Home რუბრიკები პოლიტიკა ჯემალ ფუტკარაძე: სააკაშვილი განსაკუთრებული მონდომებით ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას ჰემშილებს _ გათურქებულ სომხებს

ჯემალ ფუტკარაძე: სააკაშვილი განსაკუთრებული მონდომებით ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას ჰემშილებს _ გათურქებულ სომხებს

947

ჯემალ ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად “ქართული ოცნების” პროპორციული სიით აირჩიეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მან ეს ფრაქცია დატოვა.

_ რატომ, ბატონო ჯემალ?

_ აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც 21 წევრისგან შედგება, 13 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა კოალიციის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, ეს უმრავლესობა დაიშალა და 2015 წელს, არჩევიდან ორი წლის თავზე, იძულებული შევიქენი, დამეტოვებინა “ქართული ოცნების” რიგები. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები.

აღნიშნულ თემაზე საუბარი, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან, ამ პრინციპული გადაწყვეტილების მიუხედავად, დავრჩი იმ იდეების ერთგული, რომლებითაც 2012 წელს წარვდექით ამომრჩევლების წინაშე.

პასუხისმგებლობა იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც ხალხს მივეცით და ვერ სრულდებოდა, ეტყობა, მე უფრო მეტი აღმომაჩნდა, ვიდრე სხვებს, და ასეთ ვითარებაში ჩემ მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა ლოგიკური იყო.

ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გაკეთდა ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ უფრო მეტი რჩებოდა გასაკეთებელი. ამას ყოველთვის ხმამაღლა ვეუბნებოდი როგორც რეგიონის ხელმძღვანელობას, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, პრინციპულად ვაყენებდი საკითხებს, მაგრამ ჩემი აქტივობა ზოგიერთს ამბიციურ ქმედებად მოეჩვენა და დამიპირისპირდა კიდეც. არ მინდოდა, ეს საკითხები შიდაპარტიულ ჩარჩოებს გასცდენოდა, ვილაპარაკეთ კიდეც არაერთხელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ჩემი მთავარი მოთხოვნა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ქმედუნარიანობის ამაღლება იყო. გადავდგით კიდეც გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ არასაკმარისად მიმაჩნდა.

ეს ჩაგვითვალეს ამბიციად და არასწორ ქმედებად.

_ სეპარატიზმის გამოვლენად?

_ შეიძლება ასეც მოინათლოს, მაგრამ სეპარატიზმთან საერთო არაფერი აქვს. იმთავითვე მიგვაჩნდა, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: მუნიციპალიტეტის დონის საკითხები მუნიციპალიტეტს უნდა გადაეწყვიტა, რეგიონისა _ რეგიონს, სოფლის საჭიროებისთვის ადგილობრივ საკრებულოს უნდა ეზრუნა. ეს, ჩვენი აზრით, აუცილებელი იყო ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიზაციისთვის. მხოლოდ ასე შეიძლებოდა იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ფორმალურ წარმონაქმნად წარმოგვიდგებოდა, რადგან, ცენტრიდან წამოსული დირექტივების შესრულების გარდა, დამოუკიდებლად საკითხების გადაწყვეტის სხვა უფლება არ გააჩნდა.

ვფიქრობდი და ვაცხადებდი, რომ, თუ რეგიონში რაიმე პრობლემა წამოიჭრებოდა, უწინარეს ყოვლისა, ავტონომიური მნიშვნელობის, იგი ადგილობრივ უნდა გადაწყვეტილიყო, ხოლო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები _ მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულად.

ჩვენს პრაქტიკაში ასეთი მიდგომა უცხო იყო: ყველა წვრილმანზე თბილისის დირექტივას უნდა დავლოდებოდით, რაც დაგმობილ კომუნისტურ ცენტრალიზაციას ნიშნავდა.

_ შეგიძლიათ, მაგალითი დაასახელოთ?

_ ამის დამადასტურებელი მაგალითი ბევრია. მე მხოლოდ ერთს დაგისახელებთ, რომელიც ბათუმის ისტორიულ ბულვარის მიმართ წამოიჭრა.

ვიღაცას გაუჩნდა ინტერესი, აქაური ინფრასტრუქტურა თავისი ინტერესებისთვის მოერგო. ასეთი მცდელობა ჩვენს ქალაქს არ აკლდა _ გარკვეული ჯგუფები ბათუმს უყურებდნენ, როგორც მსუყე ლუკმას, როგორც შემოსავლის წყაროს თავიანთი ბიზნესისთვის. ჩვენი ისტორია და ადგილობრივი ტრადიციები აბსოლუტურად იგნორირებული იყო.

ამჯერადაც მოინდომეს სასეირნო ხეივნის ნაცვლად მაღაზიების, გასართობი ცენტრების და ა.შ. აშენება. ამით ბათუმის ისტორიული გული სრულად კარგავდა თავის სახეს და ტრადიციულ დანიშნულებას. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ თქვენი გაზეთის მკითხველებს შევახსენებ, რომ ბათუმის ბულვარი უნიკალურია და შავი ზღვის სანაპიროზე მისი მსგავსი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს.

ეს გამორჩეულობა ეკარგებოდა ჩვენს ქალაქს.

ასეთი პერსპექტივა არ ადარდებდა არც რეგიონის ხელმძღვანელობას, არც ქვეყნის სათავეში მდგარ ადამიანებს. პირიქით, “ვიღაც” ფრიად იყო დაინტერესებული თავისი კერძო გეგმებიდან გამომდინარე.

როგორც იქნა, ჩვენი გავიტანეთ და 7 მარტს ბატონმა ხაბაძემ აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბულვარის ტრადიციული სახე შენარჩუნებულ იქნება.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

ახლა სხვასაც მოგახსენებთ იმ კომიტეტის პრაქტიკიდან, რომელსაც ვხელმძღვანელობ აჭარის უმაღლეს საბჭოში და რომლის საკურატორო დარგებია ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები.

საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის პირველივე დღეებში დავრწმუნდი, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარად უფუნქციო წარმონაქმნია, რომელიც განახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამებს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი ფუნქციაა. ამასთანავე, მას უფლება არ აქვს, გააკონტროლოს ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის მომსახურების ხარისხი. არ შეუძლია, ვთქვათ, ექიმსა და პაციენტს შორის წარმოქმნილ კონფლიქტზე პრაქტიკული რეაგირება, მით უფრო, გადაწყვეტილების მიღება: ექიმის მომსახურებით უკმაყოფილო პაციენტმა უნდა მიმართოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დარგის სამინისტროსგან რაიმე შედეგის მიღება ამაო მცდელობა იქნება. ფარმაცევტული მომსახურება ჩვენთანაც და ქვეყანაშიც წამლებით ვაჭრობაზეა გადასული, ფარმაციას თავისი უმთავრესი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კი არავითარი ბერკეტი არ გააჩნია თავის საკურატორო ტერიტორიაზე მოაწესრიგოს ეს პრობლემა. აღარაფერს ვამბობ პრობლემაზე, როცა ადგილობრივ მოკლებული ვართ ქვეყანაში შემოტანილი სამკურნალწამლო საშუალებათა ხარისხისა და ეფექტიანობის შემოწმების უფლებას.

ჩვენი ეს წინადადება დახვეწილი სახით წარვუდგინეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს სესიას, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მას მხარი. წესისამებრ, ეს გადაწყვეტილება გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტს და მოვითხოვეთ, რომ საქართველოს კანონში ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შეეტანათ ცვლილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის შემოწმების უფლება მიეცემოდა.

_ მიიღეს თქვენი წინადადება?

_ არა. წინააღმდეგი წავიდნენ. რის გამოც, ჩემდა სამწუხაროდ, მომიწია ამ კანონპროექტის გამოწვევა.

ანალოგიური ვითარებაა განათლების სფეროშიც. აჭარის განათლების მინისტრს (განათლება, კულტურა, სპორტი ერთობლივადაა წარმოდგენილი) რომელიმე შორეულ სოფელში, მაგალითად, ხულოს რაიონის სოფელ ბაკიბაკოში, სკოლის დირექტორის არც დანიშვნა შეუძლია და არც გათავისუფლება. არადა, ჰყავს ოთხი მოადგილე, თანამშრომელთა სერიოზული აპარატი…

_ და რჩება პარაზიტულ წარმონაქმნად სახელმწიფოს მმართველობის სხეულზე.

_ ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებები. სხვა თუ არაფერი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აჭარის მაგალითზე უნდა დავანახვოთ, როგორ გვესახება სუვერენულ სახელმწიფოებში ავტონომიის ფუნქციონირება. დემოკრატიის ერთგვარ მოდელად უნდა ვაქციოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთობისა და ურთიერთშემავსებლობის პრაქტიკულ ნიმუშად.

_ პირდაპირ მითხარით, პროტესტის იმ ფორმამ, თქვენ რომ განახორციელეთ, გამოიღო სასარგებლო ნაყოფი?

_ მხოლოდ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

_ ე. ი., როცა საქართველოს პარლამენტი სათანადოდ ვერ აანალიზებს და ვერ აფასებს რეგიონების მიერ დაყენებულ წინადადებებს, საპარლამენტო უმრავლესობას ეს ადგილებზე გავლენის დაკარგვად უჯდება?

_ ასე გამოდის. გვაკარგვინებს იმ ტემპს, რომელიც არჩევნების წინ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესასრულებლად გვქონდა აღებული, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნოდ გარკვეულ უარყოფით ფონს ქმნის მმართველი კოალიციისთვის.

_ თურქეთის ექსპანსიის თემა, რომელიც დეპუტატმა გოგი თოფაძემ წამოჭრა, საქართველოს პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი გახდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

_ თურქეთთან მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მტრობასა და დაპირისპირებაზე უმჯობესია, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით დიდი სიფრთხილითა და წინდახედულებით უნდა განხორციელდეს. ამას გვიკარნახებს აჭარაში და, უპირველეს ყოვლისა, ბათუმში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ვითარება და, მეორე, _ დღევანდელ ეტაპზე რუსეთსა და თურქეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა.

ნაციონალების ხელისუფლების პოლიტიკამ, პირდაპირ გეტყვით, ძალიან შეუწყო ხელი თურქეთის ინტერესების განხორციელებას საქართველოში. ეს მაშინ, როცა ასლან აბაშიძის პერიოდში ამ საკითხს ფრთხილად ეკიდებოდნენ.

_ ნაცების მმართველობის პერიოდში თურქებისთვის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიცემა სააკაშვილს ჰობად ექცა.

_ იმ პერიოდში ბათუმში შემოდიოდნენ ყველა ჯურისა და კატეგორიის ადამიანები, მათ შორის ბევრი ავანტიურისტიც იყო. ეს არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის თურქებს: ნორმალური სახელმწიფო ასეთებს ქვეყანაში არ გააჭაჭანებსო.

ჩემი და _ შუშანა ფუტკარაძე, ერთ-ერთი პირველი იყო ნიკო მარის შემდეგ, რომელიც “თურქეთის საქართველოს” სამეცნიერო მიზნით ეწვია. სხვათა შორის, ტერმინი “ჩვენებურები” პროფესორ შუშანა ფუტკარაძის მიერ არის დამკვიდრებული სამეცნიერო ლიტერატურასა თუ სასაუბრო ენაში. სწორედ ჩვენებურებთან იყო ჩასატარებელი მნიშვნელოვანი სამუშაო, ქართული თვითმყოფადობისა და ქართული ცნობიერების შენარჩუნება-გაღვივებისთვის. ეს ერთი; მეორე _ ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში მათ ჩასართავად და არა გარკვეული ჯგუფების კერძო ინტერესების განხორციელებისთვის ხელშესაწყობად.

_ მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა სააკაშვილმა, როგორც ამბობენ, ქართულ ფესვებთან არავითარი კავშირი არ აქვთ…

_ ბევრი მკვლევარი და არა მხოლოდ ისინი, საეჭვოდ მიიჩნევს მათ ქართულ წარმომავლობას. მათ თურქეთში ჩასული ჩვენი ყოფილი დიდმოხელეებისთვის მასპინძლობის გაწევის საპასუხოდ ჰპირდებოდნენ საქართველოს მოქალაქეობას და (ტელევიზიით ნანახი გექნებათ) ურიგებდნენ საქართველოს პასპორტებს.

_ თავისთავად ჩნდება ასოციაცია პარტიაში ლენინურ მასობრივ გაწვევასთან…

_ ნიშანდობლივი პარალელია… საკმაოდ ახლო შეხება მაქვს თურქეთში ქართულ დიასპორასთან, ქართველობით სულანთებულ ჩვენებურებთან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

_ სააკაშვილის სიმპათია მათზე არ გავრცელდა.

_ დიახ. თურქეთი, მოგეხსენებათ, მრავალეროვანი ქვეყანაა _ არიან სომხებიც, ქურთებიც, ჰემშილებიც _ გათურქებული სომხებიც, რომლებსაც სააკაშვილი განსაკუთრებული მონდომებით ანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას. ამ საკითხს უნდა მიხედოს ჩვენმა ხელისუფლებამ.

კიდევ ერთი.

ამას წინათ პრეზიდენტყოფილი ტელევიზიით გამოდიოდა და ტრაბახობდა, როგორ გაიზარდა ბათუმში მცხოვრებთა რაოდენობა მისი პოლიტიკის წყალობით, რომელმაც მიიზიდა ხალხი, როგორც პერსპექტიულმა კურორტმა.

_ ბათუმის ნიუ ვასიუკივით აყვავებას გვპირდებოდა… ასიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

_ ქალაქის მოსახლეობის გაზრდაც მაგ ოპერიდანაა: სინამდვილეში, არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმს შემოუერთეს მიმდებარე რაიონების სოფლები. იმ სოფლებს ქალაქისა არაფერი დატყობია, პირიქით: “გაზრდილ-გაფართოებული” ბათუმის ქუჩებში, ინდოეთის არ იყოს, ძროხები დასეირნობენ.

მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს ეს სიმახინჯე _ სოფელი სოფლად უნდა დარჩეს. გაუგებარია, რატომ აქამდე არ დაუბრუნეს ეს სოფლები რაიონებს კუთვნილებისამებრ.

_ უთუოდ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ქართულ პრესაში დაუფარავად იწერება ბათუმში თურქული ექსპანსიის შესახებ. ადგილობრივ მოსახლეობას რა რეაქცია აქვს ამ რეალობისადმი?

_ ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს ის, რომ მას ბიზნესის წამოსაწყებად და გასაძღოლად არ აქვს იგივე პრიორიტეტები, რომლებითაც თურქეთიდან ჩამოსულები სარგებლობენ. ასეთი დისპროპორცია ყოფილი ხელისუფლებისგან მოდის. ამ პრობლემის მოგვარებას წინ რა უდგას, ვერ გამიგია.

როცა გაჭირვებულ-გაღატაკებული ადგილობრივები მშობლიური ქალაქის ქუჩებში მომრავლებული, ხშირად საეჭვო დანიშნულების თურქული “ობიექტებიდან” ისმენენ მხოლოდ აღმოსავლურ მუსიკას, მხოლოდ თურქულ საუბარს, რა თქმა უნდა, ღიზიანდებიან. მწვავე რეაქცია და დაპირისპირება რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე რეალურ კონტურებს იძენს, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემა კანონის ჩარჩოებში, თანასწორობის პრინციპით გადავწყვიტოთ.

დღეს კი ვითარება სახიფათოა და ამის დაუნახაობა დანაშაულია.

_ თურქეთის რესპუბლიკასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენება გამორიცხულია, მაგრამ რუსეთ-თურქეთის მწვავე დაპირისპირების ფონზე როგორ გესახებათ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ განსახორციელებელი პოლიტიკა აჭარაში, რომელიც თურქეთთან უშუალოდ მოსაზღვრე რეგიონია?

_ ერთმა ჩემმა თურქმა მეგობარმა, რომელსაც რუსეთში დიდი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ სანქციების დაწესების შედეგად იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა საქმიანობა, თქვა ასეთი რამ: თუ თქვენ რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებთ (მოგეხსენებათ, დღეს ამ მხრივ ჩვენთან დათბობის პერიოდია დაწყებული), შეიძლება ამან ჩვენი მდგომარეობაც გამოასწოროსო. საქართველომ შეიძლება ერთგვარი მედიატორის როლიც კი იტვირთოს ამ სიტუაციაში. რუსეთსაც და თურქეთსაც საქართველოში თავიანთი ინტერესები აქვთ, და ჩვენ ჭკვიანური პოლიტიკით შეგვიძლია ამ ურთულესი საქმის მოგვარებაში პოზიტიური წვლილის შეტანა.

ესეც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული მისია დროის მოცემულ მონაკვეთში.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here