Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ შაშიაშვილი: ბატონო ბიძინა, ხომ იცით, რომ ეს ფარული ჩანაწერები სიმართლეს შეესაბამება;...

თემურ შაშიაშვილი: ბატონო ბიძინა, ხომ იცით, რომ ეს ფარული ჩანაწერები სიმართლეს შეესაბამება; ხომ იცით, რომ იმაზე უარესი ჩანწერებიც არსებობს, ვიდრე გავრცელდა და ამ ხალხთან როგორ მუშაობთ, როგორ ხვდებით ამ ხალხს, ეს ხომ საქართველოს შეურაცხყოფაა?!

506

კოალიციაქართული ოცნება” “ეროვნულმა ფორუმმადა რესპუბლიკურმა პარტიამ დატოვეს. აქვთ ამ პარტიებს დამოუკიდებლად, კოალიცის გარეშე არჩევნებში გამარჯვების შანსი და ამჯერადაც მოახერხებს თუ არაქართულ ოცნება”, შეუსრულებელი დაპირებების მიუხედავად, საკუთარ უპირატესობაში ამომრჩევლის დარწმუნებას? მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე პოლიტიკური პარტიათეთრებისლიდერი თემურ შაშიაშვილი გვესაუბრება:

_ მისასალმებელია, რომ ეს პარტიები დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც დაიშალა კოალიცია. შესაძლოა, ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი გეგმის ნაწილია, ვინაიდან უმრავლესობას ამ შემადგენლობით ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ ჰქონდა. გამორიცხული არ არის, ამ პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, გაიმარჯვონ და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კვლავ გაერთიანდნენ. გამორიცხული ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს ამბობს, პოლიტიკაში არ ვერევიო, მეორე დღეს კი აცხადებს, გამარჯვებისთვის ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებო.

ქვეყანა ავადაა. ბრძოლა არსებობისთვის ისე გამძაფრდა, რომ ფულის გამო, მოსახლეობის 70-80% ყველაფრისთვის მზადაა. ეს პერიოდი ყველა ქვეყანას ჰქონდა, სხვათა შორის, ამერიკასაც. სწორედ მაშინ თქვა რონალდ რეიგანმა _ ამერიკის წინაშე დიდი პრობლემაა: თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე _ ამერიკა დამთავრდება, მაგრამ, თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე _ ზესახელმწიფო იქნებაო. საქართველოში დღეს კუჭია გონებაზე გამარჯვებული.

_ თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ იდეოლოგიურად რადიკალურად განსხვავებული პარტიები ერთ კოალიციაში დიდხანს ვერ იარსებებდნენ. რატომ იყო აუცილებელი მათი გაერთიანება?

_ ეს საკითხი არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთ გადაწყდა. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაუშვა სააკაშვილი, სინამდვილეში კი ამერიკელებს ხელს აღარ აძლევდათ გაბოროტებული პიროვნება, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი აღარ ჰქონდა, მაგრამ მისი გაშვება არა ამერიკას, არამედ რუსეთს უნდა დაბრალებოდა, რადგან სააკაშვილი არ უნდა გაღიზიანებულიყო და ალაპარაკებულიყო. დღეს ზოგიერთს ჰგონია, რომ ივანიშვილი რუსებმა მოიყვანეს პოლიტიკაში. არადა, საქართველოს ხელისუფლების სათავეში ამერიკელებმა მოიყვანეს ისეთი კაცი, რომელიც სააკაშვილსა დანაციონალურ მოძრაობასგადაარჩენდა და ქვეყანას სამოქალაქო ომს ააცილებდა. ამერიკელებმა ძალიან ჭკვიანური ოპერაცია ჩაატარეს და (ვიცი ეწყინება, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი) ბიძინა ივანიშვილი გამოიყენეს.

საქართველოს უბედურება არის ის, რომ, თუ ადრე გვეგონა, რუსეთთან უნდა გვქონოდა კარგი ურთიერთობა და ამერიკა გველანძღა, ახლა პირიქით გვგონია, რუსეთი უნდა ვლანძღოთ და ამერიკასთან კარგად ვიყოთ. ამერიკა და რუსეთი ყოველთვის პოულობს საერთო ენას, ჩვენ კი გაუბედურებულ მდგომარეობაში ვრჩებით.

_ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატარა ზაქარეიშვილმა განაცხადა, სადაც ნატოა, იქ მშვიდობააო. შეიძლება, ნატო ჩვენი მშვიდობის გარანტად მივიჩნიოთ?

_ რა კომენტარი გავაკეთო მის განცხადებაზე?! პაატა ზაქარეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრია და რესპუბლიკური პარტია ამერიკის შეურაცხყოფაა საქართველოში.

დააკვირდით: ვინც რუსეთს ლანძღავს საქართველოში, რუსულ პოლიტიკას სწორედ ის ატარებს. სააკაშვილმა რუსეთს მთელი ეკონომიკა მიჰყიდა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ამერიკიდან მართავს მაკკეინი. სააკაშვილი ამერიკელებისთვის ფანტასტიკური ფიგურაა, რადგან ზედმიწევნით კარგად ებრძვის თავის ქვეყანას და შესანიშნავად ასრულებს ყველაფერს, რასაც გარედან ავალებენ. საქართველოს შემდეგ ის უკრაინაში შეუშვეს, მაგრამ იქ 6 თვეში მიხვდნენ იმას, რასაც ჩვენ ათი წელი მოვუნდით. ამერიკელებიც მიხვდნენ, რომ სააკაშვილი უფრო სავაჭროდ სჭირდებათ.

ვისურვებ, საქართველოს მოსახლეობამ არც ერთ იმ პოლიტიკოსს ან პარტას არ დაუჭიროს მხარი, რომელიც რუსეთიდან ან ამერიკიდან იმართება. არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მოუსმინოს, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, და ნახავთ, როგორ გაბრწყინდება საქართველო.

 დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკურ პროცესს პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქას დავარქმევდი. ჩვენთან მოღალატე და პარტიიდან პარტიაში მორბენალი უღირსი პოლიტიკოსები უფრო უყვართ; ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი პროგრამა არ აქვს, მაგრამ ლანძღვა-გინება და ქუჩაში ყვირილი შეუძლიათ.

_ უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობის პირი, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი არსებობს?

_ ეს ადამიანები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვისზეა ეს ჩანაწერები. 15-20 ჩანაწერი მაინცაა ასეთი. და გაუგებარია, ეს ადამიანები, საერთოდ, როგორ გამოდიან გარეთ, საზოგადოებაში როგორ ჩნდებიან?! ვინც ჩაიწერა, ხომ უზნეოა, მაგრამ, ვინც ეს ჩაიდინა, რატომ დაგვავიწყდა? ამათ ხომ მოსწონთ ყველაფერი ამერიკული. ცნობილ ამერიკელ მწერალ უილიამ ფოლკნერს გენიალური რამ აქვს ნათქვამი: “ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში”. არ მესმის, რას ნიშნავს მინისტრის პირადი ცხოვრება. მინისტრის პირადი ცხოვრება მისი სახლის გარეთ აღარ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიმე მინისტრი ამდენს ვერ გაბედავს და საქართველოში, ამ ზნეობით სავსე ქვეყანაში, მინსიტრები ამას კადრულობენ.

მიხეილ სააკაშვილი ამ ფარულ ჩანაწერებს საჯაროდ საჩვენებლად არ იღებდა. ის ქმნიდა სექტას, ხოლო სექტის პრინციპია, თითოეულ წევრზე გქონდეს კომპრომატი, ამიტომ მინდა ბიძინა ივანიშვილს მივმართო _ ბატონო ბიძინა, ხომ იცით, რომ ეს ფარული ჩანაწერები სიმართლეს შეესაბამება; ხომ იცით, რომ იმაზე უარესი ჩანწერებიც არსებობს, ვიდრე გავრცელდა, და ამ ხალხთან როგორ მუშაობთ, როგორ ხვდებით ამ ხალხს?! ეს ხომ საქართველოს შეურაცხყოფაა?!

_ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ფარული ვიდეოჩანაწერების არსებობის შესახებ იცოდა?

_ რა თქმა უნდა. არ ვამბობ, რომ უყურა ამ ჩანაწერებს, მაგრამ იცოდა და როგორ ითმენდა ასეთ ხალხს თანამდებობებზე, არ მესმის.

საქმე ის არის, რომ ოჯახი მოშალეს და დაანგრიეს. სექტანტური ჯგუფების მთავარი შეკვეთა და დავალებაც ხომ ეს იყო. როდესაც აშშ-ის ელჩი გამოვიდა და თქვა, ამერიკა მზადაა, დააფინანსოს და დაეხმაროს საქართველოს ქართულ ოჯახებში ძალადობის დანგრევაშიო, ამით მან, ფაქტობრივად, თქვა, ოჯახში შემომიშვითო. ქართულ ოჯახებში შიმშილია და ამის გამოა დაძაბულობაც, ამიტომ, თუ მართლა სურდა ამერიკას საქართველოს დახმარება, ისეთი ერთი ბანკი გაეხსნა, როგორიც ამერიკაშია, რომელიც 1%-იან ან უპროცენტო სესხებს გასცემდა, მაგრამ დასავლეთს წაქცეული საქართველო აძლევს ხელს, ძლიერი საქართველო არ სჭირდება. ეს სექტანტური ჯგუფები, დღეს ადამიანის უფლებების დარღვევაზე რომ ლაპარაკობენ, საქართველოს ბანკებში რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები, ამას რატომ არ აქცევს ყურადღებას? ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ და ერის უფლება დაივიწყეს, ამიტომ არის ქართული ძალა საჭირო.

_ ბატონო თემურ, თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ ქვეყანა გარედან დაწერილი სცენარით იმართება. ამერიკელი დამოუკიდებელი ექსპერტი და მკვლევარი ჩარლზ ჯონსონი წერს რა საქართველორუსეთის ურთიერთობაზე, აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მმართველები არ აღიარებენ თბილისის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ რუს და ქართველ პოლიტიკოსებში არ უნდა ვეძებოთ. ამასთანავე, ავტორი, საქართველოსა და რუსეთის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს, მაგრამ საკითხავია, შესაძლებელია კი ასეთ პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირება?

_ პირად საუბრებში ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სხვას გვეუბნებიან და საჯაროდ სულ სხვა განცხადებებს აკეთებენ.

რომ შევადაროთ, საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უფრო მეტი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს. თუ საქართველოს საბჭოთა კავშირის პერიოდში ფურცელზე ჰქონდა 5-10% დამოუკიდებლობა, დღეს ფურცელზე აქვს 100%-იანი დამოუკიდებლობა, მაგრამ ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე საბჭოთა პერიოდში ჰქონდა. რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ჰქონდა ეროვნული დამოუკიდებლობა. ქართული ენა, ქართული თეატრი, განათლება, მეცნიერება, სპორტი, კინო უპირველესი იყო, ანუ ეროვნული დამოუკიდებლობის ყველა ნიშანი გვქონდა შენარჩუნებული. დღეს კი მხოლოდ ფურცელზე გვაქვს დამოუკიდებლობა.

ქვეყანა ზანზარებდა ხოლმე, როდესაც მწერლები, მხატვრები, მსახიობები იკრიბებოდნენ. დღეს ვის აინტერესებს მათი აზრი? ეროვნული საყრდენი იყო უნივერსიტეტი, მწერალთა კავშირი, მხატვართა კავშირი, მეცნიერებათა აკადემია და ა.შ. დღეს ვინ რას ეკითხება ამ ადამიანებს?! განა კატასტროფა არ არის, რაც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება?

არჩევნებზე, დაე, ხალხმა განსაჯოს, რა დაპირებები შეასრულა ამ ხელისუფლებამ და რა _ არა, აღადგინა თუ არა სამართლიანობა, გაუმჯობესდა თუ არა სოციალური პირობები, მაგრამ მთავარი უნდა ითქვას: ხელისუფლების ფუნქცია სახლის გადახურვა და სადარბაზოს მოწყობა არ არის, არც ხელოვანებისთვის ფულის გადახდაა. მისი უპირველესი ფუნქციაა, ხალხი გადახდისუნარიანი გახადოს. ნიჭით სავსე ქვეყანაში ადამიანებს აზროვნება წაართვეს. მწერალს, მეცნიერს უთხრეს, დაჯექი სახლში, ფულს მოგცემ, არ მინდა შენი დაწერილიო. ეს კატასტროფაა. ფულის დარიგება ნებისმიერ ქვეყანაში ეროვნული სულის, აზროვნების მკვლელობაა. ადამიანებს, ფული კი არა, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება უნდა მისცე…

 _ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

_ 7 წელია, რაც შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია და “თეთრები” არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებენ. შესაძლოა, ჩვენი პარტიიდან ერთმა ან ორმა კაცმა ვიყაროთ კენჭი, რადგან გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლები არა მხოლოდ რეგიონებს, არამედ საზღვარგარეთ ბედის უკუღმართობით გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებსაც ჰყავდეთ. ყველა პარტიის ლიდერს უნდა, სიაში პირველი იყოს. მე შეიძლება სიის ათეულშიც არ ვიყო.

რომან რურუამ თქვა, _ ვისაც დეპუტატობა უნდა, საშიშია მომავალი პარლამენტისთვის; ვისაც არ უნდა, მათ უნდა შევეხვეწოთო.

საქართველოში ვინც ტაძარი ააშენა, ყველამ ან პრეზიდენტობა მოითხოვა ან პრემიერობა და დეპუტატობა. ეს არასწორია. ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ვერც ბელადი გადაარჩენს და ვერც მილიარდერი, ქვეყანას განათლებული ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანა გადაარჩენს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. ცოდნისა და განათლების გარესე სახელმწიფო არ შედგება! ავტორი მოვლენებს სწორად აღიქვამს, მაგრამ შეიძლება რაღაც საკითხებში არ დავეთანხმო. დღეს საქართველოს დამოუკიდებელ ნაბიჯებს არავინ გადადგმევინებს, ან რუსეთი ან ამერიკა. ნეიტრალიტეტს არავინ მოგცემს. ამერიკის სპეცსამსახურებმა ყველა ძალოვანი სტრუქტურა დაიმორჩილა და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ის კომჰრომატები რომელიც მიშას აქვს ამერიკელებსაც საკმარისი ასლები აქვთ და როცა უნდათ ისე გამოიყენებენ., მათ შორის საშანტაჟოთაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here