Home რუბრიკები პოლიტიკა კართან მოდგა ოსმალეთი

კართან მოდგა ოსმალეთი

1114

ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა დღითიდღე უარესდება. დიალოგის შეწყვეტა რეალურ საფრთხედ იქცა. რას მოუტანს საქართველოს თურქეთის შესაძლო იზოლაცია ევროპისგან და მისი ახალი საგარეო პოლიტიკა, რომელიც სულ უფრო აქტიური და ძნელად განსაჭვრეტი ხდება?

მე ვარ თურქი, მაშასადამე _ ევროპელი?

24 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ევროკავშირში თურქეთის გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის რეკომენდაციით. მთავარ მიზეზად დასახელდა რეპრესიები, რომლებსაც ერდოღანის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიმართავს. ევროპარლამენტის მომხსენებლის _ კატი პირის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში შეთქმულების მხარდაჭერის ბრალდებით თურქეთში დევნა განიცადა და სამსახური დაკარგა 110.000-ზე მეტმა ადამიანა, დაიხურა თითქმის ყველა დამოუკიდებელი გამოცემა, ხოლო 145 ჟურნალისტი ციხეში აღმოჩნდა. ამ კონტექსტში, საინტერესო იქნება იმ მონაცემების მოყვანა, რომლებიც გასულ კვირას თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა გამოაქვეყნა _ ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან ბრძოლის ფარგლებში დაპატიმრებულია 36951 პირი, გამოძიება სულ 92607 პირით დაინტერესდა; ეს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბებია.

ევროკავშირის კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში _ ფედერიკა მოგერინი რთულ მდომარეობაში აღმოჩნდა. ევროპარლამენტარების ინიციატივა საფრთხეს უქმნის მოლაპარაკების პროცესს, უპირველესად კი, მარტში მიღწეულ შეთანხმებას მიგრანტების თაობაზე, რომლის ფარგლებში, ევროპის კარიბჭესთან ლტოლვილების “მეცხრე ტალღის” შეჩერების სანაცვლოდ, თურქეთს ევროინტეგრაციის დაჩქარება, ფინანსური დახმარება და უვიზო რეჟიმი უნდა მიეღო. ბოლო საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა: თუ წლის ბოლომდე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ შემოიღებს, თურქეთი უარს იტყვის შეთანხმებაზე ლტოლვილების რეადმისიის თაობაზეო. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობის მუქარის არ ეშინია და ის თვითონ არის დამნაშავე, რომ პროცესი ჩიხში შევიდა, რადგან არ სურს, შეცვალოს კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც მოქალაქეებს ქვეყნიდან თავისუფალ გასვლას უკრძალავს. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლები პრაქტიკულად ყოველდღე ადანაშაულებენ თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში და სანქციების შემოღებასაც კი მოითხოვენ. ვალში არც ერდოღანის ხელისუფლება რჩება, რომელიც ოპონენტებს ტერორიზმის ხელშეწყობაში, თურქეთში აკრძალული “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდაჭერასა და ტყუილში ადანაშაულებს.

ბრიუსელელი მაღალჩინოსნები იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ ევროპელი საზოგადოების შეშფოთება რეპრესიებზე, მაგრამ, ამასთანავე, ისინი წევრი სახელმწიფოების, უწინარესად კი, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობების ზემოქმედებას განიცდიან, რომლებსაც არ სურთ, შეთანხმება მიგრანტების თაობაზე გაუქმდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორმალური თვალსაზრისით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას თურქეთის პრობლემებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა რეალურად პროცესის შეფერხების მთავარი მიზეზია, რადგან საქართველოსთვის (უკრაინასთან ერთად თუ მის გარეშე) უვიზო რეჟიმის მინიჭება თურქეთის იგნორირების პირობებში ერდოღანის ხელისუფლებისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იქნება და კონსენსუსის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.

გაფართოებადადაბრუნება

თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების დაკვირვების პროცესში შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ერდოღანის მთავრობა ცდილობს, რაც შეიძლება რადიკალური განცხადებები გააკეთოს. ამას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი, ყოფილი პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ თავის მონოგრაფიაში “სტრატეგიული სიღრმე” (2001) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობდა, დაეფუძნებინა საგარეო პოლიტიკა ათათურქის პრინციპზე “მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მთელ მსოფლიოში”. ის ფრიად იდეალისტურად გამოიყურება, თუმცა მის უკან სავსებით პრაგმატული გათვლა იდგა _ იმ პერიოდში, როდესაც წამყვანი იმპერიალისტური სახელმწიფოები ძლევამოსილების პიკზე იმყოფებოდნენ, ქემალისტური თურქეთი ცდილობდა, მათთან შეჯახების საფრთხე მინიმუმადე დაეყვანა. ამას მოჰყვა ორი მთავარი შედეგი _ თურქეთმა “ურისკო საგარეო პოლიტიკის” გატარება დაიწყო, ფაქტობრივად, უარი თქვა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და საგარეო გამოწვევების მიმართ ტაქტიკური რეაგირების რეჟიმში გადავიდა. ამასთანავე, მან მჭიდროდ დაუკავშირა თავისი მომავალი ნატოსა და ევროკავშირს და დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გატარებაზე უარი თქვა. ამან, საბოლოო ჯამში, თურქეთი აშშ-ის სატელიტად გადააქცია, მისი ავტორიტეტი კი რეგიონში მკვეთრად დაეცა.

დავუთოღლუ თურქეთის პოლიტიკურ ელიტას ამ მიდგომის გადახედვისკენ, ახალი საგარეო პოლიტიკის ფორმირებისკენ მოუწოდებდა, მით უმეტეს, რომ ამისთვის შესაბამისი წინაპირობები გაჩნდა. “ცივი ომის” დასრულების შემდეგ თურქეთის ეკონომიკა სწრაფად განვითარდა და მსოფლიო ეკონომიკების ტოპ-ოცეულში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლიდერ ქვეყნებთან შედარებით ბევრი სასარგებლო წიაღისეული არ აქვს და არც თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობს. განვითარების ტემპი XXI საუკუნის დასაწყისში ისეთი მაღალი იყო, რომ 2023 წლისათვის თურქეთის ხელისუფლებამ მთავარ მიზნად დასახა წამყვანი ეკონომიკების ტოპ-ათეულში შესვლა. ეკონომიკური გაძლიერების ფონზე გაჩნდა გაცილებით ამბიციური საგარეო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და სურვილი, მით უმეტეს, რომ რეგიონში მასშტაბური კრიზისი დაიწყო, ხოლო წამყვანი მოთამაშეების მდგომარეობა გართულდა.

ყოველივე ეს აისახა ერდოღანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სტილსა და რიტორიკაზე, “ძლიერებთან ამა ქვეყნისა” კომუნიკაციისას ის გაცილებით თამამი გახდა. აქ მნიშვნელოვან როლს ფსიქოლოგიური, სუბიექტური მოტივები, თვითდამკვიდრებისა და მრავალწლიანი დუმილის კომპენსირების სურვილი ასრულებს. ამასთანავე, გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანი მოწადინებულია, მოსახლეობის თვალში ძლიერ ლიდერად წარმოჩნდეს. მან უკვე გააგებინა მსოფლიოს, რომ თურქეთის ძველი საგარეო პოლიტიკა, რისკების მინიმიზაციითა და დამამშვიდებელი რიტორიკით, აღარ დაბრუნდება, თუმცა მისი ქვეყნის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები ექსპერტებისთვის კვლავინდებურად ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დავუთოღლუმ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახა “ნული პრობლემა მეზობლებთან”, მის ნაშრომში გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა “აჩილიმი”, რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “გავლენის სფეროების გაფართოება” და “დენიუში”, ანუ “დაბრუნება”, ხოლო ჩარღმავება ამ საკითხში ცხადყოფს, რომ “ნულ პრობლემაში” იგულისხმება პრობლემების გადაწყვეტა ისე, როგორც ეს თურქეთის ხელისუფლებას წარმოუდგენია და ამის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს მისი მოქმედება სირიასა და ერაყში.

ოსმალეთი თუ თურქეთი?

დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური აზრი თურქეთში ოთხი ძირითადი მიმართულებით ვითარდება, მათ შორისაა: 1. ახალი ოსმანიზმი; 2. ახალი ისლამიზმი; 3. რადიკალური პროდასავლურობა; 4. თურქიზმი. ის მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია თურქეთის საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება ამ ოთხი ვექტორის სინთეზის საფუძველზე; მეტიც, ეს აუცილებელია, რადგან თითოეული მათგანი მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

ჩავუშოღლუ წინააღმდეგია იმისა, რომ მის მიერ შემუშავებულ საგარეო კურსს, ნეოოსმანური უწოდონ, მაგრამ უამრავი ექსპერტი ამას მაინც აკეთებს და, შესაძლოა, ხედავს კიდეც გარკვეულ კავშირს დღევანდელ თურქეთსა და ძველ იმპერიას შორის, ყოველ შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ისაა, რომ თურქული “პროდასავლურობა”, რომელიც ქემალისტური იდეების ტრიუმფის პერიოდში სასათბურე პირობებში ვითარდებოდა, დღეს, განსაკუთრებით კი გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ნაკლებად პოპულარულია. აშკარაა, რომ თურქებს აღარ აკმაყოფილებთ ვაშინგტონის უსიტყვო მორჩილება და მათი ამბიციები სატელიტობას სცდება. ახალი როლის ძიების პროცესში თურქეთმა შეიძლება საკმაოდ ხისტ, მეტიც, აგრესიულ პოლიტიკას მიმართოს, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ _ ქართველი “პროდასავლელები” რეალობისთვის თვალის გასწორებაზე უარს ამბობენ და თურქეთს კვლავინდებურად მხოლოდ ვაშინგტონის ნების გამტარებლად წარმოაჩენენ. როგორც ჩანს, მათ არ ჰყოფნით გონიერება და გამბედაობა იმისთვის, რომ რეგიონში შექმნილი ახალი სიტუაცია ობიექტურად აღწერონ.

ერდოღანი აგრძელებს მწვავე კამათს ევროპელ ჩინოვნიკებთან და მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის “მოსაცდელში”, სადაც მისმა ქვეყანამ ათწლეულები გაატარა, გაჩერებას აღარ აპირებს. მან განაცხადა, რომ თურქებმა საკუთარი დამოკიდებულება ევროინტეგრაციის მიმართ შეიძლება მომავალ წელს საგანგებოდ დანიშნულ რეფერენდუმზე გამოხატონ. თუ თურქეთის გაწევრება ევროკავშირში დღის წესრიგიდან მოიხსნება, საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივები პრაქტიკულად განულდება, რადგან ის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თურქეთის ინტერესებსაც შეეწინააღმდეგება. ნაკლებად სავარაუდოა, ასეთ ვითარებაში ევროკავშირის მესვეურებმა თავი გადადონ და ყველა პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ფაქტორის უგულვებელყოფით ჩვენს ევროპულ მომავალზე ზრუნვა დაიწყონ.

საქართველოს ისტორიას ერთ მარტივ დასკვნამდე მივყავართ – უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ვემზადოთ. ერდოღანს სურს, კონსტიტუცია შეცვალოს და თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადააქციოს, რაც მკვეთრად გაზრდის მის კონტროლს ხელისუფლებაზე. დიდია ალბათობა, რომ ახლო მომავალში თურქეთში ჩამოყალიბდება ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ევროკავშირსაც დაუპირისპირდება და მეზობლების მიმართ გაცილებით რადიკალური გახდება და ამან ოფიციალურ თბილისს შეიძლება რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება და საექსპერტო საზოგადოება თურქეთში მიმდინარე პროცესებს გაათმაგებული ყურადღებით უნდა დააკვირდეს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. როგორც ძაღლია კატის ბიოლოგიური მტერი და კატა თაგვის, ასევეა თურქეთი საქართველოს მიმართ. ეს აქსიომაა და კიდევ დიდი ხანი არ შეიცვლება.

  2. დაპატიმრებულია 36951 პირი….. ეს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბებია…
    სააკაშვილს 22000 ადამიანი ჰყავდა დაპატიმრებული. თუ შევადარებთ საქართველოს და თურქეთის მოსახლეობის რაოდენობას (დაახლოებით 1:17), ერდოღანს კიდევ შეუძლია 300 000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება, მიშას რომ დაეწიოს. არ არის ასე?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here