17 მაისი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, საქართველოს ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მრევლმა და მოქალაქეების ნაწილმა ეს დღე ქუჩაში მშვიდობიანი დემონსტრაციით აღნიშნა.
საპასუხოდ, ლგბტ აქტივისტებმა, წინა წლებთან შედარებით, სითამამე გამოიჩინეს და საქართველოს საპატრიარქოს კედლები სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს. ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სასულიერო პირის ფორმაში ჩაცმულმა ლგბტ ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა მღვდლის ანაფორა ჩაიცვეს და პერფორმანსი გამართეს. მართალია, რამდენიმე ლგბტ აქტივისტი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული შენობის დამახინჯების ბრალდებით უკვე დააკავეს, მაგრამ ამ ფაქტს თვითონ საპატრიარქოს, მრევლისა თუ სასულიერო პირების მხრიდან მწვავე პროტესტი არ მოჰყოლია. ლგბტ აქტივისტების ქმედების შესაფასებლად “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის სასულიერო პირებს დაუკავშირდა.
დეკანოზი დავითი (ისაკაძე), წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი:
_ სწორედ ეს არის აგრესიული ლიბერალიზმი, რომლის ერთ-ერთ განშტოებასაც წარმოადგენენ ამ ე.წ. უმცირესობის წარმომადგენლები, ანუ სოდომიის ცოდვით დაკავებული ადამიანები. 17 მაისს ასეთი საქციელით მათ თავიანთი აგრესიული სახის ერთი პატარა ნაწილი წარმოაჩინეს.
არგენტინაში ასეთი ადამიანები გაშიშვლდნენ და ეკლესიაში შევარდნას ცდილობდნენ, აფურთხებდნენ და რაღაცებს ესროდნენ მორწმუნეებს, რომლებიც ეკლესიის ირგვლივ ხელიხელჩაკიდებულები დადგნენ და ამ ფანატიკოსებისგან ტაძარს იცავდნენ. თუ საზოგადოება ყურადღებას არ მიაქცევს ასეთ ფანატიზმს, აგრესიას, რომლითაც ეს სოდომისტური სექტა გამოირჩევა, ცოტა ხანში საქართველოშიც ანალოგიურ პროცესები განვითარდება. მათ ძალიან სურთ კონფლიქტის პროვოცირება. ხომ ხედავთ, საპატრიარქოსაც კი მიადგნენ. უკვე ეკლესიაც შეურაცხყვეს.
მამა გიორგი (რაზმაძე), ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი:
_ არც კი ვიცი, რა უნდა ითქვას ასეთ ფაქტზე. გვახსოვს, რა დღეში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც შს იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამინისტროს წინ კაბა ჩამოუკიდეს. ისიც გვახსოვს, ე.წ. ოპოზიციურ ტელეკომპანია “კავკასიასთან” რა პროვოკაციაც მოუწყვეს ახალგაზრდებს _ უდანაშაულო ხალხი ციხეში 4 წლით გამოამწყვდიეს. ახლა კი ამ მთავრობას ისე ეშინია არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომ ვერაფერს ამბობს, თორემ წარმოიდგინეთ, ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ვიღაცებს მსგავსი ფლეშმობი რომ მოეწყოთ, რა მოხდებოდა…
_ ფიქრობთ, ამან გაათამამა ლგბტ აქტივისტები?
_ დიახ, ხელისუფლების წარმომადგენლები ისე არიან შეშინებულები ევროპელი “ცისფერი კომისრებისგან”, რომ სიტყვას ვეღარ ეუბნებიან ლგბტ თემის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. ამ ადამიანებმა კი უცხოელი “ცისფერი კომისრების” დავალება შეასრულეს და ამისთვის ფულსაც იღებენ. სხვა მიზანს, უბრალოდ, ვერ ვხედავ, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა რატომ უნდა მოხატოს საპატრიარქოს კედლები? ეკლესია რა შუაშია ამ ყველაფერთან? ეკლესია ყველას ზნეობისკენ მოუწოდებს და თავის ცოდვებზე მიუთითებს.
_ უნდა ჰქონოდა თუ არა რეაქცია საპატრიარქოს, მრევლს?
_ ისინიც სწორედ ამას ელოდებიან. სურთ, ყველას აჩვენონ, რომ მრევლის წევრები აგრესიულები და ფანატიკოსები არიან. ასეთი თემები უკვე აღარავის აინტერესებს. როგორც ბაპტისტები და იეღოველები შემოვიდნენ საქართველოში და ხმაურით ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას, ახლაც იგივე ხდება. თუ მოვლენ ეკლესიაში და შეინანებენ თავიანთ დამპალ ცხოვრებას, ყველას მივიღებთ, მაგრამ ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ხმაური ატეხონ, რათა ამით მეტი ფული იშოვონ. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ.
დეკანოზი დავითი (ქვლივიძე), მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური:
_ სამღვდელოებას აგრესიულობას, სხვისი აზრის შეუწყნარებლობასა და თავხედობას აბრალებენ, მაგრამ კარგად დაინახა საზოგადოებამ, ვინ არის აგრესიული და თავხედი. ლგბტ-ების კაფე-ბარები თბილისში სადაცაა, ყველამ იცის, მაგრამ გინახავთ, ვინმე იქ მივარდნილი, მათთვის რამე რომ დაეშავებინოს? საპატრიარქო ჩვენი სახლია, ისინი კი სახლში გვივარდებიან და ჩვენი სახლის კედელზე რაღაცებს გვიხატავენ. მსგავსი დონის თავხედობა სადმე გინახავთ?!
_ რამ გამოიწვია მათი გათავხედება, ვინ მფარველობს მათ?
_ არ იცით, ვინ მფარველობს და ვინ დგას მათ უკან? დასავლელი პოლიტიკოსები უჭერენ მხარს ამ ადამიანებს. ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ და იმიტომაც გათავხედდნენ, მაგრამ ასეთი თავხედობა კარგად არავისთვის დამთავრებულა…
_ სასულიერო პირებს როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეთ, როდესაც საპატრიარქოს კედლებს ხატავენ და ეკლესიას შეურაცხყოფენ?
_ რა უნდა ვქნათ, ხელჩართულ ჩხუბს ხომ არ დავიწყებთ? აქედანაც ჩანს, ჩვენ ვინ ვართ და ისინი ვინ არიან. ჩვენ ოჯახის სიწმინდის დღე მშვიდობიანად აღვნიშნეთ. ამით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. მეტი მწვავე განცხადება რა გააკეთოს საპატრიარქომ, როცა ხუთმა ეპისკოპოსმა, უამრავმა სასულიერო პირმა და ათასობით ადამიანმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო ქალაქში. ესეც ჩვენი პასუხი მათ მიმართ. სრულად პასუხს კი მათ ღმერთი გასცემს.
იმიტომ გაგიჟდნენ ასე და ყველანაირად ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას, რომ შემდეგ თავი დაჩაგრულად გამოაცხადონ და უცხოეთიდან დიდძალი ფული აიღონ. მათ უნდათ, რომ სცემონ და, მიზანს რომ ვერ აღწევენ, სწორედ ეს აგიჟებთ.
დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი), დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი:
_ ამ შემთხვევაში ლგბტ–თა ვანდალურ ქმედებებს პასუხი კანონმა უნდა გასცეს.
რადგან საქართველოში ისე ვერ ჩაატარეს აქცია და ვერ აღნიშნეს ეს დღე, როგორც სურდათ, რაც შეძლეს, ის გააკეთეს. გაღიზიანდნენ, რადგან ვერ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში თავიანთი იდეების განხორციელებას. ვფიქრობ, ასეთი აგრესიული საქციელი მათი დამარცხება უფროა, ვიდრე გამარჯვება. როდესაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანები სულაც არ არიან მშვიდობიანები და პირიქით, აგრესიულობით გამოირჩევიან, ეს 17 მაისს დადასტურდა.
სურდათ, მათზე ეძალადა ვინმეს, ფიზიკურად შეურაცხეყო, რათა შემდგომ ამაზე საკუთარი პიარი აეგოთ და ყველასთვის ეჩვენებინათ, საქართველოში ე.წ. სექსუალურ უმცირესობაზე ძალადობენო, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა ოჯახის სიწმინდის დღე მშვიდად აღნიშნა. ისინი ეცადნენ, ამ საყოველთაო ზეიმში თავიანთი ბნელი, აგრესიული ელემენტები შეეტანათ, მაგრამ, მადლობა უფალს, არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, კანონი მათ პასუხს გასცემს და არა მგონია, მათ საქციელზე ზედმეტი ყურადღების მიქცევა ღირდეს, რადგან მათი მიზანიც სწორედ ეს არის. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში იგნორირება საუკეთესო გამოსავალია.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა