Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკაში _ ტრამპი, საფრანგეთში – ლე პენი?

ამერიკაში _ ტრამპი, საფრანგეთში – ლე პენი?

601

ტრამპის გამარჯვება ამერიკაში ზრდის ჩემს შანსებს საფრანგეთის პრეზიდენტი გავხდე”, _ აცხადებსეროვნული ფრონტისლიდერი მარინ ლე პენი. რამდენად ახლოა ის წარმატებასთან და რა გავლენას მოახდენს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება, საფრანგეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების მომავალზე?

ლიბერალები პანიკამ მოიცვა

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ “ლიბერალური ინტერნაციონალი” შოკში ჩააგდო. ევროპელი ლიბერალები გულის ფანცქალით ელოდებიან არჩევნებს საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში. ბევრი კომენტატორი, რომლებსაც ლე პენის გამარჯვება წარმოუდგენლად მიაჩნდათ, დღეს მის შესაძლებლობაზე სრული სერიოზულობით მსჯელობენ.

თუ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს შევაჯერებთ, ვნახავთ _ საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენი ხმების დაახლოებით 27-29%-ს მიიღებს, ხოლო მისი კონკურენტი რესპუბლიკელი 30%-ზე ოდნავ მეტს. თუ ვინ გახდება რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი ამ კვირაში გაირკვევა. 20 ნოემბერს გაიმართა პრაიმერი, სადაც ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა პრემიერმინისტრებმა: ფრანსუა ფიიონმა (2007-12) და ალენ ჟუპემ (1995-97) დააგროვეს – 44 და 28,1 პროცენტი შესაბამისად. ისინი გავიდნენ პრაიმერის მეორე ტურში, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 22,1 პროცენტით ასპარეზობას გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამ შიგაპარტიულ ორთაბრძოლაში არჩევნების ფავორიტი და ლე პენის მთავარი მოწინააღმდეგე, სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება, რადგან მოქმედი პრეზიდენტის _ ფრანსუა ოლანდის (და, საზოგადოდ, სოციალისტური პარტიის) მდგომარეობა საკმაოდ რთულია და მისი გასვლა მეორე ტურში სათუო ჩანს, სხვა კანდიდატებზე რომ არაფერი ვთქვათ.

გამოკითხვები, აგრეთვე, აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლე პენი პირველ ტურში მეორე ადგილზე გავა ან, სულაც, ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს (და ამის ალბათობა არც ისე მცირეა), მოხდება ის, რაც 2002 წელს, როდესაც მისმა მამამ, ჟანმარი ლე პენმა ყველასათვის მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა მოახერხა. იმხანად მის წინააღმდეგ გაერთიანდა უკლებრივ ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ჯგუფი და მან მძიმე მარცხი იწვნია _ შირაკმა მიიღო 82,21%, ლე პენმა _ 17,79%. სოციოლოგების შეფასებით, ამჯერად სხვაობა უფრო მცირე იქნება და მარინ ლე პენს მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი დაუჭერს, თუმცა გამარჯვებაზე ვერ იოცნებებს, მაგრამ დონალდ ტრამპის წარმატებამ ამერიკაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა – აღმოჩნდა, რომ კანდიდატმა, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოკითხვებში ჩამორჩებოდა, შეიძლება გაიმარჯვოს. დღეს პოლიტიკური ექსპერტები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები კიდევ ერთ საინტერესო ფენომენზე მსჯელობენ – ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი გამოკითხვების დროს თავის სიმპათიებს მალავდა და გამორიცხული არ არის, რომ ანალოგიური რამ საფრანგეთშიც ხდება. მაშინ, როდესაც მასმედიაში “ლიბერალური ინტერნაციონალის” წარმომადგენლები დომინირებენ, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ოპონენტი დემონიზაციის ან დაცინვის ობიექტად აქციონ, ყველას როდი სურს, თავისი თვალსაზრისი საჯაროდ გამოხატოს და ამას მხოლოდ საარჩევნო უბანზე აკეთებს.

მარინ ლე პენის უპირატესობა არა იმდენად მის ევროსკეპტიკურ და ნაციონალისტურ ლოზუნგებშია, რამდენადაც იმაში, რომ თავს არსებული სისტემის მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა დონალდ ტრამპმა ამერიკაში. ის ადამიანები, რომლებიც ჩუმ პროტესტს უცხადებენ სისტემის უსამართლობას, მარინ ლე პენის მთავარი რეზერვია და მათ ზუსტ რაოდენობას დღეს ვერც ერთი სოციოლოგიური სამსახური ვერ დაადგენს. ამასთანავე, ლე პენმა შეიძლება გამოიყენოს ამომრჩეველთა კიდევ ერთი მოტივი, რომლის გასაშიფრად საფრანგეთის უახლესი ისტორიის გახსენება მოგვიწევს.

ძველი დიდება სულს ისე მოსწყურდა

“ახალი ნაციონალიზმი”, ევროსკეპტიციზმი, უკონტროლო მიგრაცია, ისლამისტური ტერორიზმის საფრთხე, ამბოხი მულტიკულტურიზმისა და პოლიტკორექტულობის ლიბერალური ინტერპრეტაციის წინააღმდეგ _ ეს საკითხები მარინ ლე პენის წინასაარჩევნო რიტორიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად “გაპიარებული” თემა. 2000 წელს გამოსულ წიგნში “ფრანგები. ფიქრები ერის ბედზე” საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (1974-81) ვალერი ჟისკარ ესტენი წერდა “ცნობიერების მოუშუშებელ ჭრილობაზე ფრანგების იმ ნაწილში, რომელიც უარს ამბობს, მიიღოს სამყარო ისეთად, როგორიც ის გახდა, და დაიკავოს მასში ადგილი, რომელიც ობიექტურად გვეკუთვნის”. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგების ნაწილი ვერ შეეგუა ქვეყნის როლის დაკნინებას, რომელიც 1940 წლის კატასტროფული მარცხის შემდეგ დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაგრძელდა (მარცხი ინდოჩინეთში, ალჟირში, სუეცის კრიზის დროს, იმპერიის კრახი, ქვეყნის როლის შემცირება საერთაშორისო არენაზე და ევროკავშირის შიგნით). მოსახლეობის ნაწილს კვალვინდებურად სწყურია დიდება და ის ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც ააფრიალებს დონალდ ტრამპის ლოზუნგს “გავხადოთ ამერიკა (ამ შემთხვევაში საფრანგეთი) კვლავ დიადი”, სავარაუდოდ, დიდ წარმატებას მიაღწევს. ცხადია, ეს არ ნიშნავს ნაპოლეონის მეთოდების გამოყენებას (დრო შეიცვალა და საფრანგეთს არც სათანადო რესურსი აქვს), არამედ საერთაშორისო არენაზე განსაკუთრებული როლის მოძებნას, რომელიც ფრანგებს სიმაყისა და “განსაკუთრებულობის” განცდას დაუბრუნებს.

პრობლემის არსი შესანიშნავად ესმოდა შარლ დე გოლს; ის აცნობიერებდა, რომ აშშ-სსრკ-ის დაპირისპირების პირობებში საფრანგეთი დამოუკიდებელ “პოლუსად” ვერ გადაიქცეოდა, მაგრამ შეძლო გამხდარიყო “ხიდი” ამოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მთავარი შუამავლის როლი შეესრულებინა. მან შექმნა დოქტრინა, რომელიც გასული საუკუნის 60-80-იან წლებში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა. ფრანგული დიპლომატია მართლაც იქცა “განმუხტვის” მთავარ არქიტექტორად, ფასდაუდებელია მისი როლი ჰელსინკის აქტის მომზადებისა და ხელმოწერის (1975) პროცესში და ა.შ. იმ პერიოდში ფრანგები ათვითცნობიერებდნენ, რომ, ყველა პრობლემის მიუხედავად, მათი ქვეყანა მსოფლიოში მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ ფუნქციას ასრულებდა.

მაგრამ “ცივი ომის” დასრულების შემდეგ საფრანგეთმა ეს შესაძლებლობა დაკარგა. სოციალისტური ბანაკის დაშლისა და ევროკავშირის გაფართოებისგან ყველაზე მეტი ბონუსი შეერთებულმა შტატებმა (პოლიტიკურად) და გერმანიამ (ეკონომიკურად) მიიღეს, ფრანგებმა კი იგრძნეს, რომ მათი ქვეყნის როლი მკვეთრად და საკმაოდ სწრაფად დაკნინდა. აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიის გავლენის ზრდის დასაბალანსებლად საფრანგეთმა სარკოზის პრეზიდენტობის წლებში “ხმელთაშუა ზღვის კავშირის” შექმნა სცადა, რომლის შემადგენლობაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, შევიდოდა თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის, საფრანგეთის ყოფილი კოლონიები და სამანდატო ტერიტორიები, რომლებზეც მისი გავლენა კვლავინდებურად დიდია. თუმცა ბერლინმა ამ ფორმატის უკან მყისვე დაინახა პარიზის გავლენის ზრდის საფრთხე და ინიციატივა “ბლიცკრიგის ტემპში” დაბლოკა, წინააღმდეგ წავიდნენ, აგრეთვე, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი. მართალია, კავშირი შეიქმნა, მაგრამ ფრიად “დასაჭურისებული” სახით და არანაირი განსაკუთრებული სარგებელი საფრანგეთისთვის მას არ მოაქვს. ამასთანავე, აშშ-ის მზარდი ზეწოლის გამო, პარიზი იძულებული შეიქნა, უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა მასთან ნატოს ფარგლებში და სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში, ფაქტობრივად, ვაშინგტონის სატელიტის როლი შეესრულებინა, რაც ფრანგებს, აგრეთვე, არ მოსწონდათ. მთლიანობაში კი კრიზისი საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში გამოწვეული იყო საერთაშორისო არენაზე ქვეყნის განსაკუთრებული როლის დაკარგვით და ამ თვალსაზრისით ლე პენი ერთ მნიშვნელოვან კოზირს ფლობს.

გენერალი დე გოლის ანდერძი

მარინ ლე პენს არ შეიძლება ეწოდოს შარლ დე გოლის მემკვიდრე. ეს ორი ფიგურა განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციის ნიადაგზე აღმოცენდა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის მიმართ “ეროვნული ფრონტის” ლიდერი სწორედ დე გოლის მანევრის გამეორებას ცდილობს. “საფრანგეთისთვის რუსეთი თანამოსაუბრეა, რომელთანაც ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ყოველთვის ბუნებრივი იყო. ეს პოლიტიკური და ადამიანური რეალობა ძველია, როგორც ჩვენი ქვეყნები, და მათ ისტორიასა და გეოგრაფიას უკავშირდება”, _ ამბობდა გენერალი დე გოლი.

ლე პენი და მისი გუნდი, სავარაუდოდ, აპირებენ, “ახალი ცივი ომის” პირობებში ქვეყანას ზუსტად ის როლი შეასრულებინონ, რომელიც “ძველი ცივი ომის” წლებში ჰქონდა, რათა კრემლმა საფრანგეთი აღიქვას, როგორც ყველაზე სასურველი თანამოსაუბრე, ხანდახან კი ფარული მოკავშირე და “ხიდი”, რომელიც აკავშირებს რუსეთს დასავლეთთან პოლიტიკის, ეკონომიკის თუ კულტურის სფეროში. ამასთანავე, ისინი შეეცდებიან, დაუმტკიცონ ევროპელებს, რომ ევროკავშირის კომუნიკაცია მოსკოვთან ყველაზე კონსტრუქციული სწორედ მათი შუამავლობის პირობებში იქნება. ლე პენის მთავარი არგუმენტი ლაკონურია – კონფრონტაცია რუსეთთან მას აღმოსავლეთით, ჩინეთთან კავშირისკენ უბიძგებს, რაც ევროპისთვის ძალზე წამგებიანია.

თუ შეერთებული შტატების ინტერესი პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ შემცირდება, რაზეც უკვე დაუფარავად საუბრობს არაერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი, ხოლო ევროპის ქვეყნებში ხელისუფლებაში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ორიენტირებული ლიდერები მოვლენ, საქართველოსა და უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება, თანაც ეს შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია და მნიშვნელოვან როლს ამაში საფრანგეთის პრეზიდენტის 2017 წლის არჩევნების შედეგი შეასრულებს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here