Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1328

როგორ შეიძლება, მგელი და კრავისტრატეგიული პარტნიორებიიყვნენ?!

საქართველოს უამრავი დამპყრობი და ამაოხრებელი ესეოდა _ ასურელები, სპარსელები, რომაელები, ბიზანტიელები, არაბები, მონღოლები, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი მაინც თურქული მოდგმის ხალხმა (ჰუნები, ხაზარები, სელჯუკები, აღყოინლუსა და ყარაყოინლუს თურქმანები, ოსმალები) მოგვაყენა. ქართული სახელმწიფოებრიობა სამი ათას წელს ითვლის, მათგან დაახლოებით 1200 წელი თურქებთან ბრძოლას შევალიეთ და ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსი მაინც ქართველებისა და თურქების ძმობაზე ასველებს სიტყვას. ლევან ვარშალომიძის ფრაზას მოვიხმობ: “ქართველები და თურქები სრულიად ერთნი ვართ, ერთი ხალხი _ ორ სახელმწიფოში”. ვარშალომიძის დიაგნოზი, როგორცკავკასიის ტყვე ქალისკინოგმირი, ამხანაგი საახოვი იტყოდა, ბელაია გარიაჩკაა!

ასეთი რა დავაშავეთ?! ჯერ იყო და “მამა-მარჩენალმა” გადატრიალება მოახდინა ასტრონომიაში. გახსოვთ, ალბათ, შევარდნაძის სიტყვები: “ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო. ახლა კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ვარშალომიძე, “გაგვიმეცნიერდა” და გენეტიკაში ახალი აღმოჩენებით “გაგვაბედნიერა”. სად თურქი და სად ქართველი?! ჩვენ ხომ საერთო არაფერი გვაქვს?! თურქები შუა აზიელები არიან, ქართველები _ კავკასიელები და სხვადასხვა ენათა ჯგუფს მივეკუთვნებით. სისხლითაც და დნმ-ითაც ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. არც ტრადიციები და ცხოვრების წესი გვაქვს ერთნაირი. სალაპარაკოდაც არ ღირს, რომ სარწმუნოებაც გვყოფს ერთმანეთისგან.

მოკლედ, თურქეთი არასოდეს ყოფილა ჩვენი ძმა და მეგობარი, მით უმეტეს _ “სტრატეგიული პარტნიორი”. როგორ შეიძლება მგელი და კრავისტრატეგიული პარტნიორებიიყვნენ?! თურქებს მუდამ სხვისი მიწების მიტაცებაზე ეჭირათ თვალი და ისე “გაიწაფნენ” ამ საქმეში, რომ ციმბირიდან ევროპაში ამოყვეს თავი. საქართველოს სტრატეგია კი საკუთარი მიწა-წყლის დაცვა იყო. თურქეთს დღესაც იმპერიალისტური მიზნები რომ ამოძრავებს და უდიდესი თურქული იმპერიის შექმნა სურს, საიდუმლო არავისთვის არის. შეცდომაში ნუ შეგვიყვანს ის ფაქტი, რომ ახლა თურქეთი ძუძუს გოჭივით არის გატრუნული, ეს რუსეთის დამსახურებაა. რუსეთმა ისეთი სილა გააწნა თურქეთს, რომ მისი ხელისუფალი კრემლის ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც არ დგამს. რომ არა რუსეთი, თურქეთი საქართველოში ისეთ ამბებს დაატრიალებდა, სირია მონაგონი იქნებოდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საქართველოსა და თურქეთის “ძმობის” თითქმის თორმეტსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების სისხლითა და ცრემლით არის დაწერილი.

ჰუნები

თურქული მოდგმის მრავალრიცხოვანი ტომებიდან ქართულ მიწაზე პირველად ჰუნებმა დადგეს ფეხი. მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში შორეული აღმოსავლეთიდან დაძრულმა ჰუნებმა გრიგალივით გადაურეს აზიასა და ევროპას, მიწასთან გაასწორეს ასეულობით სამეფო თუ სამთავრო და მათ ნანგრევებზე უზარმაზარი იმპერია შექმნეს. ველური და დაუნდობელი ჰუნები შიშის ზარს სცემდნენ მაშინდელ მსოფლიოს. ევროპელი მემატიანეები წერდნენ: სადაც ჰუნი ფეხს დაადგამს, იქ სიცოცხლის არავითარი კვალი არ რჩება”. ამის გამო ტყუილად როდი შეარქვეს ჰუნების ბელად ატილას კაცთა მოდგმის ცოდვებისთვის მოველენილი “უფლის მათრახი”.

მეხუთე საუკუნის შუა წლებში, ვარშალომიძესის “მოძმე” ჰუნები საქართველოსაც მოადგნენ (ქართველი მემატიანენი ჰუნებს შეცდომით ხაზარებად მოიხსენიებენ). ჰუნთა ბელადის _ ატილას სარდლებს ვარსიხსა და კურსიხს მხარში ოსებიც ამოუდგნენ და გაერთიანებული ლაშქრით საქართველოსკენ დაიძრნენ. იმხანად იბერიას 9 წლის ვახტანგ გორგასალი მართავდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰუნები იბერიის გულში შეიჭრნენ, ააოხრეს და მიწასთან გაასწორეს კასპის ციხე, უამრავი ტყვითა(ტყვეებს შორის იყო ვახტანგ მეფის და მირანდუხტი) და ნადავლით “დამძიმებულმა” ჰუნებმა აღარ განაგრძეს ლაშქრობა და უკან გაბრუნდნენ.

მართალია, მოგვიანებით, გორგასალმა სპარსთა დახმარებით ჩრდილოეთ კავკასია დალაშქრა, იოლად დაამარცხა ოსებიცა და ჰუნებიც, მირანდუხტიც გამოიხსნა ტყვეობიდან, მაგრამ ქვეყანა ჰუნების მიყენებულ ჭრილობებს დიდხანს იშუშებდა. ისე გავერანდა და გაუკაცრიელდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, რომ ვახტანგს ხალხის სხვა საერისთავოებიდან გადასახლება მოუწია. ხოლო ხევში, მუდმივად დასასახლებლად მეფემ 1000 საუკეთესო მეომარი შეარჩია ღუდუშას მეთაურობით. მათვე დაევალა დანგრეულის აღდგენა და დარიალის ხეობის დაცვაც (სწორედ იმ 1000 ვაჟკაცის შთამომავლები არიან მოხევეები).

ხაზარები

საქართველოსთვის არანაკლები ზიანის მომტანი იყო კიდევ ერთი თურქული ტომის _ ხაზარების შემოსევები. “ისინი არავის იბრალებდნენ _ არც ულამაზეს ქალებს, არც ბავშვებს, არც უვარგისსა და უმაქნის, არც ხეიბარსა და მიხრწნილს. არ იცოდებდნენ არც ჩვილ ბალღებს, რომლებიც მოკლულ დედებს ეხუტებოდნენ და ძუძუებიდან რძის მაგივრად სისხლს სწოვდნენ”, _ ასე ახასიათებდნენ მემატიანეები ხაზარებს, რომლებიც სისასტიკით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ჰუნებს.

ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ და ხაზართა ხაკანმა ჯიბღუმ ე.წ. ანტიირანული კოალიცია შეკრეს. ვინაიდან იბერია ირანულ სატრაპიას წარმოადგენდა, ჩვენი ქვეყანა ჩათრეული აღმოჩნდა ამ უთანასწორო ომში. 626 წელს ჰერაკლე კეისარი საქართველოსკენ დაიძრა და ლაშქრობის დაწყება მოკავშირესაც მოუწოდა. ხაკანმაც არ დააყოვნა და ხაზართა ურდოებით ამიერკავკასიაში შემოიჭრა. მან ცეცხლითა და მახვილით გაიარა დარუბანდი, ალბანეთის მიწა-წყალი და მოადგა თბილისს, სადაც მოკავშირე კეისარი ელოდებოდა. ხაზარებმა და ბიზანტიელებმა ერთობლივი ძალებით შეუტიეს თბილისს. გასაოცარი სიმამაცით იბრძოდა ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი, სპარსი სარდლები _ ვარსამუსე, შარაპაგი და მათი ქართულ-სპარსული გარნიზონი. მტერმა მაინც იძალა და შეძლო თბილისის კარების შენგრევა. ქალაქის დამცველებმა კალა ციხეს შეაფარეს და იქიდან განაგრძნობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. ვერაფერი დააკლო მტერმა კალა ციხეს. გული მოეცათ ქალაქის დამცველებს _ მოალყეებს სიცილს აყრიდნენ და თავს ლაფს ასხამდნენ. დიდი გოგრა გამოიტანეს, ზედ თვალები, ცხვირი და ტუჩები მიახატეს, ეს გოგრა ციხის კარიბჭიდან დააგორეს და ხაზარებს ჩასძახეს: ეგ არის თქვენი ჯიბღუ ხაკანი და თაყვანი ეცითო..

ქალაქის დამცველებს არც ჰერაკლე კეისარი “დავიწყებიათ”, მასაც “ამკობდნენ” უშვერი სიტყვებით, ბილწსა და მამათმავალს ეძახდნენ: “ჰერაკლე კეისარს თხის წვერი და ვაციბოტის კისერი აქვს და, ბიზანტიელებო, თაყვანი ეცით თქვენს თხა-იმპერატორს!” განრისხებულმა მტერმა, მართალია, კალა ციხეს ვერაფერი დააკლო, მაგრამ ქალაქში სისხლის მდინარეები დააყენა. გაპარტახდა თბილისის შემოგარენიც.

რამდენიმეთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ ჰერაკლე კეისარი უკან გაბრუნდა. ჯიბღუ ხაკანმაც გამოსაზამთრებლად ხაზარეთს მიაშურა, ცეცხლითა და მახვილით გაიარა საქართველოს მთიანეთი, დარიალის ხეობა და საქართველოს გაეცალა.

628 წელს ხაზარებმა ახალი ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოში. ხაზართა უფლისწულის _ შადეს სამიზნეც თბილისი იყო. ქალაქმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მომხვდურს, მაგრამ როდესაც “ძველ, მხნე კაცთაგან ქალაქს შიგნით აღარავინ დარჩა”, თბილისი დაეცა. ხაზარებმა ცოცხალი არავინ დატოვეს, დიდსაც და პატარასაც ერთიანად გაავლეს მუსრი. როდესაც შეწყდა ხმა ტირილისა და ვაებისა და აღარავინ გადარჩა ცოცხალი, მაშინ მათაც გაიგეს, რომ სისხლით დაძღნენ მათი მახვილნიც”, _ მოგვითხრობს მემატიანე.

ამის შემდეგ საქართველო ხაზარებისა და არაბების საბრძოლო ასპარეზად იქცა. ეს ორი უდიდესი ვეშაპი ამიერკავკასიაში ერკინებოდა ერთმანეთს. ამ ომებმა მთლიანად გააპარტახა აღმოსავლეთ საქართველო. ხაზარებმა არაერთხელ სცადეს, მოკავშირედ გაეხადათ ქართველები, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა შორს დაიჭირეს თავი ასეთი “მოკავშირისგან”. ხაზარებმა ისეთი დიდი ზიზღი და სიძულვილი დათესეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ქართლის დიდებულები მათთან დამოყვრება-დამეგობრებას სიკვდილს ამჯობინებდნენ.

VIII საუკუნის შუა წლებში ქართლის ერისმთავარი იყო ჯუანშერი, რომელსაც ჰყავდა სილამაზით განთქმული და შუშანა. მისი სილამაზის ამბავი შორეულ ხაზარეთშიც შეუტყვიათ და ხაზართა ხაკანმა მოიწადინა მისი ცოლად შერთვა. ჯუანშერს მოციქული გამოუგზავნა, დამოყვრება შესთავაზა, სამაგიეროდ არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ხაკანს, რა თქმა უნდა, ცივი უარი შეუთვალეს და 764 წელს ხაკანის “შელახული ღირსების” დასაცავად ხაზართა დიდი ურდოც დაიძრა ბლუჩანის მეთაურობით. ჯუანშერი კახეთში დაუხვდა მტერს. სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბლუჩანმა კახეთის თითქმის ყველა ციხე აიღო, მათ შორის, ის ციხეც, რომელსაც თავს აფარებდა ჯუანშერი შუშანასთან ერთად. ჯუანშერი და შუშანა უმალ დაატყვევეს, შემდეგ კი ხაზარებმა თბილისიც გადაწვეს და უკან გაბრუნდნენ.

როდესაც ურდომ დარიალის ხეობას მიაღწია, შუშანამ ხაზართა ყურადღების მოდუნებით ისარგებლა და ბეჭედში დამალული საწამლავით თავი მოიკლა. ამის გამო ხაზარეთში ჩასულ ბლუჩანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: “შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი და განზიდვად სცესორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოსწყვდეს თავი ბოროტად”.

სელჩუკები

ჰუნებისა და ხაზარების გადაშენების შემდეგ თურქთა ლაშქრობები დროებით შეწყდა და თითქმის სამი საუკუნის შემდეგ ახალი ძალით განახლდა. ეს მოხდა მას შემდეგ, როცა თურქ-სელჩუკებმა ირანი დაიპყრეს. თურქ-სელჩუკები ეკუთვნოდნენ ოღუზ თურქმანულ ტომებს. თავდაპირველად არალის ტბასა და ურალს შორის მომთაბარეობდნენ. ისინი საზოგადოებრივი განვითარების გვაროვნულ საფეხურზე იდგნენ და მეჯოგეობას მისდევდნენ. ოღუზები 24 შტოდ იყოფოდნენ. სელჩუკები მათ ერთ-ერთ შტოს _ კინიკის წარმომადგენლები არიან. ეს იყო ოღუზებში საკმაოდ წარჩინებული და მრავალრიცხოვანი ტომი. ოღუზთა ტომებში IX-X საუკუნეებიდან ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი ჩანასახი, რომლის სათავეში იდგა მეფე ანუ იაბღუ. იაბღუ არ იყო ერთპიროვნული მმართველი, ყველა ტომს თავისი მეთაური ჰყავდა. X საუკუნიდან მათში დაწინაურდა ბარანთა ტომის ლიდერი ალი-ხანი და იაბღუს ტიტულიც მან დაისაკუთრა. ამასთანავე, გაძლიერდა დუკაკი, რომლის მოღვაწეობის პერიოდიდან იწყება სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია. დუკაკი იაბღუსთან ერთად ხშირად ერეოდა მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტაში და დიდი გავლენით სარგებლობდა ტომში.

დუკაკი გარდაიცვალა, როდესაც მისი შვილი სელჩუკი 17-18 წლისა იყო. დუკაკის გარდაცვალების შემდეგ იაბღუმ სელჩუკს სუბაშის (მხედართმთავრის) ტიტული უბოძა და რაზმის მეთაურად დანიშნა. სელჩუკი ისე გაძლიერდა, რომ საფრთხე შეექმნა თვით იაბღუს ხელისუფლებას. სამფლობელოების გადანაწილების გამო, 930-935 წლებში იაბღუს უთანხმოება მოუვიდა სელჩუკთან, რის გამოც სელჩუკი იძულებული შეიქნა, თავის მოკავშირეებთან ერთად სამარყანდში გადასახლებულიყო. აქედან იწყება თურქთა ურდოების გადაადგილება დასავლეთისკენ, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ხოლო 1040 წლის მაისში დენდანეკანთან სელჩუკების მიერ ღაზნეველებზე გამარჯვებისა და სელჩუკ უფლისწულთა მიერ ტერიტორიების დანაწილებით, საბოლოოდ ჩამოყალიბდა სელჩუკთა დიდი იმპერია. ამის შემდეგ თურქსელჩუკებმა აქტიურად დაიწყეს საბრძოლო მოქმედება, როგორც ცენრტალური და დასავლეთ ირანის, ასევე ბიზანტიისა და კავკასიის მიმართულებით.

სელჩუკთა გამოჩენამ შეცვალა პოლიტიკურ ძალთა ბალანსი მსოფლიოში და დიდი გავლენა იქონია დაპყრობილი ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. თურქსელჩუკთა ბატონობა, მათი ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენილობის გამო, ახლო აღმოსავლეთის კულტურული ხალხებისთვის უფრო საშიში და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთა ბატონობა. სელჩუკთა მოძრაობამ დაღი დაასვა არა მხოლოდ წინა აზიისა და კავკასიის ქვეყნებს, არამედ გავლენა იქონია ეგვიპტეზე, ბიზანტიაზე, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაზე, რაც შეეხება მათ ამიერკავკასიაში ლაშქრობებს, XI საუკუნის 60-იან წლებამდე სელჩუკთა ლაშქრობებს სპონტანური ხასიათი ჰქონდა. 1021 წელს სელჩუკები, თოღრულ ბეგის მეთაურობით სომხეთში შეიჭრნენ. ნახჭევანთან მათ ხუთი ათასი კაცით შეხვდა ლიპარიტ ბაღვაში, მაგრამ არათანაბარი ძალების გამო ვერ გაუმკლავდა და გაიქცა, ხოლო ტერიტორია გასანადგურებლად სელჩუკებს დაუტოვა.

1029 წელს სელჩუკები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდნენ, ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურეს და დაანგრიეს. მათ ბრძოლა გაუმართა საქართველოს მეფემ ბაგრატ მეოთხემ (1027-1072). მემატიანე წერს: “აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა”, მაგრამ, როგორ ჩანს, ქართველებმა ისევ ვერ მიაღწიეს წარმატებას, ვინაიდან სელჩუკებმა მოახერხეს ნადავლითა და უამრავი ტყვით უკან გაბრუნება.

1041 წლის მარტში სელჩუკები სომხეთში იჭრებიან. მათ წინააღმდეგ ქართველებმა და სომხებმა კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს (ბაგრატ IV 4 000 მეომარი გამოუყვანია). ქართველ-სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აბულ-სოვარის შემოტევა მოიგერია და უკუაქცია.

1047 წელს სელჩუკები ისევ გამოჩნდნენ ამიერკავკასიაში: “ასანი, რომელიც გაგზავნილ იქმნა სულთანის მიერ რომაელთა წინააღმდეგ, თავრეზისა და თბილისის გავლით, ჩავიდა ვასპურაკანში, გზაზე ყველაფერს ანადგურებდა და წვავდა, ვინც გზაში ხვდებოდა, სპობდა, საბავშო ჰასაკის ყმაწვილებსაც არ ზოგავდა”. ვასპურაკანის მმართველმა დასახმარებლად ბიზანტიელებს უხმო, ბიზანტიის კეისარმა კი დახმარება ლიპარიტ ბაღვაშს სთხოვა. “წავიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად”, _ გვამცნობს “მატიანე ქართლისაი”. მდინარე სტრაგნისთან გამართულ ბრძოლაში კოალიციურმა ჯარმა დაამარცხა სულჩუკთა ურდო.

თოღრულ ბეგმა ვერ მოინელა ეს მარცხი და შურის საძიებლად 1048 წელს სელჩუკთა ასიათასიანი ურდო გამოგზავნა იბრაჰიმ იინალის სარდლობით. სელჩუკები ბასიანს შეესივნენ. ბიზანტიელებმა ისევ ლიპარიტს სთხოვეს დახმარება. კლდეკარის ერისთავიც დაიძრა ბასიანისკენ 10 ათასი ქართველი მეომრის თანხლებით. გადამწყვეტი ბრძოლა 18 სექტემბერს გაიმართა. ამ ბრძოლის მთავარი გმირი ლიპარიტია. სელჩუკებმა მის წინააღმდეგ მიმართეს მთავარი ძალები და ტყვედ აყვანის შემდეგ გაიმარჯვეს კიდეც გაერთიანებულ ლაშქარზე: ბერძნები შურით უმზერდნენ ლიპარიტის გასაოცარ ვაჟაცობას და არ სურდათ, რომ დიდება ძლევისა ქართველისათვის მიეწერათ. ამისათვის ისინი უკუსდგნენ და გაიქცნენგაცეცხლებულს ომში, როდესაც ლიპარიტი გაშმაგებული სვრიდა, ერთმა იმის მემამულეთაგანმაუკანიდან მოჰკვეთა ლიპარიტის ცხენს ორივე ფეხი. ლიპარიტი ცხენიდან ჩამოვარდა და დაეცა, მაგრამ ერთი ხრმლის მოქნევით გააპო მოღალატე. ამის შემდეგ ლიპარიტი მტერს ტყვედ ჩაუვარდა, ქართველნი ზოგნი იქვე დაიხოცნენ, ზოგი გაიბნენ”…

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

1 COMMENT

  1. ვარშალომიძე ტიპიური თურქია,ამაში თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ ახლა მაინც დარწმუნდით. მას თავზე ჩალმა დააფარეთ და იგი მეჰემმედ II aris.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here