Home რუბრიკები პოლიტიკა ჰეიდარიდან ჰეიდარამდე

ჰეიდარიდან ჰეიდარამდე

562

ილჰამ ალიევმა მეუღლე აზერბაიჯანის პირველ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. რა დგას ამ ცვლილების უკან და რა გავლენას მოახდენს ის მეზობელი ქვეყნის პოლიტიკაზე? ილჰამ ალიევი პრეზიდენტი 2003-ში გახდა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ _ 2008 და 2013 წელს აირჩიეს. მორიგი არჩევნები 2018-ში უნდა ჩატარდეს და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის მორიგ წარმატებას მიაღწევს. აზერბაიჯანის კონსტიტუცია არ ზღუდავს ერთი და იმავე პირის მრავალგზის არჩევას პრეზიდენტად. ამასთანავე, სულ ახლახან ილჰამ ალიევმა მისი დინასტიის მდგომარეობის გასამყარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

შარშან, 26 სექტემბერს აზერბაიჯანში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ხელისუფლებამ ოცდაათამდე საკითხი გაიტანა. მათ შორის იყო პრეზიდენტობის ვადის გაზრდა 5-დან 7 წლამდე, პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტის შემოღება (ის შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი გარდაცვალების ან ქმედუუნარობის შემთხვევაში), პრეზიდენტობისა და დეპუტატობის კანდიდატებისთვის ასაკობრივი ცენზის შემცირება. პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლებაც მიენიჭა. რეფერნედუმზე ამომრჩეველთა თითქმის 70% მივიდა, მათგან 80%-ზე მეტმა (ზოგიერთ საკითხზე კი 90%-ზე მეტმა) მხარი ხელისუფლების ინიციატივებს დაუჭირა.

ასაკობრივი ცენზის შემცირების არსი, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს ილჰამ ალიევის ვაჟიშვილს, ჰეიდარს, ჯერ დეპუტატი, შემდეგ კი პრეზიდენტი გახდეს. ის ახლა 19 წლისაა. თუ მამამისი მორიგ არჩევნებს 2018-ში ჩაატარებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მაშინ მისი მომდევნო, ამჯერად შვიდწლიანი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, 2025-ში, უმცროს ჰეიდარ ალიევს იურიდიული უფლება ექნება, პრეზიდენტი გახდეს, თუმცა გამორიცხული არაა, ილჰამ ალიევმა 2025-ში კენჭი კიდევ ერთხელ იყაროს და ხელისუფლება შვილს 15 წლის (ჯამში) შემდეგ გადააბაროს, თუმცა ასეთ შორეულ პერსპექტივაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

მეჰრიბან ალიევას დანიშვნა პირველ ვიცეპრეზიდენტად, ანუ ფაქტობრივ მემკვიდრედ, დინასტიის პოზიციებს ამყარებს და მას მოულოდნელობებისგან აზღვევს. მოქმედ პრეზიდენტს რამე რომც მოუვიდეს, მისი ვაჟიშვილისთვის ხელისუფლების გადაცემა იურიდიულად უზრუნველყოფილი იქნება. საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ არა მხოლოდ ჩაატარა რეფერენდუმი ასაკობრივი ცენზის დაწევაზე, არამედ დაამთხვია მას მძლავრი საინფორმაციო კამპანია, რომლის ცენტრალური ფიგურა იყო აზერბაიჯანში პოპულარული ისტორიული მოღვაწე, სეფიანელთა სახელმწიფოს დამაარსებელი ისმაილ I. როგორც ცნობილია, ის ყიზილბაშებს სათავეში 14 წლის ასაკში ჩაუდგა, ხოლო მომდევნო წელს თავი შაჰინშაჰად გამოაცხადა.

ზოგიერთი ექსპერტი მეჰრიბან ალიევას პოლიტიკურ პერსპექტივებზე ალაპარაკდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ილჰამ ალიევი, მისი სანათესაო და უახლოესი გარემოცვა ერთერთ ძირითად ვარიანტად მის გრძელვადიან მმართველობას განიხილავს. მას, დიდი ალბათობით, უყურებენ მხოლოდ, როგორც სატრანზიტო რგოლს ხელისუფლების გადაცემისთვის, რომლის გამოყენება შეიძლება საჭირო არც გახდეს, რადგან, ისტორიული და კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ მოსახლეობას არ სურს, მმართველად ქალი იხილოს.

აზერბაიჯანი ერთდროულად ევროპული და აზიური პოლიტიკური ტრადიციის გავლენის ქვეშ იმყოფება; ამჯერად არჩევანი აშკარად მეორის სასარგებლოდ გაკეთდა. დღეს ბევრს წერენ იმაზე, რომ აზერბაიჯანი უფრო მეტად ემსგავსება ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ვიდრე თავის მეზობლებს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა, ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუა აზიის რესპუბლიკების მეთაურებს დინასტიური მმართველობისთვის სამართლებრივი გარანტიები არ შეუქმნიათ. “რესპუბლიკური დინასტიური მონარქია” დღეს ძალიან იშვიათი ფენომენია და ამ კონტექსტში მხოლოდ სირიაში ჰაფეზ ასადის მიერ დაფუძნებულ დინასტიას თუ გავიხსენებთ, თუმცა შუა აზიასთან მაინც არაერთი პარალელის გავლება შეიძლება. მაგალითად, აზერბაიჯანულ რეფერენდუმამდე ორი კვირით ადრე, თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა და პრეზიდენტობის კანდიდატისთვის (ანუ საკუთარი თავისთვის) ზედა ასაკობრივი ზღვარი გააუქმა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოსახლეობის პოზიციაა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა “დინასტიური მმართველობის” შემოღებას არ აპროტესტებს და, როგორც ჩანს, ხედავს მასში სტაბილურობის გარანტიას, ერთგვარ დამცავ ზღუდეს, რომელიც მას სისხლიან 90-იანებში დაბრუნებისგან იცავს. ალიევს, ძირითადად, საზღვარგარეთიდან აკრიტიკებენ.

ვაშინგტონმა ოფიცილურ ბაქოს მოუწოდა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს, აგრეთვე, ციხიდან გამოუშვას ის ოპოზიციონერები, რომლებიც რეფერენდუმის წინ, ასე ვთქვათ, “პრევენციულად” დააპატიმრეს (მათი დაჭერა წარმოჩენილი იყო, როგორც ბრძოლა ფეთჰულა გიულენის მიმდევრებთან, ამისკენ ალიევს თურქეთი მოუწოდებს). ვენეციის კომისიამ თავის დასკვნაში მიუთითა, რომ ცვლილებები შექმნიან დისბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ და საკანონმდებლო შტოს დაასუსტებენ. თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ამას “პოლიტიკური დაკვეთის შესრულება” უწოდა და ყველაფერი მაინც ისე გააკეთა, როგორც სურდა. ამერიკელებმა და ევროპელებმა უკან დაიხიეს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინათ ვაშინგტონში განიხილებოდა აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესების იდეა, შეიქმნა შესაბამისი კანონპროექტი “აქტი აზერბაჯანის დემოკრატიის შესახებ”, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა. ისევე, როგორც სანავთობო მონარქიების შემთხვევაში, ამერიკელებმა სტრატეგიული ინტერესები დემოკრატიულ რიტორიკაზე მაღლა დააყენეს. მათ სანქციების შემოღების იდეა გვერდზე გადადეს, ხოლო გასულ კვირას ახალმა ადმინისტრაციამ “გაზის სამხრეთის დერეფნის” პროექტის მხარდაჭერა დაადასტურა _ ის აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიაზე გაივლის. მისი ძირითადი სეგმენტები სამხრეთ კავკასიის ტრანსანატოლიისა და ტრანსადრიატიკის გაზსადენებია. იმ ვითარებაში, როდესაც ვაშინგტონი თანდათან კარგავს კონტროლს თავის ძველ მოკავშირე თურქეთზე, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება და რეჟიმის დესტაბილიზაციის მცდელობაფერადი რევოლუციისმოწყობის გზით ნაკლებად სავარაუდო ჩანს, მითუმეტეს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ თქმული არ ნიშნავს, რომ თეთრი სახლი ალიევს თავს დაანებებს.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ “მოგუდა” პროდასავლური ოპოზიცია, საფრთხე განეიტრალებულად ვერ ჩაითვლება. “არაბული გაზაფხულის” ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებშიც ძირითად საფრთხეს ისლამისტური და დემოკრატიული ოპოზიცია ქმნიდა (განსაკუთარებით კი მათი ძალისხმევის გაერთიანება), აზერბაიჯანს დიდი პრობლემები შეიძლება ისლამისტებმა და ნაციონალისტებმა შეუქმნან. აზერბაიჯანმა წააგო ომი და დაკარგა ტერიტორიები, საზოგადოებაში კვლავინდებურად ძლიერია რევანშის სურვილი, ხოლო ის, რომ მმართველ დინასტიას პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია, ძირს უთხრის მისი ძლევამოსილების მითს და ირიბად მის ლეგიტიმურობას ურტყამს. ამასთანავე, მიჩნეულია, რომ აზერბაიჯანელი ძალოვნები კარგად აკონტროლებენ სიტუაციას და ისალმისტური ტერორისტული იატაკქვეშეთის ჩამოყალიბებას არ დაუშვებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ამოცანა ზოგიერთი უფრო ძლიერი ქვეყნის სპეცსამსახურებმაც ვერ გადაწყვიტეს.

ის კონსენსუსი, რომელსაც აზერბაიჯანის სტაბილურობა ეფუძნება, გულისხმობს საზოგადოების მიერ გარკვეული უფლებების დათმობას კეთილდღეობის ზრდის სანაცვლოდ. მსგავსი რამ სხვა სანავთობო ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდის ტემპები შემცირდა, ნავთობის მოპოვების პიკი უკვე მიღწეულია, ფასი მასზე კი კვლავინდებურად მცირეა, მაშინ, როდესაც ექსპორტიდან შემოსული შემოსავლების 90%-ზე მეტს ენერგომატარებლების გაყიდვა უზრუნველყოფს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნავთობის ფასი მაღალი იყო, როგორც აზერბაიჯანელი, ისე უცხოელი ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჭარბი შემოსავალი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა მოხმარდეს. მაგრამ ეს, ცალკეულ მიღწევებს თუ არ ჩავთვლით, ვერ მოხერხდა ორი ძირითადი მიზეზის გამო – შემოსავლების ნაწილი მოსახლეობის სოციალური გარანტიების გამყარებაზე, ფაქტობრივად, მისი კეთილგანწყობის ყიდვაზე იხარჯებოდა; ამასთანავე, კორუფციამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თითქმის ნოლამდე დაიყვანა მასშტაბური მაღალეფექტური პროექტების რეალიზების შესაძლებლობა. ილჰამ ალიევმა ჯერჯერობით ვერ მოაწყო ანტიკორუფციულირევოლუცია ზემოდანდა ეს გახდა ერთერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ სანავთობო ქვეყანამ პირველი რანგის ჯანსაღი ეკონომიკა ვერ შექმნა, მაშინ როდესაც ამისთვის თითქმის ყველა წინაპირობა არსებობდა. გამორიცხული არაა, რომ სოციალურეკონომიკური სიტუაციის გართულების პარალელურად, მთავარ პრობლემად ალიევების დინასტიისთვის იქცევიან არა იდეური ისლამისტები, ნაციონალისტები თუ დემოკრატები, არამედ უბრალოდ უმუშევარი ახალგაზრდები, რომელთაც მაძღარი და ლაღი ცხოვრება სურთ, როგორც მათ თანატოლებს “არაბული გაზაფხულის” ქვეყნებში (ის არაბი ახალგაზრდები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა ქაოსს წარმოშობდა რევოლუცია).

ისტორია ცხადყოფს, რომ, როდესაც ორი მეზობელი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, ურთიერთობა მათ შორის იძაბება, მაგრამ, მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა და კეთილგანწყობა, ერთობლივი სატრანზიტო პროექტები და ინტერესები აკავშირებს. ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია, როგორ შეიცვლება ურთიერთობები საქართველოსა და ახალრესპუბლიკურ დინასტიურ მონარქიასშორის, თუმცა სასურველია, იმაზე მაინც შევთანხმდეთ, რომ უცხო ძალებს შესაძლებლობას არ მივცემთ, ჩვენი ტერიტორია და რესურსები მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ. თავის დროზე, უმცროსი ბუშის მმართველობის წლებში, ამერიკელებმა სცადს, გამოეყენებინათ საქართველო, როგორც პლაცდარმი აზერბაიჯანში “ფერადი რევოლუციის” მოსამზადებლად, ხოლო 2012 წლის შემდეგ ზოგიერთი მრჩეველი ბაქოში არწმუნებდა ილჰამ ალიევს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. თუ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ორი ქვეყნის კეთილმეზობლობას, სავარაუდოდ, არაფერი დაემუქრება, მიუხედავად იმისა, რა ცვლილებები მოხდება მათ საშინაო პოლიტიკაში.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here