Home რუბრიკები საზოგადოება “ვაპირებთ რევოლუციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში”

“ვაპირებთ რევოლუციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში”

646

აკადემიაიუჯილიმესიმომავალს ქმნის, ანუ თვალსაჩინოებაზე დაფუძნებული განათლება

კომპანიალიმესი” 2013 წელს დაარსდა. მისი უმთავრეს მიზანია ინოვაციური პროდუქტის (სერვისის) შექმნა და განვითარება. ელექტრონიკის, ელექტრონული ინჟინერიის ახალი გამოგონებებისა და ტექნოლოგიების დანერგვა მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლაიუჯილიმესისდირექტორი, ბატონი ლევან გაბისონია.

_ რობოტოტექნიკისა და ელექტრონიკის პირველი აკადემია 2014 წლის თებერვალში დავაარსეთ. კომპანია “ლიმესმა” შექმნა ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს “იუჯი-ლიმესის” აკადემიაში ხორციელდება. “ლიმესი” 2014 წლის 9 სექტემბრიდან დარეგისტრირდა საქართველოში და დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა. შევქმენით პირველი პროგრამა “შეიმეცნე ელექტრონიკა”, რომელიც გათვლილი იყო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც მოსწავლეებს მისცემდა მოტივაციას, ესწავლათ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სკოლაში, დაეწყოთ ინოვაციურად აზროვნება და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება. ამას სჭირდება შესაბამისი უნარები და ცოდნა და სწორედ ამ ცოდნისა და უნარების მიმცემია ჩვენი სასწავლო პროგრამები. თავდაპირველად, გვყავდა 32 მოსწავლე. იმხანად, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგით, საქართველოში, შეიძლება ითქვას, ვაკუუმი იყო, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მსგავსი სტუდიები ამერიკასა და ევროპაში წამყვან როლს ასრულებენ. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სასწავლო პროგრამებს მოსწავლეებისა და ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის _ მოტივაციას გვაძლევდა მოსწავლეების ის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო. ვუყურებდით მათი განვითარების სისწრაფეს, ხარისხს და ვხედავდით, რომ ისინი განსხვავდებოდნენ სკოლის მოსწავლეებისგან, რადგან მათ ვასწავლიდით ისე, როგორც სურდათ. პირველი სასწავლო პროგრამა “შეიმეცნე ელექტრონიკა” დაფუძვნებულია ღია პლატფორმის პრინციპზე. იგი ჩვენი შემოღებულია და, შეიძლება ითქვას, მისი ანალოგი არ არსებობს. ჩვენ, ასე ვთქვათ, სადენებით, ბატარეებით მიგვყავს ბავშვი, რათა თვითონ შექმნას ღილაკებიანი მოწყობილობა. აი, ამას დავარქვი ღია პლატფორმის პრინციპი და ამაზე დავაფუძნთ ჩვენი სასწავლო პროგრამები. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ პროგრამა, რომელიც შევიმუშავეთ, უნიკალურია.

_ რატომ გაერთიანდით საქართველოს უნივერსიტეტთან?

_ ძალიან გვინდოდა, ეს პროცესი დაგვეკავშირებინა რომელიმე უმაღლეს სასწავლებელთან, მაგრამ, ჩვენი მანკიერი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ვერ დავიჭერდით საქმეს. რადგან კერძო ორგანიზაციას წარმოვადგენთ და სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ უფლება, მსგავი პროგრამა დანერგონ, ამიტომ ვეძებდით რომელიმე კერძო უნივერსტეტს, რომელიც დაინტერესდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ტელეკომპანია “ჯი-დი-ესმა’” ჩვენზე მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნახა საქართველიოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და დაგვიკავშირდა. ჩვენც ძიებაში ვიყავით და, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილება _ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად განგვეხორციელებინა ჩვენი პროგრამები, სწორი აღმოჩნდა. ამას სჭირედებოდა აკადემიური სივრცე, რომელშიც იდეების რეალიზებას შევძლებდით. ჩვენი მოლოდინი 100%-ით გამართლდა. საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისური აბრევიატურა არის “იუჯი” ხოლო ჩვენი კომპანიის სახელწოდებაა “ლიმესი”. სწორედ აქედან წარმოიშვა “იუჯი-ლიმესი” და ახლა ამ სახელწოდებით ვახორციელებთ სასწავლო პროგრამებს. ეს მოხდა 2015 წელს. იმავე წელს დავამატეთ პროგრამა V-VI კლასელებისთვის და ამანაც გაამართლა.

_ რამდენი ბავშვი სწავლობს ამ პროგრამით?

_ ამ პროგრამაში ჩართულია 400-ზე მეტი მოსწავლე. სასწავლო პროცესი აწყობილია ისე, რომ V-XII კლასების მოსწავლეები დადიან კვირაში ერთ დღეს, VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გრძელდება 2 საათ-ნახევარი, V-VI კლასელებისთვის _ საათ-ნახევრი-ორი საათი. კვირაში ერთ დღეს მეცადინეობა არის ის ნორმა, რომელიც V-VI კლასელს სჭირდება. იგი საკმარისია სწავლებისთვის. სასწავლო პროგრამა პრაქტიკაზეა დაფუძნებული, თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომპონენტით, რომლებიც გათვალისწინებულია სწავლის გადასახადში და ამ ეტაპზე შეადგენს 80 ლარს. ჩვენი მკაცრი პოლიტიკაა, რომ ბევრს შეეძლოს ჩვენთან სწავლა. VII-XII კლასელებისთვის ორსაათ-ნახევარიანი სწავლება გულისხმობს იმას, რომ, ბავშვი როდესაც მოდის გაკვეთილზე და იწყებს რაღაცის კეთებას, ისე უნდა დაასრულოს, რომ თავისი პროექტი ლოგიკურ დონემდე მიიყვანოს. ერთი დღე გაცილებით კომფორტულია მათთვის _ შაბათს ან კვირას დადიან და მეცადინეობენ.

_ რა პრინციპით ტარდება გაკვეთილები?

_ გაკვეთილები ტარდება შემდეგი პრინციპით: ჯგუფში არის 16 მოსწავლე და 2 ან 3 მასწავლებელი _ ერთი წამყვანი და ორი დამხმარე. როდესაც უკვე იწყებენ აწყობას, მაგალითად, ელექტროსქემის ან რომელიმე მოწყობილობის, ორი დამატებითი მასწავლებელი ეხმარება, რათა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენთან ყველა მასწავლებელი არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი. სწავლების მაღალ ხარისხს საქმისადმი გულმოდგინე მიდგომით, კარგი სახელმძღვანელოებით, გარემოთი და კარგი მასწავლებლებით მივაღწიეთ. მასწავლებლები კონცენტრირებულნი არიან გაკვეთილების დაგეგმვაზე, მის ხარისხზე და სწორედ ამიტომაა, რომ ყველაფერი ხარისხიანად კეთდება.

_ რა მიღწევები გაქვთ?

_ მილენიუმის ნახევარფინალში ქვეყნის მასშტაბით გავიდა 28 გუნდი. 9 პროექტში ჩვენი მოსწავლეები გადანაწილდნენ და ცხრავე პროექტი გავიდა ნახევარფინალში. ფინალში კი გავიდა სულ 10 პროექტი, მათგან სამი ჩვენი იყო. რამდენიმე კვირის წინათ ერთ-ერთმა პროექტმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსზე აიღო პირველი ადგილი. ახლა მოდის კონკურსი “ლეონარდო და ვინჩი”’, რომელშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლის ერთ-ერთი პროექტით დაინტერესდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ეს პროექტი რეალურად განხორცილდება. არაფორმალური განათლება ყოველთვის დგას ფორმალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების სადარაჯოზე. სამწუხაროა, რომ “იუჯი-ლიმესის” აკადემია ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში და ვიმედოვნებ, მალე სხვებიც გაჩნდება. ამისათვის ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფოს და განსაკუთრებით _ მედიის მხრიდან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მედიამაც უნდა ეძებოს მსგავსი ახალგაზრდები, უნდა დაწეროს, რა მნიშვნელობა აქვს თვალსაჩინოებაზე დაფუძნებულ სწავლებას.

_ რას გეგმავთ მომავალში?

_ ვაპირებთ რევოლუციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, “ლიმესის” და, რა თქმა უნდა, საქართველოს უნივერსიტეტის სახელით. სექტემბრისთვის ველოდებით დაახლოებით 800-მდე მოსწავლეს, შესაბამისად, უკვე იანვარში დავიწყეთ მწვრთნელების მომზადების პროგრამა. ასევე, გვსურს, რამდენიმე სკოლაში დავნერგოთ ჩვენი პროგრამა. სურვილი გვაქვს, რეგიონებშიც გავიდეთ, რაც მთავარია, გავიაროთ ავტორიზაცია და დავიწყოთ პროგრამების ექსპორტი. სექტემბრიდან გავხსნით საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ საშაბათო-საკვირაო სკოლას VII-X კლასის მოსწავლეებისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან ფიზიკა-მათემატიკას. სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან მაღალი დონის მასწავლებლები და ვაპირებთ სხვადასხვა ლაბორატორიის გამოყენებას. შაბათს, ცხრა საათზე, მოვა ბავშვი და სამ საათამდე იმეცადინებს. ეს იქნება საშაბათო-საკვირაო ტექნოლოგიური სკოლა, სადაც მიღება იქნება შეზღუდული. ამ ეტაპზე 64 მოსწავლეზე მეტს ვერ ავიყვანთ. წინასწარი მიღება კი მაისიდან დაიწყება. ამას გარდა, გვინდა გავაკეთოთ ჩვენი მოსწავლეების მიერ დამზადებული რობოტების საჩვენებელი ოთახი, ნებისმიერს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს და დაათვალიეროს მოსწავლეების ნამუშევრები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/lasha-telia.jpg

ლაშა თელია, მოსწავლე, 15 წლის:

_ ამ სკოლაში დაარსების დღიდან ვსწავლობ. მეგობრისგან შევიტყვე ამ სკოლის შესახებ და სურვილი გამიჩნდა, სიღრმისეულად შემესწავლა ელექტრონიკა, შემდეგ მეც რომ შემძლებოდა მოწყობილობების დამზადება.

_ რა მიღწევები გაქვს?

_ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა შევქმენით მოწყობილობა “იუნივერსალ მეტერი”. ამით დაინტერესდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც გეგმავს მის დამონტაჟებას მილსადენზე, მისი უსაფრთხოების უზრულველყოფის მიზნით, ანუ ავარიის შემთხვევაში მოწყობილობა სიგნალს გამოსცემს. აღნიშნული მოწყობილობა, აგრეთვე, შეიძლება დამონტაჟდეს ხიდებსა და მეწყერსაშიშ ზონებში.

ესაუბრა

თათია ჯაფარიძე

1 COMMENT

  1. ჩემს ბავშვობაში მსგავსი სკოლა არ იყო და ვერ განვვითარდი ამ დარგში (არადა როგორ მინდოდა)… წარმატებას ვუსურვებ ამ გენიალურ წამოწყებას და ხორცშესხმულ იდეას 🙂

  2. რაც ჩემი შვილი გაჩნდა, მას შემდეგ ვნატრობდი რამე ასეთი ყოფილიყო ქვეყანაში და როგორც კი გავიგე იუჯი ლიმესის არსებობა, იმ წამსვე დავარეგისტრირე ჩემი მეხუთეკლასელი ბიჭი. ისე ძალიან მოსწონს, ვერ წარმოიდგენთ. თავად გაკვეთილი, საქმიანობა აინტერესებს და მოტივირებულია. აქვს სასურველი მიზანი, რომ წლის ბოლოს წარმოგვიდგინოს საკუთარი შრომით შექმნილი რობოტი. მიხარია, რომ არსებობს ეს აკადემია, სადაც ბავშვები ეჩვევიან საქმეს, საინტერესო აღმოჩენების სიხარულს, იძენენ ცოდნას,სამომავლო მოტივაციას, იფართოებენ თვალსაწიერს, ანვითარებენ უნარებს, წარმოსახვასა და ფანტაზიას. მადლობა იუჯი ლიმესს!

  3. ეს ბიჭი არის ძალიან ნიჭიერი, განათლებული და წესიერი ადამიანი)) წარმატებებს ვუსურვებ)))) თან ძალიან ახალგაზრდააა

  4. იქნებ მომწეროთ, როგორ და როდის შეიძლება დარეგისტრირება სექტემბრისთვის. ჩემი გოგონა VI კლასელია, ანუ VII კლასში. რა პროცედურებია საჭირო, რომ მოსწავლე ამ სკოლაში ჩაირიცხოს?

  5. საუკეთესო საშუალებაა ცოდნის მისაღებად. ჩემი ყურადგება მოსწავლეთა რაოდენობამ მიიქცია. (16). აბა რა შედეგზე უნდა გავიდეს მასწავლებელი, როცა კლასში 28,30 , 35 მოსწავლე ზის.

  6. საინტერსოა!!!ასეთი მეთოდით სწავლება ბევრს დააინტერესებს მეც სიამოვნებით დავაკვირდებოდი სწავლების პროცესს.

  7. ძალიან საჭირო და დროული განათლებაა სად მდებარეობს სკოლა და როგორ დავრეგისტრირდეთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here