Home რუბრიკები საზოგადოება სოფელ გომბორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოხალისეებმა დაასუფთავეს

სოფელ გომბორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოხალისეებმა დაასუფთავეს

“ევრაზიის ინსტიტუტის” ინიციატივით, თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩასულმა მოხალისეებმა სოფელ გომბორში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ტერიტორიის დასუფთავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, დაგეგმილია დამტვრეული მემორიალისა და დანგრეული გალავნის შეკეთება. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მოხალისეები საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში არსებულ მემორიალებსაც დაასუფთავებენ და აღადგენენ. ნებისმიერი ასეთი ძეგლი ჩვენი ისტორიაა, ჩვენი წარსული და იმ ადამიანების ხსოვნას უკვდავყოფს, რომლებმაც, სრულიად ახალგაზრდებმა, სხვების გადასარჩენად თავი გაწირეს. მემორიალის აღდგენის იდეა, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელს _ გულბაათ რცხილაძეს ეკუთვნის, სწორედ მისი ინიციატივით ჩავიდნენ მოხალისეები სოფელ გომბორში.

გულბაათ რცხილაძე:

_ საქართველოში სამამულო ომისადმი მიძღვნილი ბევრი ძეგლი და მონუმენტია მიმოფანტული და ზოგჯერ მათ მიმდებარე ტერიტორიაზევეა საძმო სასაფლაოები. ბევრი დაზიანებული და თითქმის განადგურებულია, ამიტომ გადავწყვიტეთ, მსგავსი აქცია სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც მოვაწყოთ. ამ მიზნით მალე სოფელ კოჭბაანში ჩასვლას ვაპირებთ.

აუცილებელია მარმარილოს გაკეთება, ქვაზე გვარები ხელახლა უნდა ამოიტვიფროს. სამწუხაროდ, ქართველი ბიზნესმენები დახმარებისთვის თავს არ იწუხებენ და სრულ ინერტულობას იჩენენ. ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა, რომლის ვინაობასაც არ გავამხელ, უარი მითხრა მხარში ამოდგომაზე. ისევ რუსი მეგობრები დამეხმარნენ. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ სოფელ გომბორში მემორიალი და ფოტოები დაზიანებული და დამტვრეული დაგვხვდა, ორი ფაქტორითაა განპირობებული _ მოუვლელობითა და განზრახ დაზიანებით. არ ვიცი, ვის რას უშავებდა ეს მონუმენტი, რომელიც მათი წინაპრების ხსოვნას ეძღვნება, მაგრამ ამ ახალმა დროებამ ბევრს პატრიოტიზმის განცდა დააკარგვინა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩვენი ახალგაზრდები უახლესი ისტორიის პრაქტიკულ შესწავლაში ჩამერთო. ჩემი იდეა აიტაცეს ახალგაზრდული ორგანიზაცია “9 მაისის” წევრებმა, მისმა ხელმძღვანელმა მიხეილ აფციაურმა. ახალგაზრდა ენთუზიასტებმა სხვადასხვა ქალაქიდან. და, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ერთსულოვნება დაინახა, გამოვიდა და მოგვეხმარა დასუფთავებაში. ხალხი მონდომებულია. მათ, უბრალოდ, უნდათ, მაგალითი დაინახონ. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ მათზე არც სახელმწიფო ზრუნავს და არც არავინ, ნიჰილისტურად არიან განწყობილნი.

მიხეილ აფციაური, ორგანიზაცია “9 მაისისხელმძღვანელი:

_ საქართველოში ახალგაზრდებმა რატომღაც დაივიწყეს ისტორია. დაივიწყეს, რომ ჩვენმა წინაპრებმა სიცოცხლის ფასად დაამარცხეს ფაშიზმი, ამიტომ გადავწყვიტეთ, მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, რათა ისინი მომავალშიც მოვიდნენ, დაასუფთავონ მემორიალის მიმდებარე ტერიტორია და პატივი მიაგონ გმირებს. ეს აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

ირაკლი წიგნაძე, თელავის მკვიდრი:

_ როდესაც მეგობრისგან შევიტყვე ამ აქციის შესახებ, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი და ჩემი წინაპრებისადმი პატივისცემა გამომეხატა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მოვალეობაა და ჩვენ, ყველანი, ვალდებული ვართ, ასე მოვიქცეთ. მე, როგორც თელაველი, კახელი კაცი, პატივს ვცემ სამამულო ომის გმირებს. სამამულო ომის მონაწილეებმა, რომელთა ხსნოვნის პატივსაცემადაც ეს მემორიალი გაკეთდა, ფაშიზმი შეაჩერეს და ნუთუ ელემენტარული პატივისცემის ღირსნი არ არიან? თვეში ერთხელ მაინც რომ მივიდეს ვინმე, დაასუფთაოს იქაურობა და პატივი მიაგოს გმირებს?! სააკაშვილის ცხრაწლიანმა რეჟიმმა ქართველ ხალხს სამამულო ომის გმირებისა და ისტორიის პატივისცემა საერთოდ დააკარგვინა.

ელდარ პაპუნაშვილი, თელავის მკვიდრი:

_ როგორც კი შევიტყვე ამ ინიციატიცის შესახებ, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი და ამ დიდ საქმეში პატარა წვლილი შემეტანა. მე, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანს, აუცილებლად და სავალდებულოდ მიმაჩნია, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც დიდი სამამულო ომიდან ვერ დაბრუნდნენ, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს გადასარჩენად. ეს არ უნდა დაივიწყოს ახალგაზრდობამ. დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის დაფასება ჩვენი ვალდებულებაა.

ემზარ შალიკაშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისასამხრეთი ბუდე”:

_ ჩემს მეგობარ გულბაათ რცხილაძესთან ერთად გადავწყვიტე, აქ ჩამოვსულიყავი და სამამულო ომში დაღუპულთა ხსნოვნისთვის პატივი მიმეგო. ეს ხომ ერთგვარი ინტერნაციონალური სასაფლაოა. სოფელ რუისპირშიც გვაქვს მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი, წარმოიდგინეთ, ერთი სოფლიდან 150 კაცი ვერ დაბრუნდა ომიდან, ეს ხომ პატარა დანაკარგი არ იყო ერთი სოფლისთვის.

სხვათა შორის, ჩემი ინიციატივით თელავში მოვძებნე და აღვადგინე ჩეხი და რუსი მფრინავების საფლავები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს “გეორგიევსკის ორდენის” სახელით ვაკეთებ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დროა, თელავში იყოს სამხრეთი ბუდე “გეორგიევსკის ორდენისა”.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here