Home რუბრიკები პოლიტიკა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ბრძოლაზე უარის თქმას არ ნიშნავს

მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმა ბრძოლაზე უარის თქმას არ ნიშნავს

489

სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იგი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება

“არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას. პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღირებულებებთან. მე მგონი ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება. ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია”, _ განაცხადა სანდრა რულოვსმა.

იმ შემთხვევაში, თუ სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება. კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და მათი ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას, მიუღებელს უწოდებს. “სამწუხაროა, ის აზიანებს მეორე ტურების კამპანიას და, ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა დაშინებას, მანიპულაციას. მაგრამ ის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარნეულის ამომრჩეველმა დააფიქსირა. პარლამენტში შევა თუ არა სანდრა, ეს მისი გადასაწყეტია”, _ განაცხადა თარგამაძემ. მის თვალსაზრისს იზიარებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სერგო რატიანი და ნიკა მელია. “არ არის ლამაზი ჟესტი, რაც მან გააკეთა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ბრძოლაზე ვთქვათ უარი”, _ თქვა ნიკა მელიამ. რომან გოცირიძე კი ამბობს, რომ ეს არის სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა მათი მიზანი საერთო რჩება და პარტია განაგრძობს ბრძოლას მეორე ტურებში.

პარლამენტის ვიცესპიკერის _ მანანა კობახიძის განცხადებით, “კანდიდატურის მოხსნა, პრაქტიკულად, დამარცხების აღიარებაა. ვფიქრობ, ეს სააკაშვილის დავალებით არის გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში, როგორც სააკაშვილის პროექტი, ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესო”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here