Home რუბრიკები პოლიტიკა ორსახოვანი იანუსები მასმედიასა და პოლიტიკაში

ორსახოვანი იანუსები მასმედიასა და პოლიტიკაში

684

ამერიკელი მაგნატები ჰიტლერის რაიხის გასაძლიერებლად რომ იღვწოდნენ, ლამის ანბანურ ჭეშმარიტებად არის ცნობილი, ეს ორმაგი პოლიტიკის ფართოდ გავრცელებული და დამტკიცებული ფაქტია განათლებული მკითხველისთვის. გასარკვევი და დამატებით გამოსაძიებელი თითქოს აღარაფერია, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა.

სააგენტო ასოშეითედ პრესი 1930 წლებში ოფიციალურად თანამშრომლობდა ჰიტლერულ რეჟიმთან, ამერიკულ პრესას აწვდიდა მასალებს, რომლებიც უშუალოდ იქმნებოდა ან შეირჩეოდა პროპაგანდის ნაცისტური სამინისტროს მიერ. ეს დასტურდება საარქივო დოკუმენტებით, რომლებიც აღმოაჩინა გერმანელმა ისტორიკოსმა ჰარიეტ შარნბერგმა. ამას იუწყება გაზეთი “გარდიანი” თავისი გამოძიების შედეგებსა და შარნბერგის გამოკვლევაზე დაყრდნობით.

ასოშეითედ პრესი თავს “ჟურნალისტიკის საზღვაო ქვეითების კორპუსს” უწოდებდა (“ყოველთვის პირველები ვუტევთ და უკანასკნელები ვიხევთ უკან”). ის ახალი ამბების ერთადერთი დასავლური სააგენტო იყო, რომელიც ჰიტლერულ გერმანიაში დაუბრკოლებლად განაგრძობდა ფუნქციობას 1941 წლამდე, ანუ ვიდრე აშშ ომში არ ჩაერთო. იგი იყო ტოტალიტარული სახელმწიფოდან ოპერატიული რეპორტაჟებისა და ფოტოსურათების მიღების მთავარი წყარო. როგორ და რა გზით? _ ორმხრივი თანამშრომლობის წყალობით, რომელიც დამყარებული ჰქონდა ნაცისტურ რეჟიმთან. ამ “ობიექტური” და “მიუკერძოებელი” სააგენტოს რედაქციამ ხელი მოაწერა ე.წ. სარედაქციო კანონს, რომლის მიხედვითაც არ გამოაქვეყნებდა “რაიხის ძლიერების დასასუტებლად გამიზნულ” არავითარ მასალას. ეს “კანონი” ავალდებულებდა რედაქციას, შტატში ჩაერიცხა ჟურნალისტები, რომლებიც, ამასთანავე, ნაცისტური პარტიის პროპაგანდისტული ქვედანაყოფისთვის მუშაობდნენ. სააგენტოს დაქირავებული ოთხი ფოტოგრაფიდან ერთი _ ფრანც როტი _ “ეს-ესის” პროპაგანდისტული ქვედანაყოფის წევრი იყო. მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს გამოსაქვეყნებლად პირადად ჰიტლერი არჩევდა.

ნიშანდობლივია, რომ ასოშეითედ პრესმა ნება დართო ნაცისტურ რეჟიმს, გამოეყენებინა თავისი ფოტოარქივები გერმანულ პრესაში ანტისემიტური პროპაგანდის საწარმოებლად.

ასეთია ამ გამოძიების ფაქტობრივი მხარე, რომლის გამართლებას ამერიკელები იმით ცდილობენ, რომ სააგენტო ნებაყოფლობით არ თანამშრომლობდა ნაცისტებთან.

ჩამოვწეროთ ეს მაგალითი, როგორც ნაკლებმნიშვნელოვანი: პრესაში ამგვარი ორმაგი სტანდარტების გამოვლენა არასოდეს ყოფილა იშვიათი მოვლენა.

წავუყრუოთ. მით უფრო, რომ დღევანდელ საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი ორსახოვნობა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზეა აღზევებული.

მაგალითი _ თურქეთი, რომელიც, ერთი მხრივ, თითქოს მზადაა, ევროკავშირის მიერ გაღებული მილიარდობით ევროს სანაცვლოდ მიიღოს ევროპიდან დეპორტირებული ემიგრანტები, და, ამასთანავე, ხვრეტს სირიელ ლტოლვილებს, რომლებიც მისი საზღვრის გადაკვეთას ცდილობენ.

თაიმსი წერს: “თურქეთის სასაზღვრო ჯარები ხოცავენ ლტოლვილებს, რომლებიც სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს გამოექცნენ… 16 მიგრანტი, მათ შორის, სამი ბავშვი, მოკლეს ბოლო ოთხ თვეში თურქეთში გადასვლის მცდელობისას… 6 თებერვალს მამაკაცი თავისი ბავშვით მოკლეს თურქეთ-სირიის საზღვრის აღმოსავლეთ უბანზე სირიის ქალაქ რას-ელ-აინის მახლობლად”, 5 მარტს კი ორი მიგრანტი დახვრიტეს საზღვრის დასავლეთ ფლანგზე.

ეს უბედურება ტრიალებს თურქეთის ხელისუფალთა განცხადების ფონზე, რომ მათი ქვეყანა ერთგული რჩება ღია საზღვრის პოლიტიკისა იმ სირიელებისთვის, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე უშუალოდ ემუქრება.

“თაიმსი” ხაზგასმით აღნიშნავს: ეს ფაქტები საეჭვოს ხდის ევროკავშირის მიერ ხელმოწერილ საემიგრაციო შეთანხმების ქმედუნარიანობას, რომელიც თურქეთს ახასიათებს, როგორც “უსაფრთხო მესამე ქვეყანას”.

მაშ, რისთვის გადაუხადეს თურქეთს უზარმაზარი თანხა?

კარგად ივაჭრა პრობლემით?

ალბათ, ასეა.

ეგ კი არა, თურქეთის ხელისუფლება გერმანიასა და ევროკავშირს ყალყზე დაუდგა _ პროტესტი გამოუცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასაცილოდ ამგდები სატირული სიმღერის შესრულების გამო, რომელიც ორიოდ კვირის წინათ ეთერში გაჟღერდა.

კულტი შეურაცხყვეს!

თურქეთის ხელისუფლებამ გამოიძახა გერმანიის ელჩი და სიმღერის აკრძალვა მოითხოვა.

ესეც სიმღერასთან მებრძოლი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ნატოს წევრია და ევროკავშირში გაერთიანების პრეტენზია აქვს.

რაო, ისეთს რას უმღერენ ერდოღანს? ჟურნალისტებს ციხეში ამწყვდევს და ქუჩაში პროტესტით გამოსულებს არ ინდობსო, მათ შორის _ ქალებს (“ქალების თანაბარუფლებიანობა _ ყველას ერთნაირად ურტყამენ”).

კიდევ: “ჟურნალისტი, ისეთ ტექსტს რომ დაწერს, რომელიც ერდოღანს არ მოეწონება, ციხეში ამოყოფს თავს, რედაქცია კი დაიხურება; ცრემლსადენი აირითა და წყლის ჭავლით მიექანება თურქეთი ღამეში”.

ეს _ ლირიკა, ახლა _ სტატისტიკა: ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 1800 ადამიანმა, ცნობილი პიროვნებებისა და სკოლის მოსწავლეების ჩათვლით, დევნა განიცადა 2014 წლიდან დღემდე, რაც პრეზიდენტი გახდა.

ვთქვათ, და აღარ იმღერეს, ამით რა შეიცვლება?

არაფერი.

ანკარის ქმედება საგანგაშო რჩება ევროპისთვისაც და საკუთრივ თურქეთისთვისაც. მასირებული სამხედრო ოპერაციები ქურთების წინააღმდეგ და საპასუხო ტერაქტები იმის მაჩვენებელია, ამტკიცებენ მიმომხილველები, რომ ეს ქვეყანა, რომელსაც დესტაბილიზაციის საფრთხე აშკარად ემუქრება, თვითონ ხდება ტერორიზმის ბუდე.

კვლავ ორმაგი პოლიტიკა და ეჭვი _ შეძლებს კი ასეთ ვითარებაში მყოფი თურქეთი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ევროკავშირთან დადებული შეთანხმების ძალით დაკისრებული აქვს ლტოლვილთა ნაკადების მოსაწესრიგებლად?!

ანალიტიკოსები, მათ შორის, დიმიტრი სეროვი ლოგიკურ შეკითხვას სვამს: რა მიზნით უფრთხილდება ერდოღანი ისლამისტ ტერორისტებს? მისი სამხედროებისთვის ხომ კარგად არის ცნობილი ტერორისტთა შტაბების, სასწავლო ცენტრებისა და ბანაკების ადგილმდებარეობა, მაგრამ .. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არც ერთი ოპერაცია არ ჩაუტარებია.

მიმომხილველი ცდილობს, გაგვარკვიოს შექმნილ გაუგებრობაში და განაგრძობს:

“ეგებ, თურქეთის პრეზიდენტის აზრით, “ისლამური სახელმწიფო” არის მთავარი ძალა ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოთარეშე ისლამისტების მოვლა და პატრონობაა აუცილებელი? ან, იქნებ, სხვა შემადგენელსაც შეიცავს ბატონ ერდოღანის ასეთი ქცევა? ეტყობა, ამ “სხვა შემადგენლის” გამოსარიცხად ბრიუსელში მოწყობილი ტერაქტის კვალდაკვალ მიაყოლა განცხადება მსოფლიოს გასაგონად, რომ ერთ-ერთი შაჰიდი _ იბრაჰიმ ალ ბაქრავი თურქეთში იყო დაკავებული და შემდეგ ქვეყნიდან გაძევებული. ბელგიელმა მარალჩინოსნებმა კი უგულებელყვეს თურქეთის ხელისუფალთა გაფრთხილება.

იგულისხმებოდა, რომ ბრიუსელს ჯეროვნად უნდა შეეფასებინა თურქეთის სპეცსამსახურების გმირობა და აღექვა იგი, როგორც პატიოსანი თანამშრომლობისკენ თურქეთის მისწრაფების ფაქტი, მაგრამ ბელგიის პოლიციის ინფორმაცია, რომ სისხლიანი აქტების ჩამდენი ტერორისტები იბრძოდნენ სირიაში, მათგან ერთ-ერთი _ აბდელჰამიდ აბაუდი კი ,,ისლამური სახელმწიფოს” ჯალათი იყო, სიტუაციას სხვა რაკურსით წარმოგვიდგენს: ტერორისტების მოგზაურობა ევროპიდან სირიაში თურქეთის გავლით ხდებოდა. და კიდევ რამდენი ასეთი “მოგზაური” მოძრაობს დღეს ევროპისკენ, რომლებსაც თურქეთის სპეცსამსახურები “ვერ ამჩნევს”?

მიგრანტების ყველა გზას დღეს აკონტროლებს კრიმინალური ბიზნესი და თურქეთის სპეცსამსახურები”.

გზა ბევრია, გვეუბნებიან სპეციალისტები და მათი გადაკეტვა შეიძლება დაინტერესებული სახელმწიფოების სოლიდარული ძალისხმევით.

მხოლოდ ასე.

თურქეთის კულისებსმიღმა თამაში კი იმ ნაყალბევ პროდუქციას ჰგავს, რომელიც, წლევანდელი 31 მარტის “ექსპერტ ონლაინის” ინფორმაციით, ინტერპოლის, ევროპოლის და ათობით ქვეყნის პოლიციების მასშტაბური ოპერაციის შედეგად იქნა კონფისკებული. ამოღებული იქნა 10 ათასი ტონა და ერთი მილიონი ლიტრი კონტრაფაქტული, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია და სასმელი.

ორიოდ მაგალითი დამატებით: სუდანის დედაქალაქ ხართუმში კონფისკებულ 9 ტონა შაქარში აღმოაჩინეს სასუქები, იტალიაში 85 ტონა ზეთისხილი სპილენძის სულფატით მწიფე ნაყოფისფრად იყო შეღებილი; დიდ ბრიტანეთში სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს 10 ათასი ლიტრი ნაყალბევი არაყი, ვისკი.

უნგრეთში, იტალიაში, ლიტვასა და რუმინეთში მებაჟეებმა დააკავეს დიდი რაოდენობით ნაყალბევი შოკოლადი, კანფეტი, შუშხუნა უალკოჰოლო სასმელი, რომელიც დასავლეთ აფრიკის ბავშვებისთვის იყო გამიზნული.

ესეც ორმაგი მიდგომის თვალსაჩინო ფაქტია: ევროკავშირის უმაღლესი სტანდარტის რეალური სახე: თავიანთთვის _ საუკეთესო, სხვა ჭირსაც წაუღია.

უცხოური პრესის მიხედვით მიმოხილვა მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here