Home რუბრიკები საზოგადოება “16 წელია, იტალიაში ვცხოვრობ და ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, როგორც ბოლო...

“16 წელია, იტალიაში ვცხოვრობ და ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაშია, არ შემიმჩნევია”

753

 44 წლის ლელა ხორიაული პროფესიით ექიმიკარდიოლოგი და გენეტიკოსია. ცხოვრობს იტალიის ქალაქ პავიაში. მუშაობს პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერთანამშრომლად.

_ ქალბატონო ლელა, რატომ წახვედით საქართველოდან?

_ საქართველოდან 2000 წელს წამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. საერთაშორისო ორგანიზაცია ICGEB (International Centre for Genetic Engineering and Biotechnology – გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი)-ის ორწლიანი სტიპენდიით. ამ სტიპენდიით სარგებლობის საშუალება მხოლოდ სამ ქართველს მოგვეცა: მე, სოლომონ ნერგაძესა და ნინო ყოჩიაშვილს. მე და სოლომონი ამჟამად ერთ დეპარტამენტში ვმუშაობთ, ნინო კი საქართველოში დაბრუნდა და წარმატებული კარიერა აქვს.

დასანანი არის ის, რომ, ჩვენ გარდა, ამ სტიპენდიით ვერავინ ისარგებლა. 2000 წლიდან მოყოლებული მე, სოლომონმა და ნინომ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გაწევრებულიყო ICGEB-ში, წევრობის წლიური გადასახადი ქვეყნისთვის სიმბოლური თანხა იყო _ 5000 ევრო, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო _ “დღეს საქართველოს არ აქვს საშუალება, ეს თანხა გადაიხადოს”. ასე დაკარგა საქართველომ შანსი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემდა, ევროპაში გაეგრძელებინათ სწავლა ორი წლით და გამოცდილება მიეღოთ. ხელისუფლება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების წინსვლაში არ დებს თანხებს, განწირულია. როდესაც იტალიაში ჩამოვედი, არ ვფიქრობდი აქ დარჩენას, წამოსვლიდან სამ თვეში პავიის უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი გენეტიკის დარგში. შემდეგ ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და ასე დავრჩი იტალიაში. მეუღლე იტალიელია, გვყავს ორი ვაჟი _ 10 და 6 წლის, რომლებიც ამჟამად საქართვლოში იმყოფებიან საზაფხულო არდადეგებზე.

_ ქართველები კვლავ მიისწრაფვიან ევროპისკენ, თუმცა მათი იმედი ხშირად არ მართლდება, ვერ საქმდებიან ან ვერ იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ცდილობენ თავის დამკვიდრებას უცხო ქვეყნის მიწაზე, მაგრამ მაინც უწევთ ხოლმე სამშობლოში დაბრუნება. რა სიტუაციაა იტალიაში, როგორი ხელისუფლება ჰყავს ქვეყანას და როგორია ცხოვრების პირობები?

_ ქართველების გარკვეული ნაწილის ევროპისკენ სწრაფვის მიზეზი ზოგჯერ სწავლის გაგრძელების სურვილია, ზოგჯერ კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა. ამჟამად იტალიაში მძიმე მდგომარეობაა. ბოლო წლებში ბევრი იტალიელი დარჩა უმუშევარი და, აქედან გამომდინარე, საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის რთული შეიქნა თვიდან თვემდე თავის გატანა. როგორც მოგახსენეთ, უნივერსიტეტში ვმუშაობ და მჭიდრო კავშირი მაქვს სტუდენტებთან. იტალიელი ახალგაზრდების უმრავლესობა ცდილობს, დატოვოს იტალია და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს.

_ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია. იტალიაში მცხოვრები ქართველები ჩართულები თუ ხართ საქართველოს შიგა პოლიტიკურ ცხოვრებაში?

_ თუ ადამიანი არ ცხოვრობს ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებით, არ უნდა იმსჯელოს და ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩვენ ხომ ისე ვართ, როგორც გარედან მაყურებლები _ ვისმენთ იმას, რასაც ტელევიზორში ამბობენ, რასაც ჟურნალ-გაზეთები წერენ და რასაც ნათესავები გვეუბნებიან, რეალურად ჩვენ ობიექტურები ვერ ვიქნებით. ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ ბატონი თამაზ მეჭიაურია. თვალს ვადევნებ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას.

_ ევროპას ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი მიაწყდა. გაეროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვრები 350 ათასმა ლტოლვილმა გადალახა, მათგან 235 ათასი საბერძნეთში შევიდა, 115 ათასი _ იტალიაში. როგორ შეხვდნენ იტალიელები ლტოლვილების შემოსვლას?

_ ლტოლვილების უმრავლესობა იტალიაში იმისთვის შემოდის, რომ გადავიდეს ევროპის სხვა ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ლტოლვილი შემოვიდა და იტალიას უჭირს მათი გადანაწილება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა. დიდმა ბრიტანეთმა საერთოდ უარი თქვა კვოტებზე, საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ 216 ლტოლვილი მიიღო და ძალისხმევა თურქეთსა და იორდანიაში მყოფი მიგრანტების დახმარებისკენ მიმართა. დუბლინის შეთანხმების თანახმად, რომელიც ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერაა ხელმოწერილი, ლტოლვილები ვალდებულები არიან, თავშესაფრის სათხოვნელად ევროკავშირის იმ ქვეყანას მიმართონ, რომელშიც პირველად აღმოჩნდებიან. ამ კანონის დარღვევისთვის არალეგალს იმ ქვეყანაში აბრუნებენ, რომელმაც ის გაუშვა. 16 წელია, იტალიაში ვცხოვრობ და ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაშია, არ შემიმჩნევია. მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, უნივერსიტეტში ბევრი უცხოელია და პატივისცემით გვეპყრობიან, ვგულისხმობ იმ ემიგრანტებს, რომლებსაც ჩვენნაირად არ გაუმართლა.

ქართველები ფიზიკურად თითქმის არ განვსხვავდებით იტალიელებისგან და, ალბათ, ესეც არის იმის მიზეზი, რომ ქუჩაში უცხოელებად არ მიგვიჩნევენ და ჩვენ მიმართ აგრესიას არ გამოხატავენ, ისინი კი, ვისაც ეტყობა, რომ უცხოელია, იტალიელების გარკვეულ ნაწილში აგრესიას იწვევს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ნაწილი პროცენტულად ძალიან დაბალია.

_ რამდენიმე თვის წინათ იტალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორ შეხვდა იტალიის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას?

_ იტალიის პარლამენტმა მიიღო მთავრობის ინიციატივა და ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინებას მხარი დაუჭირა. გეი-წყვილებს უფლება აქვთ, გაიზიარონ გვარი, განკარგონ პარტნიორის პენსია გარდაცვალების შემთხვევაში და ერთმანეთის ქონება ზუსტად ისე, როგორც ეს ყველა სხვა დაქორწინებულ წყვილს შორის ხდება. დაუქორწინებელმა გეიწყვილებმა მიიღეს უფლება, რომ ავად გახდომის, სიკვდილის ან დაპატიმრების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ პირებად იყვნენ მიჩნეულნი. შვილად აყვანის საკითხი ყველაზე სადავო იყო კანონპროექტში, რადგან აღშფოთებას იწვევს კონსერვატორებსა და კათოლიკებში. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სუროგაციის ლეგალიზებას, რაც ამჟამად იტალიაში არაკანონიერია. სანამ პარლამენტში ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის კანონს იღებდნენ, ქუჩაში ლგბტ აქტივისტები აქციას მართავდნენ ბანერებით _ “ეს მხოლოდ დასაწყისია”.

ვფიქრობ, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების კანონიერად თანაცხოვრებას სხვა სახელი უნდა მოუძებნონ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, გააკეთოს არჩევანი, ქორწინება ჩემთვის და მრავალი იტალიელისთვისაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და თანაცხოვრებაა.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here