Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1228

კადნიერი სიტყვებისთვის რუქნ ადდინის ელჩისთვის ზაქარია მხარგძელს ისე გაურტყამს სახეში (“უხეთქა ხელითა პირსა”), რომ მოციქული უგონოდ გაშხლართულა

თურქთა ვარამი

უკვე ვწერდით, რომ საქართველოთურქეთის მეგობრობა და სტრატეგიული მოკავშირეობა არის ბლეფი და თვალებში ნაცრის შეყრა, რადგან თურქული საამიროსასულთნოები არასოდეს ყოფილა საქართველოს მეგობარი. მართალია იყო მშვიდობიანი წლებიც, ზოგიერთი თურქული სახელმწიფო საქართველოს ყმადნაფიციც იყო (მაგალითად, შირვანი, ეზინკა, განძა), მაგრამ საკმარისი იყო, საქართველოსთვის ვინმეს ომი გამოეცხადებინა, რომ ჩვენი თურქიყმადნაფიცები” (ანუმეგობრები”) უმალ მტრის ბანაკში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.

პირფერობისა და მუხანათობის კლასიკური ნიმუშია იკონიის სასულთნო და მისი დიდი სულთანი, გაიძვერა რუქნ ად-დინი, რომელიც, როდესაც ერთგულებას გვიმტკიცებდა, საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა. მართალია, რუქნ ად-დინს საკადრისი პასუხი გასცეს, მაგრამ იმხანად საქართველო ძლიერების ზენიტზე იმყოფებოდა და ქვეყანამ გაუძლო თურქთა “სტრატეგიულ მოკავშირეობას”. ახლა კი “ჩვენს მეგობარ” ერდოღანს დაჩაჩანაკებული საქართველო ლუკმად არ ეყოფა.

ამიტომ, სანამ დროა, უნდა გამოვფხიზლდეთ და შორს დავიჭიროთ თავი თურქეთისგან, რადგან ისინი ყოველთვის მტრებად გვთვლიდნენ და გვექცეოდნენ, როგორც მტრებს. სულხან-საბას თუ დავუჯერებთ, “მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა”.

რუქნ ად-დინზე მოგვიანებით განვაგრძობთ საუბარს, ახლა კი უპრიანი იქნება, თუ ისევ შამქორის ბრძოლას დავუბრუნდებით. თამარ მეფისთვის დიდი გამარჯვების შეტყობინების პატივი მანდატურთუხუცეს ჭიაბერს ხვდა წილად, რომელიც ტაბახმელაში ეახლა მეფეს და ამცნო სასიხარულო ამბავი. ბრძოლის მეორე დღეს შამქორელებმა გააღეს ციხის კარი და მორჩილება გამოუცხადეს ქართველთ მეფეს. განძაც უბრძოლველად დამორჩილდა დავით სოსლანს. მას გამოეგებნენ დიდებულები, დიდვაჭარნი, ყადები და მოლები, დაეცნენ მიწაზე, ცრემლით შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი (როგორც მემატიანე წერს: “თაყვანი სცეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა”). მეფეს დაუფინეს სტავრა, დიდი პატივით გაუძღვნენ სულთნის სასახლეში და მის ტახტზე დასვეს. დავითს სულთნის შესაბამისი თაყვანისცემის ცერემონია გაუმართეს დოლებისა და ლიტავრების თანხლებით. დღის ბოლოს მაჰმადიანთა წესის საწინააღმდეგოდ ქართველები ღორის ხორცითა და ღვინით აქეიფეს.

 დედაქალაქში დაბრუნებისას თამარ მეფისა და მოქალაქეების საჩვენებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ტყვეები და ალაფი ქალაქგარეთ “გამოფინეს”. დიდუბის ველზე, ავჭალასა და გლდანის ხევამდე, დააყენეს ტყვე ამირები თავიანთი დროშებით. პირველ რიგში იყო ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა თამარს მიართვა (მეფემ ხალიფას კუთვნილი ალამი ხახულის მონასტერს უსახსოვრა), მერე _ ათაბაგის დროშა, მის უკან კი იდგნენ ტყვეები, დაახლოებით თორმეტი ათასი კაცი, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. აქვე იყო დაუნჯებული ნაალაფარი _ ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტიც. ამ “ჩვენებამ” უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც მტრებზე, ისე მოკავშირეებზე.

 განძაცა და შამქორიც მამაპაპისეულ სამფლობელოებთან ერთად ამირ-მირანს გადაეცა. თავის მხრივ, ამირ-მირანი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა. ეს იყო უდიდესი მიღწევა, რადგან საუკუნეთა გმავლობაში განძა ქართველებისთვის “ყელში გაჩხერილი ძვალი” იყო. მისი ამირები და ათაბაგები საქართველოს მეფეს მუდამ მტრობდნენ და თითქმის ყველა ანტიქართული კოალიციის ავანგარდში იდგნენ. გარდა ამისა, ამ ქალაქის დაკავებით ქართველებს ხელ-ფეხი გაეხსნათ უფრო მაშტაბური ლაშქრობების მოსაწყობად.

 შამქორში გამარჯვებამ და განძის აღებამ საქართველოს დიდი ავტორიტეტი მოუპოვა. აშკარა შეიქნა ქართველთა სამხედრო ძლიერების უპირატესობა მახლობელ აღმოსავლეთში. არათუ ცალკეულ სასულთნოებსა თუ საამიროებს, მისი დამარცხება თვით მაჰმადიანურ კოალიციურ ლაშქარსაც არ შეეძლო:

 თუმცა ადარბადაგანში გადახვეწილ აბუ-ბექრს ხელი არ აუღია ამირ- მირანის სამფლობელოზე. ომით ვერაფერს რომ ვერ გახდა, ძმა ღალატით მოკლა: აბუ-ბექრის მოსყიდულმა მსახურმა მოწამლა ამირ-მირანი, ის რამდენიმე დღეს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამირ-მირანის სიკვდილის შემდეგ განძაში ისევ აბუ-ბექრი გაბატონდა.

 ქართველებმა აბუ-ბექრის დასასჯელად მზადება დაიწყეს. სანამ დიდ ლაშქარს მოუყრიდნენ თავს, 1196 წელს ივანე მხარგრძელი, დაზვერვის მიზნით, მცირერიცხოვანი ჯარით გელაქუნისკენ გაემართა. გზად განძიდან დვინისკენ მიმავალ მტრის დიდ ჯარს გადააწყდა. თურქები ათჯერ მაინც აღემატებოდნენ ქართველებს. მათ სარდლობდნენ დვინისა და სომხეთის პატრონი ბალშანი და მისი მოკავშირე ალი შურიშამი. მტრის გამოჩენისთანავე მხარგრძელი იერიშზე გადავიდა და დაფანტა თურქები: “გამომხდომმან დაფანჩნა და დააპანტნა, ვითარცა წერონი ტუღრილმან და ვითა ჯოგი კანაჯრისა ლომმან, დახოცნა, ამოსწყვიდნა და რისხვა ღმრთისა მოავლინა თავსა მათს ზედა”. ამ გამრჯვების შემდეგ ივანე მხარგრძელს გელაქუნი და ამბერდი დანებდა.

თბილისში დაბრუნებულ ივანე მხარგრძელს საომრად გამზადებული დახვდა ძირითადი ლაშქარი, რომელსაც დავით სოსლანი ედგა სათავეში. ქართველთა ლაშქარს შეუერთდა შირვან-შაჰიც და და გაერთიანებული ჯარით განძისკენ აიღეს გეზი. განძის დაცვა აბუ-ბექრის შვილმა ითავა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ქართველებს. 25 დღე დაჰყვეს ქართველებმა განძასთან. ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მის აღებას, რადგან განძელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. შექმნილ ვითარებაში დავით სოსლანმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება _ განძას ალყა მოხსნა და ნახჭევნიკენ დაიძრა, სადაც აბუბექრი იმყოფებოდა. აბუბექრს შეეშინდა, ბრძოლის გაუმართავად მიატოვა ნახჭევანი და თავრიზში გაიქცა. ქართველებიც ფეხდაფეხ მიჰყვნენ მას. ამ ლაშქრობისას არაერთი ქალაქი და ციხე დაიკავეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნახჭევანი და ბაილაყანი იყო. დავით სოსლანმა, როდესაც შეიტყო, რომ აბუბექრმა თავრიზიც დატოვა, დევნა შეწყვიტა და უკან დაბრუნდა.

 თურქი მემატიანე ჰუსეინი ასე ეხმიანება ქართველთა ძლევამოსილ ლაშქრობასა და მათ მიერ არანის ქალაქების დაპყრობას: “გაწბილებულმა ათაბაგმა ბრძანება გასცა, რაც უნდა ჩაედინათ ქართველებს ჩვენს ტერიტორიაზე, მისთვის არ მოეხსენებინათ”.

ათაბაგის გაქცევას განძის დაცემა მოჰყვა. 1199 წელს ქართველებმა ანისი დაიკავეს, 1201 წელს _ ბიჯნისი, 1202 წელს კი დვინი შემოიერთეს. ბოლოს კი იყო ბასიანის ლეგენდარული ბრძოლა.

XI საუკუნის ბოლოდან საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით ერთმორწმუნე ბიზანტიის ნაცვლად თურქ-სელჩუკთა სასულთნო-საამიროები დაუმეზობლდნენ. ისინი პრობლემებს უქმნიდნენ ჩვენს მეფეებს. თუმცა თურქული სახელმწიფოებიდან ყველაზე ძლიერი, მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი (1196–1204 წწ), მეფობის პირველ წლებში საქართველოსთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა. რუქნ ად-დინის გამოგზავნილ ელჩებს თამარი ასევე ძღვენითა და პატივით ისტუმრებდა, მაგრამ ამ ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის არსებული მშვიდობა დიდხანს რომ არ გასტანდა, თამარის სამეფო კარისთვისაც ცხადი იყო და რუქნ ად-დინისთვისაც, რადგან საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური გეგმების განხორციელებას წინ ეღობებოდა გაძლიერებული იკონიის (რუმის) სასულთნო.

ქართული ლაშქრის წარმატებებმა დიდად განარისხა იკონიის სულთანი რუქნ ად-დინ სულეიმან შაჰი, მან “განახუნა მამაპაპურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა” და მთელი სამაჰმადიანო დააყენა ფეხზე. დარდანელიდან შუამდინარეთამდე (დღევანდელი ერაყი), სომხეთიდან ეგვიპტემდე, ყველა მუსლიმანი, რომლებსაც იარაღის ტარება შეეძლოთ, თავისთან მოიხმო. იკონიის სულთანმა რუქნ ად-დინმა დაახლოებით ოთხასათასიანი ლაშქარი შეჰყარა საქართველოს მოსაშთობად. რუქნ ად-დინის ბანაკში აღმოჩნდა მისი ძმა აბულასტანის (მალათიის) მელიქი მოღის ედ-დინ თოღრულ შაჰი, სულთნის სიძე, ეზინკის (ერზინჯანის) მელიქი ფაჰრ ედ-დინი, ბირიტის ამირთამირა და შამის სულთანი.

ერთადერთმა არზრუმის მელიქმა ალა ედ-დინმა განაცხადა უარი სულთნის ლაშქარში გაერთიანებაზე და ქართველთა მეფის ერთგული დარჩა. განრისხებულმა რუქნ ად-დინმა ალა ედ-დინს არზრუმი წაართვა და ერთგულ მოღის ედ-დინს გადასცა. ეს საქართველოსთვის სილის გაწვნას ნიშნავდა.

1202 წელს ბასიანთან დიდი ბრძოლა გაიმართა. სანამ ბრძოლა გაიმართებოდა, არზრუმიდან საქართველოსკენ დაძრულმა რუქნ ად-დინმა ქართველთა დასაშინებლად ელჩი გაგზავნა თამარის კარზე და თავხედური წერილიც გამოატანა: “ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართუელთა აღებად ხრმლითა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა და ხოცად მუსულმანთა. და კუალად, ნათესავსა ზედა თავისუფალ სდებად ხარკი ყმებური და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლს სპარსეთსა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღება ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია…”

რუქნ ადდინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ მეფისთვის სიტყვითაც მიუმართავს: “უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტევოს სჯული, იპყრას სულთანმან ცოლად; და თუ უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულთნისა”. ამ წერილისა და კადნიერი სიტყვებისთვის რუქნ ადდინის ელჩისთვის ზაქარია მხარგძელს ისე გაურტყამს სახეში (“უხეთქა ხელითა პირსა”), რომ მოციქული უგონოდ გაშხლართულა. მოსულიერებულისთვის კი საქართველოს ამირსპასალარს ასეთი რამ უთქვამს: “თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა ამოკვუეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა, კადნიერად კადრებისთვის. აწ არს სიტყუა! ესე წიგნი მიართვი რუქნადინს და არქვი: ჩუენ მზად ვართ წყობად და წინამოგებებად. სამართალი ღმრთისა იყავნ”.

 საპასუხო წერილში თამარი წერდა: “შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარსა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა”.

 მოხდა ისე, რომ წერილს ქართველთა ჯარმა დაასწრო. მეომრები საომრად განაწყო სოსლან დავითმა, მოწინავე ჯარის უკან მთავარი ძალები დადგნენ, მარჯვნივ _ აფხაზ-იმერნი, მარცხნივ _ქართლელნი, კახნი და ჰერნი. ზაქარია მხარგრძელმა მოწინავე ჯარს უსარდლა და შეტევაზე გადავიდა, მარჯვენა და მარცხენა ფლანგი კი ადგილზე დარჩა და ბრძოლაში ჩასაბმელად შესაფერის მომენტს დაელოდა. ჯერ წყნარად მიიწევდნენ ქართველნი, მერე კი ცხენები ააჩქარეს და მდინარე არაქსის პირას, ბასიანის ველზე, უდარდელად დაბანაკებულ თურქებს ზვავივით დაატყდნენ თავს.

რუქნ ადდინს არც უფიქრია, რომ ქართველები გაბედავდნენ მთებისა და ხეობების დატოვებას და ბასიანის გაშლილ ველზე საომრად გასვლას. სულთანს ქართველებთან შედარებით ხელსაყრელი პოზიციები ეკავა, ამიტომ ქართველებმა აქცენტი მოულოდნელობის ეფექტზე გააკეთეს, რამაც გაამართლა. ქართველთა იერიშმა სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნ ადდინმა მაინც შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ომში ორივე მხარე დიდად დაზარალდა. ცხენები მოუკლეს შალვა და ივანე ახალციხელებს, ივანე მხარგრძელს, ზაქარია გაგელს და სხვა ქართველ სარდლებს. გარდა ამისა, მთაგორიანი რელიეფი ცხენოსანთა თავისუფალ მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მაღალი საჩრდილობელის ქვეშ მდგარი რუქნ ადინი გახელებული უყიოდა თავისიანებს და ბრძოლაში რთავდა ახალახალ ძალებს. ქართველთა მოწინავე ძალებმა მტრის შეკავება ვეღარ შეძლეს და, ზაქარია მხარგრძელის ბრძანებით, უკან დაიხიეს. სელჩუკებს ბრძოლა მოგებული ეგონათ, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა შეუტია მარცხენა მხრიდან, როდესაც რუქნ ადდინმა ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთკახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვეღარ გაუძლეს ორმხრივ იერიშს დაზარგახდილნი” (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.

ბასიანის ბრძოლის ბედი შალვა ახალციხელის გმირობამ გადაწყვიტა. ის მიიჭრა რუქნ ად-დინის საჩრდილობელსა და იქ მოფრიალე სასულთნოს დროშასთან, ხმლით შუაზე გააპო თურქი მედროშე, ხოლო საჩრდილობელი თავზე დაამხო სულთანს, რომელმაც, ცხენზე ამხედრებულმა, ძლივს გაასწრო ახალციხელის ხმალს. თურქები, კუდამოძუებული სარდალი რომ იხილეს, უკანმოუხედავად გაიქცნენ, ერთმანეთი გასრისეს და გადათელეს.

მიუხედავად მტრის დიდი რიცხობრივი უპირატესობისა, გამარჯვება ქართველებს დარჩათ. მათ მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნ ად-დინი არზრუმში გაიქცა. თითქმის სრულიად მოისრა რუქნ ად-დინის ლაშქრის დაალოებით 2/3. ძალიან ცოტამ თუ უშველა გაქცევით თავს. ათამდე სულთანი და ამირა იქნა დატყვევებული. მათ შორის იყო რუქნ ად-დინის სიძე, თამარის “ერთგული” და საქართველოს ყმადნაფიცი ეზინკის (ახლანდელი ერზინჯანი) მელიქი ფაჰრ ედ-დინიც, რომელიც რუქნ ად-დინის ურიცხვი ლაშქრის გამოჩენისთანავე მის ბანაკში გადავიდა.

დატყვევებული წარჩინებულნი თამარს ვარძიაში აახლეს და პირველად სწორედ მოღალატე მელიქი შეუყვანიათ, თუმცა თამარს მისი “საქმის განხილვა” ბოლოსთვის გადაუდვია. ჯერ სხვები განსაჯა: ყველა დააპურა და, როგორც მტერს, მაგრამ ღირსეულ მოწინააღმდეგეს, შეეფერება, ისე უბრძანა მათი საქართველოს სხვადასხვა ციხეში “პატივით შენახვა”. ეზინკელი მელიქი კი… გაათავისუფლა, მაგრამ თავმოყვარე კაცი ასეთ თავისუფლებას, ალბათ, სიკვდილს არჩევდა _ თამარმა ეზინკელებს დიდძალი გამოსასყიდის გაღებაზე უარი შეუთვალა და მათი მბრძანებლის განთავისუფლების სანაცვლოდ ცხენის ერთადერთი ნალი მოსთხოვა და გაიცვალა კიდეც სულთანი ნალში. მაშ ასე, არც სულმნათი თამარისთვის იყო უცხო მოღალატეთათვის საკადრისის მიზღვევა, თანაც უსისხლოდ, ამასთანავე, ათასჯერ უფრო სასტიკად, ვიდრე თავის მოკვეთაა. მოღალატეებს ყველგან და ყოველთვის სასტიკად სჯიდნენ. დასჯის სხვადასხვა ფორმა არსებობდა _ წამება, თავის მოკვეთა, ჩამოხრჩობა, წყალში დახრჩობა, კლდიდან გადაგდება, დახვრეტა, “შაყის კვრა” ან სულაც დილეგში ჩასმა, მაგრამ, რაც თამარ მეფემ გააკეთა მოღალატე მელიქის დასაჯელად, მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. რაც შეეხება რუქნ ად-დინს, ის იმავე წელს მიიცვალა _ ბასიანის ბრძოლაში მიღებული ჭრილობები გაურთულდა და სამარეში ჩაიტანა ქართველთა ჯავრი.

გამარჯვებით გათამამებული ქართველები ხლათის სასულთნოში შეიჭრენ, მაგრამ პირველი ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა. მართალია, შეძლეს მანასკერტის აღება, მაგრამ ხლათისა და არზრუმის სულთნების გაერთიანებულმა ჯარმა ქართველები ვიწრო ხევში შეიტყუეს, ხევიდან გასასვლელები საიმედოდ გადაუკეტეს და ყოველი მხრიდან შეუტიეს. ამ საშინელ ხოცვა-ჟლეტას ძლივს დააღწია თავი ზაქარია მხარგრძელმა, რომელიც სასწაულად გადარჩენილ რამდენიმე მეომართან ერთად შერცხვენილი დაბრუნდა.

ამის შემდეგ, 1204 წლის გაზაფხულზე, ხლათისკენ გაცილებით დიდი არმიით დაიძრა დავით სოსლანი. მან თურქების მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაამარცხა, ქალაქი ხლათი გაანადგურა და ქალაქ კარისკენ (ყარსი) გაემართნა. კარი იმხანადაც დიდი ქალაქი იყო და დიდი თურქული გარნიზონიც იცავდა. ქალაქი გაძალიანდა და ამიტომ დავითი იძულებული შეიქნა, ალყა შემოერტყა. ქალაქის მაღალი გალავნით გულმოცემულნი მეციხოვნენი ლანძღვა-გინებით იკლებდენ მოალყეებს. განსაკუთრებით სოსლან დავითის მიმართ ბილწსიტყვაობდნენ. მათდა საუბედუროდ, ალყამ დიდხანს გასტანა. ბოლოს, როცა ალყაში მოქცეულთ საჭმელ-სასმელი გაუთავდათ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად იარაღის დაყრა გადაწყვიტეს, მაგრამ რაკი ეშინოდათ, ვაითუ დავითმა ბილწსიტყვაობა არ გვაპატიოსო, შემოთვალეს, იარაღს დავყრით, თუ ქალაქის ჩასაბარებლად თვითონ თამარი ინებებს მობრძანებასო. თამარი თავის ძესთან, უფლისწულ ლაშაგიორგისთან, ერთად გაეშურა კარს, მეციხოვნეებმა მაშინვე მიართვეს ქალაქის კლიტენი, შევიდა ყრმა ლაშაგიორგი და ჩაიბარა ქალაქი. ასე დაკარგეს თურქებმა კიდევ ერთი სტრატეგიული ციხესიმაგრე, რომლიდანაც ისინი საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს სამფლობელოებს. თამარმა დაპყრობილი კარი სამმართავად გადასცა ივანე ახალციხელს. მან მეფის ესოდენ პატივს ახალი გამარჯვებით უპასუხა _ თავისი ლაშქრით კარის ქვეყანასაც გასცდა დაწარუღო თურქთა გარეშემონი ქვეყანანი, აიხუნა და მიითვალნა და წამოგზავნა მახარობელნი მეფესა წინაშე”. თამარმაც ახალდაპყრობილი მიწები სამფლობელოდ მისსავე დამპყრობელს უბოძა.

(გაგრძელება იქნება)

 ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here