Home რუბრიკები პოლიტიკა “მდიდრების სეპარატიზმი” _ ფრთხილი და საშიში

“მდიდრების სეპარატიზმი” _ ფრთხილი და საშიში

კატალონია

გასულ კვირას მსოფლიო ყურადღებით აკვირდებოდა ბარსელონაში განვითარებულ მოვლენებს _ კატალონიის მთავრობამ, ერთი მხრივ, მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებლობის თაობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი მოქმედება შეაჩერა და ცენტრალურ ხელისუფლებას მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ მწვავე კრიზისის საფრთხე თითქოს შემცირდა, სწრაფი ესკალაციის ალბათობა კვლავინდებურად მაღალია.

კატალონიელების სეპარატისტული მისწრაფებები გამყარებულია საკმაოდ წონადი ისტორიული არგუმენტებით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ე.წ. მდიდრების სეპარატიზმია – ესპანური სახელმწიფოდან გამოყოფა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ პროვინციას სურს. კატალონიური ელიტა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ფრთხილობს. მას არ სჭირდება დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება დამოუკიდებლობის მოპოვებას დაუკავშირდეს და ეკონომიკური კეთილდღეობა იმსხვერპლოს. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი არ არიან მზად, არათუ იომონ, არამედ იშიმშილონ დამოუკიდებლობის გულისთვის – მათ ეკონომიკური პრობლემების ეშინიათ. მართალია, კატალონიაში არის ხალხი, რომელიც რადიკალურ მოქმედებას მოითხოვს, მიიჩნევს, რომ “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ეკონომიკაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ ავტონომიის ხელისუფლებას ისინი არ აკონტროლებენ. ამასთანავე, დღევანდელი ევროპული სეპარატიზმი განსხვავდება 100 ან 200 წლის წინანდელისგან, საუბარი მიდის არა სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არამედ ევროკავშირის ახალი წევრის შექმნაზე; ხშირ შემთხვევაში სეპარატისტები ცდილობენ, უბრალოდ, ამოაგდონ “ზედმეტი რგოლი” (მადრიდი, ლონდონი) და პირდაპირ ბრიუსელის ევრობიუროკრატიას დაექვემდებარონ.

სიფრთხილე “მდიდრების სეპარატიზმის” ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია. გასულ კვირას, როდესაც ყველა კატალონიას აკვირდებოდა, ბრაზილიის სამმა შტატმა: სანტა-კატარინამ, პარანამ და რიუ-გრანდი-დუ-სულმა (სამივეს მოსახლეობა 29 მილიონია) ჩაატარეს ე.წ. მოქალაქეთა საყოველთაო კონსულტაციები, ფაქტობრივად, არაოფიციალური რეფერენდუმები დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე; ერთი წლის წინათ იგივე შედარებით მცირე მასშტაბით გაკეთდა. ჯერჯერობით სამხრეთ ბრაზილიაში არავინ აცხადებს საყოველთაო დაუმორჩილებლობას და შეიარაღებულ ფორმირებებს არ ქმნის, თუმცა სეპრატისტული იდეები სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან აწყობს ვაშინგტონს, რადგან ბრაზილიის უზარმაზარი პოტენციალი მომავალში შესაძლებლობას მისცემს, ზესახელმწიფო გახდეს, ხოლო ორი ზესახელმწიფო ერთ ნახევარსფეროში, ძია სემის აზრით, მეტისმეტია. სამხრეთ ბრაზილიის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ როგორ იბადება ე.წ. მდიდრების სეპარატიზმი.

ევროპა-აზიის ისტორიის საზომით, ბრაზილია ძალზე ახალგაზრდა სახელმწიფოა. ვიდრე მისი, უხეშად რომ ვთქვათ, “ჩაბეტონება” მოხდებოდა, ადგილი ჰქონდა არაერთ სეპარატისტულ ამბოხს, როგორც ამ, ისე სხვა რეგიონებში. 1836-45 წლებში რიუ-გრანდის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ბრაზილიის იმპერიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია (საინტერესოა, რომ რიუ-გრანდის ფლოტს ხელმძღვანელობდა იტალიის მომავალი ეროვნული გმირი ჯუზეპე გარიბალდი).

ამ მოვლენებიდან ასი წლის შემდეგაც კი ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა, სამხრეთის შტატებში იმიგრანტებისა და შიდა მიგრანტების დიდი ნაწილი გადაემისამართებინა, რათა მათი “განსაკუთრებულობის” ნიველირება მოეხდინა. რიუ-გრანსი-დუ-სულსა და სანტა-კატარინში გერმანელი ემიგრანტები, მათი ენა და კულტურა დომინირებდა, პარანაში, გერმანელებთან ერთად, ბევრი პოლონელი ცხოვრობდა. საბოლოოდ ეს შტატები, სან-პაულუს შტატთან ერთად, სადაც, აგრეთვე, არსებობს სეპარატისტული მოძრაობა “რესპუბლიკა სან-პაულუ”, ბრაზილიის “ეკონომიკურ გულად” ჩამოყალიბდნენ – იქ ქვეყნის მშპ-ს სამი მეოთხედი იქმნება. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურის დონე ამ შტატებში ტრადიციულად მაღალია.

ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ცუდი კომუნიკაციები პროვინციებს შორის, ხშირ შემთხვევაში მათ ერთმანეთთან არა სახმელეთო, არამედ საზღვაო მარშრუტები აკავშირებდა. ამის გამო ცალკეულ შტატებში თითქმის დამოუკიდებელი ანკლავების, “ცალკე სამყაროს” ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა. რეგიონების განვითარება თანაბარი არ იყო – მთავრობა ამაზე ნაკლებად ზრუნავდა, ხოლო ბიზნესი მაქსიმალურ მოგებას ეძებდა. ამიტომ, უპირველესად, ვითარდებოდა პორტები და მათი მიმდებარე ტერიტორია სამხრეთში, სადაც წარმატებული ეკონომიკური საქმიანობისთვის შედარებით ხელსაყრელი პირობებია. ეკონომიკური სხვაობა კულტურულს წარმოშობდა – მარტივად რომ ვთქვათ, მდიდრებს შეუძლიათ შვილებს უკეთესი განათლება მისცენ. მათ ძალიან აღიზიანებთ, რომ ღარიბებს, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, შეუძლიათ იგივე ან (დემოგრაფიული უპირატესობის გამო) უფრო დიდი გავლენა მოახდინონ დოვლათის განაწილებაზე.

როდესაც სხვაობა პროვინციებს შორის კრიტიკულ ზღვარს აღწევს ან მოულოდნელად ხდება რაღაც ისეთი, რაც გადაჭარბებულ მოლოდინს წარმოშობს (მაგალითად, ნავთობის აღმოჩენა), ავტონომისტური, შემდგომ კი სეპარატისტული იდეები ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩრდილოეთის ზღვის ნავთობმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შოტლანდიური სეპარატიზმის რეანიმაციაზე; განსაკუთრებულ როლს ნავთობის ფაქტორი ერაყის ქურთისტანში ასრულებს, სულ ახლახან ის მნიშვნელოვანი მიანმარის არაკანის შტატშიც გახდა. ცხადია, ყველა ჩამოთვლილ (განსაკუთრებით კი მეორე) შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ ფაქტორებს, თუმცა ნავთობმა ყველგან ერთგვარი “სტარტერის” როლი შეასრულა. ამავე დროს კატალონიაში, ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ ბრაზილიაშიღარიბებისგან გათავისუფლებისიდეა ნავთობის ფაქტორის ზემოქმედების გარეშე გაჩნდა.

ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომღარიბების სეპარატიზმისგაღვივებაზე მნიშვნელოვან გავლენას ორი ძირითადი ფაქტორი ახდენს: მძლავრი უცხო სახელმწიფოს მხარდაჭერა და ცენტრის აუტანელი დიქტატი. ღარიბები მდიდრებზე, როგორც წესი, გაცილებით რადიკალურად მოქმედებენ, თუნდაც იმიტომ, რომ დასაკარგი თითქმის არაფერი აქვთ.

ცხადია, ძლიერი პარტნიორები უცხოეთში ყველას სჭირდება, ამიტომ კატალონიისთვის საგარეო მხარდაჭერის სისუსტე ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. მართალია, რამდენიმე კომენტატორმა წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ, შესაძლოა, კატალონიელებს ფარულად ბრიტანელები აქეზებენ, რადგან სურთ, რომ მადრიდმა დაივიწყოს ჰიბრალტარის დაბრუნება და ყურადღება კატალონიაზე გადაიტანოს. თუმცა ღიად ლონდონი სეპარატისტებს მხარს ვერ დაუჭერს, ისევე, როგორც სხვა პოტენციური მოკავშირეები. საინტერესო ისტორიული ფაქტი: როდესაც ესპანური მემკვიდრეობისთვის გამართული ომის მიწურულს, 1713-14 წლებში, ფილიპე V-მ ბარსელონას ალყა შემოარტყა, ბრიტანელებმა, რომლებიც წინა წლებში კატალონიელების მოკავშირეები იყვნენ (მაგრამ იმ მომენტში უკვე გაურიგდნენ ესპანეთის ახალ მონარქს), ქალაქი საზღვაო ბლოკადაში მოაქციეს. ბრიტანეთის იმპერიის ისტორიაში ეს ვერაგობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იყო.

როგორც მდიდრების, ისე ღარიბების სეპარატიზმის აღმოცენების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა სტრუქტურული პრობლემებია, რომელთაც პროვინციების არათანაბარი განვითარება წარმოშობს, ამიტომ ჩინეთის ხელისუფლება უზარმაზარ თანხებს ხარჯავს აღმოსავლეთის რეგიონების განვითარებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მდიდარ ზღვისპირა ზოლს. მართალია, დღეს მკაცრი კონტროლის პირობებში ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე პროვინცია გამოყოფას დააპირებს, მაგრამ პეკინში, როგორც ჩანს, მიიჩნევენ _ იმისთვის, რომ ათწლეულების შემდეგ გადაულახავი პრობლემა არ შეიქმნას, ხელი დღეს უნდა გაანძრიონ. სწორედ ამიტომ იდება მილიარდები ინფრასტრუქტურულ პროგრამებში და ჩამორჩენილი რეგიონების კულტურული დონის ამაღლებაში.

საქართველოში სხვადასხვა რეგიონის განვითარებას შორის სხვაობა იმდენად დრამატული არ არის, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ორი პარალელური ეკონომიკური და კულტურული “სამყარო” თბილისსა და რეგიონებში. ამასთანავე, საქართველო ძალზე სუსტი სახელმწიფოა, სადაც უცხოური დახმარება ცენტრიდანული მოძრაობის გაძლიერებაში ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, არ დაუშვას არც ერთი რეგიონის ეკონომიკური ან კულტურულ-ცივილიზაციური “ამოვარდნა” საერთო რიტმიდან. მართალია, ეროვნული თვალსაზრისით საქართველო გაცილებით შეკრულია, ვიდრე ბევრი სხვა, განსაკუთრებითYკი ახალგაზრდა სახელმწიფო, მაგრამ მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს _ როდესაც წინააღმდეგობები გროვდება, შინ და გარეთ აუცილებლად ჩნდებიან ძალები, რომელნიც იწყებენ მუშაობას მათ გაღრმავებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში მძლავრი სეპარატისტული პროექტის დაბადებით სრულდება.

ზოგჯერ “მდიდრების სეპარატიზმის” საბოლოო მიზანი არა ახალი სახელმწიფოს შექმნა, არამედ ცენტრალური ხელისუფლებისგან მაქსიმალური პრეფერენციების მიღებაა. კომენტატორების ნაწილი კატალონიის ხელისუფლების მოქმედების უკან სწორედ ამ სურვილს ხედავს და მიიჩნევს, რომ მხარეები ასე შორს ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებიდან გამომდინარე წავიდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ამომრჩეველი ზომიერებას სისუსტეში ჩაუთვლიდა. შესაბამისად, ესკალაციას პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მიზნების ერთობლიობა განაპირობებდა, სწორედ ამიტომ (შესაძლოა, დროებითი) “დამუხრუჭება” გაცილებით გვიან მოხერხდა, ვიდრე შოტლანდიაში ან თუნდაც სამხრეთ ბრაზილიაში, სადაც ადგილობრივი ელიტა ცდილობს, აიძულოს ცენტრი, მისი ინტერესები გაითვალისწიონოს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ძალზე სახიფათო გზაა _ პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეჩერებას ნებისმიერ წუთს მოახერხებენ, მაგრამ შეიძლება პროცესის მძევლებად იქცნენ.

კატალონიის კრიზისის გაღრმავება ნებისმიერ შემთხვევაში გააღვიძებს სეპარატისტებს დასავლეთ ევროპაში _ სერიოზული საფრთხე შეიძლება არა მხოლოდ ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის, არამედ ბელგიისა და საფრანგეთის მთლიანობასაც დაემუქროს. თავის დროზე ეს ქვეყნები არ შეეწინააღმდეგნენ ვაშინგტონს, როდესაც ის იუგოსლავიას ანაწევრებდა და კოსოვოში სეპარატისტული პროექტის მხარდაჭერით საერთაშორისო სამართლისთვის და ევროპის მომავლისთვის უაღრესად საშიში პრეცედენტი ქმნიდა. ასე რომ, მალე ევროპელები, დიდი ალბათობით, მოიმკიან იმას, რაც 90-იანების მიწურულს ბალკანეთზე დათესეს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here