისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმის გამო, რომ მან მხოლოდ თავის ჯანმრთელობას ავნო, თავისუფალი საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრი არ არის. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება, თუმცა ნორმა, რომელიც 70 გრამზე მეტი მარიხუანის შეძენა–შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, უცვლელი რჩება…
რას მოიტანს ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და მოჰყვება თუ არა მას უახლოეს მომავალში ლეგალიზებაც? ამ საკითხზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).
_ მამაო, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თვითონ უნდა შეარჩიოს “განტვირთვის მისთვის სასურველი სახე” და ეს მისი “პირადი ავტონომიით დაცული სფეროა”. როგორ ფიქრობთ, რას მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება, რეალურად რა ნაბიჯი გადადგა საკონსტიტუციო სასამართლომ?
_ საერთოდ, რაც ბოლო პერიოდში ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პირდაპირ ღვთის მცნებების წინააღმდეგ წასვლა და არავის ეგონოს, რომ ამას ვიღაც გაუცნობიერებლად აკეთებს. ყველაფერი გათვლილია და კონკრეტულ მიზანს, კონკრეტულ ამოცანას ემსახურება. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოც ამის ერთ-ერთი რგოლია.
ახლა _ რას მოგვიტანს ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია. ჯერ ნახეთ, ვინ ითხოვს და ვინ არის ამის მომხრე: პარტია “გირჩი” _ “ნაცმოძრაობის” განაყოფი; “რუსთავი 2” მთელი თავისი პროპაგანდისტული პოტენციალით; “ლიბერალები”, რომლებიც ასევე ითხოვენ მამათმავლების აღლუმის ჩატარების უფლებას და, მათი ნება რომ იყოს, დღესვე დააკანონებდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც; ვითომ უფლებადამცველები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ თავის დროზე, როცა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს სულს ხდიდა ციხეებში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამის მომხრეა ხალხი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საქართველოსა და ქართველი ერის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. მათთვის არ არსებობს ცნება ტრადიციული და ისტორიული, არსებობს მხოლოდ “თავისუფლება”, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი შეგიძლია, ყველაფერი ნორმალურია, მთავარია, სხვისი უფლებები არ შელახო…
მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლის დიდი ნაწილიც დღეს მსხვერპლია “ლიბერალური” ტერორის: სატელევიზიო მედია, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ეწევა პროპაგანდას, რომ მარიხუანა, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, არც ისე მავნებელია და მისი აკრძალვა ეწინააღმდეგება თავისუფალი საზოგადოების დემოკრატიულ პრინციპებს. ჯერ ერთი, აგვიხსნან, რა კავშირი აქვს ნარკომანიის ლეგალიზებას დემოკრატიასთან, და მეორეც, არსებობს რამე კვალიფიციური მეცნიერული კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ რომელიმე ნარკოტიკი მავნებელი არ არის? ან რას ნიშნავს “ადამიანის პირადი ავტონომიით დაცული სფერო”? მაშინ ყველაფერი დავაკანონოთ. ვიღაც მიდრეკილია ქურდობისკენ, ვიღაც _ მკვლელობისკენ, ვიღაც _ მრუშობისკენ… აქ საქმე ის არის, რომ თვითონ ხელისუფლების და, კონკრეტულად, პოლიციის მაღალჩინოსნების ბიზნესია ეს ნარკოტიკები საქართველოში. მათი ცოლები, მათი შვილები არიან ნარკობიზნესში ჩართული და ამ მაღალჩინოსნების ხელდასხმით ხდება ეს ყველაფერი…
_ შეგიძლიათ, დაასახელოთ კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში?
_ ამაზე ადრე არაერთხელ იყო საუბარი. მე, უბრალოდ, ერთი რამის თქმა მინდა: ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში _ ხანძრები, სტიქია, დასავლეთ საქართველო მავნე მწერმა შეჭამა, მკვლელობები, საშინელება… ოდესმე დაფიქრებულა ხელისუფლება? იქნებ ერთხელ მაინც აიღონ პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე და ამ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს. აქამდე თუნდაც ერთი რამ მსგავსი გაუკეთებიათ?!
_ ზოგიერთი “ლიბერალი” “ექსპერტი” დაჟინებით ამტკიცებს, რომ დეკრიმინალიზაციით ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ მოიმატებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ მე არ ვაპირებ კამათს იმ ადამიანებთან, რომლებიც ფულს იღებენ ქართველი ერის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გარყვნაში, გაუბედურებაში. უბრალოდ, გადავხედოთ სტატისტიკას. რა მოხდა სხვა ქვეყნებში, სადაც ეს დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ჩვენზე ადრე მოახდინეს. საერთოდ, კანონს აქვს შემაკავებელი ძალა. უამრავი ახალგაზრდა მიდრეკილია ნარკოტიკებისადმი და მის მოხმარებაზე მხოლოდ იმის გამო უარს ამბობს, რომ იცის, დაისჯება კანონის შესაბამისად. ახლა იმ ახალგაზრდას რომ ეტყვი, მორჩა, აღარ დაისჯები, რაც გინდა, ჰქენიო, როგორ ფიქრობთ, შეიკავებს ისევ თავს?! რა თქმა უნდა, ერთი-ორად გაიზრდება მომხმარებლის რაოდენობა. დღეს თუ ათი კაცი ეწეოდა, სიტყვაზე, ხვალ ოცდაათი მოწევს, ზეგ კიდევ უფრო მეტი; და ნარკოტიკის მიღება, ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. მეტსაც გეტყვით: ნარკოტიკის მომხმარებელს ეკლესია არ აზიარებს. აი, ეს უნდათ ამათაც, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აზიარებენ. ასე ხდება ხალხის ჩამოშორება ღმერთისა და ეკლესიისგან…
_ ადრე არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ “ლიბერალური” პროპაგანდის უკან, რომელიც მიმართულია, როგორც ნარკოტიკების ლეგალიზების, ისე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისკენ, დგას დასავლეთი, განსაკუთრებით _ ამერიკის შეერთებული შტატები. როგორ შეაფასებთ გარკვეული სასულიერო პირების ამასწინანდელ ვიზიტს ვაშინგტონში. ამ ვიზიტისას ერთ–ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ სწორედ ამერიკაა ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის, წინსვლისა და განვითარების უპირობო გარანტი.
_ პირდაპირ გეტყვით: მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ პატრიარქის მოსაყდრედ მეუფე შიო გამოცხადდა. ეს ერთი. მეორე: ეს არის “ციანიდის საქმის” ერთგვარი გაგრძელება, შეიძლება ითქვას, მეორე სერია. სხვა რა გითხრათ, როგორც სასულიერო პირი, შენდობას ვითხოვ ყველა იერარქისგან, რომლებიც ასეთ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ვსვამ შეკითხვებს: რანაირად არის ამერიკა და ევროპა ჩვენი მეგობარი, ყველაფერი, რაც დღეს აქ ტრიალებს და ჩვენთვის მიუღებელია, მათი ხელშეწყობით არ ხდება?! ვინ აფინანსებს იმავე “არასამთავრობო ორგანიზაციებს”, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ ეკლესია და სამღვდელოება ამოღებული?! ვინ იცავდა და მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს თავის დანაშაულებრივ გარემოცვასთან ერთად?! ვინ აცხადებდა: ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ლგბტ–ების უფლებები მსოფლიოში დაცული იყოსო?! ესენი არიან ჩვენი მეგობრები?!
_ მოდი, დავაკონკრეტოთ: რა კავშირშია ეს განცხადებები პატრიარქის თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებასთან?
_ მაგათ ჰგონიათ ან შეიძლება არ ჰგონიათ, მაგრამ ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ მეუფე შიო არის პრორუსული ძალა ამ კონკრეტულ ვითარებაში. მე ასე ვფიქრობ. “ლიბერალების” “არგუმენტი” კი არის ის, რომ მეუფე შიოს განათლება მიღებული აქვს რუსეთში. ხომ ხვდებით, რა აბსურდია. ჩვენს ინტელიგენციას, საუკეთესო ნაწილს ინტელიგენციისას, ოდითგან განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. რა გამოდის? _ ილია ჭავჭავაძეც რუსეთის აგენტი ყოფილა. ან ევროპის რომელ ქვეყანაში უნდა წავიდეს ადამიანი სულიერების შესასწავლად, ერთი საბერძნეთი იყო და მასაც ყველაფერი თავზე აქვს დამხობილი. კიდევ ვიმეორებ და მართლა მაინტერესებს: როგორ არის ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობისა და განვითარების გარანტი, როცა ყველაფერი, რაც კეთდება, ამის საწინააღმდეგოა?
_ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს ეკლესიის გახლეჩვის მცდელობად?
_ რა თქმა უნდა, ეკლესიაში არიან მოშურნე ძალები, რომლებსაც ეს სურთ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, პატრიარქი აკონტროლებს ყველაფერს. მეტი რა გითხრათ, მარჯვნივ და მარცხნივ დადგომა, დიდი ხანია, დაწყებულია და დრო გვიჩვენებს, ვინ საით წავა. ისე, განხეთქილების შეტანა რომ უნდათ ეკლესიაში და ამის სერიოზული მცდელობებია, ფაქტია.
_ მსგავსი მცდელობები თავის დროზე საბერძნეთშიც იყო, სერბეთშიც, უკრაინაში მოახერხეს კიდეც. საქართველოში რას უნდა ველოდოთ?
_ საქართველოში ეს გეგმა ნამდვილად ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება ჯერ თვით პატრიარქის მხრიდან და მერე იმ სასულიერო პირებისგანაც, რომლებიც, მადლობა ღმერთს, სწორად აზროვნებენ. კიდევ ვიმეორებ: ვიღაცებს უნდოდათ, “ციანიდის” მეორე სერია დაეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ზუსტად ასე მოეცარებათ ხელი სხვა მსგავსი მცდელობების შემთხვევაშიც.
ახლა რატომ ვუსვამ ხაზს ამ ყველაფერს: “ლიბერალები”, რომლებიც, ბოდიში და, ენაგადმოგდებული ლანძღავენ ეკლესიას, დღეს სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თურმე, როგორც იქნა, გარკვეული სასულიერო პირები გონს მოვიდნენ; თურმე ჩვენი ხსნა, ღმერთში კი არა, ამერიკაში ყოფილა. აი, ასეთი მდაბიური ლოგიკით მსჯელობენ და ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრ რამეს ააშკარავებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ალბათ, გაკეთდება განმარტებები და უფრო გასაგები იქნება ყველასთვის, ვინ რატომ ფიქრობს, რომ ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. ისე, მე ერთი რამ ვიცი: ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაწირვას, ვინ და რა ძალაც უნდა ცდილობდეს მის გახლეჩვასა და დაქუცმაცებას, ვის ინტერესებშიც უნდა იყოს ეს ყველაფერი.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია