Home რუბრიკები საზოგადოება არალის ზღვა, როგორც ყველა სისტემის მსხვერპლი

არალის ზღვა, როგორც ყველა სისტემის მსხვერპლი

5543

ერთ დროს წყალუხვი მარილოვანი ტბა, არალის ზღვად წოდებული, რომელიც 1970-იან წლებამდე თავისი ფართობით პლანეტაზე დიდ ტბებს შორის მეოთხე ადგილს იკავებდა, დღეს თითქმის აღარ არსებობს – ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის უდაბნოში გაშლილი ამ ტბის ნაცვლად რუკაზე მხოლოდ რამდენიმე პატარა, წუმპის მსგავსი ტბაღა დარჩა. არალის ზღვის დაახლოებით 90 პროცენტი აორთქლდა და აღარ არსებობს, მისი ადგილი კი უდაბნომ დაიკავა.

არალის ზღვის ეკოლოგიური კატასტროფა განპირობებულია 1950-იანი – 1960-იანი წლების მიჯნაზე არალის ზღვაში შემავალი ორი მძლავრი მდინარის – ამუდარიისა და სირდარიის წყლების უკონტროლო გამოყენებით. ბამბის მეურნეობას და ეკონომიკის სხვა დარგებს აუცილებლად სჭირდებოდათ მდინარის წყალი, მაგრამ ამ რესურსის გამოყენება არაგონივრულად მოხდა. ჯერ კიდევ 1917 წლამდე, მეფის რუსეთში, ვინმე ვოიკოვმა წამოაყენა წინადადება, ამუდარიისა და სირდარიის წყლების გასარწყავებად გამოყენების თაობაზე. არალის ზღვას მან „წყლის უსარგებლო ამაორთქლებელი“ უწოდა. თუმცა ამ „უსარგებლო ამაორთქლებლის“ გარეშე რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის მოწმე გახდა: მდინარეების დელტა დაშრა, მოსახლეობა სასმელი წყლის საშინელ ნაკლეობობას განიცდის; მდინარეებიდან გაქრა თევზის თითქმის ყველა სახეობა, არადა, აქ 40-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა; მოსახლეობა, რომელიც თევზის რეწვით ირჩენდა თავს (არალის ზღვაზე თევზსაჭერი ფლოტილია არსებობდა), უმუშევარი დარჩა. ზედაპირის წყლების გადანაცვლებამ გრუნტში (ბამბის პლანტაციების მორწყვის შედეგად) მიწის ზემოთ მარილის მასები ამოიტანა, შედეგად კი ნიადაგი უნაყოფო გახდა, მისი გაწმენდა სულ უფრო და უფრო მეტ წყალს მოითხოვს; მდინარეების გასწვრივ ხეები გაიკაფა ან განადგურდა, თვით მდინარის სათავეებთან, პამირის მთებშიც კი. ზაფხული გარდასულ დროსთან შედარებით უფრო მშრალი და ცხელია, ზამთარი – უფრო მკაცრი; მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ბევრი მათგანი იძულებული გახდა, გადასახლებულიყო სხვა რაიონებში ან სულაც საზღვარგარეთ… ასე იცის ბუნებასთან ბოროტმა თამაშმა, ადამიანის სიხარბემ და წინდაუხედაობამ.

ვოიკოვის „ბრძნული“ იდეები ბოლშევიკებმაც აიტაცეს. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, „არალის ზღვა უნდა დაიღუპოს ისე, როგორც ჯარისკაცი ბრძოლაში“. ერთადერთი, ვინც მდინარის წყლების რაციონალური გამოყენების საკითხი დასვა, იოსებ სტალინი იყო. სტალინმა პრობლემის მოგვარების სამი ვარიანტი განიხილა და მათგან ყველაზე გონივრული ამოარჩია. მისი აზრით, მდინარე ამუდარიიდან არხის გაყვანა უნდა მომხდარიყო ქალაქ ტახიატაშთან, რომელიც ამუდარიის დელტაზე მდებარეობდა. ეს ვარიანტი გონივრული იყო, რადგან მდინარის ზედა ნაწილიდან წყლის გადაქაჩვა ქვედა ნაწილს დააზიანებდა, განსაკუთრებით დელტას. სამართლიანი იქნებოდა, რომ დელტის მოსახლეობას ჰქონოდა წყლის რესურსების განაწილებაზე მეტი გავლენა. სტალინური პროექტით, არხს ერქმეოდა მთავარი თურქმენული არხი, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, უპასუხისმგებლო ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ყარაყუმის არხის გაყვანა, რომელიც მდინარის ზედა წელში, თურქმენეთ-ავღანეთის საზღვართან იწყება. სწორედ ყარაყუმის არხმა განაპირობა არალის ზღვის ზეჩქარი დაშრობა, ამ ქვიშანარევ არხში გაედინება ამუდარიის წყლების დაახლოებით ნახევარი.

თუმცა საბჭოთა სოციალისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადასვლამ ეკოლოგიური კატასტროფის გაღრმავება არ შეაფერხა. არალის ზღვის დაშრობის პიკი 2014 წელზე მოდის. მას შემდეგ წყლის მასამ ოდნავ მოიმატა, მაგრამ მეტი დადებითი აღარაფერი მომხდარა. პირიქით, არალის ზღვის ნარჩენებიც საფრთხის წინაშე დადგა (რაც ტოტალურ ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს), რადგან უზბეკეთი ვერ უძლებს ცდუნებას, არალის ზღვის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად არალკუმის უდაბნო გაჩნდა, დაზვეროს და მოიპოვოს ნავთობი და გაზი. უზბეკეთის ამ მისწრაფებას, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „უზბეკნავთობგაზი“ წარმოადგენს, გამოეხმაურნენ რუსული „ლუკოილი“ და ჩინური „სი-ენ-პი-სი“. ამჟამად გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები დასასრულ ფაზაში შევიდა, მალევე იგეგმება ორი სატესტო ჭაბურღილის გათხრა.

2005 წელს ზემოთ აღნიშნულმა კონსორციუმმა შექმნა ერთობლივი საწარმო „Aral Sea Operating Company”, გეოლოგიური-დაზვერვითი სამუშაოების განსახორციელებლად. ოპერატორმა კომპანიამ დღეის მდგომარეობით დაადგინა, რომ საძიებო ტერიტორიაზე დასტურდება 16 მლნ. ტონა ნახშირწყალბადების მარაგი. ცნობისათვის, საერთაშორისო პრაქტიკაში დიდ ნავთობსაბადოდ მიიჩნევა საბადო, რომლის ნავთობის მარაგი შეადგენს 30 მლნ. ტონას და მეტს (გაზისა კი 30 მილიარდი კუბური მეტრიდან ზევით). შესაბამისად, 16 მილიონი ტონა ნავთობი არის საშუალო მოცულობის საბადო და, ეკოლოგიური რისკების გათვალისწინებით, იგი ვერ იქნება საშუალება, რომელიც უზბეკეთს გაამდიდრებს. ამიტომ, არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს ავანტიურას, რომლის უკან გეოპოლიტიკური ინტერესები იმალება და ეკონომიკა ნაკლებ პრიორიტეტულია.

რისკები კი სერიოზულია. პირველ ყოვლისა, სავარაუდო გათხრებისა და დაზვერვის ტერიტორია („უმიდი“, „დასავლეთი არალი“ და „აკ-ტეპე“) მოიცავს არალის ტბის ჯერ კიდევ შემორჩენილ წყლის მარაგებს (სამუშაოების მხოლოდ ნახევარი ხორციელდება ხმელეთზე). უზბეკეთის მხარეს არსებული წყლების ხელოვნური დაშრობა ავტომატურად გამოიწვევს ყაზახეთის მხარეს დარჩენილი წყლის მარაგების დაშრობასაც და არალის ტბა სრულად გაქრება დედამიწის ზურგიდან. რეგიონში მუდმივად გაბატონებული და სეზონური ქარები აიტაცებს ქიმიკატებით გაჟღენთილი ქვიშის, მარილისა და მტვერის ნაწილაკებს და ამ რეგიონიდან შორს წაიღებს, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას როგორც უზბეკეთში, ისე მეზობელ ქვეყნებში.

არალის ზღვას ბედი არ ჰქონია, მას არც ცარიზმის ეპოქაში, არც სოციალიზმის და არც პოსტმოდერნული კაპიტალიზმის პირობებში სწყალობენ. საოცარი არსებაა ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. ამ წერილმა ანდაზა გამახსენა_მულს ეუბნებოდნენ და რძალს ეყურებოდესო.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან ცუდია,რადგან მთელი მსოფლიოს ეკოლოგიაზე მოქმედებს.მაგრამ ჩვენი საკუთარი მდინარეებისთვის ხომ არ მიგვეხედა ჯერ და კავკასიონისთვის,რომელიც კატასტროფული სიჩქარით დნება?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here