Home რუბრიკები პოლიტიკა მაპ-ი მათი არსობისა

მაპ-ი მათი არსობისა

635

ნატოს სამიტამდე საკმაო დრო რჩება. ის ვარშავაში 8-9 ივლისს უნდა გაიმართოს, მაგრამ თემა თანდათან “ხურდება” და კეთდება განცხადებები, რომელთა ნაწილმა შეიძლება სააკაშვილის მმართველობის წლები და მის მიერ ილუზიების მართვის მცდელობები გაგვახსენოს.

“საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (შემდგომში მაპ-ი _ ავტ.) ითხოვს. თავდაცვის მინისტრი ალიანსის ლიდერებთან და პარტნიორებთან შეხვედრებს სწორედ ამ დღის წესრიგით იწყებს.” (სტილი დაცულია_ ავტ.) _ გვამცნობდა 2015 წლის 1 ივნისს თავდაცვის სამინისტრო თავის პრესრელიზში, რომელიც თინა ხიდაშელისა და ნატოს გენერალური მდივნის _ იენს სტოლტენბერგის შეხვედრას აღწერდა. 2016 წლის 19 აპრილს კი ხიდაშელი შემდეგ მოსაზრებამდე მივიდა: ჩვენ ვითხოვთ არა მაპ, არამედ წევრობას (“ინტერპრესნიუსი”). უნდა ვივარაუდოთ, რომ შარშან მოხდა რაღაც პრინციპულად მნიშვნელოვანი, რამაც თავდაცვის მინისტრის პრიორიტეტები შეცვალა. ხიდაშელის ვრცელი განცხადება ამავე თემაზე მის პოზიციას სიცხადეს არ ჰმატებს (უფრო პირიქით):

“მაპ-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ მაპ-ი გახდა პოლიტიკური პროცესების ნაწილი და მას არავითარი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. გაწევრიანების გზაზე მაპი-ი არ არის ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა გაწევრიანებაა”.

ყველასთვის ცხადია, რომ ვარშავაში საქართველო ვერ მიიღებს ვერც მაპს და ვერც (მით უმეტეს) წევრობას, რადგან ამას ევროპის წამყვანი ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. “არ არის არანაირი გზა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე”, _ განაცხადა გასულ კვირას აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში _ დუგლას ლიუტმა. ალიანსმა შეიძლება მოძებნოს ახალი შუალედური სტატუსი საქართველოსა და უკრაინისთვის _ “ასოცირებული პარტნიორობა”, მაგრამ მას გაღრმავებული მეგობრობადააფილირებული ძმაკაცობარომც უწოდონ, წევრობასთან საერთო არაფერი ექნება და ამით ნატოს ქვეყნები საკუთარ თავზე ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის დაცვის ვალდებულებას არ დაიკისრებენ.

ცხადია, მაპ-ი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მიზანი; ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის ის მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა იმ ეტაპზე, რომელიც წინ უძღვის ალიანსში შესვლას. მაგრამ სააკაშვილის პროპაგანდამ, თავის დროზე, მაპისგან ერთგვარი კერპი შექმნა; ხელისუფლების პირველი პირები იმხანად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი მიღება გარდაუვალია. შემდგომ, როდესაც ეს არ მოხდა, ისინი იძულებულნი შეიქნენ, უკან დაეხიათ დამაპზე უკეთესისმსგავსი სასაცილო ფორმულირებები მოეძებნათ, მაგრამ უკვე გვიანი იყო _ მაპის მიღებაარმიღება საქართველოს მოსახლეობისთვის ერთგვარი ინდიკატორი გახდა, რომლის მიხედვით ნატოში ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმატებაწარუმატებლობას აფასებს. ხელისუფლებამ როგორი საინტერესო ახალი დოკუმენტებიც უნდა ჩამოიტანოს ნატოს სამიტებიდან, საზოგადოება ინტეგრაციის დინამიკას, სავარაუდოდ, ისევ მაპ-ის მიმართ შეაფასებს და, შესაბამისად, უარყოფითად განეწყობა. ეს საკმაოდ ცუდია აშშის იმიჯისთვის საქართველოში, რადგან ამის თაობაზე სწორედ ვაშინგტონმა (ბუშის მმართველობის პერიოდში) შექმნა ქართულ ელიტაში გადაჭარბებული მოლოდინები. აქედან გამომდინარე, შემდგომ წლებში საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა დაახლოებით ასეთი შინაარსის მოსაზრება: ძია სემს არაფრის შნო არ აქვს”. ამერიკელები ცდილობენ, გაანეიტრალონ ეს განწყობა და მათი მოკავშირეები საქართველოში დროდადრო ახერხებენ, ნეგატივი “მხდალი ევროპელებისკენ” გადაამისამართონ. ალბათ, ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ სააკაშვილის მიერ დატოვებული პროპაგანდისტული ნაღმის დეაქტივაცია, რომელსაც პირობითად შეიძლება მაპის მოლოდინი ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში ამერიკელებისა და ქართველი რესპუბლიკელების სურვილები ერთმანეთს ემთხვევა _ თინა ხიდაშელი ვერ გაიკეთებსკარგ პიარსვარშავაში, თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ მაპ დარჩება. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის უცნაური შელოცვებიმაპ ერთგვარი წარსულიადა წევრობაზე აქცენტის გადატანა, რომლის მიღება, მართალია, კიდევ უფრო არარეალურია, მაგრამ, პროპაგანდის თვალსაზრისით, მასზე ყურადღების გამახვილება ამ ეტაპზე ნაკლებ დანაკარგებს დაუკავშირდება. “მაპ-ის დავიწყება” ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს, ყოველი ახალი შეთანხმება “ძლიერ გაღრმავებული და უფრო სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ დიდ წარმატებად წარმოაჩინოს.

იმაზე, რომ ყოველივე ეს არა მხოლოდ ხიდაშელის პიარის პრობლემა, არამედ დიდი თამაშის ნაწილია, შეიძლება მიუთითებდეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის _ მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადება იმავე თემაზე, რომელიც 19 აპრილს გავრცელდა: ამ საკითხს წამოვჭრი მაისში, ნატოს მინისტერიალის საბჭოზე, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, თურქეთს გარანტიის მიცემა არ შეუძლია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, საქართველო იმსახურებს ალიანსის წევრობას. აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და ის უნდა გახდეს ნატო წევრი. მაპის გარეშე ტექნიკურად ეს შესაძლებელია. რატომაც არა?! სავსებით დასაშვებია, რომ საქართველო პირდაპირ მოვიწვიოთ(“რუსთავი 2”).

ტექნიკურად, რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი, მათ შორის, ადამიანის კოსმოსში გაგზავნა ზარბაზნის მეშვეობით, როგორც ეს აღწერილია ჟიულ ვერნის ცნობილ რომანში, მაგრამ ამას რატომღაც არავინ აკეთებს და ისევ კარგად დაცდილ ტექნოლოგიებს იყენებს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: ჩავუშოღლუს განცხადებამ მოულოდნელად გაამყარა ხიდაშელის პოზიციები სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ყველასათვის ცხადია, რომ თურქების ინიციატივას ევროპელები (პირველ რიგში, გერმანელები) დაბლოკავენ, მაგრამ ანკარამ მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას: ) აიმაღლა ავტორიტეტი ქართველი ატლანტისტების თვალში; ) ხელი შეუწყო ვაშინგტონისთვის აქტუალურიმაპის პრობლემისგადაწყვეტას, რომელიც უფრო ფსიქოლოგიურ, ვიდრე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ არის. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ნატოს ახალ ინიციატივებს ენთუზიაზმით შეხვდეს და არა _ ჩვეული სკეპტიციზმით.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი მიხნია მოტოკი (თინა ხიდაშელი მას 7 აპრილს ბუქარესტში ვიზიტისას შეხვდა) ვარაუდობს, რომ ვარშავის სამიტი მხარს დაუჭერს ნატოს ქვეყნების შავი ზღვის ფლოტის შექნას. რუმინულ სააგენტო “ჰოტნიუსთან” საუბარში მან განაცხადა: “ეს ფორმულა ღია იქნება შავიზღვისპირა ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან მოკავშირეები, მაგრამ არიან პარტნიორები, მაგალითად, უკრაინა და საქართველო. და, რა თქმა უნდა, ღია იქნება მოკავშირეებისთვის, რომელნიც არ არიან შავიზღვისპირა ქვეყნები, მაგრამ რეგულარულ ან მუდმივ ნიადაგზე წარმოდგენილნი არიან შავ ზღვაში, მონაწილეობენ რა წვრთნებში ან სტუმრობენ პორტებს _ მე, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს ვგულისხმობ”.

თუ ეს იდეები რეალობად იქცევა, იმის ალბათობა, რომ ამ ჰიპოთეტური ფლოტისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაპირისპირება მკვეთრად დაძაბავს სიტუაციას რეგიონში, ძალიან მაღალია. გამორიცხული არ არის, ამერიკულ ხომალდებს ამ კონტექსტში დაახლოებით ისეთივე დატვირთვა მიენიჭოს, როგორიც გერმანულ “გებენსა” და “ბრესლაუს” 1914-ში; ისინი გამოჩნდებიან კრიტიკულ მომენტში, რათა ძალთა ბალასში არსებითი ცვლილება შეიტანონ. ცხადია, პირდაპირი პარალელების გავლება ასი წლისწინანდელ სიტუაციასთან არ შეიძლება, რადგან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა, ავიაციამ და რადიოელექტრონულმა საშუალებებმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა ძირითადი სტრატეგიული იდეა შეიძლება უცვლელი დარჩეს.

ძნელი სათქმელია, ვინ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მაგრამ დავუშვათ, რომ მალე დაიწყება სამზადისი ამ ფლოტის ფორმირებისთვის და საქართველო პროცესებში აქტიურად ჩაერთვება. ნატოს ქვეყნებმა შეიძლება რამდენიმე ხომალდი გადმოგვცენ და მეზღვაურების გაწვრთნაში დაგვეხმარონ, ხელი შეუწყონ ჩვენი სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მაგრამ, ამასთანავე, ყოველივე ეს გადაიქცევა ერთერთ პრიორიტეტულ სამიზნედ რუსებისთვის იმ პირობებში, როდესაც ალიანსი ჩვენი დაცვის ვალდებულებას თავად არ დაიკისრებს. მარტივად რომ ვთქვათ _ თუ იერიშს რუმინულ ან ბულგარულ პორტებსა და ხომალდებზე მიიტანენ, ნატოს ქვეყნები ალიანსის წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად იმოქმედებენ (თუ როგორ, ცალკე საუბრის თემაა), მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დარტყმის ქვეშ ქართული ხომალდები და საპორტო ქალაქები აღმოჩნდება?

თეთრი სახლი ეძებს შუალედურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს, გაიძლიეროს სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები რეგიონში ისე, რომ რუსეთთან მწვავე კონფრონტაციამდე არ მიიყვანოს. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ “ბაყაყის ნახტომების” სტრატეგია, რომელსაც ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომის დასკვნით პერიოდში მიმართეს. იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ შეეტიათ იაპონელების მიერ კარგად გამაგრებული კუნძულებისთვის წყნარ ოკეანეში (როგორც ეს ადრე ხდებოდა), ისინი მათ გვერდს უვლიდნენ, იკავებდნენ სხვა, ნაკლებად დაცულ კუნძულებს, იქ საჰაერო და საზღვაო ბაზებს აწყობდნენ და მათი გამოყენებით ახდენდნენ მთელი სექტორის იზოლაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აადვილებდა “ციხესიმაგრე-კუნძულების” აღებას. ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, ერთი შეხედვით, ძალიან პატარა “ნახტომია”, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთგვარ “საყრდენ პუნქტს” ქმნის. ამერიკული ტანკების გამოჩენა საქართველოში (მაისში, ერთობლივ წვრთნებზე) თითქოსდა, ასევე, პატარანახტომიიქნება, მაგრამ მასაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვება, ამჯერად სიმბოლურ სივრცეში. “ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნაგაცილებით დიდინახტომიადა მას შეიძლება რუსების მკვეთრი კონტრზომები მოჰყვეს, ამიტომ პირველ ეტაპზე საქმე შეიძლება მხოლოდ ერთგვარიჩანასახისშექმნით შემოიფარგლოს, ინფორმაციის გაცვლის და კოორდინაციის სისტემების ჩამოყალიბებით, სწავლებების ჩატარებით და ა.შ. მაგრამ, ალბათ, ესეც უნდა განვიხილოთ, როგორც საკვანძო პოზიციის დაკავებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

ორიენტაცია მაპის, შემდგომ კი _ წევრობის სწრაფ მინიჭებაზე ბუშისა და სააკაშვილის მმართველობისდროინდელი შეცდომა იყო, მისი მიღწევა ვერ მოხერხდა და ამერიკელები, ქართველი პარტნიორების დახმარებით, ცდილობენ ეს ეპიზოდი წარსულში დატოვონ. აგერ, თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს: “მაპ არის ერთგვარი წარსული”. სიტუაცია 180 გრადუსით შემობრუნდა _ ადრე ნატოს აპოლოგეტებს მაპ-ზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, დღეს კი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნატოს მოწინააღმდეგეები კი პირიქით _ მიუთითებენ იმაზე, რომ მაპ-ის არმიცემა ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის (ყოველ შემთხვევაში, ნატოს ასპექტში) კრახის ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი ნიშანია. ამასობაში კი საქართველო უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე ცხოვრობს და ამ ვითარების შეცვლის არანაირი წინაპირობა არ ჩანს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ხალხს მაპი და ნატო კი არა, ნორმალური ცხოვრება უნდა, გაიკითხეთ ერთი,ევროკავშირი
    კი, ნატო არა- აი ეს უნდა ქართველ ხალხს, დასავლეთს კი უნდა ომში ჩაგვითრიონ, ჩვენს
    ტერიტორიაზე გვაომონ წინასწარ წაგებულ ომში და პამპერსებით დაგვეხმარონ, მაგრად
    რომ ჩავისვრით. წყეულიმც იყოს ყველა ომის გამჩაღებელი პატია და დამპალი არსებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here