სოხუმში 26 ოქტომბერს ჩატარებულ ტელეხიდზე “ერევანი-სოხუმი”, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრები, აგრეთვე, სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განიხილეს ორი ქვეყნის _ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები სომხური დიასპორისა და ოფიციალური ერევნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი.
ონლაინპრესკონფერენციაზე ერევნელი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხობდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერი ვაგარშაკ კოსიანი, პარლამენტის დეპუტატი ლევონ გალუსტიანი, საზოგადოებრივი პალატის წევრი ხაჩიკ მინასიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სომხების კავშირის თავმჯდომარე გალუსტ ტრაპიზონიანი. ონლაინკონფერენცია საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკ არმენიას” ფილიალის დირექტორმა გახსნა. ოფიციალური ერევნის მხრიდან დასმულ კითხვაზე, რომელიც აფხაზეთში ტურიზმის განვითარების პროგრამას ეხებოდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცესპიკერმა ვაგარშაკ კოსიანმა გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ “ჩვენ მზად ვართ, სრული დატვირთვით მივიღოთ ტურისტები. საკურორტო ქალაქები ათონი, ბიჭვინთა, გაგრა კარგ მდგომარეობაშია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს”.
კითხვაზე, შეიცვალა თუ არა სომხებისთვის ვითარება აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების შემდეგ, პასუხი “აფხაზეთის სომხების კავშირის” თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპიზონიანმა გასცა: “აფხაზეთში ჩვენ თავს ვგრძნობთ კომფორტულად. აქ გახსნილია 26 სომხური სკოლა, პერიოდულად ვიღებთ ყველა აუცილებელ ლიტერატურას სომხეთიდან. არის შესაძლებლობა, რომ მომავალ თაობას შევასწავლოთ სომხური ენა და მოვამზადოთ ისინი სომხური უმაღლესი სასწავლებლებისთვის. კარგი იქნება, ასევე, თუ ჩარტერული ავიარეისები დაინიშნება აფხაზეთიდან სომხეთში, რათა სომეხ ტურისტებს მიმოსვლა გაუადვილდეთ”. ლევონ გალუსტიანმა კი განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მალე სომხეთიც მიემატება. კარგად გვესმის, რა სირთულეებთან იქნება ეს დაკავშირებული”.