Home რუბრიკები პოლიტიკა ყარაბაღის ომი და ნეიტრალიტეტის მოკრძალებული ხიბლი

ყარაბაღის ომი და ნეიტრალიტეტის მოკრძალებული ხიბლი

707

შეტაკებებმა ყარაბაღში კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად ფარდობითია სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში; მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, კომენტატორების დიდი ნაწილი უახლოეს მომავალს ფრიად სკეპტიკურად უყურებს და ახალი ომის დაწყების საფრთხეს რეალურად მიიჩნევს.

საქართველოში მსგავსი პროცესების ანალიზისას ორი ძირითადი მიდგომა გამოიყენება. ერთ-ერთის ფარგლებში რეგიონის მცირე ქვეყნების ხელმძღვანელები განიხილებიან, მხოლოდ როგორც მძლავრი სახელმწიფოების პოლიტიკის რეტრანსლატორები, მარიონეტები, რომლებსაც თავიანთი ნება არ გააჩნიათ. მსგავსი, არსებითად კონსპიროლოგიური თეორიების ფარგლებში ალიევი განიხილება, როგორც ერდოღანის თოჯინა, თვითონ ერდოღანი კი _ როგორც ობამას თოჯინა, სარქისიანი _ როგორც პუტინის თოჯინა და ა.შ. ცხადია, რეგიონული პოლიტიკის წარმოჩენა მარიონეტების თეატრად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა მეორე მიდგომას, რომელიც პირველის უარყოფის ნიადაგაზე აღმოცენდა, სხვა უკიდურესობისკენ მივყავართ. ამ შემთხვევაში მთავარ “ძრავად” წარმოდგენილია ადგილობრივი ლიდერების სურვილი, გადაწყვიტონ ტაქტიკური ამოცანები, ხოლო დიდი მოთამაშეები მხოლოდ რეაგირების რეჟიმში მოქმედებენ. ეს სურათი არანაკლებ შიზოფრენიულად გამოიყურება, _ ერდოღანი და ობამა წარმოჩენილნი არიან ალიევის პოლიტიკის მძევლებად, პუტინი, შესაბამისად, სარქისიანის და ა.შ. მიდგომა, რომლის ფარგლებში ამ რადიკალური თეორიების “დაბალანსება” ხდება, ხოლო პროცესი როგორც დიდი, ისე მცირე მოთამაშეების ინტერესთა თანხვედრისა და დაპირისპირების ჭრილში განიხილება, საქართველოში პოპულარული არ არის. ეს, ალბათ, ფართოდ გავრცელებული კოგნიტური ხარვეზების ბრალია, რომლებიც სამყაროს სურათის მაქსიმალურ გამარტივებას მოითხოვს.

დღეს არც აზერბაიჯანულ, არც სომხურ მხარეს არ ძალუძს, სწრაფად, ერთი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის ფარგლებში მოწინააღმდეგე ისე დააზიანოს, რომ ბრძოლის შეწყვეტა აიძულოს. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში ძალიან მაღალია მისი გაჭიანურების ალბათობა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალების გამოფიტვა. უცხო სახელმწიფოების (მათიუფროსი პარტნიორების”) დახმარება მათთვის კრიტიკულ მნიშვნელობას შეიძენს დაქართულ ტრანზიტსამ კონტექსტში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ორივე მხარეს სურს, რომ საქართველოზე გამავალი მაგისტრალები კრიტიკულ მომენტში მისთვის ღია, ხოლო მოწინააღმდეგისთვის ბლოკირებული აღმოჩნდეს. ცხადია, არსებობს ალტერნატიული მარშრუტებიც, თუმცა მათი გამოყენება რიგ ლოჯისტიკურ და პოლიტიკურ სირთულეებს უკავშირდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემოვლითი გზებია, “ქართული დერეფანი” კი _ პირდაპირი, მას, ვინც ამ მარშრუტს აკონტროლებს, ყარაბაღის კონფლიქტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

მსჯელობამ ამ თემაზე შეიძლება ისევ ორი რადიკალური “თეორიის” ტყვეობაში მოგვაქციოს. ერთნი იტყვიან, რომქართული ტრანზიტი” 100%-ით დასავლელი პარტნიორების კონტროლს ექვემდებარება და ოფიციალურ თბილისს არ ძალუძს, ეს კარტი დამოუკიდებლად გაათამაშოს. მეორენი კი უპასუხებენ, რომ გადამწყვეტ მომენტში საქართველო ამ კოზირის გონივრული გამოყენებით შეძლებს რუსეთისგან ან თურქეთისგან (ან სულაც ორივესგან) მნიშვნელოვანი ბონუსები მიიღოს. მაგრამ აქ შემდეგი გარემოების გათვალისწინება მოგვიწევს: თუ საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობებზე თამაშს გადაწყვეტს და დროზე ადრე ერთერთ მხარეს (ალიანსს) მიემხრობა, მეორე დაუყონებლივ დაუპირისპირდება. ამგვარად, ეს სახიფათო თამაში ნებისყოფის გამოვლენას და ბოლო მომენტამდე ძნელად გასაშიფრი, გარეგნულად ამბივალენტური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.

მთავრობა ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და მხარეებს დიალოგის გამართვას თბილისში სთავაზობს, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი თავის განცხადებებში აზერბაიჯანის მხარდაჭერისკენ იხრებიან. გამორიცხული არ არის, რომ ამის უკან დგას ერთგვარი სიგნალი ალიევისა და ერდოღანის მიმართ: “დაგვეხმარეთ, ხელისუფლებაში რომ დავბრუნდეთ და თქვენთვის სასურველ პოლიტიკას გავატარებთ”. ერთი შეხედვით, სააკაშვილი, თავისი იდეებით საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციაზე თურქეთის პატრონაჟის ქვეშ, ბაქოსა და ანკარაში აღფთოვანებას უნდა იწვევდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის ფსიქიკურად არასტაბილური პიროვნებაა, რომელსაც ყოველთვის ახასიათებდა პარტნიორების “გადაგდების” სურვილი. ასე რომ, ძნელი სათქმელია, დაუჭერენ თუ არა მხარს თურქები და აზერბაიჯანელები მის რევანშისტულ პროექტებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოვა.

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობამ ყურადღება ეკონომიკური კრიზისიდან ყარაბაღზე გადაიტანა. იგივე შეიძლება ითქვას სომხეთზეც, უბრალოდ, ამ ეტაპზე კრიზისს სანავთობო აზერბაიჯანში უფრო მძაფრად განიცდიან. სიტუაცია ორივე ქვეყანაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით შორია იდეალურისგან, კორუფციის დონე საკმაოდ მაღალია და ეს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის პროტესტს იწვევს. ამით, თავის მხრივ, სარგებლობენ გარე ძალები და ხელს უწყობენ ბაქოსა და ერევანშიფერადი რევოლუციებისაგორებას (ან ამის იმიტაციას ახდენენ, რათა სარქისიანსა და ალიევზე ზეწოლა მოახდინონ). ასეთ სიტუაციაში ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ორივე მხარეს შესაძლებლობა მისცა, მოსახლეობის ემოციები ყარაბაღზე “გადაერთო”. ეს ისე თვალშისაცემი იყო, რომ რიგმა კომენტატორებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მიკროომის მთავარ მიზანს სწორედ ამ პოლიტტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარება წარმოადგენდა. ეს არსებითად არასწორია, მაგრამ ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის გასაჭირი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მომიტინგეთა სასტიკი დარბევის და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ, ლეგიტიმურობის მწვავე დეფიციტის პირობებში აღმოჩნდა; საზოგადოების დიდი ნაწილი მას უზურპატორად თვლიდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქცა მთავარ წინაპირობად იმ ავანტიურისტული პოლიტიკისა, რომლის გატარება მან კონფლიქტის ზონაში დაიწყო და ძალიან მალე მანევრის შესაძლებლობა დაკარგა, ხოლო ფატალური ფინალი გარდაუვალი შეიქნა. თუ დღეს ალიევი ან სარქისიანი (ან ორივე ერთად) იძულებულნი არიან, გამოიყენონ ესკალაცია ყარაბაღში, როგორც შიდაპოლიტიკური სიტუაციის რეგულირების ინსტრუმენტი, ესე იგი, მათი საქმე უკვე ძალიან ცუდადაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რაღაც მომენტში მათ შეიძლებასაჭე ვერ დაიმორჩილონ”. რეალურად კი დღეს ორივე ქვეყანას სჭირდება რეფორმები და არა ომი.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია აზერბაიჯანისთვის, რადგან მომავალში ნავთობი მას გაცილებით ნაკლებ სარგებელს მოუტანს. ფასები დაეცა; ამასთანავე, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლო მომავალში ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვან ზრდას აზერბაიჯანში ადგილი აღარ ექნება, ხოლო მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯები გაიზრდება. აზერბაიჯანმა დაკარგა ბევრი დრო იმის ნაცვლად, რომ “მაძღარ წლებში” ეკონომიკის რეალურ დივერსიფიცირებაზე ეზრუნა და “პოსტსანავთობო ეპოქას” მეტ-ნაკლებად მშვიდად შეხვედროდა. მაგრამ თამამ რეფორმებს ხელს კორუფცირებული ელიტა უშლის, ხოლო ილჰამ ალიევს არ ჰყოფნის ძალა ან ნებისყოფა იმისთვის, რომ დაიწყოს “რევოლუცია ზემოდან”. ახლო მომავალში აზერბაიჯანის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება თითქმის გარდაუვალი ჩანს და მთავრობას მართლა შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, საზოგადოების განწყობის მართვა ყარაბაღის კრიზისის მეშვეობით სცადოს.

ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მასშტაბური ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მის საზღვრებს უამრავი დევნილი მოადგება. შესაბამისმა უწყებებმა ამ სცენარის ფარგლებში სწავლებები უნდა გამართონ, შეადგინონ და დახვეწონ გეგმები და .. უშიშროება, თავის მხრივ, ალბათ, უნდა დაინტერესდეს იმ პირებით, რომლებიც ბოლო ესკალაციის დროს მოხალისეთა მობილიზაციაზე საუბრობდნენ და სხვა, აშკარად პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდნენ, აგრეთვე, წინმსწრებად იზრუნოს იმაზე, რომ გართულების შემთხვევაში საქართველოს მაგისტრალებზე დივერსიული ომი არ გაჩაღდეს. თუმცა მთავარი, ალბათ, ხელისუფლების სამშვიდობო ძალისხმევაა, რომელიც ვერ შემოიფარგლება მოწოდებებითჩამოდით თბილისში, დავილაპარაკოთ და გაცილებით სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ, ყარაბაღის ომის განახლების შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეული ტაქტიკური სარგებელი ნახოს, ამ ომთან დაკავშირებულ რისკებს გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. თუ რეგიონის ტოტალური დესტაბილიზაცია მოხდება, საქართველო სიმშვიდისა და კეთილდღეობის ნაკრძალად ვერ გადაიქცევა. ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი სამხრეთ კავკასიაში მთავარი შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციის შესრულებაა. ისტორია ცხადყოფს, რომ ხანგრძლივი მშვიდობის შემთხვევაში საქართველოს როლი და “წონა” რეგიონში მკვეთრად იზრდება, ხოლო ომები მას (ასევე მკვეთრად) აკნინებს. ამიტომ, ალბათ, ჩვენი მხრიდან ლოგიკური იქნება ზრუნვა უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მოპოვებაზე, რომელთა ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოება განხილული იქნება ერთ კონტექსტში რეგიონის უსაფრთხოებასთან, თორემ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, განვიხილავთ საქართველოს, როგორც ერთგვარ “ევროპულ კუნძულს”, რომელსაც მეზობლებთან ძალიან ცოტა აქვს საერთო. არადა, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის პლატფორმის ფორმირება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, 1999 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, რამდენადმე ღირებული წინადადებები ამ მიმართულებით ოფიციალურ თბილისს არ გაუსაჯაროებია (ალბათ, დროა).

თუ დავუბრუნდებით კამათს იმის თაობაზე, ვინ ახდენს განმსაზღვრელ ზემოქმედებას პროცესებზე _ მძლავრი უცხო სახელმწიფოები თუ რეგიონის ქვეყნები, ალბათ, კარგი იქნება, თუ დღევანდელ სამხრეთ კავკასიას აღორძინების პერიოდის იტალიას შევადარებთ. იმხანად, ძალთა რთული, ცვალებადი ბალანსიდან გამომდინარე, გარკვეულ მომენტებში პროცესებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლოთ არა მხოლოდ ესპანეთს, საფრანგეთს და ა.შ. ან ისეთ “რეგიონულ ლიდერებს”, როგორიც ნეაპოლის სამეფო ან მილანის საჰერცოგო (და ზოგიერთი სხვა) იყო, არამედ, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო მიკროსახელმწიფოებს, რომელთა ხელმძღვანელთა მოქმედებებს ხანდახან ნამდვილი პოლიტიკური მიწისძვრა მოსდევდა. ასე რომ, მსგავს სიტუაციებში არავინაა უზომოდ ძლიერი ან უიმედოდ სუსტი და მოვლენათა განვითარებაში გარდატეხის შეტანა უკლებლივ ყველას შეუძლია.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. რაღაც ეჭვი მეპარება დღევანდელ სიტუაციაში საქართველო ვინმემ ჩათვალოს დალაპარაკებისა და მოლაპარაკების ღირსად,საქართველოს დღეს ისე,როგორც არასდროს,პოლიტიკური სახე დაკრგული აქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here