Home რუბრიკები პოლიტიკა “რუსი მოდის”!

“რუსი მოდის”!

940

12 ივნისის ღამეს ამერიკულ ქალაქ ორლანდოში, გეი-ბარ “პულსში” ნახევრადავტომატური შაშხანითა და პისტოლეტით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა და ცეცხლი გახსნა. 49 ადამიანი დაიღუპა, 54 _ დაიჭრა. ამბობენ, რომ ყველაფერი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, როგორ მოახერხა 29 წლის ავღანური წარმოშობის ომარ მატინმა ერთი შაშხანითა და ერთი პისტოლეტით ამდენი ადამიანის მოკვლა და დაჭრა, გაუგებარია.

ომარ მატინი სამი წლის განმავლობაში უძღვებოდა ტელეპროგრამას ამერიკულ სატელიტურ არხზე Payam-e-Afghan, რომელიც ავღანეთისა და პაკისტანის მოქმედ ხელისუფლებებს უპირისპირდებოდა. ჩვენებური ტაქსისტებისა არ იყოს, მატინსაც ორი დიპლომი ჰქონდა, მათ შორის ერთი _ სისხლის სამართლის იუსტიციის ტექნოლოგიების დარგში(?). ოღონდ, ტაქსისტად კი არა, დაცვის ტრანსნაციონალურ სამსახურში მუშაობდა. ახლა იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ამგვარი სამსახურები გზავნიან ლეგიონერებს სხვა ქვეყნებში საომრად, გასაგები გახდება, რატომ შეწყვიტა ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მის მიმართ ორჯერ დაწყებული გამოძიება.

ამბობენ, რომ მატინს სირიაში, “ზომიერი ოპოზიციის” მხარეს საბრძოლველად გაგზავნას უპირებდნენ. მატინი ორჯერ დაჰკითხა გფბ-მ. ერთხელ იგი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, მეორედ – ამერიკელ რადიკალურ მუსლიმანთან კავშირის გამო, რომელმაც სირიაში თავი აიფეთქა. არადა, როგორც ირკვევა, ომარ მატინს არასოდეს ჰქონია კონფლიქტები კოლეგებთან, რომლებიც გეები იყვნენ.

ომარი რომ ჰომოფობი იყო, მამამისმაც დაადასტურა. რამდენიმე თვით ადრე მას მაიამიში უნახავს მამაკაცების წყვილი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ. მამას მიაჩნია, რომ ომარს ამ ფაქტმა უბიძგა თავდასხმისკენ. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ომარი თვითონ დაუკავშირდა სამაშველო სამსახურს _ 911-ს და შეატყობინა, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” არის დაკავშირებული. “ისლამურმა სახელმწიფომ” კი მხოლოდ 13 ივნისს, თავდასხმის შემდეგ, აღიარა მატინი “ხალიფატის მეომრად ამერიკაში”.

დასასრულ, ჟანრის კანონების მიხედვით, გამოჩნდა ომარ მატინის ყოფილი ცოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიაში შეყვანის მიუხედავად, ფსიქიკური პრობლემების მქონე ომარ მატინმა უპრობლემოდ მოახერხა ნახევრადავტომატური შაშხანისა და პისტოლეტის შეძენა. სხვათა შორის, ეს სწორედ ის შაშხანაა (AR-15), რომელიც ყველაზე ხშირად არის გამოყენებული აშშ-ში მასობრივი მკვლელობებისას.

ვინც ამ ვერსიებში ლოგიკის ნატამალს იპოვის, ალბათ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ასეთივე აბსურდულ ვერსიასაც დაიჯერებს. თუმცა ყველამ თავისი მკვდარი იტიროს, ჩვენ კი ჩვენს ვეგანებს მივხედოთ (ლგბტ-ში არ აგერიოთ!). ვეგანების კაფეში შეგდებული მწვადისა და ძეხვის რამდენიმე ნაჭრის გამო საქართველოში აშშ-ის ელჩი სასწრაფოდ მივიდა იქ და სოლიდარობა გამოხატა. საკითხავი მხოლოდ ის არის, რატომ არ მიმართა აშშ-ში საქართველოს მოქმედმა ელჩმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აღშფოთებისა და პროტესტის წერილით(!). ჩვენი გეების უფლებებზე მზრუნველმა სახდეპმა საკუთარ 49 მოკლულ გეის და მათ ოჯახებს რა პასუხი უნდა გასცეს? ან მთელს მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას სახელმწიფოს სტრატეგიად რომ დასახავ და ყურისძირში ჯერაც დაუოჯახებელ 49 გეის დაგიხოცავენ, სად გამოგეყოფა თავი?

სამაგიეროდ, კიევში გეიპარადმა უდანაკარგოდ ჩაიარა. უფრო სწორად, ამ ღონისძიებას “თანასწორობის მარში” უწოდეს. პრინციპში, როგორი “ღირსების რევოლუციაც” მოაწყვეს კიევის მაიდანზე, ახლაც ისეთი “თანასწორობის” დემონსტრირება მოახდინეს. თითო ლგბტ უფებადამცველზე 6 სამართალდამცავი მოდიოდა, ანუ 1000 ლგბტ-ზე – 6 ათასი პოლიციელი. ტერიტორიაზე შემსვლელებს ჩხრეკდნენ. ამოღებულ ნივთებში რამდენიმე გაზის ბალონი, ჯიბის დანა და ორი მართლმადიდებლური ჯვარი აღმოჩნდა. პერიმეტრს ეროვნული გვარდია იცავდა. იქვე შეკრებილი მოქალაქეები ლგბტ პირებს ძველი სახელით (პედარასტები) მოიხსენიებდნენ და კითხვას სვამდნენ: ჩვენ რა, ამათი პარადებისთვის ვიდექით მაიდანზე?!

ქართველების გარეშე ხომ არსად არაფერი ხდება და ეროვნული პოლიციის შეფმა ხატია დეკანოიძემ სრულიად უკრაინას ამცნო, რომ მარშის დროს 57 პირი დააკავეს. არადა, შეძახილების გარდა, არც არაფერი მომხდარა და უკრაინელი გეებიც პატრიოტები აღმოჩნდნენ: ხუთასი მეტრის გავლის შემდეგ (სწორედ ეს მანძილი იყო ნებადართული) უკრაინის ჰიმნი შეასრულეს. მარშის დამთავრების შემდეგ მონაწილეებმა სასწრაფოდ მოიცილეს ლგბტ სიმბოლიკა და ისე დაიშალნენ. გასაგებია – მათ სათითაოდ ვერ მიაცილებდნენ სახლებში, თითოს 6 კაცი რომ გაჰყოლოდა, ზურიკელასი არ იყოს, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩებოდა!

ლგბტ თემის თავგამოდებულ დამცველს, პრეზიდენტობისთვის მებრძოლ ჰილარი კლინტონს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ დაუჭირა მხარი. ორიოდე დღეში კი გაირკვა, რომ იმავე ჰილარის კუ-კლუქს-კლანის კალიფორნიის განყოფილების ხელმძღვანელმა (დიდმა დრაკონმა) უილ კუიგმა დაუჭირა მხარი. ასე და ამგვარად, ჰილარი კლინტონი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც ერთდროულად ზანგი და კუ-კლუქს-კლანელი უჭერენ მხარს.

ყველას თავისი კუ-კლუქს-კლანი ჰყავს და მიხეილ სააკაშვილის “ხატების” ეკლესიის გალავანში დამბრძანებელი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) საქართველოს სინოდის გადაწყვეტილებას მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ასე გამოეხმაურა: “თუ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის ამ შეკრებაში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში რა შედეგს ველით? კრება ჩაიშლება და თავს დავაღწევთ უხერხულ მდგომარეობას? _ მე ასე არ მგონია; კრებაზე არ წასვლით კი ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, სავარაუდოდ, ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი…

დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს აუცილებლად ქართულ ენაზე; სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე აღგვიქვამენ, როგორც რუსული სააზროვნო სივრცის წარმომადგენლებს და, შესაბამისად, როგორც რუსეთის ეკლესიის სატელიტს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ჩვენი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს”.

ქართულ ენაზე ლაპარაკი (და ქართული საქმის კეთება) მეუფე გრიგოლს საკუთარი კერპისთვის _ მიხეილ საკაშვილისთვის არასოდეს შეუხსენებია, მაგრამ რას იზამ, კოაბიტაცია არა მარტო საერო ხელისუფლებაში, არამედ ეკლესიაშიც დამკვიდრდა და მის შედეგებს ხშირად ვიწვნევთ ხოლმე.

მეუფე გრიგოლის აზრს, როგორც მოსალოდნელი იყო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამეცხედრე, ნათია ფანჯიკიძე, იზიარებს:

“იმედია, ჩვენი ეკლესია გამოიჩენს სიმტკიცეს და ქვეყნის ბედის უკუღმა გადაწყვეტაში ერთ დიდ ლურსმანს არ ჩააჭედებს. ერთმორწმუნე თუ ვინმეა, ბერძნები, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობის ცენტრია. ხასიათით, ტემპერამენტით, გარეგნობითაც კი ვგავართ, უძველესი დროიდან გვაქვს კულტურული კავშირები და დღესაც უამრავი, ათობით ათასი ქართველი ყავთ შეფარებული. იმედი მაქვს, რომ ჩვენს სისხლში გასვრილი, ქართული ტაძრებისა და ფრესკების გამანადგურებელი რუსების სასარგებლოდ, რომლებიც დღესაც ეკლესიას პოლიტიკური ძალადობისთვის იყენებენ, არ გადაწყდება წასვლა-არ წასვლა. მით უმეტეს, რომ ესწრება მთელი მართლმადიდებელი სამყარო, სავარაუდოდ, რუსების ჩათვლით. იზოლაციაში მხოლოდ ჩვენ მოვექცევით”.

ქალბატონი ნათია ნეტარია _ მას კონსტანტინოპოლი საბერძნეთში ჰგონია, საბერძნეთი კი “მართლმადიდებლობის ცენტრი”! ხასიათსა და ტემპერამენტზე რომ იყოს რწმენა დაფუძნებული, ბევრ სხვა ნათესავსაც ვიპოვიდით, ხოლო “ათობით ათასი ქართველის შემფარებელი” საბერძნეთის ხსენებისას მილიონი ქართველის შემფარებელი რუსეთის ლანძღვა ვერაფერი პატრიოტიზმი უნდა იყოს. ისტორიის არცოდნას რა ვუთხარი, თორემ ბერძნებს რუსებზე მეტი ზიანი მიუყენებიათ ქართული მართლმადიდებლობისთვის!

“იზოლაციაში” კი, სავარაუდოდ, ბულგარეთის (ცნობისთვის, ეს ქვეყანა ნატოს წევრიცაა და ევროკავშირისაც), სერბეთისა და ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად მოვექცევით და არა მარტო ჩვენ, როგორც ეს ნათია ფანჯიკიძეს ჰგონია. და საერთოდაც, თუ მსოფლიო კრებას “ესწრება მთელი მართლმადიდებელი სამყარო, სავარაუდოდ, რუსების ჩათვლით”, მაშინ რუსეთთან ერთად წასვლა არ იქნება ამ საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა? ამასობაში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო კრების გადადებას დაუჭირა მხარი, როგორც ამას სერბეთის ეკლესია ითხოვდა. ამჯერადაც უჩვენოდ გვეშველა, მგონი…

ერთდროულად რუსეთის ლანძღვა და მისი პანიკური შიში ბოლო ხანს აშკარად დასჩემდათ მათ, ვისაც ქალბატონი ნათია, მისი მეუღლე და სხვა პროდასავლური ძალები ეთაყვანებიან. მაგალითად, ამ დღეებში ფინეთში მიმდინარე ნატოს მასშტაბური წვრთნებისას ტყიდან უზარმაზარი დათვი გამოვიდა და გასროლის გარეშე უკუაქცია სამი ათასი სამხედრო. დათვი რომ რუსეთის სინონიმია, ნუ ვიკამათებთ, ამას ნატოელი სამხედროების სწრაფი უკან დახევაც მოწმობს.

დათვმა წყნარად მიირთვა მათი სადილი და სამხედრო ამუნიციაც საგულდაგულოდ გაჩხრიკა. ამ წვრთნებში ნატოს 18 წევრი სახელმწიფოს 50 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი, მრავალათასიანი ცოცხალი ძალა მონაწილეობდა. სამიოდე თვის წინათ ნატოს მფრინავმა რუსული ბომბდამშენის დანახვაზე სერიოზული სტრესი მიიღო და ახლა, ტყიდან გამოსულ დათვში რუსეთს რომ ხედავენ, გასაკვირი აღარ არის.

“რუსი მოდის!” _ მტრის შემოსევით გათანგული ჩვენი წინაპარი ასე აშინებდა მომხდურს. ახლა ეს უფრო საკუთარი შიშის გამოხატულებად იქცა. მაგალითად, მარსელში, სადაც თავგასულმა ინგლისელებმა, როგორც სჩვევიათ, ადგილობრივებს დასცხეს და, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან ერთად, ძეგლებს ზედ აშარდავდნენ, რამდენიმე ათეული რუსი გულშემატკივარი სამასად მოეჩვენათ. ინგლისელი ფანატები, რომლებსაც ფრანგულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ვერაფერი დააკლო, გაილახნენ, 35 მათგანი დაშავდა.

რუსები რამენაირად გადაიხდიან ჯარიმას, გულის მოფხანა უღირთ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს ვკითხოთ: ვის იმედად ვართ _ იმათი, ვინც დათვის დანახვაზე იარაღს ყრის და გარბის? ვინც რუსული ბომბდამშენის გადაფრენის შემდეგ ნატოს ჯარიდან წასვლის პატაკს წერს? თუ ვინც გეების უფლებებზე ლაპარკით თავი გადაგვჭამა და საკუთარ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს ვერ იცავს?

ყველაზე ბრძენი მაინც ის სპორტული კომენტატორი აღმოჩნდა, რომელმაც ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე რუსეთის ჰიმნის აჟღერებისას ქართველ მაყურებელს ურჩია, ტელევიზორს ხმა ჩაუწიეთო.

ფანჯიკიძის ქმარო და უსუფაშვილის ცოლო, ტელევიზორს ხმა ჩაუწიეთ, თვალები დახუჭეთ, ყურებზე ხელი აიფარეთ და დაელოდეთ, როდის შეებმება ნატო თქვენ მაგივრად რუსებს!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

  1. იუმორული სარკაზმითაა, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა. მადლობა თამარს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here