ლარის კურსის დაცემის გამო ხელისუფლებამ ქამარი შემოიჭირა, სახელმწიფო უწყებებში საშტატო შემცირებები იწყება, ძვირდება აქციზი და ავტომობილების იმპორტის გადასახადი, ასევე იწყება ლარის დედოლარიზაცია და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებს ლარები ბღუჯებად ექცეთ.
ჩვენ მოვიპოვეთ სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ ჩვენგან შეიტყობთ.
როგორც ჩვენი ანონიმური წყარო გვამცნობს, დოლარის გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლით დაისაჯოს და მოქალაქეს 4-დან 7 წლამდე აღუკვეთონ თავისუფლება.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მისი დაჭერა და დასტაბილურება. იკრძალება სავალუტო ჯიხურებში, ბანკებსა და კერძო პირებთან ანგარიშსწორებისას დოლარის გამოყენება, ფაქტზე წასწრების შემთხვევაში, შესაძლოა, ადგილზე დაგაკავონ და ეროვნული ვალუტის დისკრიმინაციის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდეთ. კანონპროექტის ინიციატორი მოუწოდებს დოლარის მქონე მოქალაქეებს, კანონის ამოქმედებამდე გადაცვალონ ეროვნულ ვალუტაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფული ქაღალდის ერთ დიდ შეკვრად იქცევა და მისი რეალიზება საქართველოს ვერც ერთ წერტილში ვერ მოხდება.
ამ საკითხზე დაწყებულია სპეციალური ტრენინგები, რომლებზეც ათიათასობით შტატიან მოხალისეს გადაამზადებენ და შეასწავლიან კანონდარღვევაზე რეაგირების მექანიზმებს.
იგეგმება მიწისქვეშა გადასასვლელებში მსხდომი “ვალუტჩიკი” ქალბატონებისთვის აკრძალვების პაკეტის მომზადება. ინიციატორი განმარტავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარკვეული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ დადგება.
მაგალითად, მოქალაქეს თვის განმავლობაში 200 დოლარზე მეტის გადაცვლის უფლება არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ თანხამ ლიმიტს გადააჭარბა, დაჯარიმდება როგორც დოლარის გამყიდველი, ისე იმ სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ ვალუტას შეიძენს.
400 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში მოქალაქეს დაეკისრება საშემოსავლო გადასახდის 50 პროცენტი, რაც გულისხმობს, რომ თანხის ნახევარი ლარებში უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
800 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში 100 პროცენტით ჯარიმდება დოლარის გამყიდველი, ხოლო მყიდველი _ 50 პროცენტით.
ყველა გადაცვლა მკაცრად აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში, რომელიც სავაჭრო წერტილებმა უნდა წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს, ყველა გადამცვლელის პირადი მონაცემები მითითებული იქნება აღნიშნულ დოკუმენტში და პასუხისმგებლობა შესაბამისი ლიმიტის მიხედვით დაეკისრება.
1000 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში პირი იღებს პირველ გაფრთხილებას ლიმიტის გადაჭარბებაზე და ეკისრება თანხის საკომისიოს 50 პროცენტი. მისი გამეორება კი უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ან შრომა–გასწორებით სამუშაოს ითვალისწინებს. მაგალითად, 1-კვირიან მუშაობას სანიტრად ან რემონტის შემდეგ სახელმწიფო უწყებების დასუფთავებას.
10 000 დოლარის ზევით თანხის გადაცვლა ითვალისწინებს უპირობო პატიმრობას 4 -დან 7 წლის ვადით ან გადასახლებას კამჩატკაზე, ციმბირში ან კურილიის კუნძულებზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტის შესახებ შეიტყო ოპოზიციამ, იგი მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა ჩვენმა კორესპონდენტმა შეამჩნია, როგორ ცვლიდნენ დოლარების შეკვრას სხვადასხვა გადამცვლელ პუნქტში და როგორ გაჰქონდათ ბღუჟა–ბღუჯა ლარები. მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრიც, რომელიც “კარფურის” ტერიტორიაზე შავი სათვალით და დაცვის თანხლებით ბღუჯა დოლარებს ახურდავებდა, ჩვენ დანახვაზე კი გაქუსლა და ტერიტორია უმალ დატოვა.
გრიგოლ ინგაძე
კამჩატკაზე არა მაგრამ დუბაიში კი დაისვენებენ, იმდენი იშოვეს ლარის უქნარობის გამო.