Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: დღეს ქართული სახელმწიფო არ არსებობს. ქვეყანას მართავს ტომის ბელადი!

თემურ ქორიძე: დღეს ქართული სახელმწიფო არ არსებობს. ქვეყანას მართავს ტომის ბელადი!

919

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა _ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”. 

აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა _ დროშა, გერბი და ჰიმნი. მანამდე, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა საყოველთაოსახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: “გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, იმავე დღეს აშშის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობას. საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელიწადს ითვლის. რისთვის იბრძოდნენ ეროვნული მოძრაობის წევრები და რა სურდა 25 წლის წინათ ქართველ ხალხს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეროვნული მოძრაობის წევრს, პირველი ეროვნული მთავრობის წარმომადგენელს _ თემურ ქორიძეს ვესაუბრეთ.

_ ბატონო თემურ, რისთვის იბრძოდით 25 წლის წინათ და რას ელოდით დამოუკიდებელი საქართველოსგან?

_ საქართველოს, ქართველ ხალხს ენატრებოდა თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში დაცულები ვიყავით სოციალურად, პოლიტიკურად, ტერიტორიულად… ქართველი ხალხი აბობოქრდა, მოინდომა ნამდვილი თავისუფლება და მოიპოვა კიდეც. მთელი საქართველო ვიბრძოდით იმისთვის, რომ ნამდვილად თავისუფალი ვყოფილიყავით. ზუსტად ისე, როგორც ილია ამბობდა: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”… გვინდოდა, ჩვენი თავის ბატონ-პატრონები ვყოფილიყავით; გვინდოდა, ჩვენი რელიგიის, ადათ-წესების, სულიერ-მატერიალური ცხოვრების პატრონები ვყოფილიყავით. საბჭოთა კავშირის შექმნიდან 70 წლის თავზე ქართველში ისევ გაიღვიძა ეროვნულმა მემ. ჩვენ ვიბრძოლეთ და საწადელს მივაღწიეთ კიდეც.

სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლას არავინ უფასებს ქართველს ხალხს. ნურავინ შეურაცხყოფს 9 აპრილს. ბევრს უყვარს თქმა _ 9 აპრილს პატრიარქს არ დაუჯერესო… მაგრამ ეს ასე არ იყო.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს ვიყავით თავისუფალი? დღეს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წლის თავზე, არც თავისუფლები ვართ და არც ქვეყანა გვაქვს სუვერენული

_ როდესაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებზე ვსაუბრობთ, ალბათ, ხვდებით, როგორი გულწრფელი იყო მაშინ ხალხი, რა დიდი იყო თავისუფლების სურვილი. ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, იყვნენ ასკეტები, პურიტანები, არავინ ფიქრობდა ფულზე, აგარაკზე, სასახლეზე… ბარაქალა იმ საქართველოს, რომელმაც 25 წლის წინათ იბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. ყველა ვალდებული ვართ, იმ საქართველოს თავი დავუხაროთ. იყო სიშლეგეებიც, მაგრამ ის საქართველო გაბრწყინებული იყო.

ჩვენი ქვეყანა დიდებული და გაბრწყინებული ძალიან ცოტა ხანს იყო, მხოლოდ სამი წელი. რატომ მოხდა სიშლეგეები? ცხოვრებისეული გამოცდილებით მივხვდი იმას, რასაც გოეთე წერდა: “ადამიანებს არ შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ იდეალებით”. იდეალები ბერდება, მხოლოდ გაელვებაა, მაგრამ საოცარ კვალს ტოვებს. იდეალებით, აღმაფრენით ორი-სამი წელიწადი ვიცხოვრეთ, თუმცა ეს საოცარი წლები იყო, რომლითაც ამაყობს საქართველო. ის წლები ჩვენს ქვეყანას კარგად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ საშინელებაში გადავეშვით. ისტორიამ მსგავსი ამბები იცის.

_ როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, პოლიტიკოსებისგან ხშირად გვესმოდა: “მიწას, ბალახს შევჭამთ, ოღონდ თავისუფლები ვიყოთ”… 25 წელი გავიდა მას შემდეგ და საქართველოში ბევრი არაფერი შეცვლილა. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთფიქრობდით, რომ ჩვენი გაჭირვება ამდენ ხანს გასტანდა?

_ დიახ, ასეთი ფრაზები ისმოდა. იმხანად ქართველი საზოგადოება განწყობილი იყო იმისათვის, რომ უარი ეთქვა ყველანაირ კომფორტზე, ოღონდ უფრო მეტი ეპოვა. ეს მეტი კი იყო თავისუფლება. დღეს ასეთ მდგომარეობაში იმიტომ ვართ, რომ არც თავისუფლები ვართ და არც მატერიალური კეთილდღეობა გვაქვს. მაშინდელი საქართველო მზად იყო, დაეთმო სიკეთეები, რომელთაც საბჭოთა კავშირიდან ვიღებდით. ვიცი, დღევანდელი მდგომარეობის გაცვლა რომ მოხდეს საბჭოთა საქართველოზე, ბევრი დაუყოვნებლივ გაცვლის. ბევრისგან მომისმენია სიტყვები: “ჩვენ კარგად ვცხოვრობდით, ეს რა გაგვიკეთეთ?” _ ეს ტრაგედიაა, დამოუკიდებელი საქართველოს კატასტროფა და ტრაგედიაა.

_ რომ დარჩენილიყო თქვენი ხელისუფლება, მიაღწევდით, რომ სუვერენული სახელწიფო გვქონოდა, ვყოფილიყავით თავისუფლები და უკეთესად გვეცხოვრა?

_ იმისათვის, რომ იდეალის ხორცშესხმა მოხდეს, ფანატიკოსები სჭირდება ერს. ჩვენ ვიყავით ასეთი ფანატიკოსები. არც ერთი ჩვენგანი არ იტყოდა, სანამ ხელფასზე დანამატს არ მოგვცემთ, საქმეს არ გავაკეთებთო. ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. ხელფაზე ლაპარაკი სირცხვილად აღიქმებოდა. ისტორიული კატაკლიზმების პერიოდში ქვეყანას ისეთი ლიდერები სჭირდება, რომლებიც გასცემენ, გაიღებენ და არა, მოიხვეჭენ. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, მაინც ვიყავით ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა. საქართველო მიდიოდა ღირსების აღდგენის გზით. სწორედ ეს იყო მაშინდელი საქართველოს უპირველესი ამოცანა.

26 მაისს მომივიდა მოსაწვევი სამთავრობო წრეებიდან, მთაწმინდაზე მიწვევდნენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. რა თქმა უნდა, არ წავედი, რადგან ეს ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავენ პირველი რესპუბლიკის დღეს. იცით, რაზე მეტყველებს ეს? ხელისუფლება პატივს არ სცემს ქართველი ხალხის 25 წლის წინანდელ თავგანწირვას. ურჩევნიათ კავშირი გარდაცვლილებთან ჰქონდეთ _ ნოე ჟორდანიასთან, ნოე რამიშვილთან და ა.შ., ვიდრე იმ ადამიანებთან, რომლებიც ცოცხლები არიან.

_ ბატონო თემურ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და მართლაც, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ამბობენ, რომ რა ფასი ჰქონდა ამ თავისუფლებას?

_ ჩვენ ისეთი საქართველოსთვის, როგორიც დღეს გვაქვს, არ გვიბრძოლია. გალაკტიონი წერდა: “დადიოდე და ხედავდე, ეს არ არის საქართველო”.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ასეთი საქართველოსთვის არ უბრძოლიათ. სხვა საქართველოსთვის, სხვა სიმაღლეებითვის ვიბრძოდით. ისეთი აღფრთოვანებულები ვიყავით, კანში ვერ ვეტეოდით. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოს შეეძლო ყოფილიყო ბედნიერი, კეთილდღეობით აღსავსე ჰუმანური სახელმწიფო. უბედურება არის ის, რომ ვიღაცის გაცვლა-გამოცვლის ობიექტად ვიქეცით. არავინ იცოდა მაშინ, რომ საქართველოში გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც იტყოდა _ მე ვხარჯავ ფულს, ამიტომ, ვისაც მინდა და სადაც მინდა, იქ დავნიშნავ. უფრო მეტიც, პირველი ლედიც მან აირჩია. ქვესკნელში ვცხოვრობთ.

_ როდის დაგვემართა ეს?

_ ოცი წელიწადია, ამ დღეში ვართ. ზუსტად ოცი წელიწადია, ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას. ის იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდებშიც და არის დღესაც…

ჩვენი უბედურება დაიწყო მაშინ, როდესაც დიდი პოლიტიკის შარაგზაზე გავედით, დავამყარეთ ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან და დამკვიდრება ვცადეთ. მალევე მივხვდით, რომ ადგილის პოვნა არც ისე ადვილია. გარდამავალ პერიოდში რომელიმე სახელმწიფოზე რომ ვყოფილიყავით დამოკიდებულები, გასაკვირი არ არის, რომელიმე სახელმწიფოს ინტერესთა სფეროში რომ მოვქცეულიყავით, არც ეს იყო საგანგაშო. ისტორიულად საქართველო სულ ამ დილემის წინაშე იდგა. საგანგაშოა, რომ ჩვენი ხელისუფლებები მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდნენ. ისინი თანახმანი იყვნენ და არიან, ერთი სახელმწიფოს მონამორჩილნი გახდნენ და საქართველოს ტერიტორია სახელმწიფოების შეჯახების პოლიგონად აქციონ, რაც დამღუპველია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. საქართველო არ უნდა მონაწილეობდეს ნატოს ოპერაციებში, ჩვენ გლობალური პოლიტიკის წარმმართველები არ ვართ. პატარა სახელმწიფოების საქმე არ არის გლობალურ პოლიტიკაში ჩართვა.

_ ყველას კარგად გვახსოვს ეროვნული მოძრაობის ერთერთი ლიდერის _ ირაკლი წერეთლის განცხადება, _ როგორც კი საბჭოთა კავშირიდან გამოვალთ, მაშინვე ნატოს წევრები გავხდებითო. ეს თქვენი გეგმა იყო? არ იცოდით, რა რთული გზა გვექნებოდა გასავლელი?

_ აქტუალურად, პრინციპულად ნატოს საკითხი არ დასმულა. ირაკლი წერეთელს ეს იდეა ჰქონდა… საქართველო ორიენტაციას იცვლიდა…

დღეს ჩვენ მოგვეთხოვება გონივრული, ჭკვიანური სამეზობლო პოლიტიკა. საქართველომ თავისი ტერიტორია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმოს ჩვენი მეზობლის მოწინააღმდეგე ძალას.

_ თუნდაც ერთი საარჩევნო ვადით რომ დარჩენილიყავით ხელისუფლებაში, მიხვდებოდით, რომ ნატოსკენ სწრაფვა სწორი არ არის?

_ ზვიად გამსახურდია არ იყო გულუბრყვილო. მას არასოდეს უთქვამს, რომ ნატოში შევალთ. ზვიად გამსახურდია არ იყო რუსოფობი. გადახედეთ მის ნაწერებს. მისი “ლევ ტოლსტოი” ერთ-ერთი საუკეთესოა. ადამიანი, რომელსაც რუსები სძულს, ამას ვერ დაწერდა. მან იცოდა რუსული კულტურა და პატივს სცემდა. ის კრემლის პოლიტიკას ებრძოდა.

ზვიადს ეკუთვნის ასეთი ფრაზა: “დიახ, მე რუსოფილი ვარ!”. ნურავინ დასწამებს ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ უმეცრებას. მისი იდეა იყო კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.

როდესაც ზვიადმა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მოიწვია, ყაზბეგში შეხვდნენ ერთმანეთს, რუსი პოეტის, პუშკინის ლექსით მიმართა. მეორე დღეს პუშკინის ინსტიტუტიდან დამირეკეს და მითხრეს, იქნებ ჰკითხოთ პრეზიდენტს, რომელი ლექსი წაიკითხაო.

_ მიუხედავად იმისა, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ არ აღიარებთ, მაინც გკითხავთ: დამოუკიდებლობის 25 წლის თავზე რას ეტყოდით ქართველს ხალხს _ ცოტა კიდევ მოვითმონოთ?

_ არა, არაფერი აღარ მოვითმინოთ. ქედი აღარ მოვიხაროთ. ჩვენი ისტორია სიამაყოთ გავიხსენოთ, 25 წლისწინანდელი საქართველო გავიხსენოთ. დღევანდელმა ქართველმა უნდა შეძლოს თავის დამკვიდრება. დღეს ქართული სახელმწიფო არ არსებობს. ქვეყანას მართავს ტომის ბელადი.

დაიწყეს საუბარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნაზე, რაც კარგია, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რასაც აუცილებლად მივაღწევთ. ვერ განვითარდება ქვეყანა, რომელშიც ფული მოპოვებული არ არის ეკონომიკით. ჩვენ სახელმწიფოდ უნდა ვიქცეთ, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და აღარაფერი მოვითმინოთ.

26 მაისს დამოუკიდებლობის აღნიშვნა წარსულის შეურაცხყოფაა. 26 მაისი უდღეური რესპუბლიკის დღეა, წაიკითხონ ისტორია და გაიგებენ. საზოგადო მოღვაწე მიხაკო წერეთელი წერდა: “1918 წლის საქართველო უნდა დაღუპულიყო და დაიღუპა კიდეც”.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ნეობოლშევიკები და მათი შთამომავლები ღუპავენ ქვეყანას. მათ აქვთ თავიანთი მთავარი
    ინტერესი-დოლარი და რაც შეიძლება მეტი. მარიონეტები არაფერს არ ქმნიან, მარიონეტები
    სხვის დაკრულზე ცეკვავენ.

  2. ვეთანხმები,ივანიშვილი მართავს.ამიტომაც განადგურდა ქვეყანა.

  3. ამათმა დაღუპეს ქვეყანა,დაიმახსოვრეთ მოსე სულელი კი არ იყო 40 წელი უდაბნოში რომ ატარა ებრაელები,ანუ 15წელი გინდათ კიდევ რომ ის თაობა წამოვიდეს რომლებიც თავისუპალ საქართველოს ააშენებენ,ამიტომ არის საჭირო ივანიშვილის ნაირი ხალხი საჭირო დარჩენილი 15 წელი,რომ ნაკლები მსხვერპლით გაგვიყვანოს ფონს,თორემ პოლიტიკოსებმა დაღუპეს ქვეყანა

  4. მაინტერესებს, გაქცეულმა ქართულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით რა ფულით იყიდა საფრანგეთში ლევილის მამული? უკვე გაჟონა ინფორმაციამ ქართული განძის გყიდვაზე. რა თქმა, უნდა 26 მაისი არ უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here