Home რუბრიკები საზოგადოება დენის დავითაშვილი: ქართველი დამსაქმებლები დაუფარავად ამბობენ, რომ ურჩევნიათ, არაბი, ჩინელი ან ირანელი...

დენის დავითაშვილი: ქართველი დამსაქმებლები დაუფარავად ამბობენ, რომ ურჩევნიათ, არაბი, ჩინელი ან ირანელი მუშები დაიქირავონ

965

პროფესიული განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელი, განათლებისა და მეცნიერების დარგებში არსებული ნაკლოვანებების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დენის დავითაშვილი საქართველოს განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და პროფესიული განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

_ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად, ახლახან პროფესიული განათლების სფეროში ახალი რეფორმის დაწყების შესახებ განაცხადა. თქვა, რომ ამ რეფორმის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა აღორძინდება და ხალხიც დასაქმდება, რაც, ბუნებრივია, მისასალმებელია. მაგრამ, როდესაც გავეცანით ამ ახალ მოდელს, უამრავი შეკითხვა გაგვიჩნდა. საქმე ის არის, რომ ერთი თვის წინათ განათლების მინისტრმა ქვეყანაში ახალი გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვაზე განაცხადა და მალე გერმანული დუალური განათლების სისტემის მხოლოდ გარკვეული ელემენტები დაინერგება, რაც პროფესიული განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების ჩატარებას არ ნიშნავს. ასე ხელაღებით რომელიმე ქვეყნის მოდელის დანერგვა არასწორია. გერმანია ევროპაში ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. იქ უამრავი საწარმოა, დამსაქმებლებმა კი იციან, საქმე კარგად რომ წაუვიდეთ, საჭიროა, მომზადდეს შესაბამისი უნარ-ჩვევების, მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტები, ამიტომ მათი მთავარი ამოცანაა, თავიანთ საწარმოებში კოლეჯების სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის გასავლელად ისეთი პირობები შეუქმნან, რომ დაოსტატდნენ. ევროპელი დამსაქმებელი დარწმუნებულია, რომ თავის საწარმოში სხვა ქვეყნის მუშახელი კი არ უნდა დაასაქმოს, არამედ თვითონ აღზარდოს კვალიფიციური მუშახელი. საქართველოს განათლების მინისტრი კი, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი შეხვედრები არ გაუმართავს და დამსაქმებლებისგან თანხმობა არ მიუღია, რაზე ლაპარაკობს?! ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი დამსაქმებლები დაუფარავად ამბობენ, რომ უცხოელი მუშახელის დაქირავება ურჩევნიათ (მაგალითად, არაბის, ჩინელის ან ირანელის), ვიდრე ქართველების, რადგან ქართველების მომზადების დონით უკმაყოფილონი არიან.

_ არაბ და ჩინელ მუშახელს უფრო მაღალი მომზადების დონე აქვს?

_ ესეც საკამათო საკითხია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქართველ დამსაქმებლებს უცხოელთა დაქირავება იმიტომაც ურჩევნიათ, რომ დაბალ ხელფასს უხდიან და, რაკი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ სამსახურიდან.

ამ რეფორმის ვითომდა “სიახლე” არის ისიც, რომ პროფესიული კოლეჯის სასწავლო გეგმის საათობრივი რაოდენობის 60% საწარმოში სტუდენტის პრაქტიკულ სწავლებას უნდა დაეთმოს, ხოლო დანარჩენი 40% _ თეორიულ სწავლებას პროფესიულ კოლეჯში. ეს ახალი მოდელი, რომელიც სანიკიძემ მთავრობას შესთავაზა, გულისხმობს, რომ, ფაქტობრივად, ხელახლა უნდა შემუშავდეს ახალი პროფესიული სტანდარტები და, შესაბამისად, პროგრამებიც. არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ამ ფონზე განათლების მინისტრისა და ამ სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებები გაუაზრებელი და სრულიად უპასუხისმგებლოა. მათ არ უფიქრიათ, რა დრო დასჭირდება ამ პროგრამებისა და სტანდარტების ხელახლა შემუშავებას. ამას გარდა, თუ აქამდე პროფესიულ განათლებას სტუდენტს პროფესიული განათლების კოლეჯის პედაგოგი აძლევდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში, საწარმოო პრაქტიკა უკვე დამსაქმებლების წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ. ასეთი წარმომადგენელი კი ჯერჯერობით არც ერთ დამსაქმებელს არ ჰყავს. საჭირო იქნება ახალი სამუშაო ადგილების გამოყოფაც, რაც ასევე არ არის დამსაქმებელთან შეთანხმებული.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი აზრზე არ არიან, რას ნიშნავს პროფესიული განათლება. თვეში ორჯერ უცხოეთში დასეირნობენ, წავლენ მივლინებით რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, ფინეთში, მოეწონებათ იქაური განათლების მოდელი და გადაწყვეტენ საქართველოში მის დანერგვას; შემდეგ მიხვდებიან, რომ ეს უტოპიაა. აქამდე საქართველოში ესტონური განათლების მოდელის პოპულარიზაცია მიმდინარეობდა. ახლახან განათლების სამინისტროს წარმომადგენელები გერმანიაში იმყოფებოდნენ და ახლა გერმანული განათლების მოდელის გადმოღება მოიწადინეს

ჩვენთან არავინ ფიქრობს, რომ რეფორმები საქართველოს რეალობაზე მორგებული უნდა იყოს. ჩამოჰყავთ ვიღაც ექსპერტები, რომლებიც არაფერს აკეთებენ, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში უზარმაზარ ხელფასებს იღებენ, დროს ატარებენ, წასვლის წინ კი ერთ პრესკონფერენციას ჩაატარებენ. როდესაც მათ შეეკითხები, საქართველოში რა გააკეთეთო, გიპასუხებენ, ამ საკითხებზე გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოთო.

_ ეს ექსპერტები საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან?

_ ევროკავშირი გამოყოფს გრანტებს, ახლაც არის 27 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყოფილი. ზის, მაგალითად, ექსპერტი გერმანიიდან, გიუნტერ დივალდი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში და, რაც უნდა ვკითხოთ ან როდესაც ვეპატიჟებით შეხვედრაზე, ყველაფერზე გვიპასუხებს ხოლმე, _ ჩემი უფროსი დეპარტამენტის უფროსია და მან ამიკრძალა თქვენთან მოსვლაო. და ესენი არიან დამოუკიდებელი ევროპელი ექსპერტები? ევროკავშირის მეორე ექსპერტი ოლივერ რიზი კი ნორმალური პიროვნებაა. ის ორჯერ დაესწრო ჩვენს კონფერენციას და გულახდილად გვირჩია, პროფესიულ განათლებაში რეფორმის ჩასატარებლად ფრთხილად იმოქმედეთ, ნურც ერთი ქვეყნის მოდელს ნუ გადმოიტანთ, საკუთარი მოდელი შეიმუშავეთო.

_ პროფესიული განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ თქვენ წინა პრემიერსაც მიმართეთ. რა პასუხი მიიღეთ მაშინ, გაითვალისწინა ხელისუფლებამ თქვენი რომელიმე მოსაზრება?

_ ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორჯერ მითხრა, თამარ სანიკიძემ მომატყუაო. მარტო არ ვყოფილვარ, როდესაც ეს მითხრა, ამ შეხვედრას ხუთი მინისტრი, მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა პირებიც ესწრებოდნენ. მესამე შეხვედრაზე პირდაპირ განმიცხადა, თამარ სანიკიძე მალე განათლების მინისტრი აღარ იქნებაო. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, განათლების მინისტრი მოადგილესთან ერთად ხშირად დადის უცხოეთში და, როგორც ჩანს, სანიკიძეს ქვეყნის გარეთ, ამერიკასა და ევროპაში, სერიოზული ლობისტები ჰყავს, მფარველები ჰყავს ქვეყნის შიგნითაც, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის დაჟინებული თხოვნითაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა თანამდებობაზე დატოვა.

მეტსაც გეტყვით, მე, პირადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებში გარკვეული ძალების აქტიურობას ვხედავ, რომლებიც განათლების სამინისტროდან იმართებიან. პრემიერმა განათლების მინისტრს დაავალა, მისულიყო უნივერსიტეტში და ზომები მიეღო, მაგრამ სანიკიძემ დავალება არ შეასრულა. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს უნივერსიტეტში არეულობის მოწყობა სურთ.

_ ხმაური მიმდინარეობს საქართველოს საჯარო სკოლებში ორი ახალი საგნისმე და საზოგადოებადაჩვენი საქართველოსწავლების დანერგვის გამო. მართალია, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ საფრთხეს ვერ ხედავს, თუ მოსწავლეები ამ საგნებს ისწავლიან, მაგრამ საზოგადოების ნაწილი და სასულიერო პირები ამ საგნების სწავლებაში მომავალი თაობის დაღუპვის საფრთხეს ხედავენ

_ მე ვმონაწილეობდი ამ საგნების სწავლების დანერგვასთან დაკავშირებულ განხილვებში და მიმაჩნია, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელს, რომელსაც ისედაც რამდენიმე საგნის სწავლება ევალება, ეს საგნები აღარ უნდა დაემატოს. მით უფრო, რომ პედაგოგების 83%-მა (და მათ შორის დიდი ნაწილი იყო დაწყებითი კლასების პედაგოგები) ახლახან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და გამოცდები ვერ ჩააბარა. როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს ეს საგნები იმ პედაგოგებმა, რომელთა ცოდნის დონეც ასე დაბალია?! ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მიაწვდის პედაგოგი მოსწავლეს ამ ყველაფერს ან ვინ გააკონტროლებს, რომ ესა თუ ის მასწავლებელი მავნე პროპაგანდას არ უწყობს ხელს?! მე არ ვენდობი დღევანდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას, რადგან ვხედავ, რომ ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული გარკვეული ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here