Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

ნაწილი V

სტალინი თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, სეიფიდან გამოღებული თხელი საქაღალდე გახსნა და კითხვა დაიწყო:

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭო

ამხ. . სტალინს!

თქვენი ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 5 იანვარს მოსკოვში, ჟუკოვის ბინაში ჩატარებული იქნა ფარული ჩხრეკა. ამოცანა იყო ის, რომ მოგვეძებნა და ამოგვეღო ჟუკოვის ბინიდან ჩემოდანი და ყუთი _ ოქროთი, ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასეულობით”…

საქმე ის იყო, რომ სტალინს მოახსენეს, ჟუკოვის ადიუტანტმა, მაიორმა სიომოჩკინმა ძიებას ჩვენება მისცა, საბჭოთა სამხედრო მაღალჩინოსნები გერმანიაში ეწეოდნენ ყაჩაღობასა და მაროდიორობას, ამ მაღალჩინოსნებს შორის მოხსენიებული იყო ჟუკოვიც, რომელმაც დიდი რაოდენობით ოქრო, ბრილიანტი და სხვა განძეულობა მიიტაცა და შინ წაიღოო. ჟუკოვის ადიუტანტ სიომოჩკინის ჩვენებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ჟუკოვის მიერ ნაძარცვი ძვირფასეულობა ინახებოდა ჩემოდანში, რომელიც მოსკოვში, მის ბინაში იდო. სიომოჩკინი სრულად აღწერდა ჩემოდანს _ ფერს, სისქეს, სიგრძესა და სიგანეს, აგრეთვე, შიგ ჩალაგებულ განძეულობას.

გამომძიებლებმა ამ გამაოგნებელი მასალების შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენეს თავიანთ ზემდგომებს. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, გენერალი ვიქტორ აბაკუმოვი იმხანად გერმანიის ტერიტორიაზე მუშაობდა გენერლების მიერ “ბარახლოვკის” შეგროვების საქმეზე, რომელიც გახმაურებული იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში, არამედ მსოფლიოში. ამ საქმეში ფიგურირებდნენ გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინე ტელეგინი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ კრიუკოვი და მისი მეუღლე, ცნობილი მომღერალი ლიდია რუსლანოვა. ძიება დაინტერესდა მრავალი მაღალჩინოსანი სამხედროს არაკეთილსინდისიერი საქციელით, მაგრამ ჟუკოვზე ამის გამო ეჭვიც არავის გასჩენია. მინისტრმა აბაკუმოვმა, რომელიც არცთუ კეთილგანწყობილი იყო ჟუკოვის მიმართ, არათუ დაგვიანებითა და დანანებით, არამედ სასწრაფოდ მოახსენა ეს “სასიხარულო” ამბავი სტალინს. მეტი დამაჯერებლობისთვის თავის მოხსენებით ბარათთან ერთად სტალინს ჟუკოვის ადიუტანტ სიომოჩკინის ახსნა-განმარტებაც წარუდგინა. სტალინმა გულდასმით წაიკითხა ჟუკოვის ადიუტანტის ახსნა-განმარტება, რომელმაც ღრმად ჩააფიქრა.

_ ჟუკოვი ჩვენ გადავიყვანეთ ოდესაში, რასაც ძალიან განიცდის და წუხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვთხოვთ მას ახსნა-განმარტებას…

_ ხომ შეიძლება, ამ შემთხვევაში გაქრეს მთავარი სამხილი? _ შეაპარა სიტყვა აბაკუმოვმა.

_ რომელი სამხილი? _ ვერ გაიგო სტალინმა.

_ ჩემოდანი ძვირფასეულობით, _ იყო პასუხი.

_ თქვენ მართალი ხართ, ჟუკოვს ტრავმა გაუორკეცდება, ამ ამბავს რომ შეიტყობს და, თუ ეს მართალი არ აღმოჩნდება, გამოვა, მის მიმართ შეთქმულებას ვაწყობთ. უნდა იმუშაოთ ძალზე სკრუპულოზურად, ისე, რომ ეს შესამჩნევი არ იყოს საზოგადოებისათვის და თვით ჟუკოვისთვისაც კი. რატომ უნდა შევაწუხოთ ჟუკოვი ნაადრევად?!

_გასაგებია, ამხანაგო სტალინ, _ მოკრძალებით მიმართა აბაკუმოვმა. _ ნება მოგვეცით, ჩავატაროთ ფარული ჩხრეკა.

სტალინი ცოტა ხნით შეყოვნდა, შემდეგ ნიშნად თანხმობისა, თავი დაუქნია.

და ახლა კითხულობდა ოქმს სწორედ იმ ფარული ჩხრეკისა, რომელიც ჩატარდა ჟუკოვის ბინაში.

“ჩხრეკის მომენტში ჟუკოვის ბინაში ჩემოდანი არ აღმოჩნდა, ყუთი კი საძინებელ ოთახში სეიფში იყო შენახული.

ყუთის გახსნის შემდეგ შიგ აღმოჩნდა:

1. საათი _ 24 ცალი, მათ შორის, 17 ოქროსი და ძვირფასი თვლებით _3 ცალი.

2. გულსაკიდები და ბეჭდები _15 ცალი, მათ შორის, 8 ძვირფასი თვლებით.

3. სამაჯურები უამრავი ბრილიანტითა და სხვა ძვირფასი ქვებით.

4. ძვირფასი ნივთები: პორტსიგარები, ძეწკვები, ბრასლეტები და სხვა მრავალი.

რადგან ძირითად სამხილს _ ჩემოდანს _ ბინაში ვერ მივაკვლიეთ “სეიფიდან” გადმოღებული ყველა ძვირფასი ნივთი ფოტოაპარატით გადავიღეთ და ზუსტად თავის ადგილზე დავაბრუნეთ. ბინა ისე დავტოვეთ, რომ არავითარი კვალი არ შეიმჩნევა.

სამძებრო საქმის სპეციალისტებმა გამოითქვეს მოსაზრება, რომ ჟუკოვის ბინა დაცლილი იყო სამხილებისგან. ბინაში არ იყო, არათუ საეჭვო ნივთი, არამედ წერილიც კი, რომელიც რამეში ამხელდა მეპატრონეს. სპეციალისტების აზრით, ყველა სხვა სამხილი და ჩემოდანი სხვა ადგილზეა გადატანილი”.

8-9 იანვრის ღამეს, ფარული ჩხრეკა ჩატარდა ჟუკოვის აგარაკზე, მოსკოვის განაპირას მდებარე რუბლიოვკაზე.

“ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ აგარაკის ორი ოთახი გამოყოფილია საწყობად, რომელშიც ინახება დიდი რაოდენობით სხვადასხვა საგანი და განძეულობა:

*აბრეშუმის ქსოვილები, შალეული, ფარჩა, ხავერდი და სხვა ქსოვილები 4 000 მეტრის ოდენობით.

*ტყავეული: სიასამურის, მაიმუნის, მელიის, ზღვის ლომის, კრაველის. სულ 323 ცალი.

*შევრო _ უმაღლესი ხარისხის 35 ტყავი.

*ხალიჩები დიდი ზომის, უმაღლესი ხარისხის, წამოღებული პოტსდამისა და სხვა ქალაქების სასახლეებიდან და კერძო სახლებიდან _ 44 ცალი.

*ძვირად ღირებული უნიკალური სურათები, ფერწერული ტილოები დიდი ზომის _ 55 ცალი.

*უძვირფასესი სასადილო და ჩაის სერვიზები, უმაღლესი ხარისხის ფაიფურიგან _ 7 დიდი ყუთი.

*ვერცხლის სასადილო და ჩაის კომპლექტები 2 დიდი ყუთი.

*აკორდეონები _ უძვირფასესი ნაკეთობებითა და შემკულობებით _ 8 ცალი.

*უნიკალური სანადირო თოფებიგოლანგოლანი” _ 20 ცალი.

*აგარაკზე აღმოჩნდა 50 ცალი უზარმაზარი სკივრი, რომელშიც უწესრიგოდ ეყარა უამრავი ძვირფასეულობა.

ჟუკოვის აგარაკი თავისი სიმდიდრით, უნიკალური ფერწერული ტილოებით, განძეულითა და ხელოვნების ნიმუშებით ჰგავს დიდ ანტიკვარულ მაღაზიას ან მუზეუმს. აგარაკზე არ არის არც ერთი რუსული გამოცემა. უძვირფასეს კარადებში ჩალაგებულია უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ოქროსყდიანი და ოქროსწარწერებიანი წიგნები. ავეჯი, ხალიჩები, ფარდებიც კი მხატვრულ ნაწარმოებს წარმოადგენს”.

ოდესაში გაიგზავნა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჟუკოვის ბინის ფარული ჩხრეკის ჩასატარებლად, რომლის შედეგებზეც ცალკე აცნობეს სტალინს.

“რაც შეეხება მოსკოვის ბინაში ჩატარებული ფარული ჩხრეკისას გაუჩინარებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩემოდანს, რომელიც ადიუტანტი სიომოჩკინის ჩვენებაშია მითითებული, გაირკვა, რომ ეს ჩემოდანი ყოველთვის თან დააქვს ჟუკოვის მეუღლეს, სადაც უნდა წავიდეს იგი.

დღეს, როდესაც ჟუკოვი თავის ცოლთან ერთად ოდესიდან მოსკოვში გამოემგზავრა, აღნიშნული ჩემოდანი მას თან ჰქონდა და ახლა იმ ოთახში დევს, რომლებიც ჟუკოვსა და მის მეუღლეს სძინავთ.

ალბათ, პირდაპირ უნდა განვუცხადოთ ჟუკოვს, რომ აღნიშნული ჩემოდანი თავისი ძვირფასეულობით სახელმწიფოს ჩააბაროს. ამასთანავე, წარმოგიდგენთ ყველა იმ ფოტოს, რომლებიც გადაღებული იქნა ჟუკოვის ბინისა და აგარაკის ფარული ჩხრეკისას, რომლებზეც ასახულია ყველა ის ნივთი, რომელიც აღმოჩენილი იქნა ჩხრეკის შედეგად.

10 იანვარი 1948 წელი”.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახსნილ არქივებში აღნიშნული ფოტოსურათები არ აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ეს ფოტოები სტალინმა ნახვისთანავე ზიზღით გადახია და ურნაში ჩაყარა.

სტალინმა, როცა მოხსენებითი ბარათი ბოლომდე ჩაიკითხა, ჩაფიქრებულმა ხელი ტელეფონისკენ წაიღო და ნელი ხმით ყურმილში ჩასძახა:

_ აბაკუმოვთან დამაკავშირეთ.

იმ მომენტში ლიუბლიანკის სარდაფებში დაკითხვა მიმდინარეობდა:

“_ თქვენი ლენინგრადის ბინის ჩხრეკისას აღმოჩნდა ოქროსა და ბრილიანტის ასეულობით უნიკალური ნაკეთობა, 1 000 მეტრი აბრეშუმისა და შალის ქსოვილები, 50-მდე უძვირფასესი ხალიჩა, დიდი რაოდენობით ბროლის, ფაიფურისა და სხვა მრავალი ძვირფასი ნივთი”.

_ არ ვმალავ, რომ გერმანიიდან წამოვიღე ბევრი ძვირფასეულობა.

_ წარმოგიდგენთ იმ ნივთების ფოტოსურათებს, რომლებიც აღმოჩნდა თქვენს ბინაში ჩხრეკის დროს: გობელენები _ ფლამანდიელი და ფრანგი ხელოსნების მიერ შესრულებული XVII-XVIII საუკუნეებში, სად მოიპარეთ?

_ გობელენები ნაპოვნი იქნა გერმანიის რაიხსბანკის სარდაფებში, სადაც გადამალული იყო ომის დროს. ვიპოვე რა ეს ნივთები, ვუბრძანე ჩემს კომენდანტ აქსიონოვს, გაეგზავნა ისინი ლენინგრადში, ჩემს ბინაში.

_ ოქროს საათები, კულონები, ბეჭდები, ბროშები, ძეწკვები და ოქროსა და ბრილიანტის სხვა ნაკეთობები სად მოიპარეთ?

_ ეს სიმდიდრე ამოღებულია გერმანული სამალავებიდან.

კითხვებს სვამდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი, პოდპოლკოვნიკი კუტინცევი. ხოლო პასუხობდა გენერალ-მაიორი, ბერლინის ოპერატიული სექტორის უფროსი სიდნევი.

1947 წელს ბერლინიდან დაბრუნებული სიდნევი დააპატიმრეს გერმანიიდან ნაძარცვი ქონებისა და ძვირფასი ნივთების ჩამოტანისთვის.

გენერალმა სიდნევმა გამოძიებას მისცა ჩვენება ყველა ადამიანზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ დანაშაულში. მან ამხილა, როგორი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ სეროვსა და საოკუპაციო სექტორის სარდალ ჟუკოვს ერთმანეთთან, როგორ ძარცვავდნენ მათი ხელქვეითები და როგორ ეზიდებოდნენ თვითმფრინავებითა და ეშელონებით ნაძარცვ ქონებას მოსკოვში, საბაჟო კონტროლის გაუვლელად.

სეროვმა თავის მოხსენებით ბარათში ბრალდებათა მთელი სერია ჩამოაყალიბა აბაკუმოვის მიმართ,_ შეგნებულად ცდილობს ჩემი და ჟუკოვის დისკრედიტაციასო, მაგრამ აბაკუმოვის საქმიანობაში საეჭვო არაფერი იყო.

სიდნევის აღიარებითი ჩვენება კიდევ უფრო ამძაფრებდა ბერლინის საოკუპაციო ზონაში მაღალი ჩინის სამხედროების მგლური მოქმედების ხასიათს, რომელიც სტალინისათვის წარდგენილ კიდევ ერთ მოხსენებით ბარათში აისახა.

მოხსენებითი ბარათის წაკითხვის შემდეგ, სტალინმა ანდრია ჟდანოვი გამოიძახა და მარშალ ჟუკოვთან შეხვედრა დაავალა. ჟდანოვს უნდა აეხსნა ჟუკოვისთვის, რაც მის თავს ხდებოდა.

ოდესიდან ჩამოსვლის მეორე დღეს, 1948 წლის 12 იანვარს, ჟუკოვი გამოცხადდა ჟდანოვის კაბინეტში, სადაც დაიწყო ძალზე არასასიამოვნო საკითხებზე საუბარი. საუბარი ისეთ მძიმე და უხერხულ საკითხებზე გაიმართა, რომ მისი სტენოგრაფიული ჩანაწერიც არ გაკეთებულა და არც სარქივო მასალებში იძებნება.

არქივში არის მხოლოდ ჟუკოვის ახსნა-განმარტება ჟდანოვის სახელზე, რომელშიც აღწერილია, რა პირობებში და როდის ხდებოდა ფარული ჩხრეკისას ნაპოვნი ძვირფასეულობის მოპოვება და მისი გაგზავნა მოსკოვში.

მე ვაცნობიერებ ჩემს შეცდომებს, რომ ბევრი რამ შევიძინე სახლისა და ახლობლებისათვის, რისთვისაც გადავიხადე საკუთარი თანხა, რაც მიღებული მქონდა ხელფასის სახით. ეს ყველაფერი შევიძინე ქალაქ ლაიფციგში საკუთარი სახსრებით.

წაულის ქურქი _ 160 ცალი, ქურქი მაიმუნის ტყავის _ 40-50 ცალი, პალტოები _ 50-60 ცალი. და კიდევ სხვა რაღაცები ბავშვებისათვის, რაც არ მახსოვს.

რაც შეეხება ქსოვილებს, ის შევიძინე სახლისა და სამსახურის ავეჯზე გადასაკრავად. ასევე 500-600 მეტრი ქსოვილი მთხოვა გენერალმა ვლასიკმა (სტალინის პირადი დაცვის უფროსი _ გრ.ონიანი), მაგრამ, რადგან დაპატიმრებული დამხვდა, აღარ გადამიცია აღნიშნული ქსოვილი. აგარაკის ფარული ჩხრეკისას აღმოჩენილ ქსოვილებზე შევიტყვე, რომ თითქოს იქ 4 000 მეტრი ქსოვილი იყო, მაგრამ მე საქმის კურსში არ ვარ.

ნივთები, რომლებიც ჩამოვიტანე ბერლინიდან, სამსახურეობრივი საჭიროებისათვის შევიძინე და, რატომ არ გაატარეს შემოსავალში, ჩემთვის გაუგებარია. წელიწად-ნახევარია (რაც ჟუკოვი ოდესაში იყო), საერთოდ, არ ვყოფილვარ აგარაკზე და არ ვიცი, იქ რა მდგომარეობაა.

რაც შეეხება ოქროს ნაკეთობებს, მარშლის განცხადებით, ეს, ძირითადად, იყო სხვადასხვა ორგანიზაციისა და პიროვნების, ხოლო ქალის სამკაულები დაბადების დღეებსა და სხვადასხვა დღესასწაულზე მოძღვნილი საჩუქრები. მაგალითად, მან განაცხადა, რომ ერთი ბეჭედი, რომელიც აღწერაში მოხვდა, მოლოტოვის ქალიშვილმა აჩუქა თავის დაქალს (ჟუკოვის ქალიშვილს) დაბადების დღის აღსანიშნავად.

“რაც შეეხება სერვიზებს, იგი მე ვუყიდე ჩემს ქალიშვილებს, რაშიც 9 200 გერმანული მარკა გადავიხადე. ნასყიდობაზე შემიძლია წარმოგიდგინოთ დამადასტურებელი საბუთებიც. და ამას დამიდასტურებს ამხანაგი სეროვი, რომლის მეშვეობითაც შევიძინე ისინი, სწორედ სეროვი განაგებდა ჩემს ეკონომიკურ საკითხებს.

50 000, რომელიც სეროვმა მომცა პირადი სარგებლობისათვის, უშიშროების სამინისტროს დაცვის უფროს ბედოვს გადავეცი. მე რომ მიმთვისებელი და მომხვეჭველი ვყოფილიყავი, იმ 50 000-ს სახელმწიფოს არ დავუბრუნებდი და ამ თანხის მომკითხავი არავინ იყო. სეროვმა მე შემომთავაზა, რომ დამეხარჯა ჩემი სურვილისამებრ 500 000. მე ეს თანხა არ ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ სეროვმა მითხრა, ბერიამ მიბრძანა, თუ ჟუკოვს ფული დასჭირდება პირადი საჭიროებისათვის, გაეცით რამდენსაც მოითხოვსო”, _ წერს ჟუკოვი.

საოცარია, ასეთი სუფთა კაცი და გამარჯვების “მთავარსარდალი” ჟუკოვი რატომ წერს მოხსენებითი ბარათის დასკვნით ნაწილში “მტკიცე ბოლშევიკურ ფიცს”, რომ ის არ დაუშვებს მსგავს შეცდომებს და ითხოვს, დატოვონ კომუნისტური პარტიის რიგებში. ჟუკოვი ირწმუნება, რომ ყველა შეცდომას გამოასწორებს, რომელიც კი დაუშვა.

მოხსენებით ბარათზე ხელის მოწერას წინ არ უძღვისმარშალიდა არავითარი ტიტული. უბრალოდ, მიწერილი აქვს _ “საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი ჟუკოვი”.

სტალინმა გულდასმით წაიკითხა ჟუკოვის მოხსენებითი ბარათი და მძიმედ ამოიოხრა. დადგა გადამწყვეტი მომენტი ჟუკოვის ბედის გადაწყვეტისა. კაბინეტში პოსკრებიშევი შევიდა და მოახსენა, მისაღებში ლავრენტი ბერია და ვიქტორ აბაკუმოვი გელოდებიან და მიღებას ითხოვენო. სტალინმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ბერია და აბაკუმოვი სტალინთან შევიდნენ. სტალინს მათთვის დაჯდომა არ შეუთავაზებია. აბაკუმოვმა სტალინს მაგიდაზე დაუდო აქტი, რომელსაც გრძელი სათაური ჰქონდა:

აქტი

საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს საქმეთა სამმართველოსთვის საბჭოთა კავშირის მარშლის _ .. ჟუკოვის უკანონოდ მოპოვებული და მისაკუთრებული ნაალაფარი (“ტროფეინი”) ქონების ჩაბარების შესახებ, რომელიც ამოღებულია საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტროს მიერ”.

აქტში ჩამოთვლილი იყო ყველა ის ნივთი და ქონება, რომელიც იპოვეს ჟუკოვის მოსკოვის ბინაში და მოსკოვის გარეუბან რუბლიოვკაში მდებარე აგარაკზე. ბერიამ და აბაკუმოვმა ჟუკოვის დაპატიმრების უფლება მოითხოვეს.

_ არა, მე თქვენ ჟუკოვს დასაპატიმრებლად არ მოგცემთ, მე არ მჯერა თქვენი, ის მართალი და პირდაპირ მთქმელი კაცია, რის გამოც ბევრს არ უყვარს, დიდი სამამულო ომის 4 წლის განმავლობაში მე იგი უფრო კარგად გავიცანი, ვიდრე თქვენ, _ განუცხადა სტალინმა ბერიასა და აბაკუმოვს.

თუ სტალინი სინამდვილეში ისეთი ცივსისხლიანი, კაცთმოძულე და შურისმაძიებელი იყო, როგორც წერენ და ამბობენ, მაშინ ყველა სამხილი და საფუძველი არსებობდა იმისა, რომ ჟუკოვიც იმ გზას დადგომოდა, რომელსაც სხვა მარშლები და უმაღლესი სამხედრო პირები დაადგნენ, მაგრამ სტალინი, უწინარესად, ადამიანი და საქმის დამფასებელი იყო.

1946 წელს სტალინისთვის მიცემული პირობის უხეში დარღვევის შემდეგ, სტალინმა ჟუკოვს ოდესაში დაშვებული შეცდომენიც აპატია და თავის თავზე მაღლა დადგა, როდესაც ახალდანიშნულ მინისტრ ბულგანინს ჟუკოვის შესახებ გამოსაცემი ბრძანების ტექსტის შავი პირი გაუგზავნა.

დიდი სამამულო ომის დამთავრებისთანავე ოპერატიული შეტყობინებებიდან სტალინისათვის ცნობილი იყო, რომ იწყებოდა “მარშალთა ომი” და ელოდა კიდეც, რადგან ზოგიერთი მარშლის წარმატებები ომში თუ კრემლის კაბინეტებში, მათი ავტორიტეტი, ბევრ უმაღლეს სამხედრო მოსამსახურეს “ტვინში ძვლად ეჩხირებოდა” (სტალინის ფრაზა).

მკითხველს, ალბათ, ახსოვს, ჩაფიქრებულმა სტალინმა, როდესაც ის უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე ჟუკოვის საკითხს იხილავდა სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობისაგან განთავისუფლების თაობაზე, მას სინანულით მიმართა: “რაც უნდა იყოს, თქვენ დროებით მაინც უნდა დატოვოთ მოსკოვი”.

ამ შემთხვევაში ოდესის ოლქში ჟუკოვის გაგზავნა არა ადმინისტრირების, არამედ სტალინის პოლიტიკური ალღოსა და გამჭრიახობის გამოვლენის შედეგი იყო. სტალინმა ისიც გათვალა, რომ მარშლების ერთ ჯგუფს არ დააკმაყოფილებდა ჟუკოვის ასეთი დასჯა, მაგრამ შორს მყოფი და თვალს მოფარებული ჟუკოვი ნაკლებად გააღიზიანებდა ნაომარ, ნერვებმოშლილ და რიგ შემთხვევაში ოჯახებდანგრეულ მაღალჩინოსან სამხედროებს.

საინტერესოა, სად გაქრა ან რატომ არ არის მინისტრთა საბჭოს საქმეთა სამმართველოს მიერ ჟუკოვისთვის ჩამორთმეული ქონების მიღების აქტში ის გახმაურებული ჩემოდანი, რომლის ადგილსამყოფელი და მასში მოთავსებული ნივთების ჩამონათვალიც კი იცოდა საბჭოთა დაზვერვამ და უშიშროების სამინისტრომ.

ზოგიერთი ანალიტიკოსისა და ჩემი პირადი აზრით, თუ გამჟღავნდებოდა, რა იყო იმ ჩემოდანში, რომელიც გაუჩინარდა, სტალინს უმაღლესი სასჯელისგან ჟუკოვის გადარჩენის იოტისოდენა შანსიც კი აღარ დარჩებოდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამდენი დანაშაულებრივი ქმედებისა, რომელთა გამოც ჟუკოვი ითხოვდა პარტიაში დატოვებას, არაფერია ნათქვამი შეიარაღებული ძალების მინისტრის ბრძანებაში.

1948 წლის 4 თებერვალს შეიარაღებული ძალების მინისტრ ბულგანინის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში მითითებულია მარშალ ჟუკოვის ოდესის სამხედრო ოლქის სარდლობიდან გათავისუფლებისა და ურალის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად დანიშვნის შესახებ.

ძვირფასო მკითხველო, სწორედ ამ წერილზე ვმუშაობდი, როცა შინ ჭარმაგი, მაგრამ აქტიური თანამოაზრე მესტუმრა, რომელსაც ხელში გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ბოლო ნომერი ეჭირა.

იმ მომენტში ჩემ მიერ მოწყობილ სტალინის ხსოვნის ოთახში მოსკოველი სტუმრები სტალინის მემორიალურ ნივთებს ათვალიერებდნენ. მათ ხალისით შეუერთდა ჩემი სტუმარიც, რომელიც შესანიშნავად ფლობს რუსულს და მოსკოველებთან საერთო ენა ადვილად გამონახა.

რადგან ძალზე დაკავებული ვიყავი, ჭარმაგმა სტუმარმა მოისურვა, მალე დავეტოვებინე. როდესაც ვაცილებდი, პოლიტიკურ საკითხებზე ცხარედ ალაპარაკდა, მაგრამ, რადგან მე დიდი აქტიურობა არ გამომიჩენია, მან შეუარაცხყოფად მიიღო და შემომიტია:

_ შენ, ამხანაგო გრიშა, შეურაცხყავი სტალინი!.

გამიკვირდა, რადგან იგი აღფრთოვანებული იყო სტალინისადმი ჩემი დამოკიდებულებით. გამეღიმა და მშვიდად ვკითხე, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან სტალინის შეურაცხყოფა-მეთქი?

_ ჟუკოვის ლანძღვაში, _ მოკლედ მიპასუხა.

შემდეგ ნომერში მინდა როგორც თანამოაზრეს, აგრეთვე, ჩემს ერთგულ მკითხველს მოვუთხრო სიმართლე, რომელიც მარშალ ჟუკოვის მიერ წარმოთქმული სიტყვების შინაარსში დევს:

“სტალინი მე მხსნიდა, მაქვეითებდა, მაგრამ არ მამცირებდა. აბა, ვინმეს გაებედა ჩემი შეურაცხყოფა, იგი მას თავს წააცლიდა”.

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here