ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, რომელიც უკვე ისე არახალია, რომ პოლიტიკაში მოსვლაც მოასწრო და წასვლაც, კვლავ ყურადღების ცენტრში ყოფნას ლამობს და ქართული სნობურ–უინტელექტო ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის პირობებში, გამოსდის კიდეც.
პაატა ბურჭულაძის საარჩევნო კოალიციაში შესვლა-გამოსვლის შემდეგ “გირჩის” ლიდერებმა განაცხადეს _ კლასიკური პოლიტიკიდან გავდივართ და სრულიად ახლებური ტიპის, სოციალურ ქსელებზე ორიენტირებული, შეიძლება ითქვას, ფეისბუქ-პარტია ვხდებითო.
ჯერჯერობით ვერავინ ჩაწვდა, რას ნიშნავს “ფეიქსბუქ-პარტია” და რით შეიძლება ის განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი პარტიისგან. ალბათ, ამას “გირჩი” თავისი მოქმედებით მომავალში დაგვანახვებს. ვერ გეტყვით, რამდენად არის კავშირში ყოველივე ეს “ფეისბუქ–პარტიობასთან”, მაგრამ ასეთად საკუთარი თავის გამოცხადების შემდეგ, პირველი ნაბიჯი, რომელიც “გირჩმა” გადადგა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ოფიციალურად, კანონიერად დაშვების მხარდაჭერაა.
ანუ, “გირჩის” ლიდერებმა მედიის საშუალებით განაცხადეს, რომ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობამ ვერ უნდა გაბედოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა იმის შესახებ, რომ ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია და არ შეიძლება ოჯახი დაერქვას მამაკაცისა და მამაკაცის ან ქალისა და ქალის კავშირს.
მკითხველი, ალბათ, ამას ელოდება, მაგრამ მინდა, იმედი გაგიცრუოთ, რომ ამ წერილის მიზანი არ არის მსჯელობა უშუალოდ ამ საკითხზე. მე მსურს, უბრალოდ, ამ ანალოგიით, არა ერთნაირსქესიანი ადამიანების, არამედ ერთნაირსქესიანი პოლიტიკური პარტიების შესახებ ვიმსჯელო.
ნუ გაგიკვირდებათ! განა შეუძლებელია, “ერთნაირსქესიანი” ვუწოდოთ დღევანდელი საქართველოს თუნდაც ორ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას _ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”?
თუ ამას ეწინააღმდეგებით, დამისახელეთ მათ შორის განსხვავება რომელიმე ორიენტაციაში _ გინდა საგარეოში და გინდა საშინაოში. დამისახელეთ განსხვავება თუნდაც მათ დამოკიდებულებაში “სხვა სქესის” ქვეყნებთან _ მაგალითად, თურქეთთან!
წესით, ყველას უნდა გახსოვდეთ, ვინ “განგვანათლა” პირველად ამ ათიოდე წლის წინათ, რომ ოსმალეთის იმპერიის პირდაპირი მემკვიდრე თურქეთი, ჩვენი, ანუ საქართველოს “მრავალსაუკუნოვანი ძმა და მეგობარია”! რა თქმა უნდა, ეს ჩვენი “ექსტრავაგანტური,” “ხუნტრუცა” და მუდამ “განსხვავებული” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ.
ისიც ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მისი ასეთი უგუნური განცხადების შემდეგ, მთელი 7 თუ 8 წელიწადი, მიშას მოწინააღმდეგეთა სხვა უამრავ არგუმენტს შორის ეს უპირველესი და უმთავრესი არგუმენტი იყო და მას ხშირად წამოაძახებდნენ ხოლმე _ კაცი რომ იტყვის, თურქეთთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებსო, ასეთ კაცს რაღა უნდა ელაპარაკო?!
მიშას არაერთმა კრიტიკოსმა მაშინ ეს მის “არაორდინარულობას” “ექსტრავაგანტურობასა” და “ხუნტრუცა” ხასიათს მიაწერა და იყო მოსაზრებები, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება დინჯი, გაწონასწორებული, მშვიდი და ჭკუადამჯდარი ლიდერი და ასეთი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი არავითარ შემთხვევაში აღარ იტყვის მსგავს სირეგვნესო.
როგორც მეზღაპრეები იტყვიან ხოლმე, გამოხდა ხანი და ჩვენს ქვეყანას ეღირსა სწორედ ასეთი ლიდერი. გიორგი კვირიკაშვილის გარშემო წარმოებული “პიარი” სწორედ ამ მიმართულებისა იყო _ “ჩვენი გაწონასწორებული პრემიერი”, “ჩვენი დინჯი და ჭკუადამჯდარი ლიდერი”…
მაგრამ, ისევ მეზღაპრეების ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ჰოი, საოცრებავ, და _ “თურქ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის” _ ზუსტად ასე განაცხადა თურქეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, ანუ “გაწონასწორებულმა” სიტყვასიტყვით გაიმეორა “ესქსტრავაგანტურის” ნათქვამი ისე, რომ შუბლზე ძარღვიც კი არ შეტოკებია.
რა ვქნათ ახლა? იქნებ როგორმე დავრწმუნდეთ, რომ “ექსტრავაგანტურობასა” და “გაწონასწორებულობაში” არ ყოფილა საქმე, ანუ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ლიდერის ფსიქოემოციურ მახასიათებელს და პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა და მტკივნეულია?
არა? მაინც გვინდა, მთელი ეს სიშტერე რამენაირად “გავაპრავოთ”?
კი, ბატონო, თუ გნებავთ, დაიჯერეთ, რომ ოსმალთა და ქართველთა ურყევი ძმობა და მტკიცე მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ერის ორი ამხელა ლიდერი, თანაც “ექსტრავაგანტურიცა” და “გაწონასწორებულიც”, გეუბნება, _ “ჩაიდანი” ხარო, ერსაც სხვა რაღა დაგვრჩენია და ბოლი უნდა ამოვუშვათ, ხო?!
განსაკუთრებით სავალალო და კომიკურია იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ადრე მიშა სააკაშვილს ასეთი გამონათქვამის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ლანძღავდნენ, ხოლო ახლა, “ოცნების” ფრთის ქვეშ შეყუჟულებს, აღარ სურთ გიორგი კვირიკაშვილის ლანძღვა და ისე “საყვარლად” უძებნიან მის ამ გამონათქვამს რაღაც სულელურ გამართლებას, პირდაპირ აგეტირება კაცს…
მაშ, აბა, ახლა თქვენ თვითონ ბრძანეთ _ არის რაიმე “სქესობრივი” განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის?
ჰო, მართლა, ამ ერთნაირსქესიანთა ახალ “მწყემსად” რომ მოგვევლინა, აი, იმ კაცზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ისე როგორ შეიძლება?!
ზუსტად ისევე, როგორც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ ახალ პრემიერმინისტრს, გიორგი კობახიძესაც, პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელებისთანავე, მსწრაფლ გამოუჩნდნენ მეხოტბეები. თუკი გიორგი კვირიკაშვილის “საპიარო” მთავარი სიტყვა იყო “გაწონასწორებული”, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის “საპიარო” მთავარი სიტყვაა “ნიჭიერი”. სიმართლე ითქვას, ეს თიკუნი ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის და სხვაც ბევრი გვინახავს “ნიჭიერი ვარსკვლავბიჭუნა”, რომელსაც საბოლოოდ ხალხის დიდი ზიზღით დაუმთავრებია თავისი “მოღვაწეობა”.
დიაგნოზის წინასწარ დასმის პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ სოციალურ ქსელებში უკვე ატეხილი სრულიად ულოგიკო აჟიოტაჟი ამ ახალი “ვარსკვლავბიჭუნას” გარშემო მაინც საოცრად გვაგონებს სხვა “ვარსკვლავბიჭუნათა” გარშემო სხვადასხვა პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟებს.
“აი, ასეთი კაცი გვინდა ქართულ პოლიტიკაში! ბევრი ასეთი ნიჭიერი კაცი გვინდა და გადავრჩებით!” _ “აზიარებენ” ირაკლი კობახიძის ფოტოებს “ფეისბუქ-მომხმარებლები” და რატომღაც აზრად არ მოსდით, რომ კარგად ჩაუკვირდნენ ამ მორიგი “ნიჭიერის” განვლილ გზას, მის, ასე ვთქვათ, “ბეგრაუნდს” და დასვან კითხვა _ ის და მისი წინამორბედნიც პოლიტიკურად “ერთნაირსქესიანები” ხომ არ არიან?
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” (სოროსის ფონდი), სხვა ყველა დანარჩენი “ნიჭიერის” მსგავსად, ყელს რომ იღერებს ირაკლი კობახიძის ბიოგრაფიაშიც _ ეს უკვე ბევრ რამეზე მიანიშნებს.
უფრო საინტერსო კი არის ის, რომ, როცა მისი მამა, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ედპ–დან, ბატონი გიორგი კობახიძე, სასტიკად სცემეს 2011 წლის 26 მაისს, ვინმემ ყური მაინც თუ მოჰკრა მისი შვილის, გიორგი კობახიძის, ხმამაღალ პროტესტს მამის არაადამიანური ცემის გამო?
ეს ჩვენი ძალიან “წარმატებული” ბატონი ირაკლი მაშინ არც ისე ბავშვი იყო, კაი მოწიფული, 32 წლის მამაკაცი გახლდათ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზეც მუშაობდა.
რაო, კარიერის გამო მამის უმოწყალოდ ცემის “გადაყლაპვაც” შეიძლებაო? რაო, უსამსახუროდ დარჩენის შიშით, უბრალო თანამოქალაქეების კი არა, საკუთარი მამის ცემაც კი არ უნდა გააპროტესტო “წარმატებულმა” და “ნიჭიერმა” ადამიანმაო?
ალბათ, აი ასეთი ზნეობის ადამიანები “სჭირდება” ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ასეთი აღფრთოვანებით წერს ამ ახალ “ვარსკვლავბიჭუნაზე” და უნდა ვაღიარო _ ღირსიც ვართ!
უარესის ღირსიც ვართ ადამიანები, რომლებმაც, თავის დროზე, პირადი კეთილდღეობაც, ოჯახის უსაფრთხოებაც, ლამის სიცოცხლეც გავწირეთ იმისათვის, რომ ძალაუფლება აი, ასეთი “წარმატებული ნიჭიერებისთვის” ჩაგვებარებინა…
თამარ ჩუგოშვილსა და “ქართული ოცნების” პირველი ოცეულის სხვა პერსონებზე აღარაფერს ვამბობ. მათ შორის ერთიც კი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ოდნავ რისკზე მაინც წავიდა თავის დროზე “ნაცების” მანიაკურ რეჟიმთან ბრძოლისას.
ადამიანები, რომლებიც გატრუნულნი იყვნენ ქვეყნისთვის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლის დროს, დღეს, უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოკალათებლნი, ჭკუას გვასწვალიან “ქვეყნის სტაბილური, მდგრადი დემოკრატიული განვითარების” შესახებ…
როდესაც საზოგადოების მართლა ზნეობრივი და გაბედული ნაწილი უდიდესი რისკის ფასად ცდილობდა, რეჟიმს ფეხქვეშ არ გაეთელა დემოკრატიული ღირებულებები, აი ეს ბატონები და ქალბატონები გატრუნულნი ელოდნენ, ვინ ვის სძლევდა, რათა შემდეგ მათთან ერთად გაეგრძელებინათ თავიანთი “წარმატებული” კარიერა და არც იმაზე იტყოდნენ უარს, მანიაკებთან და კაცისმკვლელებთან ერთად თუ მოუწევდათ ამის გაკეთება…
ასეთ ფონზე, როგორ ფიქრობთ, “გირჩის” აბსოლუტურად უადგილო გამოხდომა, “ოცნებამ” ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არ უნდა შეიტანოს კონსტიტუციაშიო, ხოლო “ოცნების” წარმომადგენელთა მედგარი წინააღმდეგობა _ გინდა თუ არა კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ, ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობააო _ არ ჰგავს თითიდან გამოწოვილ და ხელოვნურ “კონფლიქტს”?
“გირჩისა” და კონკრეტულად მისი ლიდერების _ ძმები კუბლაშვილების ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსების შესახებ ლოგიკური ეჭვები ყოველთვის არსებობდა და ვითომ საფუძველს არის მოკლებული ის მოსაზრება, რომ “ქართულ ოცნებას”, “დოლარის გაქცევისა” და კოაბიტაციის მორიგი ტალღის ფონზე,აგრეთვე, უამრავი სხვა საჭირბოროტო პრობლემის ფონზე, ქართული ტრადიციების დიადი დამცველის იმიჯი სჭირდება და ასეთი აჟიოტაჟის შესაქმნელად “გირჩი” წინასწარ გათვლილ “სატოპკეს” უწევს?
სწორედ ამიტომ საჯაროდ ვამბობ, რომ საქართველოში პირველი ერთნაირსქესიანთა ქორწინება უკვე შედგა საქართველოს პარლამენტში და ეს ერთნაირსქესიანი წყვილი “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობაა”, ხოლო “დაპირისპირება” მათ შორის ჩვეულებრივი “ცოლქმრული” ჩხუბია, რომელიც, ცნობილი ანდაზის თანახმად, მხოლოდ ბრიყვს თუ ეგონება მართალი…
ბაკურ სვანიძე
ratom miecit xma ocnebas#
კარგი იყო! როგორც ყოველთვის!