Home რუბრიკები პოლიტიკა როდემდე გასტანს უძრაობის ხანა…

როდემდე გასტანს უძრაობის ხანა…

669

არჩევნების შემდეგ საქართველო საკმაოდ უცნაურ რეალობაში ცხოვრობს. მოსახლეობაში დაგროვდა პროტესტი, მაგრამ არ არსებობს მისი აკუმულირების შესაძლებლობა. არის მოთხოვნა ადეკვატურ ოპოზიციაზე, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას მისი ფორმირება არ ძალუძს. ყველა დამკვირვებელი გრძნობს, რომ ვითარება არაჯანსაღია, მეტიც _ კრიზისული, მაგრამ მოვლენების განვითარებაზე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

ივანიშვილის ხელისუფლება წინ მიიწევს პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ერთდროულად. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ყველა რამდენადმე ანგარიშგასაწევი პარტია დასუსტდა და დაიშალა და ამის მიზეზი არა მხოლოდ ხელისუფლების მოქმედებაა, არამედ ოპოზიციის, როგორც ძველი პოლიტიკური ელიტის განუყოფელი ნაწილის მიმართ, ნდობის მკვეთრი დაცემა. კრიტიკულად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები სულით ხორცამდე პროსტიტუირებულები არიან, ხოლო მათ ლიდერებს ამომრჩეველთა ინტერესები არ ანაღვლებთ. ეს წარმოშობს მოთხოვნას ახალი ტიპის პოლიტიკაზე და პარტიებზე, რომლებიც ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ ჩანან.

დღეს საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი (მმართველი პარტიის კლინიკური მხარდამჭერების გარდა), რომელიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უარყოფს. ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლამის დაუფარავ ძარცვა-გლეჯაზე გადავიდნენ, ხოლო მსხვილი ბიზნესმენები _ დასაქმებულთა უფლებების გათელვაზე, რომელზეც ნათლად მიუთითებს თუნდაც “აზოტსა” და “ფრესკოში” განვითარებული მოვლენები. უკმაყოფილება ძალზე დიდია, მაგრამ პროტესტი ლოკალურ ხასიათს ატარებს, რადგან ქართველების უმრავლესობას “არ ეკადრება” გაღარიბების გაპროტესტება და ესაჭიროება სოციალური უკმაყოფილების ერთგვარი “კონვერტირება” პოლიტიკურ მოთხოვნებში, თუმცა დისკრედიტებული პოლიტიკური პარტიები ამ შესაძლებლობას ვერ სთავაზობენ.

უკმაყოფილების დაგროვება მკაფიო პროტესტის გამოხატვის გარეშე, ერთი მხრივ, საზოგადოებაში ნიჰილიზმს ამკვიდრებს, მეორე მხრივ კი, ათამამებს ოდესღაც საკმაოდ ფრთხილ ხელისუფლებას. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მან კონსტიტუციის მორგება საკუთარ ინტერესებზე დაიწყო და გაცილებით თამამად განაგრძო სხვადასხვა ინსტიტუტების დამორჩილება. თუ ადრე ცდილობდა, რომ ჩინოვნიკების სახელფასო დანამატები, პრივილეგიები და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღორული საქციელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყო, დღეს ეს ბარიერი, შეიძლება ითქვას, გადალახულია. მართალი იყო ჯონ დალბერგ-აქტონი: “ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად”.

ტელეკომპანიები “იმედი”, “მაესტრო” და “ჯი-დი-ესი” ერთ ჰოლდინგში ერთიანდებიან. ცხადია, ეს კერძო ბიზნესია, თუმცა კომენტატორების უმრავლესობა ეჭვობს, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ხელისუფლების მოქმედების კრიტიკულ შეფასებას ამ მიმართულებიდან გაცილებით იშვიათად მოვისმენთ. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს , გარდაქმნის დასრულების შემდეგ იქ, დიდი ალბათობით, მიუკერძოებლობის ილუზიაც კი აღარ დარჩება. რუსთავი 2”- მოსახლეობის დიდი ნაწილი, უფრო სწორად, პრაქტიკულად ყველა, “ნაცმოძრაობისმხარდამჭერების გარდა, სააკაშვილის პროპაგანდისტულ რუპორად აღიქვამს. შესაბამისად, მის გადაცემას ქიბარ ხალვაშისთვის და, სავარაუდოდ, “ბიძინიზაციასარ აპროტესტებს, თუმცარუსთავი 2”-ის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სხვა რამ _ მიუხედავად იმისა, რა ფუნქციას ასრულებს ეს არხი, მისი მოქცევა ხელისუფლების გავლენის ქვეშ სრულად შეცვლის საინფორმაციოფსიქოლოგიურ ფონს ქვეყანაში; “ქართული ოცნებაკიდევ უფრო გათამამდება.

გამორიცხული არაა, რომ ახლო მომავალში კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მოქმედებებზე მხოლოდ დაბალრეიტინგულ ტელევიზიებში, ცალკეული ბლოგერების მიმართვებსა და ბეჭდურ მედიაში გამოიხატება. მოსახლეობას დარჩება შესაძლებლობა, გაეცნოს მათ მასალებს და გული იჯეროს ხელისუფლების ლანძღვით სოციალურ ქსელებში, მაგრამ ამას გაცილებით მოკრძალებული პოლიტიკური რეზონანსი ექნება. წამყვანი ტელეკომპანიების მოქცევა ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ (განსაკუთრებით ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი) ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემის მდგრადობას ტაქტიკურ პერსპექტივაში (თუმცა არა სტრატეგიულში) მკვეთრად გაზრდის.

ტრადიციულად, სოციალური თემატიკით ყველაზე ხშირად მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციები ოპერირებენ, თუმცა საქართველოში ეს ორი ძირითადი მიზეზის გამო არ ხდება. სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდამ თავის დროზე თითქმის გაათანაბრა მემარცხენეობა კრემლის აგენტობასთან და ამან მოქალაქეთა ნაწილს გარკვეული პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური პრობლემა შეუქმნა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი დაემხო, ეს პროპაგანდისტული მესიჯი განეიტრალებული არ არის. ლეიბორისტულმა პარტიამ, რომლის გაძლიერებას თავის დროზე ხელი ედუარდ შევარდნაძემ შეუწყო, რათა კომუნისტური რევანშის თეორიული საფრთხეც კი გამოერიცხა, კარგად დაიწყო, თუმცა შემდგომ, ლიდერების შეცდომების გამო, დაუძლურდა და დღეს, ალბათ, უფრო ცოცხალ ანაქრონიზმს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უკლებრივ ყველა რეჟიმი ცდილობდა, მაქსიმალურად დაესუსტებინა პროფკავშირები და მოულოდნელი საფრთხის გაჩენა ამ მიმართულებიდანაც გამოირიცხა. თეორიულად ბირთვის როლი სერიოზული მემარცხენე ძალის ჩამოყალიბებისთვის შეიძლება ზოგიერთმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა (“აუდიტორია 115” და სხვა) შეასრულოს, თუმცა სათანადო რესურსი ამისთვის მათ დღეს არ გააჩნიათ.

ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა ჯანსაღი მემარცხენე ძალის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ახალი სოციალისტური პარტიის ფორმირებაზე. ჯერ კიდევ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, 2012 წლის არჩევნებამდე, მან რამდენიმე შეხვედრა გამართა მემარცხენე ჯგუფების ლიდერებთან, თუმცა, სავარაუდოდ, მალევე დარწმუნდა, რომ ამ მხრიდან მოულოდნელი საფრთხე არ გაჩნდება. სოციალური სიტუაციის დამძიმებისა და უკმაყოფილების ზრდის პარალელურად, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ხელისუფლების მიერ ფორმალურად დამოუკიდებელი და რადიკალური, თუმცა რეალურად მარიონეტული მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, მაგრამ ამის ალბათობა შედარებით მცირეა. მას, სავარაუდოდ, არ სურს, რომ სოციალური სამართლიანობის, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, დაქირავებულთა უფლებების თემები წინა პლანზე გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, ვინ გაახმიანებს მათ, რადგან დღევანდელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, მსხვილ ბანკირებსა და ბიზნესმენებს ეყრდნობა. მათი გადასახედიდან კი გაცილებით უსაფრთხოა, კვლავ დააკავონ მოსახლეობა დებატებით ორიენტაციაზე, საგარეო კურსსა და სხვა აბსტრაქტულ თემებზე, როგორც ეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა, რათა მისმა გატაცებამ სოციალური სამართლიანობის იდეებით ქვეყნის ძარცვასა და გატყავებაში ხელი არ შეუშალოს.

საფრთხე ხელისუფლებას თეორიულად შეიძლება კონსერვატორებმაც შეუქმნან, მითუმეტეს, რომ ისინი ამომრჩეველთა უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ჰყავთ ძლიერი პარტია, რომელიც თანმიმდევრულად დაიცავს მათ ინტერესებს. თუკი ასეთი პარტია შეიქმნებოდა, ის, დიდი ალბათობით, ხელისუფლებაში მოვიდოდა. აქ ჩვენ, ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რომ პირველად წინააღმდეგობა სააკაშვილის რეჟიმს სწორედ კონსერვატიულად განწყობილმა მოქალაქეებმა გაუწიეს, მაშინ, როდესაც ლიბერალები მას ტაშს უკრავდნენ. სწორედ მათ შექმნეს დიდი ოპოზიციური გაერთიანების ბირთვი, ხელისუფლებაში მოიყვანეს კოალიცია “ქართული ოცნება” და უკმაყოფილონი დარჩნენ, როდესაც დაინახეს, რომ მათი გამარჯვებით, უპირველესად, ლიბერალებმა (რესპუბლიკელებმა, არასამთავრობო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და სხვ.) ისარგებლეს. მათი გაღიზიანება იმდენად საგრძნობი იყო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, გაეთვალისწინებინა ის, როგორც ელექტორალური ფაქტორი, ლიბერალური ჯგუფებისგან გარკვეული დისტანცირება მოეხდინა და წინასაარჩევნოდ, ასე ვთქვათ, “წაეკონსერვატორა”. თუმცა კონსერვატიული საზოგადოებისთვის სასურველ, მეტწილად სიმბოლურ თითოეულ დათმობაზე (მაგალითად, კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განსაზღვრაზე) მოდიოდა ათიოდე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც უცხოელი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილ ლიბერალებს აძლევდათ ხელს; კონსერვატორების ნაწილმა უკვე გაშიფრა ეს თამაში.

დღეს მსოფლიოში წინა პლანზე კონსერვატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული ძალები გამოდიან და ქართველ კონსერვატორებს ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, პოზიციები გაიუმჯობესონ. ამ შემთხვევაშიც არ უნდა გამოვრიცხოთ მარიონეტული პარტიის შექმნის სცენარი, თუმცა ხელისუფლების რეაქცია ახალ მოთხოვნებზე, სავარაუდოდ, გახდება “ქართული ოცნების” შემდგომი, მეტწილად გარეგნული “კონსერვატიზაცია”.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, კლასიკური დაყოფის ფარგლებში, კონსერვატორები და სოციალისტები ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკებს მიეკუთვნებიან, მათი იდეების გარკვეული სინთეზი მაინც შესაძლებელია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც არა მხოლოდ რიგითი ამომრჩევლები, არამედ ექსპერტების ნაწილიც კი ვერ ერკვევა იდეოლოგიურ ნიუანსებში და გარკვეული იდეების შეუთავსებლობას ვერ აცნობიერებს. მარტივად რომ ვთქვათ, ის, ვინც მოახერხებს სოციალური სამართლიანობის აღდგენის იდეის შერწყმას საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებთან და თანაც ასპარეზზე ახალ სახეებს გამოიყვანს, მომავალ არჩევნებს მოიგებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთი ძალის და, ზოგადად, ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა ბლოკირებულია _ იმ მოღვაწეებიდან, რომელთაც თეორიულად შეუძლიათ მსგავსი პროექტის რეალიზება, ზოგი ნაყიდია, ზოგი _ დაშინებული, ზოგს კი სათანადო რესურსი არ აქვს. ეს კი, დიდი ალბათობით, იქამდე მიგვიყვანს, რომ მომავალი არჩევნები (როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი) უდიდეს იმედგაცრუებას მოიტანს. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვერ იპოვის პარტიას, რომელსაც შეიძლება ხმა მისცეს დაჩუმ ბოიკოტსმიმართავს, რომელიც განსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლის.

ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ შექმნილი მდგომარეობა გამოუვალია და ის მართალაც დარჩება ასეთად, თუ საზოგადოების თითოეული წევრი არ ისწავლის ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას. ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიას “ზემოდან” არავინ შექმნის და, ეს რომც მოხდეს პოლიტიკური ელიტის დღევანდელი მდგომარეობის გათვლისწინებით, ის, უბრალოდ, ვერ იქნება ჯანსაღი. ასეთი პარტია (პარტიები) შეიძლება მხოლოდ “ქვემოდან” შეიქმნას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართველებს თვითორგანიზებასთან ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. თუმცა, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა შანსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ხოლო ცდა ბედის მონახევრეა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here