საზოგადოდ, პოლიტიკა პარადოქსების სავანეაო, _ ნათქვამია. ქართული პოლიტიკაც არ ყოფილა გამონაკლისი და დამოუკიდებლობის ისტორიის 30 წლის განმავლობაში უამრავი პარადოქსი შემოგვთავაზა. მაგრამ იმას, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება, უკვე პარადოქსიც აღარ ჰქვია და უფრო ხალხის ნების, საქართველოს თითოეული მოქალაქის, ყველასი და ყველაფრის უხეშ, უტიფარ და აშკარა ფეხებზე დაკიდებას უფრო ჰგავს.
ერთი ძველი ანეკდოტია ასეთი:
ენაბლუ კაცი შედის ლუდის ბარში და დახლიდარს ეუბნება:
_ ერერერთითი კაკაკაკათხათხათხა ლულუდიდიდიდი რარარა ღიღირს?
_ ოთხმომომომოციციციცცი კაპკაპკაპკაპკაპკაპიკიკიკიკი, _ პასუხობს დახლიდარი.
_ დამისხისხისხისხი, თუ შეშეშეიძლელელება, _ ეუბნება ენაბლუ.
_ ახახახახახლალალავევევევე, ბატოტოტონონონო, _ და უსხამს.
ენაბლუმ დაიწყო ლუდის დალევა და ამ დროს შემოდის კიდევ ვიღაც ტიპი და მიმართავს დახლიდარს:
_ ერთი კათხა ლუდი რა ღირს?
_ ოთხმოცი კაპიკი, _ ჩვეულებრივად პასუხობს დახლიდარი.
_ დამისხი თუ შეიძლება.
_ ახლავე, ბატონო, _ ასევე ჩვეულებრივად პასუხობს დახლიდარი და უსხამს.
ენაბლუმ ეს რომ მოისმინა, რა თქმა უნდა, დაიძაბა და დახლთან მივარდა.
_ შეშეშეშეშენ, ბიბიბიბიჭოჭოჭო, ვივივივის ეკაკაკაკაკაიფეფეფეფებიბიბი, ჰა? _ უყვირის დახლიდარს.
_ შშშეშეშენ არა, ძმაძმაძმაძმაო, იმას ვევევევვეკაკაკაკაიფეფეფეფებიბიბიბი, _ დაამშვიდა დახლიდარმა ენაბლუ და ნორმალურად მოსაუბრე ტიპისკენ გაახედა.
აი, დაახლოებით ამას მაგონებს ჩვენი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა საქციელი. ნამდვილად ვერ გამიგია, საკუთარ თავს ეკაიფებან, პოლიტიკურ ოპონენტებს თუ ხალხს?
უფრო სავარაუდოა _ ხალხს, რომელიც მათ, როგორც ჩანს, ენაბლუც ჰგონიათ, ბრმაც და გონებაჩლუნგიც.
არადა, როდესაც ტელესტუდიაში პირდაპირ ეთერში დარეკვით, ანდა ქუჩაში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრებისას მოსახლეობა მათ დაახლოებით მსგავს კითხვას უსვამს, _ თქვენ, ბიჭო, ვის ეკაიფებითო, _ ამ უტიფარ პოლიტიკურ ლიდერებს, ზემოთ მოყვანილი ანეკდოტისა არ იყოს, უტიფარი პასუხი მზად აქვთ: თქვენ არა, იმათ ვეკაიფებითო და ხან ხელისუფლებისკენ გაიშვერენ ხელს, ხან _ “ნაციონალური მოძრაობისკენ” და ხანაც _ გაურკვეველი მიმართულებით.
ყველაზე ნათელი მაგალით ამისა არის კოაბიტაციის ახალი და ყველაზე უნამუსო ტალღა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აზვირთთა და, რომელსაც უტიფარი გულმოდგინებით ნიღბავენ, როგორც სახელისუფლო, ასევე ძველი და ახალი ე. წ. ოპოზიციური პარტიები.
წინასაარჩევნო პოლიტიკური არიის შემსრულებელი პაატა ბურჭულაძე ყველაზე გამოკვეთილ ბანს აძლევდა თავის დროზე “სამართლიანობის აღდგენის” ოპერას და ხალხის გულის მოსაგებად მღეროდა _ “ქართულმა ოცნებამ” ხალხს დაპირება არ შეუსრულა და, თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, დიქტატორულ რეჟიმთან კოაბიტაციის მახინჯ პროცესს მოვსპობ და სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენო.
გადაწყვიტა ბატონმა ბანმა პოლიტიკაში მოსვლა, დიდი აურზაურით ახალი პარტიაც წარმოგვიდგინა შთამბეჭდავი სახელწოდებით “სახელმწიფო ხალხისათვის”, მაგრამ ამ სახელმწიფოს ამშენებლებად, ანუ თავისი პარტიისგან წარმოდგენილ დეპუტატობის კანდიდატებად იმავე ხალხისთვის სრულიად მიუღებელი პერსონები, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი სახეები, სხვებზე არანაკლებ გასვრილი, დიქტატორული და მანიაკური რეჟიმის არავისზე ნაკლებად ხელშემწყობები დაგვისახელა.
ოპერის ლიბრეტოც შეიცვალა _ თუკი აქამდე ნაცებთან თანამშრომლობა დანაშაული და მიუღებელი საქციელი იყო, ახლა უკვე, თურმე ნუ იტყვით და, “არავის წარსულს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ადამიანებს ვაფასებთ მათი პროფესიული ცოდნით, საქმიანი გამოცდილებით და მომავლის სწორი ხედვით და არა იმით, წარსულში ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებოდა ან რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობდა”, _ ასეთია პაატა ბურჭულაძის აზრი.
აი, ეს “ოპერა” უკვე ჩვეულ სიუჟეტად გადაიქცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის. თუმცა, ვერავინ გვიხსნის, თუკი “წარსულში პოლიტიკურ კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა” და ისინი ითანამშრომლებენ ყველასთან, ვინც “თავისი საქმის პროფესიონალია”, ასე მოდური “კოაბიტაციის დასრულება” და “სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალურად დაწყება” რაღა ჯანდაბას ნიშნავს?!
ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი პარტია სატელევიზო გამოსვლებისას თუ ქუჩაში ამომრჩეველთან შეხვდერისას უპირველეს მიზნად სწორედ “კოაბიტაციის მახინჯი პროცესის დასრულებას” და “სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალურად დაწყებას” ქადაგებს, ხოლო იქვე, პარალელურად, თავიანთი პარტიის “ახალ სახეებად” წარმოგვიდგენენ ხოლმე ყოფილ ბობოლა ნაცებს და დაგვიწყებენ ჭკუის სწავლებას, რომ “წარსულს არ აქვს მნიშვნელობა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ”, ხოლო ადამიანში, “წარსულში მისი პოლიტიკური მრწამსი” კი არა, “მისი პოროფესიული საქმიანობა და კონკრეტრული საქმის კეთების უნარი” უნდა შევაფასოთ.
ჯერ ერთი, ნამდვილად ვერ ვხვდები, რა ისეთი “პროფესიული უნარები” და “საქმის განსაკუთრებულად კარგად კეთების ნიჭი” დაუნახეს ამ ყოვლად უვარგის ადამიანებს და სად ნახეს მათი გაკეთებული საქმე, გარდა მართლა საქმიანი ადამიანებისთვის მილიონების სრულიად უკანონოდ წართმევის გზით საკუთარი ჯიბის გასქელებისა.
მეორეც _ კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას _ თუკი მხოლოდ “მომავლით” უნდა შევაფასოთ ადამიანები და მათ წარსულს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაშ, რაღას ნიშნავს “კოაბიტაციის დასრულება” და “სამართლიანობის აღდგენის პროცესი”? როგორ თავსდება ყოველივე ეს ერთმანეთთან?
რა გამოდის? _ ყველა პარტიას, უბრალოდ, თავისი წილი “გასაპრავებელი ნაცი” ჰყავს ამორჩეული და “სამართლიანობის აღდგენის პროცესი” და “კოაბიტაციის მახინჯი პროცესის დასრულება” მხოლოდ “სხვის ნაცებს” ეხებათ და “მათ ნაცებს” არა?
რა თქმა უნდა, სათქმელია, რომ ასეთი მართლა მახინჯი ორმაგი სტანდარტი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” და პირადად მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქვეყანაში და 2016 წლის არჩევნებისთვისაც ეს პოლიტიკური ძალა მისი ბელადიანად კვლავ განაგრძობს ოთხი წლის განმავლობაში დამკვიდრებულ “საუკეთესო ტრადიციებს”.
ამ საარჩევნოდ “ოცნებამ” უამრავი ყოფილი “ნაცკანდიდატურა” შემოგვტენა “მამა აბრამის ბატკნებად”. არადა, არაერთი მათგანი ჯერ კიდევ 2012 წლამდე ედგა მხარში ნაცებს, აფინანსებდა და ხელს უმართავდა მათ და, მაშინდელ არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობას” რომ გაემარჯვა, “ოცნების” ახლანდელი წარმომადგენლები სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოგვევლინებოდნენ პარლამენტში.
ეგეც რომ არ იყოს, მგონი, წესიერი ადამიანებისთვის ბევრ რამეზე უნდა მეტყველებდეს ცნობილი გამოთქმა: “აწმყო წარსულისაგან იბადება და მომავალს ბადებს!”
დიახ! სწორედ ადამიანთა წარსულს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რადგან ბინძური წარსულის მქონე ადამიანები სუფთა აწმყოს ვერ შექმნიან და, მით უფრო, ვერანაირად განაპირობებენ სუფთა მომავალს.
ხოლო ბინძურ ძალასთან 10 წლის განმავლობაში მოთანამშრომლე პერსონები რანაირად შეიძლება არ იყვნენ ბინძურები _ ეს სწორედ ამ ბრძენი სახით მოსახლეობის დამმოძღვრელ კოაბიტაციის წინააღმდეგ მებრძოლ კოაბიტანტებს უნდა ვკითხოთ.
ამ მიმართულებით გასულ კვირაში ყველანაირი რეკორდი დაამხეს “ახალმა მემარჯვენეებმა”.
ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც, ოთხი წელიწადია, ხელისუფლებას, ანუ “ოცნებას” თითქმის ყოველდღიურად ამუნათებდა და ნამუსზე აგდებდა _ როგორ ბედავთ, რომ კოაბიტაციას ეწევით და ყოფილ ნაცებთან თანამშრომლობთო, ადგა და საარჩევნო ალიანსში შევიდა ვაშაძის პოლიტიკურ მოძრაობასთან და ნაცების მეორე ანასხლეტ, პოლიტიკურ ცენტრ “გირჩთან”.
უტიფრობის გაკვეთილი ჩაგვიტარა “მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ: “ჩვენ ამ ორ პოლიტიკურ ძალასთან კატეგორიულად ვერ ვთანხმდებით წარსულზე, მაგრამ სრულიად იდენტური ხედვები გვაქვს მომავლისა, ამიტომ ჩვენს გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”, _ განაცხადა მან ტელეინტერვიუში და ამით საბოლოოდ დაადასტურა “ახალი მემარჯვენეების” ძიირითადი მიზანი პოლიტიკაში _ ფულის კეთება(!).
თუმცაღა, რაიმე სხვა მიზანს პოლიტიკაში აქტიურობისა, ვერც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალას დავწამებთ. თვით ყველაზე მდიდარი სახელისუფლო პოლიტიკური ძალაც კი მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევისას აშკარად მათი “ბევრფულიანობის” პრინციპით მოქმედებს _ არჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც პარტიას კი არ მოსთხოვენ, არამედ თავად დახარჯავენ ფულს ამ არჩევნებში და პარტიასაც გაუმართავენ ხელს.
აი, ეს არის მთავარი კრიტერიუმი და არავის არაფერში აინტერესებს, ეს “ფულიანი ტიპები” წარსულში რისთვის ხარჯავდნენ ამ ფულს და რა ჯოჯოხეთს აფინანსებდნენ ქვეყანაში პირადი კეთილდღეობის მოპოვების მიზნით.
არა, ძმაო, წარსული რა სახსნებელია! მთავარია, მომავალში გამოგადგეს კაცი! _ აი, ამ პრინციპს რომ ამკვიდრებს საზოგადოებაში, ასეთ პოლიტიკოსებს რომელ ზნეობაზე უნდა ელაპარაკო და ამ ნაგვების აშენებულ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვრო ნორმალურმა ადამიანმა?!
თუნდაც კაციტაძის სიტყვები გავშიფროთ, _ წარსულის ამბებში კატეგორიულად არ ვეთანხმებით მათო, _ ანუ ყოფილმა ნაცებმა რამე კი არ მოინანიეს, კი არ მოიბოდიშეს, არამედ მაინც თავისაზე დგანან და იმ 10-წლიანი წარსულის გამო ოდნავ სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობენ!
მიუხედავად ამისა, კაციტაძე მაინც ხედავს მათთან საერთო მომავალს; ისე, როგორმა ადამიანმა შეიძლება დაინახოს საერთო მომავალი ისეთ მეორე ადამიანთან ერთად, რომელსაც თავზე განავლის დიდი და სუნიანი ულუფა ადევს და გარშემო ყველაფერს აყროლებს? _ აი, ეს რიტორიკული კითხვა პასუხის გასაცემად ისევ და ისევ ივანიშვილს, ბურჭულაძეს, ნათელაშვილს, კაციტაძესა და მათნაირი დაბალი ზნეობის მქონე “ლიდერებს” დავუტოვოთ…
ჩვენ კი, რა ვიცი, თუკი აქვს რამე აზრი, გული მაინც მოვიფხანოთ ერთი ომახიანი შეძახილით: თქვენ ვის ეკაიფებით, ბიჭო, ჰა?
ბაკურ სვანიძე
politikuri prostitutebi