Home რუბრიკები საზოგადოება მაყვლის კულტურის აგროტექნოლოგია

მაყვლის კულტურის აგროტექნოლოგია

2521
მაყვალი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

მაყვალი (Rubus-ის სახეობა) მაღალი ღირებულების მქონე ბუჩქოვანი კენკროვანი კულტურაა. იგი შეიცავს საკვები და სამკურნალო ნივთიერებების კომპლექსს: საქაროზას, გლუკოზას, ფრუქტოზას (5%-მდე); ლიმონის, ღვინის, ვაშლის, სალიცილისა და სხვა ორგანულ მჟავებს; B, C, E, K, P, PP ჯგუფის ვიტამინებს; მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმის, სპილენძისა და მანგანუმის მარილებს); მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს; პექტინურ ნივთიერებებს და სხვა მაკრო და მიკროელემენტებს. ხალხურ მედიცინაში მაყვლის ნაყოფს ორგანიზმის გასაძლიერებლად და ვიტამინებით უზრუნველსაყოფად იყენებენ.

მაყვლის მოყვანა წარმატებით არის შესაძლებელი საქართველოს მრავალფეროვან აგროკლიმატურ პირობებში. ამჟამად მაყვალი დიდი მოცულობით არ მოჰყავთ, მაგრამ მისი წარმოების გაფართოება ძალიან პერსპექტიულია. მაღალი ხარისხის მაყვლის სტაბილური მიწოდების შესაძლებლობის მქონე ფერმერებს გასაღების ბაზრის დიდი პერსპექტივა ექნებათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაყვლის წარმოების გრძელვადიანი მდგრადობისთვის საჭიროა მისი მოყვანისა და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება, ასევე, მოსავლის აღების პერიოდის გახანგრძლივება ჯიშების დივერსიფიკაციისა და სათბურების გამოყენების გზით.

ნაკვეთის შერჩევა

მაყვლის გასაშენებლად უნდა შეირჩეს კარგად განათებული ადგილი. მაყვალი არ უნდა დაირგას ხეების რიგების ან შენობების ჩრდილში. საუკეთესოა დრენაჟის კარგი სისტემის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერი, მაღალი ორგანული ნივთიერებებით მდიდარი (2-4%) ნიადაგი, სადაც PHH-ის მაჩვენებელი 6,0 და 7.0 შორის მერყეობს. მაყვლისთვის ხელსაყრელია ქვიშნარი ან თიხნარი ნიადაგი, თუმცა ის კარგად ხარობს კარგი დრენაჟის მქონე თიხიან ნიადაგზეც. ნაკვეთის შერჩევისას წყლის დრენაჟის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაყვლის ფესვთა სისტემა ნიადაგში 1 მეტრის ან მეტ სიღრმეზეა განვითარებული. ჟანგბადის დაბალი შემცველობისადმი მაყვლის ფესვების მგრძნობიარობის გამო ნიადაგის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე არ უნდა იყოს გრუნტის წყლები.

მაყვალი უნდა დაირგას სწორ ან ოდნავ დაქანებულ მიწის ნაკვეთზე. აუცილებელია ნარგავების გარშემო უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის სათანადო მოძრაობა. ჰაერის მოძრაობა ამცირებს ტენიანობას მცენარეთა გარშემო და ხელს უშლის ფოთლების დაავადების ხელშემწყობი პირობების შექმნას. მნიშვნელოვანია მაყვლის დაცვა ძლიერი ქარისგან, რომელიც ამცირებს მცენარეთა სიძლიერეს სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში, იწვევს ბუჩქის ზრდის შეფერხებასა და დაზიანებას.

ბორცვიან და მთიან ნაკვეთებში მაყვალი, როგორც წესი, ყველაზე კარგად იზრდება დაცულ ჩრდილოეთ ფერდობებზე. შესაძლებელია სამხრეთის ფერდობების გამოყენებაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში დღის განმავლობაში მცენარეთა ტემპერატურა შეიძლება მაღალი იყოს. იანვარ-თებერვალში რამდენიმე დღის განმავლობაში თბილი ამინდის შედეგად შეიძლება მოხდეს ვეგეტაციის დაწყების პროვოცირება, მოგვიანებით დამდგარმა ცივმა ამინდებმა კი შეიძლება დააზიანოს ისინი.

ახალი ნერგების დარგვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება შორს ველური მაყვლისა და ჟოლოსგან. მაყვლის ნარგავებზე დაავადების გავრცელების პროფილაქტიკისთვის ნაკვეთიდან 300 მეტრის ფარგლებში საჭიროა ტყის კენკრის ნარგაობის მოცილება.

ზამთრის ყინვა აზიანებს მაყვლის ყველა ჯიშის ღეროს იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა დაეცემა _ 20ºგრადუსზე დაბლა. ზამთრის მოყინვით დაზიანებულ ღეროებს აქვთ მშრალი, მოყავისფრო გული, დაუზიანებელი მაყვლის ხასხასა მწვანე ღეროსგან განსხვავებით. ზოგჯერ შედარებით დაბალმა ყინვამაც შეიძლება გამოიწვიოს მაყვლის კვირტის განადგურება.

ნაკვეთის მომზადება

მაყვლის პლანტაციის გასაშენებლად ნაკვეთი უნდა შეირჩეს მცენარეების დარგვამდე ერთი წლით ადრე. მიწის მოამზადებელი სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს ნიადაგის დრენაჟის გაუმჯობესებას, PH-ის შეცვლას, ნიადაგში საკვები ნივთიერებებისა და ორგანული სასუქის შეტანას და მრავალწლიან სარეველებთან ბრძოლას. მაყვლის დარგვამდე ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს წინა კულტურის დარჩენილი ნარჩენებისგან. მომავალ გაზაფხულზე მაყვლის დასარგავად ნიადაგი უნდა მოიხნას ან დამუშავდეს შემოდგომაზე.

ჯიშების შერჩევა

ღეროს ზრდის მახასიათებლების მიხედვით განასხვავებენ მაყვლის სამ ფორმას. ესენია: სწორმდგომი, ნახევრად ამართულღეროიანი და მხვიარა. სწორმდგომ მაყვალს სწორი და მყარი ღერო წარმოექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის მაყვალს არ სჭირდება საყრდენი სისტემა ვერტიკალური ზრდის შესანარჩუნებლად, მისი წარმოებისას, როგორც წესი, მას საყრდენებით ამაგრებენ. ნახევრად სწორმდგომი მაყვალი ივითარებს სწორ ღეროებს, რომლებიც თითქოს ამართულია, მაგრამ ჰორიზონტალური მდგომარეობისკენაც იხრება. ღეროებისთვის აუცილებელია საყრდენი შპალერის მოწყობა. მხვიარა მაყვალი ივითარებს ტოტებს, რომლებიც ჰორიზონტალურად იზრდება და მათთვისაც ასევე საჭიროა საყრდენი შპალერი.

საქართველოში შეიძლება გაშენდეს მსოფლიოში კომერციულად წარმოებული მაყვლის ჯიშები; კომერციული დანიშნულებით გაშენებამდე საჭიროა ეს ჯიშები გამოიცადოს რამდენიმე რეგიონში. საქართველოში წარმოებისთვის რეკომენდებულია სწორმდგომი floricane-ს ტიპის ჯიშები: Quachita, navaho, Apache და Natchez -ი.

ნახევრად სწორმდგომი ფლორიცანე-ს ტიპის რეკომენდებული ჯიშებია: Black Satin-ი, Chester-ი, Hull-ი, Triple Crown-ი, და Loch Ness-ი. მხვიარა ტიპის რეკომენდებული ჯიშებია: Prime-Ark 45-ი და Reuben-ი.

Ouachita არის ძალიან მაღალმოსავლიანი, საშუალო პერიოდის სიმწიფის მსხმოიარე, უეკლო ჯიში, რომელსაც აქვს ძლიერი ზრდა, კომპაქტური ყლორტები დიდი, მიმზიდველი კენკრით. Navaho საშუალო-საადრეო პერიოდის სიმწიფის უეკლო ჯიშია, რომელიც იძლევა მსხვილ, მკვრივ კენკრას შესანიშნავი არომატით. Apache საშუალო-საადრეო პერიოდის სიმწიფის უეკლო ჯიშია, რომელიც იძლევა მაღალი ხარისხის, მსხვილ, ტკბილ კენკრას. Natchez საადრეო პერიოდის სიმწიფის უეკლო ჯიშია, რომელიც ასევე იძლევა მსხვილ, ტკბილ კენკრას შესანიშნავი გემოთი. ის გამძლეა დაავადებებისადმი და ახასიათებს სტაბილურად მაღალი ხარისხის ხილი. Black Satin არის საშუალო-საადრეო პერიოდის სიმწიფის მაღალმოსავლიანი ჯიში, რომელიც იძლევა მსხვილ, მკვრივ და ტკბილ ხილს. Chester არის მაღალმოსავლიანი, საგვიანო პერიოდის სიმწიფის ჯიში, რომელიც მდგრადია დაავადებებისადმი. მისი ნაყოფი უფრო მკვრივია სხვა ჯიშებთან შედარებით და ტრანსპორტირებას კარგად იტანს. არომატი მისაღებია, მაგრამ Hull ან Black Satin-თან შედარებით ნაკლებად ტკბილია. Hull არის ძლიერი და უეკლო ჯიში, რომელიც იძლევა მსხვილ, მკვრივ, ძალიან არომატულ, ტკბილ ნაყოფს.

Thornfree-ს აქვს საშუალო-მსხვილი პრიალა შავი კენკრა გამოკვეთილი არომატით. ღეროები ძლიერი და ნახევრად სწორმდგომია. მისი მოსავლის აღება იწყება ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისამდე. Triple Crown-ი, ფართოდ ადაპტირებული უეკლო, მაღალმოსავლიანი ჯიშია კარგი არომატით. Loch Ness ასევე ძალიან პროდუქტიული უეკლო ჯიშია შესანიშნავი გემოთი. ის საადრეო ჯიშია სწორმდგომი ღეროებით და დაავადებებისადმი შედარებით გამძლეა. მას აქვს ხანგრძლივი მოსავლის კრეფის პერიოდი. იძლევა პრიალა, მიმზიდველ, არომატულ და ტკბილ კენკრას. Prime-Ark 45-ი, და Reuben-ი _ ორი წამყვანი ჯიშია, მათ მსგავსი მახასიათებლები აქვთ, იძლევიან მაღალი ხარისხის მოსავალს და აქვთ მოსავლის ხანგრძლივი პერიოდი.

მაყვლის ნაკვეთის გაშენება

მაყვლის ნაკვეთის გასაშენებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. სარგავ მასალად შეიძლება სტანდარტული ნერგის, ფესვების, ინ-ვიტრო ნერგების ან მწვანე ნერგის გამოყენება. ნერგი ყოველთვის უნდა იყოს სერტიფიცირებული, უვირუსო და მიღებული უნდა იყოს მხოლოდ სანდო სანერგეებიდან.

მაყვლის სარგავი მასალის ფესვთა სისტემა დარგვამდე ტენიან მდგომარეობაში უნდა შენარჩუნდეს. ნერგის დეჰიდრატაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს მის სიცოცხლისუნარიანობას. ფესვთა სისტემის გაუწყლოების პრევენცია შესაძლებელია ნერგის მთლიანად წყალში დასველებით, ზოგჯერ დარგვამდე ფესვების დროდადრო დასველებითა და ღეროს მზის პირდაპირი შუქისგან დაცვით. მაყვლის დასარგავი მასალა დარგვამდე უნდა ჩაეშვას ფუნგიციდურ ხსნარში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ფოტოფტორა _ ფესვის სიდამპლის განვითარება.

სტანდარტული ნერგი მოსვენებულ მდგომარეობაში _ ასეთი ტიპის ნერგი ყველაზე ფართოდ გამოიყენება. ეს არის 1 წლის მცენარე, რომელსაც კარგად განვითარებული, სულ მცირე, 25 სმ სიგრძის ფესვთა სისტემა აქვს.

დარგვისას ნერგის ფესვთა სისტემა უნდა გაიშალოს ნიადაგში. ფესვები უნდა ჩაიფლას 5-7 სმ-ის სიღრმეზე, ღერო უნდა ჩაირგას 2-3 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე სანერგეში. დარგვისას ფესვების გარშემო ნიადაგი კარგად უნდა დაიტკეპნოს, შემდეგ კი საფუძვლიანად მოირწყას ნიადაგი თითოეული ღეროს გარშემო. ღერო უნდა დამოკლდეს 10-15 სმ სიგრძემდე.

მაყვლის ნერგი უნდა დაირგას გაზაფხულის დასაწყისში რაც შეიძლება ადრე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ნიადაგის დამუშავება. საქართველოს შედარებით გრილი კლიმატის რეგიონებში ეს პერიოდია მარტის დასაწყისიდან აპრილის შუა პერიოდამდე, როდესაც ტემპერატურა საკმარისად მაღალია და არ დგას მკაცრი ყინვის საფრთხე. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში იზრდება მცენარე გაზაფხულზე, მით უკეთ განვითარდება ფესვთა სისტემა და უფრო სწრაფად შეივსება რიგი მცენარეებით.

ორგანული სასუქი

ნიადაგის ორგანული ნივთიერებები ძალიან საჭიროა მაყვლის კარგი განვითარებისთვის. ორგანული სასუქი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცხოველის ნაკელთან შერეული თივის სახით _ საშუალოდ 30-50ტ/ჰა, ან კომპოსტით. ქათმის ნაკელი _ 5-10 ტ/ ჰექტარზე. იდეალურ შემთხვევაში ორგანული სასუქი ნიადაგში უნდა ჩაიხნას დარგვამდე 10-15 სანტიმეტრის სიღრმეზე.

მაყვლის გასაშენებელი ნაკვეთი უნდა მოიხნას, დაიფარცხოს, საფუძვლიანად დამუშავდეს, სულ მცირე, 30 სანტიმეტრის სიღრმეზე. ქვენიადაგის დამუშავება ხდება ღრმად გამაფხვიერებლით.

მნიშვნელოვანია დარგვამდე საკმაო ხნით ადრე წყლისა და ნიადაგის ტესტირება და სათანადო ირიგაციისა და განოყიერების პროცედურების დაცვა.

რიგების (შემაღლებული ბაძოკვლების) ფორმირება

ნაკვეთის მომზადების და ნიადაგში საჭირო დანამატების შეტანის შემდეგ ხდება გასაშენებელი რიგების ან კვლების მოწყობა. მაყვალი შეიძლება დაირგას სწორ ზედაპირზე, კარგი დრენაჟის პირობებში. არასასურველი დრენაჟის პირობებში მაყვალი უნდა დაირგას შემაღლებულ კვლებზე, რომელიც ეწყობა დაახლოებით 25 სმ-ის სიმაღლის და მინიმუმ 75 სმ სიგანის მქონე ზოლებად. კვლების ცენტრებს შორის მანძილი, სულ მცირე, 3,0 მეტრს უნდა შეადგენდეს. ამის შედეგად საკმარისი ფართობი დარჩება რიგთაშორისების დასამუშავებლად და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად (განოყიერება, შესხურება, მოსავლის აღება). მანძილი რიგებს შორის ასევე დამოკიდებულია ნარგავის მოვლისთვის გამოყენებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გაბარიტებზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელი იყოს მცირე მოდების განის კულტივატორის გამოყენება. დაქანებულ ფართობზე ნარგავები კონტურულად უნდა დაიგეგმოს და რიგები განლაგდეს ფერდობის პერპენდიკულარულად ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი;

ნარგიზა ალასანია,

ლამზირა გორგილაძე,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here