Home რუბრიკები საზოგადოება ღმერთმა «წაახდინა» არსენა ოძელაშვილი

ღმერთმა «წაახდინა» არსენა ოძელაშვილი

1511

GEWORLD.NET:
«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი.
– მამაო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეკლესია არასოდეს გადახედავს თავის დოგმატებს, იმას, რაც I საუკუნიდან დღემდე არსებობს, მაგრამ, როდესაც ე. წ. ლიბერალურად მოაზროვნე ფრთა ეკლესიას აკრიტიკებს, ამ მიდგომების «მოძველებულობასთან» ერთად, არგუმენტად მოყავს ის, რომ დღეს საქართველოს ეკლესიაში განსწავლული, განათლებული სასულიერო პირების ნაკლებობაა…

– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ტერმინისა «ლიბერალურად მოაზროვნე ფრთა», რადგანაც არსებობს და ყოველთვის იყო ეკლესიაში რაღაც გარკვეული ორიენტირის მქონე დაჯგუფებები, გააჩნია, ვინ რას ჩადებს ამ სიტყვებში… გულისტკივილით ვიტყვი ამ ლიბერალური ფრთის სამღვდელოების წარმომადგენელთა გასაგონად, რომელთაგანაც ზოგიერთმა, სამწუხაროდ, დატოვა მღვდელმსახურთა რიგები: ის თავიანთი ცოდნა (უცხო ენის ცოდნა იქნებოდა ეს, თეოლოგიის თუ ფილოსოფიის, რომელიც ჰქონდათ და რომლითაც მათ თავი ესოდენ მოსწონდათ) რატომ ბოლომდე არ ჩააყენეს ეკლესიის სამსახურში? რატომ მოახმარეს მხოლოდ პირად განდიდებას? თუ დასავლეთში ნახეს «განათლებული ადამიანები და სასულიერო პირები» და მერე, აქ რომ ჩამოვიდნენ, აღარ მოეწონათ სოფლებში ხელდასმული «გაუნათლებელი» მღვდლები, რომელთაც «წიგნი არ წაუკითხავთ და საცეცხლურის ჭერის მეტი არაფერი შეუძლიათ»? მაგრამ თვითონ ხომ ჰქონდათ არაერთი, არამედ ზოგიერთს, როგორც თვითონ ამბობენ, ასობით წიგნი წაკითხული? რატომ ერთი და ორი მაინც არ გაბრწყინდა «თავისი განათლებით? უძველეს პერიოდში განა ასე არ იყო?
ბასილი დიდის დროს რამდენი ეპისკოპოსი იყო კესარია-კაბადოკიაში? ის იყო მიტროპოლიტი ამ მხარისა და უგანათლებულესი ადამიანი, კაცი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა წარმართთა სიბრძნეც, მაგრამ რამდენი ეპისკოპოსი იყო მის დროს ისეთი, რომელთაც არაფერი იცოდნენ წმინდა წერილის გარდა? ლიბერალურად მოაზროვნეთა ფრთაში აღმოჩნდებიან ხოლმე ის სამღვდელო პირები, რომლებიც განათლებას ან დასავლეთში, ევროპაში, იღებენ ან მანამდე არასოდეს ჰქონიათ წიგნი წაკითხული, არც საქართველოს ისტორია და ქართველი თუ უცხოელი მწერლები იცოდნენ, მერე უცებ ნახეს განათლებული ადამიანები და «გადაეშვნენ ამ დასავლურ ცოდნაში», მეორე უკიდურესობისაკენ დაიწყეს სწრაფვა. არასოდეს დაავიწყდეთ მათ, ვინც განათლებულია და ბოლოს ლიბერალური აზროვნება ეწყება, «ეკლესიის მხილება», რომ ვითომ ეკლესია სავსეა უსწავლელი ადამიანებით, ურჩევნიათ, თავიანთი ცოდნა ბოლომდე ეკლესიას მოახმარონ.
ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან მეტ-ნაკლებად ეს ჩემი, როგორც პიროვნების, როგორც მღვდელმსახურის სუსტი წერტილიც შეიძლება იყოს… შეიძლება მეტ-ნაკლებად ჩვენც განვიცდიდეთ ინტელექტუალურ შიმშილს სამღვდელოებასთან ურთიერთობისას, ეკლესიის წიაღში ყოფნისას, მაგრამ მე, პირადად, როგორც მღვდელმსახური, მადლობას ვწირავ საქართველოს ეკლესიას იმისათვის, რომ თუნდაც ის საერო თუ სასულიერო ცოდნა, რომელიც მივიღე, არ დაკარგა და ჩამაყენა თავის სამსახურში. დღეს მღვდელმსახური ვარ და მაქვს ქადაგების უფლება, ვასწავლი რამდენიმე სასულიერო და საერო სასწავლებელში, თავადაც ვწერ, ვარ რამდენიმე წიგნის ავტორი. არც ეკლესია და  არც ერთი მღვდელმთავარი თავის ეპარქიაში არ დაკარგავს იმ სასულიერო პირს, რომელსაც წიგნისკენ აქვს მიდრეკილება, თუკი ის დაინახავს, რომ მას თავისი ცოდნა პირადი განდიდებისთვის კი არა, ეკლსიისთვის სჭირდება და გულით ემსახურება უფალს. ამიტომაა, რომ ხშირად გაბოროტებულად და უსაფუძვლოდ მიმაჩნია ის კრიტიკა, რომ ვითომ ეკლესია სავსეა უწიგნური ადამიანებით. ჩვენ უმთავრესი გვავიწყდება, რომ მღვდელმსახურისთვის უპირველესი მადლი ზნეობაა და მერე მოდის წიგნი! მე რომ მაქვს ათასი წიგნი წაკითხული და იმ სხვას ერთიც არა, ღვთის წინაშე ჩვენ ორივე თანასწორნი ვართ! ჯვრისწერის საიდუმლოს დროს მეც იმავე მადლს ვაძლევ წყვილს, რასაც ის! კარგია, თუ აქვს წაკითხული; თუ არ აქვს, გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით – ისიც იმდენად გემრიელ სულიერებაშია, რომ მასთან ყოფნა გაცილებით უფრო დიდი სიხარული შეიძლება იყოს!
განათლებული და თან წიგნიერებისკენ მიდრეკილი მღვდელმსახურის წინაშე სრულიად სხვა, არც თუ ისე ადვილად დასაძლევი პრობლემები იჩენს თავს – ეს შეიძლება იყოს მძაფრი ეგზისტენციალური გრძნობები, მარტოობის განცდაც და  მიდრეკილებაც განმარტოებისკენ, სამღვდელოებისაგან ე. წ. თავის დაცვის სურვილი, უფრო თავის ნაჭუჭში ჩაკეტვა, რომელიც შეიძლება სასულიერო პირისთვის დამღუპველი ცოდვის – ამპარტავნების დასაბამიც კი გახდეს…
– ანუ ეშმაკი წიგნიერ მღვდელმსახურს მუდმივად ხიბლში აგდებს, არა, მამაო? ხიბლისგან განკურნება ძალიან ძნელია…
– ძალიან დიდი საცდური არსებობს ამ შემთხვევაში… ასე რომ, ნებისმიერ დროს, ასე ვთქვათ, ცოდნის გზაზე და ცოდნისაკენ მიდრეკილი მღვდელმსახურის ცხოვრებაში ძალიან დიდი სულიერი კონტროლია საჭირო და კიდევ ერთი – ძალიან დიდი სულიერი მეგზური სჭირდება მოძღვრის სახით, რომელიც სწორ გეზს და მიმართულებას მისცემს მის ყველა ქმედებას..
– მამაო, წირვაზე ნაყოფის შემომწირველნი ბარძიმში იხსენიება, რაც ეკლესიისთვის მათ მნიშვნელობას, ალბათ, კიდევ უფრო ხაზს უსვამს. ბევრი ამ «ნაყოფისშემომწირველის» ქმედებაში ჩანს, რომ ჰგონია, მას ბევრი ცოდვა მიეტევება იმიტომ, რომ ფული აქვს, წავა, შესაწირს გაიღებს და ამით ჩამოირეცხავს ზოგჯერ სისხლიან ცოდვასაც კი.. ან ერთ ტაძარს ააშენებს და ერთგვარ «ინდულგენციას» მიიღებს.. უფლისაგან განა ყოველთვის შეიწირება გაღებული «ნაყოფი?» მახსენდება ამ ბოლო დროს მომხდარი ერთი ამბავი-»ძლიერნი ამა სოფლისანი»ერთი ცნობილი ტაძრის რესტავრაციას შეუდგნენ, მაგრამ მოვარდნილმა ღვარცოფმა ტაძარი დატბორა და თითქმის სულ»გადარეცხა»« შეწირული ნაყოფი», რაც მრევლმა ისე აღიქვა, რომ უფალმა მას ეს ღვაწლი არ შეუწირა. მამაო,როდის შეიწირება და როდის არა გაღებული ნაყოფი?
– ნაყოფის შემომწირველი ზოგადად ყოველთვის მოიხსენიება ლიტურგიაზე, ეს, შეიძლება ითქვას, რომ ლიტურგიკული ტექსტის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მღვდელმსახურებმა უნდა გავარჩიოთ, ვინ არის ჭეშმარიტი ნაყოფის შემომწირველი, ვისას იწირავს უფალი, და ვისას არა! ისევე, როგორც ლოცვა ზოგჯერ შეწირულია და ზოგჯერ არა. მღვდელმსახურმა უნდა გამოიძიოს, მოწყალება, რომელსაც იგი შესაწირის სახით თავისთვის, ეკლესიისთვის თუ მრევლისთვის იღებს, რა წყაროთი აქვს ნაშოვნი ადამიანს. იგივე ის ლიბერალური ფრთა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთს რასაც მუდმივად უკიჟინებდა ეკლესიას, იყო ის, რომ ეკლესიაში ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს კანონიერი ქურდები, «შავი გაგების ხალხი». ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი «უცებ» ძალიან კარგი გახდა, რადგან მან ეკლესია ააშენა. ბევრია ასეთი ადამიანი – «კანონიერი თუ უკანონო» ქურდი, კანონიერი თუ უკანონო «რეკეტი» ძალიან კარგ, მეგობრულ დამოკიდებულებაში იყვნენ მღვდელმსახურებთან… დიდ იერარქებთანაც კი. ერთხელ მე და ერთ მღვდელმსახურს ერთი ქუთაისელი მღვდელი შეგვხვდა და, რომ გაიგო, რომ ჩემი მხლებელიც ქუთაისელი იყო, სიხარულით შვიდი თუ რვა «ქურდი» ჩამოუთვალა, თუ იცნობო… წარმოგიდგენიათ? მღვდელმა მღვდელს ის კი არ ჰკითხა – ვთქვათ, იაოანე ოქროპირის ქადაგებები გამოვიდა და თუ ნახე ან ერთმა მღვდელმა მეშვიდე პოეტური კრებული გამოსცა და თუ ღირს წაკითხვადო, არამედ უფრო «მნიშვნელოვანი და საამაყო» მისთვის ქურდებთან ახლობლობა იყო!
…თქვენს კითხვაზე პასუხი ცალსახა და ნათელია – ფარისევლობა და ღვთის გმობაა ეს ყველაფერი, არ შეიწირავს უფალი! არ შეიწირავს! გაიხსენეთ არსენას ლექსი – როგორი ბანალურია და არასწორი ერთი ფრაზა-»მდიდარს ართევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა?» ღმერთმა კი «წაახდინა» არსენა ოძელაშვილი… მე ვიტყოდი, რომ სამარცხვინოდ მოკვდა კაცი, რომელიც გზაზე ხვდებოდა მდიდრებს, ვაჭრებს, ართმევდა ხურჯინით საჭმელს, სასმელს, ფულს და გაჭირვებულებს ურიგებდა მარაბდისა და ქვემო ქართლის სოფლებში. ხოლო კასპში სიკვდილის წინ რაც დაუბარა კუჭატნელს, კარგად ვიცით – ფული მიდევსო და «ღარიბსა და არასმქონესა მიეცეს და მოხმარდესო». როგორც ერთმა მღვდელმა ამ ლექსის გარჩევის დროს კარგად თქვა ერთხელ – არაკაცი იყო, საძმოდან ფულს «ტეხავდა» და ცალკე ინახავდაო! შეიწირა არსენა ოძელაშვილის გაკეთებული მოწყალება ღმერთმა? პირდაპირ ვიტყვი, არსენა მარაბდელის თაყვანისმცემლების გასაგონად (პოსკრიპტუმ აქვე აღვნიშნავ, ლირიული გადახვევით, რომ ძალიან მიყვარს მიხეილ ჯავახიშვილის «არსენა მარაბდელი», ეს არ არის სოციალური რომანი, ეს არის ზენაციონალისტური რომანი, სულ სხვა ასპექტით დაწერილი და ნამდვილმა მკითხველმა ეს კარგად იცის): არსენას ძღვენი და მოწყალება არ შეიწირა უფალმა იმიტომ, რომ შენი საქმე არ არის, ვის მისცა ღმერთმა სიმდიდრე; მდიდარმა თვითონ, თავისი სურვილით  უნდა გასცეს, შენ ყველა შემთხვევაში ქურდი, ყაჩაღი ხარ, როცა ართმევ მას, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ახმარ? რეკეტით იშოვე ფული, თუნდაც სახელმწიფო გაძარცვე, წახვედი და ტაძარი ააშენე? დიდება უფლის ტაძარს! იმ ტაძარში სულიწმინდის მადლი მაინც დაივანებს, რა თქმა უნდა, მაგრამ შენს სულში არ დაივანებს! თავი არავინ მოიტყუოს! და უფლის წინაშე ვერ გამართლდებიან ის მღვდელმსახურები, რომელნიც ასეთი ადამიანისგან შესაწირს მიიღებენ. თქვენ წეღან მხილება ახსენეთ – აქ უნდა იყოს მღვდელმსახური მამხილებელი! ამ დროს იგი სწორედაც რომ მამხილებელია და არა განმკითხველი!
– მამაო, თქვენ ძალიან დიდი მრევლი გყავთ, მათ შორის ახალგაზრდების, «თინეიჯერების»სიმრავლეცაა. არაერთ სასწავლო დაწესებულებაში კითხულობთ მსოფლიო რელიგიების ისტორიას, წლების განმავლობაში კითხულობდით ძველ აღთქმას და ფილოსოფიის ისტორიას, უშუალო კონტაქტი გაქვთ ახალგაზრდა თაობასთან. რა სულიერი პრობლემების წინაშე დგას დღეს ეს თაობა?
– ვცდილობ,რომ ამ ბავშვებთან, განსაკუთრებით თინეიჯერებთან მოვძებნო მათი ენა. არ დაველაპარკო მათ იმ ენით, რომელიც მათთვის ძალიან არქაულია და უკიდურესი მეტაფიზიკური მიჯნის შემქმნელი. ხანდახან ველაპარაკები ისე, როგორც მათი კლასელი, თანატოლი. ესეც ერთგვარი მეთოდია მათი რწმენაში განმტკიცებისა და მათი ინტეგრირებისა საეკლესიო სივრცეში.
დღევანდელ დღეს ბავშვებში ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ამპარტავნება მიმაჩნია. ამ თაობის აბსოლიტურ უმრავლესობას ძალიან უჭირს პატიება. თვითდამკვიდრებას უკიდურესად უხეში მეთოდებით ცდილობენ. მათთვის დამახასიათებელია სიუხეშე, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფორმით, რაღაც არაჯანსაღი ხუმრობებით, არაჯანსაღი მეტყველებით, ბილწსიტყვაობით, რომელიც საბოლოო ჯამში მათ «განსაკუთრებულ მეობას და წინა პლანზე წამოწევას უსვამს ხაზს.» ეს უნდა ჩაიცხროს აუცილებლად, ბავშვებმა უნდა ისწავლონ უბრალოება და ძალიან უშუალო ურთიერთობები, სანამ ამას არ მიაღწევენ, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ერის სულიერებაზე,ლაპარაკი ზედმეტია.
ძალიან ბევრი ნაკლოვანებაა გავრცელებული ერში, ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ბავშვები ტაძარში მოვიყვანოთ და როდესაც ისინი მოდიან, მათთვის თითქმის გაუგებარ ენაზე, ფასეულობებზე ველაპარაკებით ამბიონიდან! ბავშვებს ვესაუბრებით ეროვნულობაზე და ამ დროს მათ დედის გინებისთვის ჯერ თავი ვერ დაუნებებიათ. მათ ვერ ესმით ეს, რადგან შიგნით, პიროვნულად უჭირთ… ადამიანის სული ეს არის საიდუმლოთა ფარული ოკეანე და ერთადერთი ხსნა არის მხოლოდ უფალი! მასთან მისასვლელი ერთადერთი გზა კი ეკლესიისკენ მიდის. ვცდილობ, ეს დავანახო მათ, ამაში დავარწმუნო. თვითონ ადამიანში არსებობს სინდისის ხმა, რომელიც ამ ადამიანს ბოლომდე აიძულებს, რომ თავისი ნამდვილი პიროვნული «მე» სრულყოს! ეს კი, მერწმუნეთ, მხოლოდ ეკლესიაში ხდება.
– მამაო თეიმურაზ, მინახავს, წიგნის ბაზრობიდან მხოლოდ ერთ დღეს თითქმის ასი წიგნით დაბრუნებულხართ, თქვენი, როგორც მღვდელმსახურის, ცხოვრებაში რა როლს ასრულებს ლიტერატურა?
– მადლობა ამ შეკითხვისთვის, სამღვდელმსახურო მოღვაწეობის განმავლობაში პირველად მიწევს პასუხის გაცემა ასეთ შეკითხვაზე, რამეთუ ასეთი შეკითხვით მღვდელმსახურთან არავინ არასოდეს მიდის. მაძლევთ შესაძლებლობას, ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩემთვის ესოდენ ახლობელია და რის გარეშეც ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ლიტერატურის წაკითხვა მიწევს თეოლოგიაში, განსაკუთრებით მსოფლიო რელიგიებში, რადგანაც ამ კურსს ვკითხულობ თბილისის სასულიერო აკადემიაში, აგრეთვე, ვკითხულობ ლექციებს ფილოსოფიის ისტორიაშიც, რაც ჩემგან ბევრ ცოდნას მოითხოვს. მაგრამ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში არც ერთი დღე და არც ერთი საათი მხატვრული ლიტერატურის გარეშე. ასე ვიყავი ბავშვობიდან. თავის დროზე მხატვრულმა ლიტერატურამ განმამტკიცა რწმენაში, მეტსაც გეტყვით, ლიტერატურის ჭარბმა კითხვამ მოამწიფა ჩემში ურყევი სურვილი იმისა, რომ მომავალში მღვდელმსახური გავმხდარიყავი. მღვდლობის სურვილი ჩემში გააჩინა არა წმინდა მამათა კითხვამ, თუმცა მათაც უზომოდ ვკითხულობდი და დიდება მათ სახელს, არამედ (კარგად გაიგოს დაე მკითხველმა), ლიტერატურის ჭარბმა კითხვამ, რამეთუ ლიტერატურაში უამრავ საინტერესო გმირს ვნახულობდი, ვნახულობდი ადამიანებს თავიანთი ნაკლოვანებებით, თავიანთი შინაგანი სამყაროთი, თავიანთი ბრძოლებით, თავიანთი გაორებებით…
ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეს მსოფლიო ლიტერატურის ძალიან დიდმა კორიფეებმა, განსაკუთრებით რუსმა კლასიკოსებმა; შეიძლება ითქვას, რომ კარგი გაგებით შეძრწუნებული ვიყავი მათით, რომ დავდიოდი, ამ თემებზე ვლაპარაკობდი, სხვა თემებზე ვერ ვსაუბრობდი მაშინ, როცა ვკითხულობდი დოსტოევსკის, ტურგენევს, ტოლსტოის… ან XX საუკუნის რუს კლასიკოსებს – შოლოხოვს, ბუნინს, პასტერნაკს და სხვებს.. გაოგნებული ვიყავი რუსული მწერლობით – რუსულ მწერლობას მე ვუწოდე «მხატვრულ სიტყვაში განცხადებული მართლმადიდებლობა»…
..რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა და მიყვარს დასავლეთ ევროპის ლიტერატურა, აზიელი, ამერიკელი მწერლები – ყველას ერთდროულად ვკითხულობდი, უამრავს. ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე ლათინური ამერიკის მწერლებმა- მარკესმა, ბორხესმა, კორტასარმა, ლიოსამ. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩემზე უდიდესმა ყირგიზმა მწერალმა ჩინგიზ აითმათოვმა, რომლის გარდაცვალებაც საოცრად განვიცადე და გამოსათხოვარი წერილიც მივუძღვენი..
– მამაო, საუბარში ძალიან ხშირად გითქვამთ, რომ დოსტოევსკიმ როგორც მღვდელს ბევრი რამ გასწავლათ, რადგან იგი ადამიანის სულის სწორედ იმ კუნჭულებში ჩადიოდა, სადაც ხანდახან ძნელი ჩასაღწევია… თქვენი მოძღვრობის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანის სული სწორ ყალიბში ვერ მოგიქცევიათ, ან პირიქით, უფლისთვის მადლობა შეგიწირავთ, რომ ადამიანის სულის ყველაზე უფრო რთულ ლაბირინთში ჩაგიღწევიათ და ამ ლაბირინთიდან თქვენ,როგორც მოძღვარი, და ის,როგორც სულიერი შვილი, გამარჯვებული გამოსულხართ?
– დოსტოევსკი მართლაც დიდი მხატვარია. სხვათა შორის ჩემს მრევლში, კარგი გაგებით, მე ავტეხე «დოსტოევსკომანია». ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ წაკითხული ეს დიდი რუსი კლასიკოსი, შეიძლება ითქვას, შევაჯიბრე ერთმანეთს, განსაკუთრებით ყველას მოეწონა მისი «ძმები კარამაზოვები», «დანაშაული და სასჯელი»… დოსტოევსკი ჩემთვის ძალიან ახლობელია, ვკითხულობ არა მარტო მის რომანებს და შემოქმედებას, არამედ ყველა იმ გამოკვლევას, რაც კი მასზე ოდესმე დაწერილა – ბერდიაევიდან დაწყებული, ცვაიგით დამთავრებული. მაგრამ დღეს თომას მანის ცნობილ ფრაზას – «დოსტოევსკი – ოღონდ ზომიერად!» – უფრო ვემხრობი. დოსტოევსკი იყო ის მწერალი, რომელმაც მართლა გვიჩვენა ის, რომ ადამიანის სულში არსებობს ბნელი კუნჭულები, ბნელი კუთხეები, რომელსაც სააშკარაოზე იგი ვერასოდეს გამოიტანს! მაგრამ როდესაც გაბედავს და გამოიტანს, ვისთან გამოაქვს თუ არა მღვდელმსახურთან და მოძღვართან? აი, საიდუმლო ამოვხსენით-მღვდლის წინაშე შიშვლდება ადამიანი, მისი  სულიერი სამყარო, იმაზე, რაზეც ვერ დაელაპარაკება ვერც დედას, ვერც მამას, ვერც ცოლს, ვერც შეყვარებულს, ვერც ქმარს, ვერც შვილს, ვერც მეგობარს ჩემთან საუბრობს!
ალბათ, მღვდლისგან სწორად აღიქვამთ, თუ კონკრეტულად არ ვიტყვი ჩემი, როგორც მღვდელსახურის მიერ ადამიანის სულის ბნელ კუნჭულებთან ბრძოლაში დამარცხებისა და გამარჯვების მაგალითებს, რამეთუ არ მინდა, ამით, უხილავადაც კი, იმ ადამიანების საიდუმლო გავცე… თუმცა ჩემი, როგორც მოძღვრის ცხოვრებაში უამრავი ასეთი მაგალითი ყოფილა. როდესაც ახალი მღვდელი ვიყავი 2004 წელს და პირველი აღსარებები მოვისმინე, პირი ღია დამრჩა- ასე ვიფიქრე, რომ აქამდე რაც არ გამიგია, ალბათ, აწი უფრო და უფრო მეტ საშინელებას გავიგებ, თურმე რისი ჩადენა შეუძლია ადამიანებს-მეთქი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ამ საშინელებიდან ადამიანები ნორმალურ ფსიქიკამდე უნდა მიმეყვანა და ამაში ჩვენ უძლურნი ვიქნებოდით, რომ არ ყოფილიყო უდიდესი მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მხოლოდ ღმერთი გვეხმარება იმაში, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. მე ხშირად სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში არა მარტო თეოლოგიის, არამედ ლიტერატურის კითხვაც გამომდგომია. ბავშვობაში ვწერდი. ახლაც შენახული მაქვს IV-V კლასებში დაწერილი პატარა ნოველის მსგავსი ჩანახატები, ერთი ვრცელი მოთხრობაც, რომელსაც ძალიან დიდი გულისყურით ვინახავ. ახლა, რა თქმა უნდა, მეცინება იმ უამრავ შეცდომაზე, უზუსტობაზე, რომლებიც იქ მაქვს, მაგრამ 10 წლის ბავშვი სხვანაირად ვერ დაწერდა, ისიც კი მახსოვს, რა პერიოდში დავწერე, იმდენს ვკითხულობდი, რომ არ შეიძლებოდა, მეც არ დამეწერა! მაგრამ სიმართლე მინდა გითხრათ და ამ საიდუმლოს პირველად თქვენი გაზეთის ფურცლებზე გავამხელ -დღემდე, 32 წლის ასაკშიც არ მასვენებს და მომყვება ბავშვობისდროინდელი სურვილი, რომ  ვწერო. ეს სურვილი მღვდლობაშიც არ გამქრალა, მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, რომელზედაც გპირდებით, რომ სხვა დროს ისევ თქვენთან ვილაპარაკებ, ჩემს ნაწერებს მზის სხივი ჯერ არ უნახავთ. არ ვამბობ, რომ მე მუდმივად ვწერ, მაგრამ წერის ჟინი დროდადრო მომივლის ხოლმე და ვფიქრობ, რომ, თუ ოდესმე გავბედე გამოქვეყნება, არა მგონია, ამითი რამე ვავნო ან ჩემს დედაეკლესიას და ან ჩემს თავს, ერს და ან ეროვნულ მწერლობას… მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია… ამ შემთხვევაში მე განვაზოგადებ მღვდელს, როგორც ქრისტიან მღვდელს ზოგადად, ვისზეც არა ერთი შედევრია შექმნილი მსოფლიოში, გავიხსენოთ ემილ ზოლას «აბე მურეს შეცოდება», დე კეიროშის, ცნობილი პორტუგალიელი მწერლის რომანი «პადრე ამაროს დანაშაული», ლევ ტოლსტოის საუკეთესო მოთხრობა «მამა სერგი»… და გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მღვდელმსახურებაშიც არსებობს ნაკლოვანებები, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მღვდელმსახური, რომელიც შემოქმედებითად იღვწის, ამ მხრივ მით უმეტეს არ არის გასაკიცხი. არ შეიძლება ის მღვდელმსახური, რომელიც ქურდებისაგან არასწორი გზით ნაშოვნ ფულს იღებს და რაღაც საშინელებებს სჩადის და ის, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის მოძღვრულ მოვალეობას და მისი «დანაშაული» მხოლოდ ისაა, რომ შვიდი პოეტური კრებულის ავტორია, ერთნაირად განვსაჯოთ; აი, კიდევ ზღვარი მხილებასა და განკითხვას შორის! ამას მე, როგორც მღვდელმსახური ვგმობ და როგორც გენებოთ, ისე გამიგეთ, მაგრამ მე ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს! ძალით ვერავინ დაწერს, მაგრამ ყველა იმ მღვდელმსახურმა, ვისაც ამის ნიჭი გააჩნია, ვფიქრობ, რომ უნდა განავითაროს ეს ნიჭი. მაპატიეთ, კარგი გაგებით, მე მკაცრი იერარქიული მორჩილების მომხრე ვარ, და მორჩილება და კურთხევის აღება უპირველესია ეკლესიაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი საკითხია, რომ ამაზე კურთხევის თხოვნა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად. ეს ისეთივე შინაგანი მოთხოვნილებაა, როგორიცაა ჭამა, დალევა. რამეთუ სულიწმინდისაგან გაქვს ეს ნიჭი და ეს ნიჭი აუცილებლად უნდა გამოვლინდეს. ყველა ასეთ მღვდელმსახურს წარმატებას ვუსურვებ. დაე, უფალმა გამოკვეთოს ჩვენი გზა, ყველასი..
– მამაო, დიდი მადლობა საინტერსო საუბრისთვის… მაგრამ არის რამე ისეთი, რაც არ გითქვამთ, მაგრამ გინდათ, რომ თქვათ?
– როგორც ადამიანის სულის მცოდნე (და ყველა მღვდელი მცოდნეა), ვფიქრობ, რომ გაზეთის ფურცლებზე სათქმელი მაინც არ ითქმის ბოლომდე იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ადამიანს შეიძლება სურდეს. ამ მხრივ თუნდაც იგივე ლიტერატურა საუკეთესო გამოსავალია..
– დაგვლოცეთ..
– უფალმა დაგლოცოთ.. თქვენ პირადად გისურვებთ ჭეშმარიტად, გულწრფელად იმ წარმატებას, რომელიც სათნო იქნება უფლისთვის, სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის.
ხოლო თქვენს გაზეთს, იცით, რა მინდა ვუსურვო? როდესაც ადამიანი გადაშლის რელიგიურ რუბრიკას, მისგან ჭეშმარიტი სულიერი საზრდო მიიღოს და პასუხი იმ გაუცემელ კითხვებზე, რომლებიც, ვინ იცის, რამდენ ხანს აწვალებდა… მთლიანად თქვენი გაზეთი კი მინდა სავსე იყოს ფარისევლობისაგან, სიცრუისაგან დაცლილი ინფორმაციით, რითაც, სამწუხაროდ, ასე მდიდრები ვართ საქართველოში…
გაკურთხოთ და დაგლოცოთ უფალმა! ამინ!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here