Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველთა შიშით თურქებივითარცა მელნი იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწით შინა

მართალია, თამარის ეპოქა ცნობილია, როგორც ,,ოქროს ხანა”, მაგრამ მისი მეფობის დასაწყისი არც ისე იღბლიანი იყო საქართველოსთვის. დავიწყებთ იმით, რომ 1177 წელს დიდი შეთქმულება მოეწყო საქართველოს მეფის _ გიორგი მესამის (1156-1184) წინააღმდეგ. შეთქმულება, რომელიც შემდეგ ამბოხში გადაიზარდა, გიორგი მესამემ დიდი გაჭირვებით ჩაახშო. ძალაუფლების არამდგრადობას გრძნობდა კიდეც მეფე და ამიტომაც 1178 წელს თამარი სიცოცხლეშივე აიყვანა ტახტზე. მაგრამ 1184 წელს, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, დიდგვაროვნებმა ხელმეორედ ჩაატარეს თამარის ,,გამეფებისცერემონია. თუ პირველად თამარს ხმალი თავად მეფე გიორგიმ შეაბა, შემდეგ ეს მისია დიდმა ერისთავებმა _ ვარდანის ძემ, საღირის ძემ და ამანელის ძემ შეასრულეს, რითაც აგრძნობინეს ახალგაზრდა მეფეს თავიანთი ძალა და გავლენა: “ხელყოს ხელთა მეფობისა და კურთხევითა გვირგვინოსან ყოფად”.

დიდებულები ამასაც არ დასჯერდნენ და მათ თამარს პირდაპირ მოსთხოვეს მეფის ერთგული, მაგრამ “უგვარო” ვაზირების _ მეჯინიბეთუხუცესის (ჭიაბერის), მსახურთუხუცესის (აზნაურის ნაყმევის აფრიდონის), მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის (ნაყვიჩაღარ ყუბასარის) გადაყენება. თამარმა ჭიაბერი ბოლომდე დაიცვა, მაგრამ იძულებული შეიქნა, სხვა ვაზირებს შელეოდა და ისინი “დიდგვაროვანი არისტოკრატებით” ჩაანაცვლა. თანამდებობიდან იქნა გადაყენებული პირველი ვაზირიც _ საქართველოს მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი ანტონ გლონისთავის ძე და ეს ადგილი კათალიკოს-პატრიარქმა მიქაელ მირიანის ძემ დაიკავა.

ერთი სიტყვით, მეფე მძევალი აღმოჩნდა დიდებულთა ხელში, რაც კარგად იგრძნეს ვაჭარ-ხელოსნებმა (ე. წ. საშუალო ფენის წარმომადგენლებმა) და ახლა მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომელსაც ყუთლუარსლანი ხელმძღვანელობდა. ქვეყანა ისევ სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდა. მართალია, ყუთლუ-არსლანის “დასის” გამოსვლა დიდი სისხლისღვრის გარეშე იქნა განეიტრალებული, მაგრამ ეს მოხდა თამარის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვის ხარჯზე.

ოდნავ მოგვიანებით ისევ იძალეს ქართველმა დიდებულებმა და თამარი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, იური რუსზე დააქორწინეს. 1187 წელს იური რუსი თამარმა თავისი მცირერიცხოვანი ერთგული ხალხის დახმარებით საქართველოდან გააძევა, მაგრამ ქართველმა დიდებულებმა: გუზან ტაოელმა, ბოცო ჯაყელმა, მეფის მსახურთუხუცესმა ვარდან დადიანმა და თბილისის ამირამ აბულასანმა 1191 წელს ისევ “მოიწვიეს” საქართველოს მეფედ იური ანდრიას ძე, მაგრამ აჯანყება დამარცხდა, რადგან უკვე ძლიერი მეფე იყო საქართველოს საჭეთმპყრობელი _ დავით სოსლანი და სწორედ ამ ფაქტორმა იქონია გადამწყვეტი გავლენა კარგად ორგანიზებული აჯანყების დამარცხებაში.

სოსლან დავითი და თამარი 1189 წელს დაქორწინდნენ და აქედან მოყოლებული დავითი მტკიცედ ჩადგა საქართველოს სამსახურში და ღირსეულ მეუღლეობას უწევდა თამარ მეფეს. ოსმა უფლისწულმა თამარზე დაქორწინებისთანავე სერიოზულად მოჰკიდა ხელი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას. მართალია, ქვეყანას ისევ თამარი განაგებდა და ის იწოდებოდა კიდეც მეფედ, მაგრამ თამარის სათნოების უკან დავით სოსლანისრკინის ხელიციგრძნობოდა. დავით სოსლანი იყო სამეფო ხელისუფლების დიდი ბურჯი. 1189 წლიდან საქართველოს სამეფო კარზე თანდათან სუსტდება დიდგვაროვანთა გავლენა და თამარი თანდათან იბრუნებს დაკარგულ ძალაუფლებას. ქართველი დიდებულები ვეღარ ბედავდნენ მეფისადმი ურჩობას. ერთადერთი გუზან ტაოელი აღმოჩნდა “მოუდრეკელი”. დავით სოსლანმა ისიც შეიპყრო და თვალები დასთხარა.

დავით სოსლანი იყო არა მხოლოდ ძლიერი ორგანიზატორი და სახელმწიფო მმართველი, ის გახლდათ ბრწყინვალე პიროვნებაც. დავითის უპირველესი ღირსება იყო ის, რომ არ შეეცადა თამარის უფლებების შეზღუდვას. მისი გონებაგამჭრიახობა და სულიერი სიმაღლე ნათლად ვლინდება იმაში, რომ თამარი ისევ საქართველოს მეფედ დარჩა, თავისი უფლებებითა და რეგალიებით, მაგრამ რეალური მმართველი მაინც დავით სოსლანი გახლდათ, რომელიც თამარის სახელით აშენებდა, სჯიდა ურჩებს და ბრძოლებშიც იმარჯვებდა, ამიტომაც იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს საჭეთმპყრობელი დავით სოსლანი იყო (1189-1204), საქართველოს ყველა წარმატება თამარს მიეწერა.

არადა, ამ თითქმის 15-წლიან მონაკვეთში საქართველომ გასაოცარ პროგრესს მიაღწია. 1191 წელს მოღალატე გუზან ტაოელმა საქართველოს ჩამოაცილა ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა ციხეები, რომელიც ხლათის სულთანს (შაჰ-არმენს) გადასცა. მას მხარს უჭერდნენ სხვა მაღალი თანამდებობის მქონე დიდებულებიც. მოღალატეებმა კოლას მთას შეაფარეს თავი. მათ დასახმარებლად დაიძრა შაჰ-არმენის ჯარი, რომელსაც გუზანის შვილი სარდლობდა. მას სურდა ოჯახის წევრებისა და სხვა მოღალატეების საქართველოდან გაყვანა, ხოლო თურქების ჯარი იმ ციხესიმაგრეებში უნდა ჩაეყენებინა, რომლებიც გუზანმა ხლათის სულთანს გადასცა. მაგრამ ამ განაზრახის განხორციელებაში ხელი შეუშალა მეფის ერთგულმა აზნაურმა ზაქარია ასპანის ძემ, რომელმაც აიყოლია ძინიელნი, კალმახელნი, მოღალატეებს მიუხტა და დაამარცხა ისინი. ასპანის ძემ გუზანის ცოლ-შვილი დაატყვევა, წაართვა მათ ბანა, ხახული, ვაშლოვანი, ტაოსკარი, რომლებიც გუზანის ცოლ-შვილთან ერთად მის დასახმარებლად მოსულ დავით მეფეს გადასცა.

ზაქარიას დაუფასდა ერთგულება, თამარმა მას ერისთავობა და ფანასკერტის ციხესიმაგრე უწყალობა. რაც შეეხება გუზან ტაოელს, მან გაქცევით უშველა თავს, მაგრამ შორს წასვლა ვერ მოასწრო, რადგან მთიბავებმა იცნეს, შეიპყრეს და დავით მეფეს მიჰგვარეს.

1192 წელს დავით სოსლანის სარდლობით ქართველებმა დალაშქრეს კარნუ- ქალაქი. კარნუ-ქალაქელთა დასახმარებლად არზრუმიდან ჩავიდა სულთანი ნასრ ად-დინ სალდუხის ძე. გარდა ამისა, ამ ქალაქის დასაცავად იბრძოდნენ სურმანელები და კარელებიც. მტრის სიმრავლეს არ შეუშინდა დავით სოსლანი და პირველი ეკვეთა მტერს. ბრძოლაში გართულებს ისე დააღამდათ, რომ გამარჯვება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა: “ღამისა ბინდმა ულხინა გაყრად”. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრძოლის მეორე დღე, როცა კარნუ-ქალაქის დამცველებმა გააღეს კარიბჭე და ქართველებს შეუტიეს. უშეღავათო ბრძოლაში უპირატესობა ქართველებმა მოიპოვეს და მტერი გააქციეს. ისე სამარცხვინო იყო მათი გაქცევა, რომ მემატიანე წერდა: “და რცხვენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰამედის რჯულის-მდებლობისანი”.

ამის შემდეგ ქართველებმა აიღეს ბარდავი. ეს ლაშქრობა 1193 წელს თამარის მემკვიდრის _ ლაშაგიორგის დაბადების აღსანიშნავად მოეწყო. ბარდავს არზრუმის გაანადგურება მოჰყვა. ხოლო გელაქუნის დალაშქვრას თვით დავით სოსლანი ხელმძღვანელობდა. ქართველთა ჯარმა თურქებისგან გაწმინდა გელაქუნის, ხაჩენის, ბაილაყანის, არეზის, განძისა და შამქორის მიმდებარე ტერიტორიები.

1194 წელს, ძმების _ ამირსპასალარ ზაქარია და მსახურთუხუცეს ივანე მხარგრძელების მეთაურობით, მოეწყო ლაშქრობა სპარსი-ბაზრამდე (ნახიჭევნამდე). გზად დვინი, ბიჯნისი და ამბერდი მოარბიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.

ქართველთა მიერ თურქული მოდგმის ტომებზე განუწყვეტელმა თავდასხმებმა ძალიან დააშინა სელჩუკები და ისინი ადვილად ვეღარ ბედავდნენ საქართველოს სიახლოვეს დაბანაკებასაც კი: “ვითარცა მელნი იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწით შინა”.

ქართველთა ამ წარმატებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო ძლიერი ეგვიპტის განეიტრალებამაც. მართალია, დიდებულთა პროტესტი და ყუთლუ-არსლანის “დასის” გამოსვლა უსისხლოდ, მოლაპარაკების გზით დასრულდა, მაგრამ თამარი ხედავდა, რომ აუცილებელი იყო ქვეყნის შიგნით “დაგუბებული ენერგია” საგარეო ექსპანსიის განსახორციელებლად წარემართა, რათა მთელი ყურადღება გადატანილიყო საგარეო ომებზე და “უსაქმოდ” დარჩენილი ქართული ლაშქარი ვინმეს სამოქალაქო ომში არ ჩაეთრია. ამიტომ, როგორც არასდროს, საჭირო შეიქნა დაპყრობითი ომების წარმოება, ამ ფონზე, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, თამარი გამოდის სამშვიდობო ინიცატივით და 1185 წლის 15 აგვისტოს ეგვიპტის სულთან სალადინის წინაშე “ფიცს დებს”, რომ ვნებას არ მიაყენებს მის სამფლობელოს (სულთანი სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი 1171-1193 წლებში მართავდა ეგვიპტეს). უფრო მეტიც, სალადინი იკავებს იერუსალიმს და თამარი დუმილს არჩევს. თუ ერთი წუთით წარმოვიდგენთ, როგორი მორწმუნე იყო საქართველოს მეფე, გასაკვირიც კია მისი უმოქმედობა, როდესაც იერუსალიმი მუსლიმების ხელში გადავიდა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ თურქების წინააღმდეგ გადამწყვეტი იერიშის წინ საქართველომ ძლიერი მოკავშირე შეიძინა. აქ ორმხრივი ინტერესები იკვეთება: ეგვიპტე თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში არის საქართველოს მოკავშირე, თავის მხრივ, საქართველო დახმარებას არ უწევს ჯვაროსნებს და პრობლემებს არ უქმნის სალადინს. ეგვიპტესთან კავშირით მივაღწიეთ იმ დიდი წარმატებებს, რომლებზეც ვერც დემეტრე და ვერც გიორგი მესამე ვერ იოცნებებდნენ.

ამ პერიოდში დიდი ცვლილებები მოხდა სპარსეთსა და ერაყში. პატრონსა და მსახურს _ ილდეგიზიდების დინასტიის წარმომადგენელ ათაბაგ მუზაფერ ად-დინ ყიზილ-არსლანსა (1186–1191) და ერაყის სელჩუკთა სულთან თოღრულ მესამეს (1176– 1194) შორის მტრობა ჩამოვარდა. ათაბაგმა სძლია სულთანს და ძალაუფლებაც წაართვა, მაგრამ ის მოკლეს და ათაბაგის მემკვიდრეებს შორის დიდი ომი ატყდა. ყიზილ-არსლანს არ ჰყავდა ძე და მისი სამფლობელო შვილობილმა და მისი ძმის _ ფეჰლევანდის (ფალავანდის) სხვა შვილებმა გაიყვეს. ყველაზე დიდი წილი ხუტლუ ინანჩის შეხვდა, მან მიიღო მიწები ერაყიდან ხორასნამდე (ანუ სპარსეთის უდიდესი ნაწილი); ამირ-მირანმა კი _ რანი, ანუ ტერიტორია კასპიის ზღვიდან გელაქუნამდე (სევანის ტბამდე); აბუ-ბექრს ადარბადაგანი (ანუ ჩრდილოეთ ირანი) დარჩა.

ძმებს შორის პირველობისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში (ისინი 1064 წელს, სელჩუკთა დიდ სულთან ალფ-არსლანის მიერ ახალქალაქში დატყვევებული ბეშქენ ჯაყელის შთამომავალები გახლდნენ) გამარჯვებული გამოვიდა ყიზილ-არსლანის ნაშვილები აბუ-ბექრ ბინ მუჰამედ ფეჰლევანი. მან ჯერ უფროსი ძმა, ხუტლუ ინანჩი, დაამარცხა და მისი სამფლობელო მიიტაცა, შემდეგ არანისა და გელაქუნის პატრონ ამირ-მირანს გაუსწორდა. თუმცა ამირ-მირანმა მოასწრო შირვან-შაჰთან, გიორგი მესამეს დისშვილთან _ აღსართანთან (აბულ-მუზაფარ მანუჩაჰრ ახსითან ბენ-ქესრანი 1149-1203) გაქცევა და მასთან თავის შეფარება. შირვან-შაჰმა კარგად მიიღო ის, პატივისცემით და მოწყალებით მოეპყრო და თავისი ქალიც მასზე დააქორწინა.

აბუ-ბექრი შირვანსაც დაესხა თავს და ააოხრა, სიძე-სიმამრმა გაქცევით უშველეს თავს: “ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა” (შირვან-შაჰს სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს, მიწისძვრამ დაანგრია დედაქალაქი შამახია, რომელსაც შირვანშას ცოლი და შვილები ემსხვერპლნენ). ამირ-მირანმაც და შირვან-შაჰმაც დასახმარებლად თამარს მიმართეს. ვინაიდან შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, მისი აოხრება ქართველთა მეფის გამოწვევას ნიშნავდა და სამეფო კარმაც საომარი სამზადისი დაიწყო.

დიდი პატივით მიიღეს თბილისში აღსართანი, ამირ-მირანი და მათი თანმხლებნი. სტუმრების პატივსაცემად, მთელი კვირის განმავლობაში ნადირობდნენ, პოეტები კითხულობდნენ ლექსებს, მუშაითები უკრავდნენ და მღეროდნენ, იმართებოდა ბურთაობა. ამირ-მირანი და მისი ამალა ერაყში, არანსა და ადარბადაგანში საუკეთესო მობურთალებად ითვლებოდნენ. დავით სოსლანმა უბრძანა ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელს, მსახურთუხუცეს ივანე მხარგრძელს, ჰერეთის ერისთავ გრიგოლს და სხვა მოყმეებს, რომ მოედანზე მასთან ერთად გასულიყვნენ და სტუმრებს ცხენბურთში გაჯიბრებოდნენ. ქართველებმა ბურთაობაში დაამარცხეს ამირ-მირანის განთქმული ცხენოსნები. სხვათა შორის, თამარ მეფეც დაესწრო მათ ბურთაობას.

საქართველოს სამეფო კარი არა მხოლოდ ერთობოდა, საომრადაც ემზადებოდა. ათი დღის განმავლობაში შეიკრიბა ქართული არმია. სტუმართათვის სამხედრო აღლუმიც კი მოეწყო. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და მათი მცირეწლოვანი ძე გიორგი-ლაშა. სტუმრებს, მეფესა და დიდებულებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი ოსები და ყივჩაღები. იმხანად ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა _ სავალათი საქართველოს სამხედრო სამსახურში იყო (ქართველები ხშირად ქირაობნენ ყივჩაღებს, ოსებს, ძურძუკებსა და სხვებს “როქის სპად”). სტუმრებს მიეგება ქართული არმიაც _ მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვან-მეგრელ-გურიელნი, თაკვერელნი, მარგველნი, სომეხთა რაზმებიც.

ქართული სამხედრო ძალის დემონსტრირებამ აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი და დიდი გული მიეცათ. უფრო მეტიც, სტუმრები ისე გათამამდნენ, ქართველებს სპარსეთში ლაშქრობა და ამირ-მირანის იქ გამეფება შესთავაზეს. სანაცვლოდ ამირ-მირანმა მეფეს მოკავშირეობა და ილდეგიზების უზარმაზარი სამფლობელოდან დიდი ტერიტორიის ჩუქება აღუთქვა.

ერთი შეხედვით, ნამდვილად მიმზიდველი წინადადება იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. საბედნიეროდ, ქართველებმა ხელი აიღეს ამ ამბიციურ გეგმაზე. არა, სისუსტის გამო არ უთქვამთ უარი, იმჟამინდელ საქართველოს ნამდვილად ხელეწიფებოდა ეს. უბრალოდ, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა და სამეფო კარმაც აღარ გარისკა. ჯერ ერთი, სანამ დევნილი და სუსტი იყო, ამირ-მირანი ასე ფიქრობდა და მსჯელობდა, თორემ არავინ უწყოდა, რას მოიმოქმედებდა, როდესაც უზარმაზარი იმპერიის სულთანი გახდებოდა. გარდა ამისა, საქართველოს მეზობლად ერთიანი და ძლიერი იმპერიის არებობა (თუნდაც მოკავშირის სტატუსით) ნამდვილად არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში. გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა “სტატუს კვოს” შენარჩუნება, ვინაიდან დანასისხლად გადამტერებული არსლანის მემკვიდრეები ჩვენი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

თამარის კარზე ასეც მოიქცნენ და სტუმარს მხოლოდ აბუ-ბექრის დამარცხებასა და მამა-პაპისეულ სამფლობელოში დაბრუნებას დაჰპირდნენ.

ომისთვის ქართველთა მზადება არ გამოეპარა აბუ-ბექრს და ისიც შეუდგა ჯარის შეკრებას. მას შეურთნენ ქართული ლაშქრის დარბევებისგან დაზარალებული საქართველოს მეზობელი სულთნები და ამირები. გარდა ამისა, აბუ-ბექრმა დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფა ალ-ნასირს (1180-1225 წწ.). მიმართა. ხალიფამაც მხარი დაუჭირა მას, ლაშქრობის მოსაწყობად დიდძალი ოქრო-ვერცხლი გაიღო და მუსლიმანურ სამყაროს მოუწოდა საქართველოს წინააღმდეგ “საღვთო ომის” დაწყებისკენ.

ამ მოწოდებას გამოხმაურება მოჰყვა. დაივიწყეს ურთიერთმტრობა და ეგვიპტის სულთნისა და მისი ვასალების გარდა, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმები აბუ-ბექრის ლაშქარს შეუერთდნენ. მოკლე ხანში ათაბაგმა ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და საქართველოსკენ დაიძრა.

ლაშქრობის დაწყების წინ თამარმა გაიღო მოწყალება გლახაკთათვის და საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა, დღე და ღამ შეუწყვეტლად ელოცათ. მან ლაშქარს წინ წარუძღვანა ჯვარიძელი ცხოვრებისა”, დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს: “ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს…” ამის შემდეგ ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ილოცა და ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვება ევედრა.

ქართული ჯარი, რომელმაც თავი მოიყარა მტკვრის, ალგეთის, ქციისა და დებედას ხეობაში, დაიძრა შამქორისკენ. ბრძოლა 1195 წლს 2 ივნისს გაიმართა. აბუბექრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით შამქორთან ელოდა ქართველებს. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნების შესახებ. მეფე დავითმა ჯარი ორად გაყო. შედარებით მცირერიცხოვანმა არმიამ, რომელსაც სათავეში ედგა ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ქალაქის კარიბჭზე მაშინვე მიიტანა იერიში და ბრძოლაში ჩაება. უფრო მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა დავით სოსლანის მეთაურობით დიდი რეიდი წამოიწყო, გვერდით მოიტოვა შამქორიც, აბუბექრის დიდი ლაშქარიც, გადალახა მდინარე (ახლანდელი შამქორ ჩაი) და მტერს ზურგში მოექცა.

შამქორის ციხის კარიბჭესთან გამართულ საშინელ ხოცვა-ჟლეტაში სასწორი მუსლიმანთა მხარეს იხრებოდა, ზაქარია უკვე უკუქცევაზე ფიქრობდა, რომ დავით სოსლანი ძირითადი ჯარით ჩაება ბრძოლაში. მტერი დაიბნა და პანიკა შეიპყრო. აბუ-ბექრი ისე იყო დარწმუნებული შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობაში, რომ ქართველთა ასეთი მანევრი თავზარდამცემი აღმოჩნდა მისთვის. ალყაში მოქცეულმა მუსლიმანებმა გაქცევასა და თავის გადარჩენაზე დაიწყეს ფიქრი. ბუნებრივია, მათ არ მიეცათ ამის საშუალება. მდევარმა, ერთი მხრივ, განძისკენ და, მეორე მხრივ, გელაქუნისკენ მოუჭრა გზა. მემატიანის თქმით, ქართველები ქათმებივით იჭერდნენ გაქცეულებს, ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან საქართველოს დასაჩოქებლად მოსულ შეშინებულ დიდ ამირებსა და სულთნებს და წვერით მიათრევდნენ დავით მეფესთან. სწორუპოვარმა გმირმა, შალვა ახალციხელმა ხალიფას გამოგზავნილი დროშა წაართვა მუსლიმანებს.

მტრის დევნის შემდეგ უკან მობრუნებულ მეფე დავითს ანტონ მწიგნობართუხუცესი _ ჭყონდიდელი შეეგება, რომელმაც სამი ყრმა მსახურის მეშვეობით ხელთ იგდო სიმდიდრით დატვირთული სამასი ჯორი და აქლემი. გარდა ამისა, გამარჯვებულ ქართველებს მრავალი ტყვე და აურაცხელი ალაფი ჩაუვარდათ ხელში.

მიუხედავად ალყისა, აბუ-ბექრმა მაინც მოახერხა გაქცევა. ქართველებმა გაქცეულებს განძამდე სდიეს. აბუ-ბექრი ჯერ ბაილაყანსა და ნახჭევანში შეჩერდა, იქიდან კი თავრიზში გაიქცა.

ვანო სულორი

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here