Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის წერილი დონალდ ტრამპს

ბიძინა ივანიშვილის წერილი დონალდ ტრამპს

1025

სალამი, მისტერ დონალდ! გამეცინა, დონალდი რომ დავწერე, ჩემს ბავშვობაშიჟვაჩკაიყოდონალდო”, მანეთი ღირდაციგნებთან”. მერე დაარქვესჟვაჩკასსაღეჭი რეზინი დაციგნებსკიდევ _ ბოშები, თორემ ჩემს ბავშვობაში ყველაფერს თავისი სახელი ერქვა

გული მიგრძნობდა, რომ გაიმარჯვებდი და წინასწარ მონდოდა მოლოცვა, მაგრამ მოგეხსენება, ჩვენთანაც არჩევნები იყო და ჩემს შუშის სასახლეში იმდენი მთხოვნელი (ახლა დაარქვეს მთხოვნელი, თორემ ჩემს ბავშვობაში მათხოვარი ერქვა, კინოც არის ოლია მათხოვარზე) იყო, ფანჯრებიდან ორთქლის გაწმენდას ვერ ასწრებდნენ. თანაც რამდენჯერაც წერილის დასაწერად დავჯექი, ხან გუგული მაღრაძე დამადგა თავზე, ხან _ ეკა ბესელია და მაგათი ინგლისურით რომ მომეწერა, ევროატლანტიკური სივრცისკენ ჩვენ სწრაფვას წერტილს დაუსვამდი. ეგებ ჯობდეს კიდეც ერთი დიდი წერტილი, მაინც ისე გამოდის, როგორც ბევრს გამოუვიდა ამ წინასაარჩევნოდ _ აკაკუნებდნენ ჩემს კარზე და არ ვუღებდი. ასეა მანდაც _ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მის შემდეგ ვაკაკუნებთ და თქვენ კიდევ, კარის გაღების ნაცვლად, “გლაზოკიდან” გვაკვირდებით. ისე, ჩემს სახლს “გლაზოკი” არ სჭირდება, სპეციალურად შუშის კარი მაქვს, რომ დავინახო, ვინ მოდის და გასაღებად არ ჩავიდე.

ჰოდა, იმას გეუბნებოდი, გილოცავ-მეთქი. ჩემი არ იყოს, შენც მოგწყინდებოდა მხოლოდ ბიზნესი და ფულის კეთება და კი გადაწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. თავდაპირველად რთული მეგონა, ისე ხატავდნენ ყველაფერს, პიკასოს ნახატიდორა მაარი კატით”, რომელიც ახლა ჩემი საკუთრებაა, მარტივ ქმნილებად აღვიქვი ლამის, მაგრამ, ახლოს რომ მიხვალ და დაინახავ, იოლია. ყოველ შემთხვევაში, აქ იოლია. ფულს სუნი არ აქვსო, _ გაგონილი გექნება შენც, მაგრამ საკმარისია, ბევრი გამოაჩინო და სუნზე ყველა მოდის, ყველა გიცინის და სინამდვილეში ხომ ვიცი, გულში რა უდევთ _ არავის ეყვარები რეალურად, მხოლოდ იმ მომენტამდე გცემენ პატივს, სანამ ფული გაქვს, მაგრამ, როგორც კი იგრძნობენ, რომ შენს ბიუჯეტს რაღაც მოაკლდა, მაშინვე ცხვირს წაიგრძელებენ, სხვა მხრიდან ხომ არ მოდის ფულის სუნიო.

არ მიწყენ, იმედია, რამდენიმე რჩევა რომ მოგცე. რაც უნდა იყოს, შენზე მეტი გამოცდილება მაქვს და, თანაც, აქაურობაც ამერიკის არჩევნებს დაემსგავსა _ ორი პარტია იბრძვის რეალურად პარლამენტში მოსახვედრად და, მე რომ არ მევარგა, მართლა ორი გავიდოდა ბოლოში. მოკლედ, მინისტრთა კაბინეტის შერჩევისას დიდი სიფრთხილე გმართებს. კარგი გარეგნობის მინისტრები არ ამართლებენ. მყავდა რამდენიმე და ერთი დავტოვე ბოლოს. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ატარებს, ხან წვერი მოუშვა, ხან _ ბულანჟე, ხან თმა დაიგრძელა და ახლა ისეთი ულვაში აქვს, ზაურს შეშურდება. ზაური შენ არ გეცოდინება, ქართული ფილმის გმირია, “რაჭა ჩემი სიყვარული” ჰქვია… ჰოდა, ახლა იმას ვფიქრობ, ვიზიტით რომ წავა სადმე, საზღვარზე როგორ გადაუშვებენ, უულვაშოა პასპორტის სურათში… მოკლედ, მინისტრებზე გითხარი და იმასაც დავამატებ, რომ გენდერულ თანასწორობაზე მაინცდამაინც ბევრს ნუ იფიქრებ, თორემ ქალი, რომ დანიშნავ თანამდებობაზე, ოჯახის წევრებით გაგივსებს სამსახურებს და ატყდება მერე აბავი, _ ნეპოტიზმიო, კლანებიო… არა, შენ კი არაფერი, მაგრამ ჟურნალისტები მოგიშლიან ნერვებს. ნერვების მოშლა კიდევ არ ღირს, ნერვები თუ იშალე, რაღა გასართობია…

დამიჯერე, არ ისწავლო სიტყვა კოაბიტაცია. მე ძალით მასწავლეს. თავდაპირველად მომწონდა კიდეც, მეგრულ გვარს ჰგავდა რაღაცნაირად და ჩემი დედაქალაქის მერი ამბობდა ძალიან სასაცილოდ, მაგრამ ბოლოს მე გამხადა სასაცილო კოაბიტაციამაც და მერმაც. ბიჭო, წინასაარჩევნოდ ხალხს დაჰპირდა, მილიონი ხე უნდა დავრგო თბილისშიო. მაშინვე გადავიანგარიშე გონებაში, ერთი ხე სამი მილიონი დამიჯდა და ამას მილიონი ხის დარგვა უნდა-მეთქი. კი მივხვდი, მიქარული მქონდა, მაგრამ რაღა დროს, კანდიდატს ხომ არ შევცვლიდი?! ესეც გაითვალისწინე, რომ მიხვდები, შეგეშალა, მაშინვე ნუ აღიარებ, აცადე ცოტა, ეგებ გამოასწოროს, თუ არადა, მერე ერთი ჩასჩურჩულე ყურში და ნახევარ საათში წავა თანამდებობიდან. ასეთ მომენტში ისეთი სახე მიიღე, თითქოს შენც გაგიკვირდა, თითქოს არ იცოდი, მაგრამ ყველაფერი აკონტროლე მაინც.

კოაბიტაციას დავუბრუნდეთ. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნა და რა მაგალითი მოგიყვანო. უი, გამახსენდა. ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ურთიერთობა ხომ გახსოვს? ისიც ხომ გახსოვს, რას უშვებოდა ბილი მონიკას? ჰოდა, ჰილარი რომ ამას შეეგუა და ბილი არ მოიშორა, მონიკამ კიდევ მილიონები აკეთა მემუარების წერით, ეგ არის კოაბიტაცია. წინა ხელისუფლება ექცეოდა საკუთარ ხალხს სწორედ ასე, როგორც ლევინსკის _ კლინტონი და, ამის მიუხედავად, კოაბიტაციის რეჟიმი ჩაგვირთეს. ისე, მაშინ მე დამაბრალეს ეგ ამბავი, ბიძინამ ვერ გაიმეტა ნაცებიო და აგერ, ამ არჩევნებზე, მე კი არა, ნახევარმა მილიონმა ვერ გაიმეტა და იცი, რას მივხვდი? ნახევარი მილიონი მონიკა გვყავს საქართველოში. ახლა, შენი მისწრაფება და ქალების სიყვარული რომ ვიცი, მაშინვე აქეთ ნუ გამოვარდები, _ ბევრი მონიკააო, გადატანითი მნიშვნელობით გითხარი ეგ და მანდაც გამოიყენე ხოლმე გადატანითი მნიშვნელობით რაღაცები, გამოგადგება, დამიჯერე.

ჰოდა, იმას გეუბნებოდი, შემოიკრიბე მეტ-ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი პოლიტიკოსები, ოთხი წელი გვერდში გყავდეს, მთლიანად შენზე დამოკიდებული გახადე და ოთხი წლის შემდეგ ხელის ერთი დაქნევით რომ დაიქნევ (ქნევა არ შეგეშლება შენი ბეგრაუნდის კაცს), მარტო დარჩები პრაქტიკულად პოლიტიკურ ველზე, უფრო ზუსტად _ შენ და მონიკები, რაც უნდა გაუკეთო, მაინც ის რომ ურჩევნიათ… ძველი დრო… დაგიდგება მერე კარზე რიგი, მე აქ დამასაქმე, მე _ იქო, მაგრამ არ უნდა აჰყვე, თორემ გაგაგიჟებენ. ჟურნალისტები არ მიიჩვიო ძალიან, მიჯირყვნე ხოლმე, ჩაეკითხე, ეკამათე, ფილოსოფოსების ფრაზებით ესაუბრე და ეგ ამართლებს ძალიან _ აქ ტელევიზიების ჟურნალისტების უმრავლესობას, ფილოსოფოსები კი არა, სოციალურ ქსელებში ორსიტყვიანი სტატუსების მეტი არაფერი აქვს წაკითხული, ამიტომ მაგათი არ შეგეშინდეს, რამდენიც გინდა, ეკამათე, ბოლოს გამარჯვებული გამოხვალ.

ანეკდოტები მოუყევი ხოლმე თვეში ერთხელ ჟურნალისტებს. მერწმუნე, მთელი ერთი კვირა სალაპარაკო მეტი არაფერი ექნებათ, შენ კი მშვიდად შეცვლი რომელიმე მინისტრს და ისინი ისევ იმ ანეკდოტზე ისაუბრებენ. ვალუტის კურსი თუ გაგექცა, პანიკაში არ ჩავარდე და, სანამ კომენტარს გააკეთებ, შენს აქტივებს გადახედე. მიხვდები, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება და კომენტარიც მშვიდი და გაწონასწორებული იქნება.

გლობალური დათბობის შესახებ შენი განცხადება მოვისმინე და მომეწონა. ამინდის შეცვლა ხელოვნურად მე ნამდვილად არ მეშლება, ბოლოს და ბოლოს, პინგვინისთვის სულ ზამთარი მაქვს და ზებრა საჰარის უდაბნოს ქვიშაზე დამირბის ეზოში, მაგრამ არ ღირს მსოფლიოს ბუნებაში ჩარევა და, მაგ თანხებს თუ დაზოგავ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩადე და გეტყვი რატომაც _ რომ შეგეკითხებიან, რა გააკეთეო, პასუხი ყოველთვის გექნება. აბა, შენ თუ ოთხ წელიწადში გინდა ამერიკის გამოსწორება და სხვა რელსებზე გადაყვანა, არ გამოგივა. დრო სჭირდება ამას, დრო კიდევ, შენც იცი, ფულია.

ხელფასს რომ არ იღებ, მომეწონა. მეც არ ვიღებდი პრემიერობისას, მაგრამ ეს აღარ ახსოვს არავის. აიღებ-არ აიღებ… ერთი ფასი აქვს მაინც და ჩვენი მდგომარეობის ხალხისთვის რა სჯობს, თვითონ განსაჯე.

პირველ ეტაპზე ეს იყო. საქართველოში ჩამოსვლას რომ დააპირებ, მითხარი და კარგად გაგიმასპინძლდები. ოღონდ არ დამიწყო მერე, მიშა ჩემი ძმაკაცია, ეგებ აპატიოო. არ იცის მაგან ძმაკაცობა და ურთიერთობა, ხომ ხედავ, უკრაინიდანაც გააბუნძულეს და ამ სიტყვას, “გააბუნძულეს”, თუ ვერ გადაგითარგმნის თარჯიმანი, მე აგიხსნი. გაბუნძულება ის არის, რაც შენ უქენი დემოკრატებს თეთრი სახლიდან. ჰოდა, ისე მოიქეცი, ოთხი წლის მერე შენზე არ მომიწიოს ამის დაწერაკოლეგა ხარ მაინც

1 COMMENT

  1. საინტერესოა რომელ საგიჟეთში გყავთ დამწყვდეული ეს უბედური რეპტილოიდი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here