Home რუბრიკები პოლიტიკა უყურთვალო კომისრები

უყურთვალო კომისრები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფრედერიკა მოგერინი, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს მთავარმართებელი, პატივცემული იან კელი ერთობლივად აცხადებენ: “არჩევნები კონკურენტული, კარგად ორგანიზებული იყო. საზოგადოდ, საარჩევნო დღე ნორმალურად წარიმართა, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბანზე და მათ ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტები გამოვლინდა. მთლიანობაში, თითქმის ყველა საარჩევნო უბაზე კენჭისყრა პოზიტიურად შეფასდადა . .

დიდ ამერიკელ მწერალ .’ჰენრის ერთი მოთხრობა აქვს _ “ქამელეონი”. მისი სიუჟეტი ასეთია: უნდა დასაჯონ ძაღლი, რომელმაც ოქრომჭედელს თითზე უკბინა. მისი განაჩენი პერიოდულად იცვლება, რადგან ხან გენერლის ძაღლი ჰგონიათ, ხან კი _ ჩვეულებრივი გლეხის. ხან ლეკვს უპირებენ მოკვლას, ხან ოქრომჭედელს _ დასჯას იმის გამო, რომ გენერლის ძაღლი გააღიზიანა.

ზუსტად ასე იქცევა “ნაცმოძრაობა” და, კერძოდ, სააკაშვილი. ნაციონალები, სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, თავს დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებით იმართლებდნენ, _ არჩევნებმა დარღვევების, გაყალბების გარეშე ჩაიარა, ამას ევროპელი მაღალჩინოსნები და განსწავლული ადამიანები ამბობენ და როგორ შეიძლება, არ დავუჯეროთო?! ახლა კი, სააკაშვილი ევროპელ მაღალჩინოსნებს თვალებისა და ყურების უქონლობას აბრალებს.

“ჩვენ, ყველამ, დავინახეთ, ვისაც თვალები აქვს და ყურები აქვს, რომ ეს არჩევნები წარიმართა დიდი რაოდენობის დარღვევებით”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ნაცმოძრაობის” ყველა წევრი გაყალბების შესახებ ბრალდებას იმით აბათილებდა, რომ რომელიღაც არასამთავრობომ რაღაც თქვა, რომ ისინი ჩვენზე კომპეტენტურები არიან და აუცილებლად უნდა ვენდოთ. და უცებ, ევროკომისრები ამბობენ, რომ არჩევნები, რომელშიც “ნაცმოძრაობამ” ვერ გაიმარჯვა, პოზიტიური და სამართლიანია. აი, აქ კი იმ ავტორიტეტებმა, რომლებსაც ყოველთვის ფარად იყენებდა “ნაცმოძრაობა”, ყველანაირი მნიშვნელობა დაკარგეს. მათი ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ჩვენ, ქართველები, ისეთი ოსტატები ვართ და არჩევნების გაყალბების ისეთი ხერხები ვიცით, რომლებსაც ევროპელმა დამკვირვებლებმა ვერაფერი გაუგეს, და ყველას მოტყუება მოვახერხეთ. როგორც ჩანს, ამდენი ეთნიკურად არაქართველი და ქართულის არმცოდნე მხარდამჭერინაცმოძრაობასიმიტომ ჰყავს, რომ არ ესმით, რას ლაპარაკობენ მათი ლიდერები.

ეს _ რაც შეეხებოდა არჩევნების ლეგიტიმურობას. ახლა კი სხვა საკითხს შევეხოთ. ამ არჩევნებში ამომრჩეველი იძულებული შეიქნა, ხმა მიეცა “ქართული ოცნებისთვის”, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოეპოვებინა უმრავლესობა. “ოცნება” ისეთი უუნაროა, რომ მათი მხარდამჭერების არჩევანიც კი “ნაციონალურ მოძრაობაზეა” დამოკიდებული. გაქრება “ნაცმოძრაობა” _ გაიფანტება “ოცნების” ამომრჩეველიც და, თუ დღეს ამ პარტიას 48%-იანი მხარდაჭერა აქვს, მთავარი კონკურენტის ყოლის გარეშე 4.8%-იც არ ექნება. ამ ორი პარტიის ურთიერთობა Dჩ ცომიცს-ის გმირების _ ბეტმენისა და ჯოკერის _ ურთიერთობას ჰგავს. თუ ბეტმენი მოკვდება, ჯოკერს აღარავინ ეყოლება ისეთი, ვისთანაც თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას შეძლებს და რიგით დამნაშვედ იქცევა.

ახლა კი _ იმ პარტიების შესახებ, რომლებსაც, სავარაუდოდ, ვემშვიდობებით: ირაკლი ალასანია, რომელსაც აღარავინ ენდობა, სხვა გამოსავალი რომ აღარ დარჩა, ადგა და საკუთარი პარტია “თავისუფალი დემოკრატებიდან” თავქუდმოგლეჯილი გაიქცა _ პიპინიასავით პორტ-არტურიდან საკუთარ ცხენს გამოასწრო. პარტია დაეშალა პაატა ბურჭულაძესაც, რომელმაც პირველი ათეული ფიზიკურად ვერ შეადგინა (ხალხი არ ეყო).

ასე იყო თუ ისე, არჩევნები ჩაგვიტარეს და მალე ვნახავთ, რას ჩაგვიტარებს “ქართული ოცნება” შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ქართველი ხალხი კი, იმედი ვიქონიოთ, ამჯერად მაინც გამოიტანს სათანადო დასკვნებს.

ვახტანგ დავითაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here