Home რუბრიკები პოლიტიკა გივი ქუტიძე: ვთხოვ აშშ-ში ჩვენს ემიგრანტებს, ნუ აყვებიან პანიკას

გივი ქუტიძე: ვთხოვ აშშ-ში ჩვენს ემიგრანტებს, ნუ აყვებიან პანიკას

1205

აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც მან ეს წინასაარჩევნო კამპანიაში დააანონსა და შემდეგ საინაუგურაციო სიტყვაშიც აღნიშნა, მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებს არალეგალების და ემიგრანტთა წინააღმდეგ. მან მოქმედება უკვე დაიწყო. ბუნებრივია, ეს პროცესი აშშ-ში არალეგალურად მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებშიც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. რა ელით არალეგალურად მცხოვრებ ემიგრანტებს, რა რჩევებს მისცემდა მათ და როგორ შეიძლება მოგვარდეს საკითხი, ამ თემასთან დაკავშირებით  ამერიკაში მცხოვრებმა საემიგრაციო ადვოკატმა გივი ქუტიძემ  „ფოსტალიონთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპის ტონი, რომელიც ინაუგურაციამდე შედარებით შერბილებული იყო, დღეს  საკმაოდ მკაცრი გახდა. კედლის მშენებლობა, მიგრანტთა თავშესაფრად ცნობილი ქალაქებისთვის დაფინანსების შეწყვეტა და სხვა საკითხები   ჯერ კონგრესმა უნდა მოიწონოს და შესაბამისად ძალაშიც არ არის შესული, მაგრამ თუ ეს მოხდა, რა საშიშროება ელით არალეგალ მიგრანტებს? ამ შემთხვევაში საქართველოდან ჩამოსულები მყავს მხედველობაში.

– ტრამპი ამჟამად მოქმედებს იმ დაპირებების კვალდაკვალ, რაც მან ამომრჩევლებს მისცა. მან კარგად იცის, ახლა მაინც, რომ კედელი არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგანაც ამერიკა-მექსიკის საზღვარი საკმაოდ დაცულია. ჯორჯ ბუშის და ობამას ადმინისტრაციის დროს ბევრი რამე გაკეთდა საზღვრის დასაცავად. აშენდა ასულობით მილის სიგრძის ღობეები, მნიშვნელოვნად გაიზარდა მესაზღვრეების რიცხვი და ისინი აღიჭურვა თანამედროვე ტექონოგიური ხელსაწყოებით. ამას გარდა ბოლო დეკადის განმავლობაში მექსიკიდან არალეგალურად გადაკვეთის ფაქტები 75% პროცენტით შემცირდა, რადგან იქ ეკონომიკური ვითარება შეიცვალა  და 90-იანი წლებისგან განხვავებით, მსურველთა რაოდენობამ მექსიკიდან ამერიკაში ბედის საძიებლად წასვილსა, საგრძნობლად დაიკლო. ამის გათვალისწინებით ასეთი ძვირად ღირებული კონსტრუქციის აშენება, მითუმეტეს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, ფინანსურად გაუმართლებელია და ქვეყანაში არსებულ ემიგრაციასთან დაკავშირებულ კრიზისს ვერანაირად ვერ მოაგვარებს. როგორც  უკვე ავღნიშნე, ეს ამომრჩეველთა გულის მოსაგებად კეთდება, თუმცა დაპირება სრულად მაინც ვერ შესრულდება, რადგანაც მექსიკამ კატეგორიული უარი თქვა ამ კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე, რაც მშენებლობის პირობის მთავარი ნაწილი იყო. ახლად მიღებული განკარგულებების დანარჩენი დებულებებიც წინასაარჩევნო პერიოდში მიცემული დაპირებების ნაწილია. როგორც იცით, ის დაპირდა თავის ამომრჩევლებს, რომ ყველა არალეგალურად მყოფ პირს გააძევებდა ქვეყნიდან.

დევნის და დეპორტაციის ობიექტები ის მიგრანტებიც შეიძლება გახდნენ, ვინც ადგილობრივ კანონებს არ არღვევენ, არ ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს?

– თუ კარგად წავიკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დებულებები პრიორიტეტს ანიჭებენ იმ პირთა დეპორტაციას, რომლებსაც დანაშაული აქვთ წარსულში ჩადენილი, მიღებული დებულებები იმდენად ადვილად ინტერპრეტირებადია, რომ ფაქტიურად ამერიკის მოქალაქეების გარდა ყველას დეპორტაცია უნდა მოხდეს. მათ შორის მათი, ვინც ლეგალურად იმყოფება ამ ქვეყანაში. ეს განკარგულებები ასევე იმ ქალაქების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც დაუმორჩილებლობას უცხადებენ ფედერალურ მთავრობას. ეს ქალაქები როგორც იცით თავშესაფარ ქალაქებად არიან ცნობილი. ახალი განკარგულებები ასევე დამატებით 10 000 საემიგრაციო ოფიცრის დაქირავებას გულისხმობს, თუ სახსრები გამოიყო ამისათვის.

რამდენად განხორციელებადია ეს ყველაფერი?

– როგორც უკვე ადრე ავღნიშნე, იმისათვის, რომ ამგვარი მოცულობის დეპორტაცია მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი პოლიციის და მთავრობის დახმარებაა საჭირო. უმეტესობა დიდი ქალაქებისა მაგ. ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სან- ფრანცისკო და მთლიანად კალიფორნიის შტატი მზად არიან, რომ ფედერალური დაფინანსება არ მიიღონ და არ გადასცენ ემიგრანტები ფედერალურ საემიგრაციო სამსახურებს. გარდა ამისა, ეს დაფინანსება ძირითადად ხმარდება ისეთ სასიცოცხლო პროექტებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველთა დახმარება და ტერორიზმთან ბრძოლა. ამ პროექტებისთვის დახმარების შეწყვეტა რთული წარმოსადგენია. ასევე, ადგილობრივი მთავრობების მიმართ ამგვარი ნაბიჯებით ტრამპი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და ფედერალიზმის პრინციპს, რომელიც შტატების ფედრალური ხელისუფლებისგან გარკვეულ ავტონიმიას და მისგან ჩაურევლობას გულისმობს. არსებობს ასევე უზენაესი სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება , რომელიც ასეთი მუქარის განხორციელებას კრძალავს. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ქალაქების ადგილობრივი მთავრობები უარს ამბობენ საემიგრაციო სამსახურებთან თანამშრომლობაზე და  ამ დებულებების აღსრულებით აღმასრულებელი მთავრობა დაარღვევს ქვეყნის კონსტიტუციას,  განკარგულებების უმეტესი ნაწილი ძალიან ძნელად განსახორციელებელი იქნება. სავარაუდოთ ეს თემა საბოლოოდ სასამართლოში გადაინაცვლებს და იმედი მაქვს, რომ იქ კრახით დამთავრება.

ამ ეტაპზე რას ურჩევდით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც აშშ-ში ჯერჯერობით  არალეგალურად იმყოფებიან ?

– ამ ეტაპზე მინდა ვთხოვო ჩვენს ემიგრანტებს, რომ ნუ აყვებიან პანიკას და სხვასაც ნუ შეაშინებენ. ყველა რთული ვითარებიდან არსებობს გამოსავალი, მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის კონსტიტუცია და ადგილობრივი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მათ მხარეზეა. თუ შესაძლებელია იცხოვრონ იმ ქალაქებში ან მათ ახლობლად, რომლებიც ხსენებულ დაუმორჩილებელ ქალაქებს მიეკუთვნებიან ( აქ შეგიძლიათ ნახოთ ამ ქალაქების რუკა www.nytimes.com) და რაც მთავარია ნუ დაარღვევენ კანონს.

 

 

 

 

გივი ქუტიძე საემიგრაციო ადვოკატი აშშ-ში

ნიუ იორკის ოფისის ტელ: 917-426-8227

მიჩიგანის ოფისის ტელ: 248-979-5390

ელ. ფოსტა: kutidze@us-counsel.com

ვებ-გვერდი: www.us-counsel.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here