Home რუბრიკები საზოგადოება “ნებისმიერ დროში მთავრობას ადანაშაულებდნენ, მაგრამ, ვისაც ეს მთავრობა მოჰყავდა ქვეყნის სათავეში, პასუხს...

“ნებისმიერ დროში მთავრობას ადანაშაულებდნენ, მაგრამ, ვისაც ეს მთავრობა მოჰყავდა ქვეყნის სათავეში, პასუხს არ აგებდა”

590

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მცხოვრები 54 წლის ქართველი ემიგრანტი, პროფესიით ისტორიკოსი მაია ნაჭყებია უცხოეთში მყოფ ქართველებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე გვესაუბრება. გულისტკივილით გვიამბობს, რომ საბერძნეთში მცხოვრები ბევრი ქართველი თანამემამულეებს დახმარების ხელს არ უწვდის, ზოგი მევახშედაა ქცეული და გაჭირვებულ ქართველს სამსახურის პოვნის სანაცვლოდ ფულს სძალავს.

_ ქალბატონო მაია, რამ გაიძულათ სამშობლოდან წასვლა?

_ გაუსაძლისმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ _ მეუღლე უმუშევარი დარჩა, მე კი ისტორიის მასწავლებლი ვიყავი და სასაცილო ხელფასი მქონდა. 2005 წლის 13 იანვრის შუა ღამეს, ძველით ახალი წელი თენდებოდა, დავტოვე მეუღლე და ორი შვილი _ გოგონა და ორი ვაჟი. იმ დღის გახსნებაც მიჭირს. ჩემი ოჯახი, საყვარელი პროფესია… თუ რამ საუკეთესო გამაჩნდა, ყველაფერი მივატოვე იმ იმედით, რომ სამ წელიწადში უკან დავბრუნდებოდი… მაგრამ 12 წელია, აქ ვარ.

ჩემი გამგზავრება დიდი რისკი იყო, ავტობუსით წავედით 8 ადამიანი, თან ვიმალებოდით. მძღოლმაც არ გაგვიმართლა _ გზა დაებნა და ზედმეტი ერთი დღე თურქეთში გავჩერდით. შემდეგ ავტობუსი გაფუჭდა… ერთი სიტყვით, ასე სულელელურად არ უნდა წავსულიყავი. 7 საათის განმავლობაში ვიმალებოდით, როგორც იქნა, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩავედით. იქ მანქანა დამხვდა, რომელსაც ათენში უნდა ჩამოვეყვანე. მთელი გზა მეუბნებოდა მძღოლი, შეიძლება საბუთები მოგვთხოვონ და არ შეგეშინდესო. უფლის წყალობით, მშვიდობით ჩამოვედი, აქ კი ჩემი ახლობელი მირანდა დამხვდა მეუღლესთან ერთად. ჩემამდე 2 წლით ადრე საბერძნეთში წამოვიდა ჩემი მულისშვილი, რომელიც ძალიან დამეხმარა, მიმიყვანა იქ, სადაც თვითონ მუშაობდა. ბერძენი კომპოზიტორის ოჯახი იყო _ ლიკუდი პიგის. ერთი ბავშვი ჰყავდათ, საყვარელი კონსტანტინე, მეუღლე და დედა. ნამდვილად დიდებული ადამიანები არიან, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი, თვალზე ცრემლს ვერ ვიშრობდი, ჩემი ოჯახი და ქვეყანა მენატრებოდა. ნამდვილად თბილი გარემო დამხვდა, მაგრამ ენის უცოდინარობამ გამირთულა ცხოვრება…

_ რომელიმე შემთხვევაზე ხომ ვერ გვიამბობთ, რომელიც ყველაზე მძიმედ გახსენდებათ ემიგრაციაში ყოფნისას

_ ეს არის დიდი თანადგომა უცხოელებისგან და დიდი ღალატი ქართველებისგან. ადამიანს, რომელსაც პურის ფული არ აქვს და ოჯახის გადასარჩენად გოლგოთის გზას ადგება, პროცენტიანი ვალის აღება უწევს. აქ მრავლად არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ფულის გასესხებით და მიღებული პროცენტებით მდიდრდებიან. ასე რომ, ფულის შოვნა რთული არ არის, საქმე მისი გასტუმრებაა, დიდი პროცენტის გამო, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს სხვა რა გზა აქვთ?! არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, მაგრამ ყველაფერს მართალს ვამბობ და არა ჭორის დონეზე. ზოგი კი არა, უმრავლესობა მევახშედაა ქცეული. რატომ არავის უჩნდება კითხვა _ უცხოეთში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც ხელფასი თუნდაც 800 ევრო აქვს, როგორ შეუძლია ამდენი რამის შეძენა?

მეც ქართველი მევახშისგან ვისესხე 3500 დოლარი და ასე მოვექეცი მის კლანჭებში. ბერძენმა უთბილესმა ქალბატონმა, კატერინამ, 6 შვილის დედამ, დახმარების ხელი გამომიწოდა და 3000 ევრო მომცა. მეც გავანაწილე _ ვიფიქრე, ვისი ვალიც 3000 მქონდა, იმას 2000-ს მივცემ და 1000 სხვა მევალეებს გავუნაწილებ-მეთქი. მაგრამ, როდესაც დავურეკე მევალე ქართველს, 2000-ს მოგიტან-მეთქი, ტელეფონში ყვირილი ატეხა, _ მე რა, 2000 მოგეციო?

_ ამბობენ, რომ უცხოეთში მყოფი ზოგი ქართველი გაჭირვებულ თანამოძმეებს სამსახურის შოვნის საფასურად თანხას სთხოვს

_ მე არასდროს მიშოვნია სამსახური ფულით, მაგრამ საბერძნეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა: ვინმე ბერძენი ნაცნობ ქართველს ეტყვის, მაპოვნინე ვინმეო. ქართველი კი თავის ახლობელს ეუბნება, გიშოვე სამსახური და სანაცვლოდ 200 ან 300 ევრო უნდა გადამიხადოო

_ როგორი ურთიერთობა გაქვთ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან?

_ აქ პატივისცემა ისაა, ფულს პროცენტით რომ გასესხებენ. სიცოცხლეში არავის მიაქვს შენი გასაჭირი გულთან, მაგრამ, თუ ვინმე გარდაიცვალა, შეიქნება ერთი ამბავი _ არა ჩვენ გადავასვენებთ და არა ჩვენომე რითაც შემეძლო, ქუჩაში გამველელგამომვლელსაც კი დავხმარებივარ, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ უკეთესია, შენთვის იყო. ყველა გამოყენებაზეა, ვერ დავინახე, სხვისი ტკივილი ვინმეს ადარდებდეს.

ბერძნებთან ურთიერთობაში უფრო გამიმართლა. გარკვეულ ხანს პედაგოგების ოჯახში ვმუშაობდი, მათ ჩვენი ქვეყნის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს ბევრთან. რა თქმა უნდა, არსებობენ ნერვების მომშლელებიც და შენი შრომის არდამფასებლებიც, მაგრამ საქმე ის არის, აიტან თუ ვერა.

კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ: რადგან მევახშეებს ვერ ვუმკლავდებოდი, ჩემმა გოგონამ მომწერა, იქნებ მეც წამიყვანო, ვიმუშავებ და დაგეხმარებიო. დიდი ფიქრის შემდეგ ასეც გადავწყვიტე. გავიცანი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, რომელსაც 3500 ევროს საფასურად ვიზით უნდა ჩამოეყვანა ჩემი შვილი, მაგრამ მომატყუეს და ეს ყველაფერი 9500 ევრო დამიჯდა. ბავშვი, ათენში ჩამოყვანის ნაცვლად, 3 ქალთან ერთად თურქეთში დამიტოვეს და ხომ უნდა მეშველა? დატრიალდნენ ნაცნობი მევახშეები და ჩამოვიყვანეთ ჩემი ნინიკო, ფული კი ქარმა წაიღოდაიწყო ნინიკომ მუშაობა, 16 წლის გოგონა ვაჟკაცურად ამომიდგა მხარში, მაგრამ უსაბუთობის გამო დედაშვილი ციხეში მოვხვდით. ისევ ბერძენი ოჯახი დაგვეხმარა _ კატერინა, 6 შვილის დედა, გვაკითხავდა და დარბოდა ადვოკატებთან ერთად, დიახ, 6 შვილის დედა. რომ გავეთავისუფლებინეთ და ქვეყნიდან არ გავეძევებინეთ, საჭირო შეიქნა 2000 ევროს გადახდა. და ვინ გადაიხადა? _ ვისთანაც ადრე ვმუშაობდი, ლიკუდი პიგის ოჯახმა. ისევ ბერძნები დამეხმარნენ. თაღლითი ინგა ონიანი ჩემი გოგონას ჩამოყვანისთვის მესამედ რომ მაგზავნინებდა ფულს, 500 ევრო მაკლდებოდა. სასოწარკვეთილი სახლში რომ მივედი, ჩემი ბინის მეპატრონე ბერძენმა, რომელთანაც ქირით ვცხოვრობდი, დამირეკა, კარის ქვემოთ კონვერტი დავდე და ნახეო. კონვერტში 500 ევრო იდო. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ

ამის შემდეგ დაიწყო ჩემმა შვილმა, 16 წლის ნინიკომ, 12 წლის პოლინასთან მუშაობა, რომელიც გონებრივად შეზღუდული ბავშვია. ისე შეიყვარა მისმა დედამ ნინიკო, რომ რეკომენდაციაც გაუწია და კოლეჯში პედაგოგიურზე მოაწყო.

_ როგორი პირობები უნდა იყოს საქართველოში, დაბრუნება რომ გადაწყვიტოთ?

_ 2 წლის წინათ დავბრუნდი საქართველოში. ახლობლის დახმარებით ოპერაცია გავიკეთე, მისახვედრია, ეკონომიკურად როგორ ვიყავი. შემდეგ ისევ საბერძნეთში წამოვედი და კვლავ შემართებით განვაგრძე მუშაობა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ნებისმიერ დროში მთავრობას ადანაშაულებდნენ, მაგრამ პასუხს არ აგებდა, ვინც ეს მთავრობა მოიყვანა ქვეყნის სათავეში. აი, ესაა მიზეზი იმისა, ასეთ დღეში რომ ვართ. მაგრამ აქ არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს გამოუშვია ვინმე, ერთმანეთს პროცენტიანი ვალებით ამოჰხადეთ სულიო. ხელისუფლების დაუხმარებლად გამანადგურეს ქართველებმა. გული მწყდება, რომ უბრალო ადამიანები გადაეკიდნენ ერთმანეთს. თუ რამეს იტყვი, ან ქოცი ხარ, ან ნაცი. ვინ მოიგონა ეს სიტყვები, არ ვიცი. უკეთესი იქნებოდა, ჩვენ, ემიგრანტებს, ქვეყნის დესპანობაც და ადამიანობაც უკეთესად გაგვეწია. მგონი, მთავრობასაც იქით მოვუვლიდით მაშინ. ყველაფერი სხვას უნდა დავაბრალოთ _ ეს ქართული წესია. უღრმესი მადლობა ბერძენ ერს. არ ვნანობ, აქ რომ წამოვედი, მით უმეტეს, სახლები არ შემიძენია, რაც მქონდა, ისიც გავყიდე. მადლობელი ვარ უფლისა და კეთილი ადამიანების!

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here