Home რუბრიკები ისტორია რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

რატომ იყო სტალინი ხალხის ბელადი

1096

წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის დასკვნით ნაწილში ვწერდი, რომ რიკოვმა გასცა ბუხარინი, რითაც, ფაქტობრივად, გასცა მემარჯვენეტროცკისტული ბლოკის ლიდერები _ საგამომძიებლო ორგანოებს საშუალება მიეცათ, საქმე აღეძრათ ამ ბლოკის ყველა ლიდერზე. უზარმაზარ კოცონს, რომელიც მემარჯვენეტროცკისტული მოძრაობისა და მათი ლიდერების გასანადგურებლად დაინთო, ტროცკის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა ეფიმ დრეიცერმა ნავთი დაასხა და უფრო ააგიზგიზა.

დრეიცერმა სასამრთლოს განუცხადა:

“თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ბიოგრაფია და წონა არათანაბარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავხდით მკვლელები, ყველანი გავთანაბრდით. ყოველ შემთხვევაში, მე აქ მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვინც არ ელის შენდობას და არც აქვს უფლება მისი მოთხოვნის”.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფრიც დავიდმა თავის საბოლოო სიტყვაში თქვა:

მე ვწყევლი ტროცკის! მე ვწყევლი იმ ადამიანს, რომელმაც დაღუპა ჩემი ცხოვრება და მიბიძგა მძიმე დანაშაულისკენ”.

სასამართლომ ბრალდებულთა უმრავლესობას შეუფარდა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.

დასრულდა სასამართლო პროცესი, მაგრამ ახალი გარემოებების წარმოჩენის გამო ერთ კვირაში დააპატიმრეს პიატაკოვი, რადეკი და სოკოლნიკოვი. დაპატიმრების მოლოდინში იყვნენ ბუხარინი, რიკოვი და ტომსკი. სტალინს თავის საქაღალდეებში უტყუარი სამხილები ჰქონდა ტუხაჩევსკის მიმართაც.

სტალინი სამოქალაქო ომიდან იცნობდა ტუხაჩევსკის, იცოდა მისი მხედრული თვისებები და გამბედაობა. ამას გარდა, სტალინს ძალზე უჭირდა ომის წინ ისეთი სახელოვანი და გამოცდილი სარდლების ჩამოშორება, რომლებიც ძირითად ძალას წარმოადგენდნენ წითელ არმიაში, ამიტომ კიდევ ცდილობდა ტუხაჩევსკის დაცვას.

1935 წელს, როდესაც სტალინი ტუხაჩევსკისთვის მარშლის წოდების მინიჭებას აპირებდა, სამხედრო დაზვერვისა და პარტიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი და, მართ შორის, კლიმენტ ვოროშილოვი, ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ სტალინი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლიდა _ ყურით მოთრეული ჭორების გამო სარდლებს არ ვწირავო.

სტალინის მაგიდაზე თანდათან იმატა ტუხაჩევსკის მაკომპრომეტებელმა მასალებმა. დაშიფრული ტელეგრამები მოდიოდა ვარშავიდან, პარიზიდან, ლონდონიდან.

სამხედრო გადატრიალების მზადებაზე საუბრობსჩეკასყოფილი კურსანტი, გენერალი ორლოვი:

“1936 წლის დასაწყისში იაგოდამ, მისმა მოადგილე აგრანოვმა, სამთავრობო დაცვის უფროსმა, კომისარმა პაუკერმა, მისმა მოადგილე ვოლოვიჩმა და კაპიტანმა გინცელმა შექმნეს მებრძოლთა განსაკუთრებული ასეული. მასში შეგვიყვანეს მე და ჩემი კურსელები: სერედა და იურჩიკი. ესენი იყვენენ ორი მეტრი სიმაღლის, გოლიათური აღნაგობის, ძლიერი და მოქნილი ახალგაზრდა მებრძოლები. გვასწავლიდნენ სამბოს, ხიშტის გამოყენებას ხელჩართულ ბრძოლებში, დაბრკოლებების გადალახვის ილეთებს. კარგად გამოგვაწყვეს და შეგვაიარაღეს. ჩვეულებრივ, წვრთნას ძერჟინსკის მოედანზე გავდიოდით, იაგოდა თვალყურს თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან გვადევნებდა. საბოლოოდ, ჩვენი დათვალიერება “ჩეკას” ეზოში მოხდა. იაგოდა და მისი თანამზრახველები ფიქრობდნენ, რომ ყოველგვარ უმსგავსობაზე წავიდოდით მათი გეგმების განსახორციელებლად. გვამზადებდნენ კრემლის ხელში ჩასაგდებად სტალინის დაპატიმრების მიზნით, მაგრამ შეთქმულება ჩაფლავდა”.

სტალინს ზღვა ინფორმაცია დაუგროვდა ტუხაჩევსკის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე, მაგრამ მაინც ფიქრობდა ტუხაჩევსკის შენარჩუნებაზე. ის სინანულით მოძღვრავდა ვოროშილოვს:

“შეამოწმეთ კარგად ტუხაჩევსკი, იქნებ მოლაყბეა და არა მოღალატე”. მაგრამ არ გასულა ერთი კვირაც, რომ ეჟოვმა სტალინს მაგიდაზე დაუდო ტროცკის ინტერვიუ ნორვეგიის ერთ-ერთი გაზეთიდან:

“გერმანიასთან ომში საბჭოთა კავშირის დამარცხება გარდაუვალია. წითელ არმიაში ყველა როდია სტალინის ერთგული, იქ მე ბევრს ვახსოვარ”.

სამხედრო გადატრიალების ყველა გზა ტუხაჩევსკისთან მიდიოდა. როგორც კი მიხვდა, რა საფრთხე ემუქრებოდა, ტუხაჩევსკი სასწრაფოდ და

ზესაიდუმლოდ შეხვდა თავის ერთგულ მოკავშირე კრესტინსკის და მოუყვა იმ კრიტიკულ მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია მის და, საერთოდ, ტროცკისტების გარშემო. გამოთქვა აზრი, რომ არ დალოდებოდნენ უცხოეთის თავდასხმას რუსეთზე და ადგილზე დაეწყოთ მასობრივი არეულობა, რომელიც გერმანიის დახმარებით უნდა დამთავრებულიყო.

ტუხაჩევსკიმ დაიწყო გაბედული მოქმედებები. ინტენსიურად ხვდებოდა გამარნიკის, როზენგოლცს. შედგა მოქმედების კონკრეტული გეგმა _ კრემლის შტურმით აღება; პარტიის ლიდერების დაპატიმრება და სტალინისა და ვოროშილოვის ლიკვიდაცია; დროებითი მთავრობის შექმნა და ქვეყნის მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება.

ორი დღის შემდეგ ტუხაჩევსკი კვლავ შეხვდა კრესტინსკის და აუწყა, რომ დაიწყო მათი მომხრეების დაპატიმრება და ეს პროცესი შეუქცევადია, ამიტომ აუცილებელია აჯანყების დაუყონებლივ დაწყება. კრესტინსკი სასწრაფოდ დაუკავშირდა ტროცკის და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. ტროცკიმ ისიც უთხრა, რომ ტუხაჩევსკის რაც შეიძლება აქტიურად გამოეყენებინა წითელი არმიის ნაწილები.

ყოველივე იმას, რაც შეთქმულებს საიდუმლო ეგონათ, დაპატიმრებული ვიტოვტ პუტნა დაწვრილებით უყვებოდა გამოძიებას, ანუ შინაარსს იმ პროგრამისა, რომლის განხორციელებას ოპოზიცია ტუხაჩევსკის მეთაურობით გეგმავდა უახლოეს პერიოდში.

სტალინი, მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში იყო, არ ჩქარობდა ტუხაჩევსკის დაპატიმრებას, ის დაეთანხმა მხოლოდ კორკისა და ეიდმანის დაკავებას, ხოლო ტუხაჩევსკიზე, რომლის დაპატიმრებასაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ვოროშილოვი, გოლიკოვი, ეჟოვი, მოლოტოვი და სხვები, თავი შეიკავა, ოღონდ მოსკოვს მოაშორა. ტუხაჩევსკი გაათავისუფლა თავდაცვის სახალხო კომისრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან და გადაიყვანა ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად.

მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და დაზუსტებული ინფორმაციისა, სტალინმა მაინც ვერ გადაწყვიტა თავისი გაზრდილი და დავაჟკაცებული “წითელი ბონაპარტის” განადგურება. ის ათასი სასწორითა და საზომით ზომავდა და წონიდა იმ საფრთხესა და შემოგდებულ სატყუარას, რომელითაც ინგლისი და გერმანია ფიქრობდნენ სტალინის ჩამოშორებას.

ტროცკისა და რეიხთან ტუხაჩევსკის თანამშრომლობის ეჭვებზე დაყრდნობით კადრებს ვერავის დავაჩაგვრინებ”, _ უმეორებდა თავის თავს სტალინი და თავის საიდუმლო მიმოწერის სქელ საქაღალდეს ფურცლავდა. აქ კი პირადი დაზვერვის შეფის სასწრაფო შეტყობინებას წააწყდა ტუხაჩევსკის გამცემლურ საქმიანობაზე. სტალინი ვერ იჯერებდა. უფრო მართებული იქნებოდა, გვეთქვა, რომ სტალინს არ უნდოდა, დაეჯერებინა ის, რაც სინამდვილეში უნდა დაეჯერებინა, რადგან ომი კარს იყო მომდგარი.

აი ერთი სიახლეც: საუბრის ჩანაწერი პოლონელ გერმანელებთან ვარშავაში _ ტუხაჩევსკის მიერ გერმანიის სამხედრო ძალების ქებათა ქება და საბჭოეთის სამხედრო პოტენციალის ეჭვქვეშ დაყენება, მისი განქიქება. აი ჩანაწერი, სადაც ტუხაჩევსკი არწმუნებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიტულესკუს:

ბატონო მინისტრო, თქვენ ტყუილუბრალოდ უკავშირებთ თქვენს კარიერას და თქვენი სახელმწიფოს ბედს ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ახალ გერმანიაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჰიტლერი გადაარჩენს ყველა ჩვენგანს”.

სტალინი, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა, რომ ტუხაჩევსკი მოღალატეობრივ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. როდესაც პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებსა და წევრობის კანდიდატებს ბიულეტენები დაურიგდათ ფარული კენჭისყრისთვის, რათა თავიანთი დამოკიდებულება ფარულად გამოეხატათ ტუხაჩევსკის მიმართ, მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა _ ფარული კენჭისყრის ყველა მონაწილემ თავის ბიულეტენზე მიაწერა _ “დაიხვრიტოს”. ერთადერთი ბიულეტენი, რომელშიც თვალსაზრისი არ იყო გამოხატული, სტალინისა იყო.

მხოლოდ ეს ერთი ფაქტი, მხოლოდ ეს ერთი დოკუმენტიც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სტალინი ყოველთვის ცდილობდა, თავისი აზრი თანამებრძოლებისთვის თავს არ მოეხვია.

სტალინში მამაშვილურმა თუ კავკასიურმა ან თუნდაც ზოგადსაკაცობრიო კაცთმოყვარეობის მუხტმა იმძლავრა და მკერდით გადაეფარა მის მიერ დაფრთიანებულ მარშალს, მან გვერდზე გადადო ცენტრალური კომიტეტის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება და ტუხაჩევსკის საქმე კვლავ ძიებას დაუბრუნა.

მაგრამ რა გამოვიდა _ 22 მაისს ეჭვმიტანილად დაკავებული ტუხაჩევსკი 25 მაისს, ასე ვთქვათ, მსუბუქად დაკითხეს, ხოლო 26 მაისს “წითელმა ნაპოლეონმა” შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის _ ნიკოლაი ეჟოვის სახელზე დაწერა ახსნა-განმარტება:

დამაპატიმრეს რა ამა წლის 22 მაისს, ჩამოვედი მოსკოვში 24-ში. პირველად დამკითხეს 25 მაისს და დღეს, 26 მაისს, ვაცხადებ, რომ ვაღიარებ ანტისაბჭოთა, სამხედრო ტროცკისტული შეთქმულების არსებობას და რომ მე ვიდექი მის სათავეში. ვალდებულებას ვიღებ, ვაცნობო გამოძიებას ყველაფერი, რაც შეთქმულებას ეხება, არ დავმალო არც ერთი მონაწილის ვინაობა, არც ერთი ფაქტი და საბუთი.

შეთმულებას საფუძველი ჩაეყარა 1932 წელს ფელდიუკის, ალარუდოს, პრიმაკოვის, პუტნას და სხვათა მიერ, რომელზეც დამატებით ჩვენებას მივცემ”.

მ. ტუხაჩევსკი.

26. 5. 37 წ.”.

ტუხაჩევსკიმ ყველაფერი აღიარა, ყველაფერში დამარწმუნებელი ფაქტები დაასახელა. ისიც თქვა, რომ გამოძიებასთან პრეტენზია არ აქვს, რომ იყო მოღალატეობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, და დასძინა:

მე ხომ სტალინის წინააღმდეგ არ გამოვდიოდი, ჩემი გეგმების საბოლოო მიზანი ხომ ვოროშილოვის გადაყენება იყო, მოლოტოვისაც. მართალია, ოპოზიცია მოლოტოვის პოსტზე ჩემს კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! მე სტალინის გადაყენების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. სტალინის გადაყენებას ისინი ჩემ ზურგს უკან გეგმავდნენ. მე ტროცკის განვუცხადე, რომ სტალინის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას არ მივიღებდი, და ჩამოვცილდი. სხვა საკითხია ვოროშილოვი და მოლოტოვი”.

1937 წლის 11 ივნისს მოსკოვში გაიხსნა სსრ კავშირის უმაღლესი სასამართლოს განსაკუთრებული სამხედრო ტრიბუნალის დახურული სხდომა, რომლის წინაშე წარდგნენ: საბჭოთა კავშირის მარშალი მ. ტუხაჩევსკი, უკრაინის სამხედრო ოლქის ჯარების ყოფილი სარდალი ი. იაკირი, ბელორუსიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი მ. უბორევიჩი, ხარკოვის სამხედრო ოლქის ჯარების ყოფილი სარდალი ვ. პრიმაკოვი, ყოფილი სამხედრო ატაშე ბრიტანეთში, იაპონიასა და გერმანიაში ვ. პუტნა და სხვები.

სასამართლო სხდომაზე ყველა ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო. მათ განაცხადეს, რომ იყვნენ სამხედრო შეთქმულების აქტიური წევრები, მოქმედებდნენ ტროცკის მითითებებით, კავშირი ჰქონდათ ფაშისტურ რაიხთან; დაასახელეს 80-მდე თანამონაწილე. 1937 წლის 12 ივნისს, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, შეთქმულების ყველა მონაწილეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა.

სამმა პროცესმა ბევრ სხვა დანაშაულსაც მოჰფინა ნათელი. ბუხარინი და რიკოვი ამხილა არა მხოლოდ რადეკმა, მათ მავნებლურ მოქმედებებზე სასამართლო სხდომას ვრცელი განმარტებები მისცეს პიატაკოვმა, სოკოლნიკოვმა და სხვა ბრალდებულებმაც.

იაგოდას დაპატიმრებამ და მისმა აღიარებამ უფრო დაამძიმა ბუხარინისა და რიკოვის მდგომარეობა.

1937 წლის თებერვალში პარტიის პლენუმზე ბუხარინი და რიკოვი ცეკას შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გარიცხეს პარტიის რიგებიდან. საქმის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, პლენუმმა შექმნა ბუხარინისა და რიკოვის საქმის შემსწავლელი კომისია, რომელშიც მონაწილეობდა ცენტრალური კომიტეტის 36 წევრი. კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა ბუხარინთან და რიკოვთან ყველაზე დაახლოებული პირი ანასტას მიქოიანი.

კომისიის წევრებმა მუშაობის დასრულებისთანავე ერთხმად დაასკვნეს, რომ ბუხარინი და რიკოვი დაუყონებლივ უნდა დაეპატიმრებინათ, რადგან მათი იზოლაციის გარეშე დატოვება შეიძლებოდა ძალზე მძიმე შედეგების მომტანი ყოფილიყო. უახლოესი ადამიანებისა და თანამებრძოლების პრინციპული მოთხოვნის მიუხედავად, სტალინი მათ დაპატიმრებას არ დაეთანხმა და ბუხარინისა და რიკოვის საქმე გამოძიებას გადასცა. გამოძიება ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამოძიების მასალებმა დაადასტურა ცენტრალური კომიტეტის მიერ შექმნილი კომისიის წარდგენილი ბრალდებები, რის გამოც ბუხარინი და რიკოვი დააპატიმრეს.

1938 წლის 2 მარტს დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელსაც (ისევე, როგორც წინა პროცესს) ულრიხი და ვიშინსკი უძღვებოდნენ. სასამართლო პროცესს, რომელიც ათ დღეს გაგრძელდა, ყოველდღიურად სამასამდე უცხოელი ჟურნალისტი და დიპლომატი ესწრებოდა. სასამართლომ ცენტრალური კომიტეტის კომისიისგან საგამომძიებლო ორგანოების მიერ მოძიებული მასალები გააერთიანა და ბრალდებულთა მიმართ ჩამოაყალიბა შემდეგი ბრალდება:

1. სამშობლოს ღალატი, ტერორი, მავნებლობა;

2. ლენინის მიმართ 1918 წელს აგვისტოში განხორციელებული ტერორისტული აქტი;

3. საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწეების მკვლელობა და სახელმწიფოს მეთაურთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მზადება, ფიზიკური განადგურების მიზნით.

კრესტინსკის, რაკოვსკისა და სხვათა ჩვენებების საფუძველზე, ფაქტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ტროცკის გერმანიის დაზვერვასთან კავშირი ჰქონდა 1921 წლიდან, ხოლო მოსკოვში ინგლისის დიპმისიის მეთაურის _ ლოკჰარტის ცნობით, ტროცკი ინგლისელებთან აქტიურად თანამშრომლობდა 1917 წლიდან. ბრალდებულმა როზენგოლცმა სასამართლოს განუმარტა, რომ მან ტუხაჩევსკისა და რაკოვსკისთან კავშირი დაამყარა კრესტინსკის მეშვეობით, მათგანვე მიიღო ტროცკის მიერ დამტკიცებული ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების გეგმა. ბრალდებულმა ჩერნოვმა კი სასამართლოს განუცხადა, რომ რიკოვს პირველად 1934 წელს მის აგარაკზე შეხვდა და მისგანვე მიიღო დავალება, გაეძლიერებინა მავნებლური მოქმედებები სოფლის მეურნეობის ხაზით.

ბუხარინმა აღიარა, რომ 1932 წელს შეხვდა პიატაკოვს და ერთად გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ ტერორისტული აქტების მოსამზადებელი სამუშაოები საბჭოთა სახელმწიფო მეთაურების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ჩატარების თაობაზე.

ბრალდებულმა ივანოვმა კი განაცხადა:

“პარტიისა და მთავრობის ბელადების განადგურება იმიტომ არის საჭირო და აუცილებელი, რომ ეს უზრუნველყოფს მოახლოებულ ომში ქვეყნის დამარცხებას. ამავე საკითხზე რიკოვმა აღნიშნა, რომ უკვე დაიწყეს ტერორისტული აქტების ორგანიზება პოლიტბიუროს წევრებისა და, პირველ რიგში, სტალინის, მოლოტოვის, კაგანოვიჩისა და ვოროშილოვის მიმართ.

იაგოდამ დაკითხვისას აღიარა:

“იმის შესახებ, რომ შეთქმულები კიროვის მკვლელობას ამზადებდნენ, შევიტყვე ენუქიძისგან, რომელმაც გამაფრთხილა, ხელი არ შემეშალა ამ აქტისთვის, რაზეც თანხმობა განვუცხადე. ამ მიზნით ლენინგრადიდან გამოვიძახე ზაპოროჟეცი და მას სათანადო მითითებაც მივეცი”.

იაგოდამ ისიც აღიარა, რომ “შეთქმულთა ტროცკისტული ცენტრი” დიდხანს ცდილობდა მაქსიმ გორკის დამუშავებას, რათა მას სტალინთან მეგობრობა შეეწყვიტა: “ამ მიზნით გორკის მიუჩინეს კამენევი, ტომსკი და სხვები, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა, გორკი კვლავ დარჩა სტალინის ერთგული და მისი პოლიტიკური ხაზის მხურვალე მხარდამჭერი. გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სტალინური ხელმძღვანელობის დამხობას, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა გორკის ადეკვატურ რეაქციას, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის შიგნით და უდიდესი ავტორიტეტი _ საზღვარგარეთ.

გორკი პროტესტის ნიშნად უეჭველად აიმაღლებდა თავის ავტორიტეტულ ხმას. როცა შეთქმულთა ცენტრი დარწმუნდა, რომ სტალინისგან გორკის ჩამოშორება შეუძლებელი იყო, იძულებული შეიქნა, გამოეტანა გადაწყვერტილება გორკის ლიკვიდაციის შესახებ”.

ამასვე ადასტურებს რიკოვი:

“ჩემთვის ცნობილია, რომ ტროცკი საკონტაქტო ცენტრში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ქმნიდა გორკიზე უარყოფითი განწყობილების ატმოსფეროს. ყოველივე ეს, ბუნებრივია, გამოწვეული იყო იმით, რომ ტროცკიმ კარგად იცოდა, რომ გორკი მას არამზადად და ავანტიურისტად მიიჩნევდა.

მეორე მხრივ, საყოველთაოდ იყო ცნობილი გორკისა და სტალინის ახლო ურთიერთობა და ისიც, რომ ის არის სტალინის პოლიტიკური კურსის მომხრე, ყოველივე ამის გამო ჩვენი ორგანიზაცია მტრულად იყო განწყობილი გორკის მიმართ”.

ბრალდებულმა ბესონოვმა განაცხადა:

“1934 წლის ივლისში შევხვდი ტროცკის, მან მითხრა: “გადაეცით პიატკოვს, ყველაზე კატეგორიული ფორმით მოვითხოივ, გორკი ფიზიკურად განადგურდეს, რადაც უნდა დაჯდეს”.

“ამ დავალების შესრულება მე დამევალა, _ განაცხადა იაგოდამ. _ უშუალო შემსრულებლები იყვნენ ექიმები ლევინი და გორკის ყოფილი მკურნალი პროფესორი პლეტნევი, აგრეთვე, გორკის მდივანი კრიუკოვი და იაგოდას მდივანი ბულანოვი. მათვე მოკლეს კუიბიშევი, მისივე მდივნის _ მაქსიმოვის ხელშეწყობით”. იაგოდამ ასევე განაცხადა, რომ მისი დავალებით მოკლეს მენჟინსკი და მაქსიმ გორკის შვილი _ მაქსიმ პეშკოვი.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here