Home რუბრიკები საზოგადოება ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

781

ვის ინტერესებში შედიოდა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა?

ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველებს მოეხსენებათ, რომ ჩემი პუბლიკაციების ძირითადი თემა საქართველოთურქეთის დაპირისპირების ისტორიულ ჭრილში განხილვაა, მაგრამ ანკარაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მაიძულა, მცირე გადახვევა გამეკეთებინა და აქცენტი რუსეთის ელჩის მკვლელობაზე გადამეტანა.

2016 წლის 19 დეკემბერს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, საზეიმოდ გაიხსნა ფოტოგამოფენა _ “რუსეთი მოგზაურის თვალით: კალინინგრადიდან კამჩატკამდე”. ამ ღონისძიებას დაესწრო რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში _ ანდრია კარლოვი. იმ მომენტში, როდესაც რუსეთის ელჩი სიტყვით მიმართავდა გამოფენაზე შეკრებილთ, მას ზურგიდან მიუახლოვდა ტერორისტი, დაიყვირა: “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით, ალაჰ აქბარ!” და რამდენიმე ტყვია დაახალა. დიპლომატი ადგილზე დაიღუპა.

ტერორისტი ანკარის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოფიცერი, 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაში აღმოჩნდა. ის პოლიციელებმა მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის მკვლელობას გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაციისა და სირიის სამშვიდო პროცესის ჩაშლისკენ არის მიმართული.

ოფიციალური ვერსიით, ტერორისტი “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი გახლდათ და მან შური იძია რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ სტრატეგიული ქალაქის _ ალეპოს აღებისთვის. ერთი შეხედვით, ეს ვერსია სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რადგან აქ, “ისლამური სახელმწიფოს” გარდა, იკვეთება სხვა ქვეყნების ინტერესებიც…

მაინც ვის ინტერესებში შედიოდა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა?

1. საუდის არაბეთისა და მისი სატელიტი ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს”. გარდა რელიგიური დაპირისპირებისა, საუდის არაბეთის შეიხების კომერციული ინტერესები ეჯახება ირანის კომერციულ ინტერესებს. რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკურ ბანაკში ირანის გამოჩენამ საუდელი პრინცების აღშფოთება გამოიწვია. ბუნებრივია, ისინი ამ “ტრიუმვირატის” შექმნას გულზე ხელდაკრეფილი ვერ შეხვდებოდნენ;

2. ამერიკის შეერთებული შტატების. რუსეთისა და თურქეთის დაახლოება პირდაპირ ურტყამს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს. გარდა ამისა, სირიის კონფლიქტში რუსეთის აქტიურად ჩართვით ვაშინგტონი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მართალია, აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რევერანსები გააკეთა რუსეთის მისამართით და პუტინს მეგობრობის ხელიც გაუწოდა, მაგრამ ინაუგურაციამდე თეთრი სახლის პოლიტიკას ისევ დემოკრატები და პრეზიდენტი ობამა განსაზღვრავენ და არ არის გამორიცხული, ეს მათი “კარის გაჯახუნება” ყოფილიყო.

ამ ვერსიას ამყარებს შობა-ახალი წლის დღეებში ობამას ადმინისატრაციის მიერ რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაყრა. ეს აქტი უკვე შეფასდა არჩევნებში დამარცხებული დემოკრატების შურისძიებად, ვინაიდან ყველასათვის ცხადია, რომ კრემლს პრეზიდენტად ტრამპი სურდა. ამერიკა ხომ “ცივილიზებური” ქვეყანაა, ამიტომაც რუს დიპლომატებს “ცივილიზებულად” დააბრალა ჯაშუშობა და 200-მდე “ჯაშუში” ქვეყნიდან ცივილიზებურად გააძევა (შეიძლება “გამოავლინო” ერთი, ორი ან ათი “ჯაშუში დიპლომატი”, მაგრამ, როცა მათი რაოდენობა ასამდე ადის, ეს უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა);

3. ისრაელს. რეგიონში ირანის, რუსეთისა და თურქეთის “ტრიადის” გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი ისრაელის საზიანოდ. ისრაელს განსაკუთრებით აღელვებს საერთაშორისო იზოლაციისაგან თავდახსნილი ირანის გააქტიურება. სავარაუდოდ, ელჩის მკვლელობას უნდა გამოეწვია რუსულ-თურქული ურთიერთობების გაუარესება, რაც ისრაელის ოცნებაა;

4. თურქეთს. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის პოლიტიკური სპექტრი ჭრელია (ერდოღანის მრავალრიცხოვანი ოპოზიცია, პანთურქი ფანატიკოსები, ქურთები), არ არის გამორიცხული, ამ მკვლელობაში თურქეთის რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელი ერიოს.

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, ვინაიდან კარლოვის მუხანათურ მკვლელობაში ბევრი სახელმწიფოს ინტერესები დაემთხვა (ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესებშიც არ შედიოდა რუსი დიპლომატის მკვლელობა, რუსეთია) და ამ ტერაქტში მხოლოდ “ისლამური სახელმწიფოს” დადანაშაულება საკითხის გაუბრალოება იქნება. ტერორისტულმა აქტმა ბზარი გააჩინა რუსეთთურქეთის ისედაც მყიფე ურთიერთობაში. მართალია, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები საწინააღმდეგოს აცხადებენ, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთთურქეთი ურთიერთობა ვეღარ იქნება ისეთი თბილი, როგორიც ტერაქტამდე იყო. რატომ? იმიტომ, რომ პუტინი არ მიეკუთვნება იმ პოლიტიკოსებს, რომლების მოტყუება დაგაცურებაცარის შესაძლებელი (ესდორბლიანმამიშამაც სცადა და ედუარდაუფეთქებელმაც”, მაგრამ ამით მსოფლიომ ნახა, საქართველომრა მწყერიც დაიჭირა”). მითუმეტეს, ერდოღანის მთავრობასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ამ ტერაქტში და იოლად ვერ დაიძვრენს თავს, ვინაიდან, რომელ ქვეყანასაც უნდა განეხორციელებინა ეს აქტი, რომ არა თურქეთის სპეცსამსახურების დახმარება, ტერორისტი ელჩთან მიახლოებასაც კი ვერ შეძლებდა. ამიტომ, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ტერაქტის ყველა დეტალი საბოლოოდ დაზუსტდება, ახლო აღმოსავლეთში ძალების გადაჯგუფება მოხდება.

სხვათა შორის, 62 წლის რუსი დიპლომატი არც პირველია და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი, რომელიც მუხანათურად მოკლეს. როგორც ისტორიული გამოცდილება გვარწმუნებს, ასეთი თავხედობა უმეტეს შემთხვევაში ძალიან ძვირად დაუჯდა მის გამკეთებელს.

მოვიყვან რამდენიმე ისტორიულ ფაქტს:

* 1218 წელს მონღოლთა დიდმა ყაენმა ჩინგისმა მეგობრული კავშირის დამყარების მიზნით ხორეზმში ელჩები გაგზავნა. მონღოლთა დესპანმა შაჰს მეგობრობა და ვაჭრობა შესთავაზა, მაგრამ ალ ად-დინ მუჰამედ მეორემ უარყო ეს წინადადება. როგორც ჩანს, სწორად ვერ შეაფასა მონღოლების ძალა და არც საიმედო პარტნიორებად მიიჩნევდა მათ. უფრო მეტიც, ხორეზმის შაჰმა ოტრარის მმართველის _ კაირ ხანის რჩევით, წარგზავნილთაგან ერთ-ერთ ელჩს ჯაშუშობა დააბრალა და ჩამოახრჩო. მისი თანხმლებნი კი შეურაცხყო და წვერი შეკრიჭა.

გაცოფებულმა ჩინგიზ ყაენმა ისევ გაგზავნა ელჩობა და შაჰისგან კაირ ხანის გადაცემა მოითხოვა, მაგრამ შაჰმა პასუხად კვლავ ჩამოახრჩო მონღოლი ელჩი.

მონღოლი ელჩების _ უსუნისა და ბოგრას _ სიკვდილით დასჯის საპასუხოდ 1219 წლის გაზაფხულზე ჩინგიზ ყაენის 200-ათასიანი ლაშქარი ხორეზმისკენ დაიძრა. შაჰ მუჰამედის ჯარი ორჯერ აღემატებოდა მონღოლების ლაშქარს, მაგრამ შაჰმა მაინც ვერ გაბედა გენერალური ბრძოლის გამართვა. მას არც კი გამოუცხადებია მობილიზაცია, მთელი თავისი ლაშქარი უცვლელად დატოვა სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქსა და ციხესიმაგრეში მცირე ჯგუფებად გადანაწილებული. ჩინგიზმაც გაყო არმია: შვილებს _ ჩაღატასა და უგედეის _ ოტრარის, ჯუჩს ჯენდისა და ტაშკენტის, ხოლო დანარჩენ მეომრებს ხოჯენდის აღება დაავალა. ზოგიერთი ქალაქის აღებას თვეები დასჭირდა, ზოგი კი ძალიან სწრაფად გაანადგურეს. მონღოლები ყველას სასტიკად უსწორდებოდნენ. ქალაქებს წვავდნენ და აოხრებდნენ; მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ჟლეტდნენ, ფიზიკურად ვარგისი მამაკაცები კი “ჰაშარში” მიყავდათ (ციხესიმაგრეებზე შეტევისას მონღოლები მათ წინა რიგში აყენებდნენ და ე.წ. ცოცხალ ფარად იყენებდნენ).

თვით ჩინგისმა ქალაქი ბუხარა აიღო, შემდეგ კი იერიში ქვეყნის უძლიერეს ქალაქზე _ სამარყანდზე მიიტანა. ამ ქალაქში საომრად მზადება მონღოლთა გამოჩენამდე დაიწყეს, ამიტომ კარგად იყო გამაგრებული და ასიათასიანი გარნიზონი იცავდა, მაგრამ 1220 წლის 19 მარტს, სამდღიანი ალყის შემდეგ, ქალაქი მოულოდნელად დანებდა, რაც ხორეზმელი დიდებულების უნიათობის ბრალი იყო. მონღოლებმა ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, შენობები გადაწვეს და ბევრი ტყვე წაიყვანეს. ხორეზმის საყაენო რუკიდან გაქრობის წინაშე იდგა, მისი შაჰი მუჰამედი კი, რომელსაც შეეძლო შეეკრიბა დიდძალი არმია და ებრძოლა მტრის წინააღმდეგ, ნათესავებსა და ჰარამხანასთან ერთად ირანში გაიქცა. მას ჩინგისმა 30 000-იანი ლაშქარი დაადევნა, მაგრამ შაჰი მდევარს ხელიდან დაუსხლტდა, მაგრამ დიდხანს აღარ უცოცხლია და მდინარე მტკვრისა და კასპიის ზღვის შესართავთან იმხანად არსებულ კუნძულ აბესკუნზე (კუნძული ამჟამად წყლის ქვეშ არის მოქცეული) გარდაიცვალა.

სამარყანდის შემდეგ მონღოლებმა განაგრძეს ლაშქრობა და აიღეს ხორასნის ქალაქები, მათ შორის _ ნიშაბური, რომლის აღებასაც ჩინგიზის სიძე თოღაჩარი შეეწირა. საკმაოდ დიდხანს გაგძელდა ალყა სატახტო ქალაქ ურგენჩის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამპყრობლებმა ისიც ააოხრეს. გარკვეული წინააღმდეგობა მონღოლებს შეხვდათ მუჰამედის შვილის _ ჯალალ ად-დინისაგან, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ მოახერხა ჯარების მობილიზაცია და იყო პირველი, ვინც შეძლო მონღოლების დამარცხება თუნდაც ერთ ბრძოლაში. ღაზნთან მან მოუგო ბრძოლა მტრის მოწინავე ლაშქარს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ჩინგიზ ყაენი და ჯალალ ად-დინი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ამ ლაშქრობების შედეგი ასეთი იყო: განადგურდა ხორეზმის ყველა დიდი ქალაქი, მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, იმპერია შევიდა მონღოლთა შემადგენლობაში და 1220 წელს შეწყვიტა არსებობა.

* 1225 წელს მონღოლებმა გაგზავნეს ელჩი კორეაში და იქაურებს ზავი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც კორეის სამეფოს ხარკი უნდა ეკისრა, მაგრამ უარი მიიღეს და მონღოლთა ელჩი მოკლეს. 1231 წელს უგედეი ყაენმა კორეელებს უბრძოლველად დანებება შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწასთან გასწორებითა და მოსახლეობის გაჟლეტით დაემუქრა. მას იმედი ჰქონდა, რომ ამით ხალხს შეაშინებდა და ქვეყნის დაპყრობა გაუადვილდებოდა, მაგრამ ამაოდ დაშვრა _ კორეელებს არაფრის გაგონება არ სურდათ.

ომის პირველ ეტაპზე (1231_1232 წ.წ.) უგედეიმ დიდძალი არმიით საბრძოლველად გაუშვა გენერალი სარტაი. მათ გადაკვეთეს ყვითელი მდინარე, მიადგნენ კორეის საზღვრებს და აიღეს ქალაქი ანჯუ, ამას მოჰყვა დედაქალაქ კაესონგზე შეტევა და მისი სრული განადგურება. მალე მონღოლები კორეის ცენტრში აღმოჩნდნენ, სადაც მათი შეჩერება შეძლო მონების არმიამ ჯი კვანგ-სუს მეთაურობით. თუმცა, რადგან დედაქალაქი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების უმრავლესობა უკვე მონღოლთა ხელში იყო, კორეელებმა ჩათვალეს, რომ ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და ზავი დადეს მონღოლებთან.

ამის შემდეგ კორეის მეფემ დედაქალაქი გადაიტანა კანხვადოს კუნძულზე და მის გამაგრებას შეუდგა. მონღოლებმა ეს ზავის დარღვევად მიიჩნიეს, უმალ განაახლეს შეტევა და ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილამდე მიაღწიეს, მაგრამ უკან დახევა მოუწიათ, გენერალი სარტაი კი ბუდისტმა ბერმა მოკლა.

მონღოლებმა კიდევ ოთხი ლაშქრობა მოაწყვეს კორეაზე და საწადელს მაინც მიაღწიეს. 1258 წლის დეკემბერში ალყა შემოარტყეს ახალ დედაქალაქს _ კახვანდოს. მისმა დამცველებმა შიმშილს ვეღარ გაუძლეს და დანებდნენ. კახვანდოს დაცემით მონღოლებმა მთელი კორეა დაიპყრეს. მონღოლი ელჩის მკვლელობა კორეას დამოუკიდებლობის დაკარგვად დაუჯდა.

* 1740 წელს ხივის სახანოში, სპარსეთის ელჩი შეიხი ჯუიბარები მოკლეს. გაცოფებულმა ნადირ შაჰმა ხივა დალაშქრა და, რომ იტყვიან, მიწასთან გაასწორა. ოთხი დღე იძარცვებოდა ერთ დროს უმდიდრესი ქალაქი. სახანომ დამოუკიდებლობა დაკარგა და სპარსეთის იმპერიის ნაწილი გახდა.

* ზუსტად 187 წლის წინათ, 1829 წლის 30 იანვარს, თეირანში ფანატიკოსებმა რუსეთის საელჩო გადაბუგეს და ელჩი, ქართველების სიძე ალექსანდრე გრიბოედოვი 37 თანხმლებ კაზაკთან ერთად დაუნდობლად აკუწეს. ამ მკვლელობას წინ უძღოდა რუსეთისა და ირანის ორწლიანი ომი. ირანმა ინგლისის წაქეზებით 1826 წლის ივლისში ომის გამოუცხადებლად დაიწყო სამხედრო მოქმედება. მისი ჯარი მტკვრის ხეობაში შემოიჭრა, მაგრამ 1826 წლის 3 სექტემბერს რუსმა ჯარისკაცებმა ირანელები მდინარე შამქორთან დაამარცხეს და უკუაქციეს, ხოლო 13 სექტემბერს აბას-მირზას არმიამ ელიზავეტპოლთან (განჯა) საშინელი მარცხი იწვნია და ისიც უკუიქცა. ამის შემდეგ რუსეთის ჯარი შეტევაზე გადავიდა და 1827 წლის 26 ივნისს დაიკავა ნახიჭევანი, ხოლო 1 ოქტომბერს _ ერევანი (ერევანზე შეტევის წინ დაწერა გრიგოლ ორბელიანმა ცნობილი პოემა “სადღეგრძელო”) და მალე თავრიზშიც შევიდა.

ირანის შაჰი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა დამარცხება და მიეღო რუსეთის ნაკარნახევი საზავო პირობები. 1828 წლის 10 თებერვალს თურქმანჩაიში დაიდო ზავი, რომლის თანახმად ერევნისა და ნახიჭევანის სახანოები რუსეთის შემადგენლობაში მოექცა. რუსეთს შეუერთდა ჩრდილოეთი აზერბაიჯანი და აღმოსავლეთი სომხეთი (ირანმა რუსეთს იმხელა კონტრიბუცია გადაუხადა, რომ იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა თავს უფლება მისცა, გამარჯვების მთავარი შემოქმედი, რუსეთის არმიის სარდალი, გენერალი პასკევიჩი მილიონი მანეთით დაეჯილდოებინა). რაც მთავარია, 1826_1828 წლების რუსეთირანის ომის შედეგად ირანი სამუდამოდ გააძევეს ამიერკავკასიიდან.

ორწლიანმა ომმა, რომელიც ირანის კატასტროფით დასრულდა, და თურქმანჩაიში დადებულმა სამარცხვინო ზავმა, დიდი მღელვარება გამოიწვია ირანში. შაჰისა და მაღალი საულიერო წრეების აგენტებმა ეს მღელვარება რუსეთის საელჩოსკენ მიმართეს. ფანატისკოსთა ბრბოსაც დიდხანს არ უყოყმანია და იერიშით აიღო რუსეთის საელჩო. მათ ცოცხალი არავინ დატოვეს, გვამები კი ისე იყო დასახიჩრებული, რომ ელჩის ამოცნობა ადრე დუელში მიღებული ჭრილობით მოხერხდა. თბილისში გრიბოედოვის გადმოსვენება 1829 წლის 17 ივლისს მოხერხდა და რუსი დიპლომატი და მწერალი მთაწმინდაზე დაკრძალეს.

საელჩოს დარბევამ განარისხა ნიკოლოზ პირველი. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად რუსეთი ოსმალეთთან აწარმოებდა დიდ ომს, ირანზე გასალაშქრებლად კავაკასიაში დამატებით 7 პოლკის გაგზავნის ბრძანება გასცა. ამას არ ელოდა ირანის შაჰი ფათალი ხანი, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ოსმალეთთან ომში ჩაბმული ნიკოლოზი სპარსეთისთვის “ვერ მოიცლიდა” და თეირანში ჩადენილ ბარბაროსობას უპასუხოდ დატოვებდა, ამიტომ სპარსეთის შაჰმა, სასწრაფოდ აფრინა დიდძალი ფულითა და ძვირფასი ძღვენით დატვირთული ელჩები პეტერბურგში და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს პატიება სთხოვა. შერიგების ნიშნად უძვირფასესი, ინდოეთში ნაპოვნი 88-კარატიანი ალმასის ქვა გაუგზავნა (იმპერატორმა ნიკოლოზმა საჩუქარი მიიღო, რომელიც დღესაც რუსეთის ალმასის ფონდშია დაცული). მართალია, შაჰმა შეძლო განრისხებული ნიკოლოზის გულის მოლბობა, მაგრამ ირანს რუსეთის საელჩის დარბევა ფინანსური თვალსაზრისით ისე ძვირი დაუჯდა _ ხაზინა დაცარიელდა და ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

* 1923 წელს ლოზანაში მოკლეს საბჭოთა კავშირის ელჩი იტალიასა და შვეიცარიაში _ ვაცლავ ვოროვსკი. მკვლელობა თეთრგვარდიელთა იატაკქვეშა სამხედრო დაჯგუფების წევრმა მორის კონრადიმ განახორციელა. მართალია, ვოროვსკის მკვლელობის მიზეზად შვეიცარიასა და საბჭოთა რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების ჩაშლა დასახელდა, მაგრამ ეს მხოლოდ მედლის ერთი მხარე იყო. ამ მკვლელობის უკან ინგლისის სპეცსამსახურის კვალი იკვეთება. ვინაიდან დასავლეთს რუსეთის ზურგს უკან სურდა თურქეთის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა (ყველაზე მეტად ინგლისს არ უნდოდა რუსეთის დელეგაციის დაშვება ლოზანას კონფერენციაზე), ვოროვსკი კი თავისი აქტიურობით ხელს უშლიდა მათ ათათურქის მთავრობასთან სეკულარული გარიგებების დადებაში. შეუძლებელი ხდებოდა ლოზანის კონფერენციიდან რუსეთის დელეგაციის “მოტეხვა”, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რუსეთის ელჩის ლიკვიდაციის საკითხი, თანაც ეს ისე განხორციელდა, რომ ეს ტერაქტი თეთრგვარდიელთა “შურისძიებად” შეფასდა, ხოლო მისი დამკვეთები კულისებს მიღმა დარჩნენ. ამ მკვლელობამ ინგლისს ისეთი შედეგი მაინც ვერ მოუტანა, როგორსაც ელოდა. მართალია, ლოზანის კონფერენციაზე ათათურქის წარმომადგენელი ისეთი ძლიერი მოკავშირის გარეშე დარჩა, როგორიც რუსეთი იყო, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა მაინც ვერ შეძლეს თურქეთის საკითხზე საერთო კონსესუსის მიღწევა და ქვეყანა დაშლას გადაურჩა.

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here