Home რუბრიკები საზოგადოება დირექტორ-აკადემიკოსი, დამრიგებელ-უფლებადამცველი და სხვა…

დირექტორ-აკადემიკოსი, დამრიგებელ-უფლებადამცველი და სხვა…

569

საზოგადოებრივ მაუწყებელს მაგისტრიდირექტორი ეყოლება! _ ეს ფრიად სასიხარულო ამბავი ამ დაწესებულების .. ბორდის, ანუ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან შევიტყვეთ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პირობებში გარკვევით წერია პუნქტი: “გენერალური დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი”. რა თქმა უნდა, მაგისტრის გარეშე, ღვინის გარეშე, ტიკის გარეშე, აბა, ვინ გაფრენილა?!

როგორ შეიძლება ჩვენი სიამაყე, ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვიღაც ბაკალავრს (მით უმეტეს, ბაკალავრთან გათანაბრებულს) ვანდოთ? მეტიც _ მე, მაგალითად, სულაც დოქტორობას ან აკადემიკოსობას მოვთხოვდი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატს.

აბა, სად ვიღაც ბაკალავრი, რომელმაც იკმარა 4-წლიანი უმაღლესი განათლება, შემდეგ დრო სატელევიზიო საქმის ათვისებასა და პროფესიონალ “ტელევიზიონშიკად” ჩამოყალიბებას შეალია და სად, მაგალითად, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ან აკადემიკოსი?! განა ნათელი არ არის, რომ ის უკეთესად გაუძღვება სატელევიზიო საქმეს, ვიდრე ვიღაც “ტელევიზიონშიკი” ბაკალავრი?!

რა ვიცი, ჩემებურად შევეცადე, ამეხსნა და რამენაირად გამემართლებინა იმ ადამიანების სულელური აზროვნება, რომლებიც ტელევიზიის დირექტორს მთავარ მოთხოვნად მაგისტრის მეცნიერულ ხარისხს უყენებს…

საზოგადოდ, რაღაცნაირი “მეცნიერულ-საგანმანათლებლო” კვირა იყო გასული კვირა. დედა ენის ბაღში “მეფის” ძეგლის დადგმაც ხომ ამას მოწმობს?! ქართული კულტურის “მეფედ” რომ ადამიანი ირაკლი ჩარკვიანს მოიხსენიებს, ასეთი ადამიანის გემოვნებაზე ნამდვილად არ და ვერ ვიდავებ, მაგრამ ნამდვილად ვიდავებ იმაზე, რომ ქალაქში ძეგლები ადამიანთა ერთი ჯგუფის მოთხოვნით არ უნდა იდგმებოდეს. აკი, ოფიციალური ცნობით, თბილისის მერიამ თურმე მოქალაქეთა ჯგუფის მოთხოვნა შეასრულა, როდესაც დედა ენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიციის აღმართვა რამდენიმე ათასი ლარით დააფინანსა. მაინტერსებს, მოქალაქეთა სხვა ჯგუფებმა რომ მოითხოვონ დედაქალაქის სხვადასხვა ბაღსა და სკვერში ამა თუ იმ მუსიკოსის, პოეტის, მხატვრის ძეგლის დადგმა, მერია ანალოგური ენთუზიაზმით დააფინანსებს?

თუმცა, როგორც ჩანს, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის რამდენი ტონა წიგნი აქვს წაკითხული. კვირის კიდევ ერთ მთავარი თემაც ხომ ეს იყო _ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და საპარლამენტო უმცირესობის, ანუ ნაცების ახალი სახის _ ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება “წიგნიერ შეურაცხყოფაში” გადაიზარდა და წულუკიანმა პირდაპირ მიახალა “ლაკას” (ეს ელენე ხოშტარიას “კლიჩკა” ყოფილა) _ შენ რომ პლეხანოვზე ქუჩაში იდექი, ძველბიჭობდი (ეტყობა, აქ გოგოობა არ უხდება) და “ბირჟაობდი”, მე მაშინ წიგნებს ვკითხულობდიო!

ვინ გინდა გყავდეს ადამიანს იმაზე ეფექტიანი დამცველი, ვიდრე საკუთარი კლასის ყოფილი დამრიგებელია? მით უფრო, როდესაც ეს ყოფილი დამრიგებელი ამჟამად სწორედაც ადამიანის უფლებების დამცველია და, თანაც, როდესაც ეს დამრიგებელ-უფლებადამცველი ია ანთაძეა?!

ჰოდა, იამაც სჭექა კომპეტენტური აზრი “ლაკას” შესახებ: მე ვიყავი იმ ვარსკვლავების კლასის დამრიგებელი და მანდ ლაკა ყველასაგან გამოირჩეოდა ცოდნითა და განათლებით, მას ბავშვობაშივე ტონა წიგნები ჰქონდა წაკითხული!”

ბრწყინვალეა! მაქვს იდეა, დავაყენოთ ერთმანეთის პირისპირ თეა წულუკიანი და “ლაკა”-ელენე ხოშტარია, დავუდოთ თითო სპორტული “შტანგა”, სიმძიმეების ნაცვლად ბოლოებზე მივუმაგროთ წიგნები და ჩავატაროთ შეჯიბრება: ვინ უფრო მეტ და მძიმე წიგნს აწევს. მსაჯად საერთაშორისო კატეგორიის გრანტიყლაპია, უფლებადამაცველ-დამრიგებელი ია ანთაძე გამოდგება. მივცეთ ერთი კაი “შვიშტოკი” და უფშტვინოს, რა გვენაღვლება?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here