ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდა, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე დაპირება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა. “ამ წლის ბოლოს, ასპროცენტიანი ალბათობით, მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, მანამდე კი მისი მიღების ალბათობა 70 პროცენტია”, _ ალბათობის თეორიის ფუძემდებელივით ბრძნულად დაგვილაგა მოსალოდნელი ხდომილების პროცენტები დიადმა მილიარდერმა და წამს გამოცოცხლდა მანამდე ყურებჩამოყრილი ახალი სექტის _ “მეოცნებე ტუტუცების” წევრთა სრული უმრავლესობა.
აიო, ხომ თქვა ბიძინამ, ვიზალიბერალიზაცია 100 პროცენტით იქნებაო! ახლა რაღას იტყვითო? _ ისეთი დაქადნებით კითხულობდნენ სოციალურ ქსელებში, გეგონება, ბიძინას ჯერაც არასოდეს უთქვამს არაფერი “100-პროცენტიანი ალბათობით”, რაც, შემდეგ 1-პროცენტიანი ხდომილებითაც (“ხდომილება” მეცნიერული ალბათობის თეორიის ოფიციალური ტერმინია და შესრულებულ მოსალოდნელობას ნიშნავს) არ შესრულებულა.
ანდაც, მე შენ გეტყვი, ძალიან გაუჭირდება მამა-მარჩენალს, წლის ბოლოს მიამიტურად განაცხადოს, _ ეგ კი ვთქვი ეგრე, მაგრამ ეგ, დაპირება კი არა, წამოცდენა იყოო.
აკი, მისი “წამოცდენების” სიცარიელე, აგერ, ამას წინათ, ყველამ “საკუთარ ჯიბეზე” გამოვცადეთ.
სავარაუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ იმასაც შევიტყობთ, მოსამართლე მურუსიძისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაც “წამოცდენებია” თუ ის რეალურად ფიქრობს “ნაცების” ყოფილ ჯიბის მოსამართლეზე იმას, რასაც ამბობს ხოლმე მის შესახებ, უფრო ზუსტად _ მის დასაცავად და “გასაპრავებლად”.
საზოგადოდ, “ნაცების” ამა თუ იმ განშტოების “გაპრავება” და დაცვა ერთგვარ მოდად იქცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დღეს მკვეთრად გამოირჩევა ორი ლაკმუსი _ “მურუსიძე” და “რუსთავი 2”.
არიან პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც სასტიკად უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან “რუსთავი 2”-ისა და განსაკუთრებით მისი გენერალური დირექტორის _ ნიკა გვარამიას მიმართ, მაგრამ კბილებით იცავენ და ამართლებენ ლევან მურუსიძეს.
მეორე მხრივ, არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მურუსიძის სასამართლოს არსებობას “ქართული ოცნების” მიერ სამართლიანობის არ და ვერ აღდგენის უმთავრეს სიმბოლოდ მიიჩნევენ, მაგრამ, პარალელურად, კბილებით იცავენ და წინ ეფარებიან “რუსთავი 2”-სა და მის გენერალურ დირექტორს _ ნიკა გვარამიას.
არგუმენტი _ “მიშას დროს იგი სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, დამცველი, მამოძრავებელი და დანაშაულებრივი დავალებების უშუალო შემსრულებელი იყო!” _ ერთი ნაწილისთვის მხოლოდ მურუსიძის მიმართ მოქმედებს და გვარამიას მიმართ _ არა! მეორეთათვის კი პირიქით _ ეს არგუმნენტი მხოლოდ გვარამიას მიმართაა “წყალგაუვალი”, მურუსიძის მიმართ კი _ არა!
“რას ერჩით მურუსიძეს? ის უკვე გამოვიდა ნაციონალების გავლენიდან, აღარ ემორჩილება მათ. კიდევ არიან სხვებიც, რომლებიც ნაცებს აღარ ემორჩილებიან. ეს ჩვენ უნდა გვიხაროდეს. პრობლემა ის არის, ვინც დღესაც ემორჩილება ნაციონალებს” _ აი, ასეთი საოცარი არგუმენტი წარმოგვიდგინა და ასეთი საოცარი მორალი წაგვიკითხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ანუ, “ბიძინური” ლოგიკა მარტივი ამოსაცნობია: ვინც ნაცებს კოცნიდა ერთ ადგილზე და ახლა მე მკოცნის ერთ ადგილზე, კარგია, გადასარევია და მას პასუხი არაფერზე უნდა მოვთხოვოთ; ხოლო, ვინც არ მემორჩილება და არ მკოცნის ერთ ადგილზე, აი მათ კი უნდა მოვთხოვოთ პასუხიო.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ “ბიძინურ ლოგიკაში” საერთოდ არანაირი ადგილი _ არც დადებითი და არც უარყოფითი _ არ უჭირავთ ადამიანებს, რომლებმაც მაშინვე _ 2007 თუ 2008 წელს გამოხატეს პროტესტი, არ დაემორჩილნენ “ნაცებს”, არ იკადრეს მათთან თანამშრომლობა…
ასეთი ადამიანებისთვის ადგილი არსად არის. თუნდაც შიმშილით დახოცილან!
გამოდის, ბიძინასა და მისი ე.წ. ოპოზიციისთვის საქართველოს მოქალაქეები ორ კატეგორიად იყოფიან _ “ყოფილი ნაცები” და “ახლანდელი ნაცები”. სხვა დანარჩენი სათვალავშიც არ ვართ ჩასაგდები.
ის ადამიანები, რომლებიც არც ადრე ყოფილან “ნაცები”, არც ახლა არიან და არც მომავალში იქნებიან, ადამიანები, რომლებიც წარსულშიც ებრძოდნენ “ნაცების” რეჟიმს და ახლაც ებრძვიან, საერთოდ “დაკარგული” ხალხია _ არავის აინტერსებს, არც თვითონ ბიძინას და არც ბიძინას წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ამეტყველებულ “არანაც” ოპოზიციას.
საბოლოო ჯამში, მურუსიძისა და “რუსთავი 2”-ის ერთადერთ დადებით მხარედ შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ მათ აშკარა ლაკმუსის როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებისთვის _ თვალნათელი გახდა, რომ მთელი ეს პოლიტიკური სპექტრი, ლიდერებიანად, ამა თუ იმ პერსონას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ებრძვის.
როგორც კი დაინახავს, რომ მისთვის მურუსიძის დაცვა ხელსაყრელია, იმწამსვე იწყებს მურუსიძის დაცვას, თუ დაინახავს, რომ მისთვის “რუსთავი2”-ის დაცვა რაიმე სარგებლის მომტანია, მყისვე იწყებს “რუსთავი2”-ის და ნიკა გვარამიას დაცვას და ასე…
ყველაზე კომიკურია წამოძახებები:
“განა სწორედ მურუსიძისა და მისნაირების წინააღმდეგ არ ვიბრძოდით, როდესაც 2012 წელს ყველანი ერთად დავდექით? მაშინ რომ გეთქვათ, 2016 წელს მურუსიძის დაცვას დაიწყებდით, დაგიჭერდათ ვინმე მხარს?” _ ნამუსზე აგდებს ბიძინა ივანიშვილს რომელიღაც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ორიოდე წუთის შემდეგ თვითონ იწყებს “რუსთავი 2”-ისა და ნიკა გვარამიას დაცვას და აუცილებლად დააღებს პირს რომ შეეკითხო _ “კი მაგრამ, განა სწორედ ნიკა გვარამიას და მისნაირების წინააღმდეგ არ ვიბრძოდით 2012 წელს, ყველანი ერთად რომ დავდექით? მაშინ რომელიმე თქვენგანს რომ ეთქვა, 2016 წელს ნიკა გვარამიას დაცვას დაიწყებდა, დაგიჭერდათ ვინმე მხარს?”
საქმეც ეგაა, რომ ქართველი საზოგადოება 2012 წელს ორივეს წინააღმდეგ იბრძოდა _ როგორც “ლევან მურუსიძეების,” ასევე, “ნიკა გვარამიების” წინააღმდეგ და დღეს საოცრად მეცოდება ქართველი ხალხი, რომელსაც ნაციონალები, რა თქმა უნდა, ჭირის დღესავით ეზიზღება, მაგრამ სამაგიეროდ არჩევანის გაკეთება “მურუსიძისტებსა” და “გვარამიისტებს” შორის უწევს!
ასეთ ვითარებას დიდი გაანალიზება და “ჩაჭიდება” არ სჭირდება და ბუნებრივია, ასეთი ობიექტური და არგუმენტირებული ნიჰილიზმით შეპყრობილი საზოგადოება აღზევანს უფრო დიდი ხალისით წავა მარილის მოსატანად, ვიდრე არჩევნებზე.
მაგრამ არა! ჩვენი დიადი ახალი მილიარდერი ბელადი აქაც ხალხს ადანაშაულებს. თურმე, ნუ იტყვით და, სწორედ ხალხს არ ჰქონია სწორი ანალიზის უნარი.
აი, მაგალითად, ნაწყვეტი ივანიშვილის მოძღვრებიდან:
“თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი. ხალხის პრობლემა არის ის, რომ მათ ჯერ ვერ ისწავლეს სწორი ანალიზის გაკეთება. თუკი მთავრობა აშავებს რამეს, ეს ხალხმა მას უნდა მიუთითოს და გააკრიტიკოს, ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი ანალიზი. აი მე, მაგალითად, მითხრეს და წამაკითხეს, რომ ბევრი ამბობს, თითქოს ეს მთავრობა მოქმედებს არასწორად, მაგრამ ეს არ არის სწორი ანალიზი. აი ამას ვამბობ. ხალხმა აუცილებლად უნდა ისწავლოს სწორი ანალიზის გაკეთება. სხვათა შორის, ჟურნალისტებმაც უნდა ისწავლონ სწორი ანალიზის გაკეთება. ჟურნალისტის პირველი ფუნქცია, რა თქმა უნდა, არის, მიუთითოს მთავრობას შეცდომები და ჩაჭიდებულად იყოს განწყობილი მთავრობასთან, მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს სწორი ანალიზით. მე ვნახე, არაერთი ჟურნალისტი ჩემი მისამართითაც წერდა რაღაც უარყოფით კრიტიკას, მაგრამ ეს არანაირად არ იყო სწორი ანალიზი. ასევე, არაერთხელ მინახავს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები დადებითად აფასებენ ჩვენს, ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს და გადადგმულ ნაბიჯებს. აი, ეს კი ნამდვილად არის სწორი ანალიზი”, ანუ “ბიძინლოგიკა” დაახლოებით ასეთია:
ხალხი ვერ აკეთებს სწორ ანალიზს, ჟურნალისტებიც ვერ აკეთებენ სწორ ანალიზს, ვერც ექსპერტები აკეთებენ სწორ ანალიზს. “ოცნებამ” რომ არჩევნები წააგო რამდენიმე უბანზე, ეს იმის შედეგია, რომ ვერავინ აკეთებს სწორ ანალიზს. ხალხი რომ გამწარებულია და ხელისუფლებას აღარ ენდობა, ესეც იმის ბრალია, რომ ის ვერ აკეთებს სწორ ანალიზს. ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელიწადს უკვე საბოლოოდ რომ გაფარჩაკდა “ოცნება”, ეს იმიტომ მოხდა, რომ სამყაროში ვერავინ აკეთებს სწორ ანალიზს. ივანიშვილს უკვე “ერთკაციანი” პარტიების რომ ეშინია, როგორიც არის, მაგალითად, კახა კუკავას პარტია, და რომ ბატონმა ბიძინამ უკვე ღიად გამოხატა შიში, შესაძლოა, ხმები ამ “ერთკაციანმა” პარტიებმა წაგვართვანო, ესეც იმის ბრალია, რომ გალაქტიკაში საერთოდ ვერავინ აკეთებს სწორ ანალიზს. ღმერთიც კი ვერ აკეთებს სწორ ანალიზს! ერთადერთი არსება, ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, სოკოებს, უცხოპლანეტელებსა და ზებუნებრივ არსებებს შორის, რომელსაც აქვს უნარი, გააკეთოს სწორი ანალიზი, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია!
ნამდვილად ვერ გეტყვით, ასეთ მძიმე სისულელეებს რომელიმე მრჩეველი ალაპარაკებს ბიძინა ივანიშვილს თუ იგი თვითონ მოიფიქრებს ხოლმე, მაგრამ ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში, ქვეყნისა და ხალხისათვის შეღავათს ვერ ვხედავ.
მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილი დღემდე პრიმიტიულად აზროვნებს. სოციალურ ქსელებში ბიძინათი აღფრთოვანებულთა პოსტებისა და კომენტარების კითხვისას აშკარაა _ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღო, მაგრამ ვაზელინბერალიზაცია გვაქვს და, ალბათ, მსოფლიოში პირველებიც კი ვართ ამ მიმართულებით.
ვაზელინის ულევი მარაგია ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების ერთი ნაწილი მას ყოველთვის ეფექტიანად იყენებს საკუთარი ქვეყნის დაღუპვისა და გაჩანაგების ფასად!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუნდაც ის, რომ დღემდე ძალიან აქტუალურია ყოვლად სულელური თეორია _ “ჭკვიანი რომ არ იყოს, ამდენ ფულს ვერ იშოვიდა” _ უკვე ნათლად მეტყველებს დღევანდელი ქართველი საზოგადოების პრიმიტიული განვითარების, უფრო ზუსტად _ ვერგანვითარების დონეზე.
აკი, თეორია, რომ უჭკუო და უინტელექტო ადამიანი მილიარდებს ვერ იშოვის, მსოფლიოში არსებობს მხოლოდ უჭკუო და უინტელექტო ადამიანებისთვის. მსოფლიომ იცის ბევრი მილიარდერი, რომელთაც სამი კლასის განათლებაც კი არ აქვთ. რა თქმა უნდა, არსებობენ ინტელექტუალი და ჭკვიანი მილიარდერებიც, ანუ ჭკუასა და ინტელექტს პირდაპირი კავშირი არ აქვს ფულის შოვნასთან _ არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით.
ამიტომ, კეთილგონივრულად ვურჩევ ივანიშვილს, სასწრაფოდ მოიშოროს გვერდიდან ის მლიქვნელები, რომლებიც მას სწორედ ასეთი უაზრო თეორიებითა და მლიქვნელური ფრაზებით კვებავენ.
მეც და არაერთი სხვაც, რომლებიც დაინტერესებულნი ვართ არა ბიძინას მილიარდებით, არამედ საზოგადოების სწორი განვითარებითა და სწორი ზნეობის ჩანმოყალიბებით, მზად ვართ, სრულიად უანგაროდ ვურჩიოთ ბიძინა ივანიშვილს, რა უნდა ილაპარაკოს და რა _ არა, რა უნდა გააკეთოს და რა _ არა!
გარწმუნებთ, ბატონო ბიძინა, არც თქვენი ათიათასიანი ხელფასები გვინდა და არც არაფერი!
უბრალოდ, გულით გთხოვთ, ნუ დაღუპავთ ქვეყანას ასეთი არაადეკვატური აზრებითა და საქციელით!
პირველ რიგში კი, სწორედ ის ადამიანები მოიშორეთ, რომლებიც აი, ამ ყოველივეს წაკითხვისას ირონიულად მეტყვიან _ შენ რა უნდა ურჩიო დიად ბიძინას, შენ რომ მასზე მეტი ტვინი გქონოდა, მილიარდებს შენ იშოვიდი და არა ისო!
აი, ასე მოაზროვნე ადამიანები განსაკუთრებით ტუტუცები და, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საშიშები არიან…
თუმცა, რომ დაფიქრდე კაცი, ღირს კი რამე ურჩიო ადამიანს, რომელიც სრული სერიოზულობით ამბობს:
“ოქტომბრის არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობას” ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა ექნება!”
და ეს იმ ვითარებაში, როდესაც “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ახლახან 7 საარჩევნო უბნიდან 2 მოუგო, ხოლო დანარჩენ 5-ში სერიოზული პრობლემები შეუქმნა?
რა ვიცი, განა აქვს რაიმე მნიშვნელობა, ასეთ სისულელეებს ეს ადამიანი საკუთარი ინიციატივით ლაპარაკობს თუ ვინმე არწმუნებს?
კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია…
ბაკურ სვანიძე
ყოველთვის, ყველა საკითხზე უზუსტეს ანალიზს და აბსოლუტურად სწორ შეფასებებს აკეთებთ ბაკურ! მართლაც საუკეთესო მრჩეველი იქნებოდით ივანიშვილისთვის. მაგრამ ,საუბედუროდ, ის საკუთარი თავის ხიბლისგან ვერ თავისუფლდება.