Home რუბრიკები საზოგადოება წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება _ ორივე დამნაშავეა!

წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება _ ორივე დამნაშავეა!

693

პროფესიით ეკონომისტ მანანა არაბულს, ისევე, როგორც ემიგრანტთა უმრავლესობას, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოუწია საქართველოს დატოვება და უკვე 7 წელი ემიგრაციაშია. ამჟამად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იმყოფება და ერთერთ ოჯახში მოხუცის მომვლელად მუშაობს.

_ საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, როგორც ყველა ემიგრანტი, მეც იძულებული შევიქენი, დამეტოვებინა სამშობლო, თუმცა წასვლა დიდი გულისტკივილისა და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე. კარგად მახსოვს ის საბედისწერო დღე იმიტომ, რომ სწორედ იმ დღეს ვიგრძენი გაორება, სიცარიელე. იმ დღეს გაუფასურდა ჩემი ცხოვრება… მახსოვს, გზადაგზა ვემშვიდობებოდი ყველას, სწორედ მაშინ ვიგრძენი სამშობლოს დიდი სიყვარული.

_ ამჟამად რა პირობებში გიწევთ მუშაობა?

_ ვერ ვიტყვი, რომ ცუდ პირობებში მიწევს მუშაობა. ისე კი, ხშირად მესმის, რომ სულგამწარებული ემიგრანტები ფიზიკური და მორალური წნეხის ქვეშ მუშაობენ, რაც ნამდვილად გაუსაძლისია. ძნელია, სხვა ქვეყნის კულტურისა და მენტალობის გათავისება, უფრო მეტიც _ აუტანელი! ენის ბარიერის გადალახვა, გარემოსთან შეგუება… ყველაფერი ერთად დისკომფორტს გვიქმნის და საკუთარ თავს გვაკარგვინებს. სხვისი ცხოვრების წესით ცხოვრება და საკუთარი “მეს” დავიწყება, მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს. “მეს” დაკარგვა იმიტომ, რომ გონება უფუნქციო ხდება, არავინ ითვალისწინებს ჩვენს აზრს, თუმცა, უფლის შეწევნით, მე არ გამივლია ეს ეტაპი, არასოდეს მიგრძვნია თავი დამცირებულად.

უკვე 7 წელია, ვმუშაობ ერთ ოჯახში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მართლა ესმით ჩვენი და გვაფასებენ ჩვენი თვისებებით. რთულია პირველი დღე, როცა შედიხარ უცხო ოჯახში, არ იცი ენა და მათი წესები. არ იციან, ვინ ხარ და არც აინტერესებთ, არადა, იქნებ მე მათზე უკეთესი წარმომავლობა მაქვს, იქნებ მათზე მეტი ვიცი?! გიყურებენ ვიზუალურად და გაფასებენ, შეძლებ თუ არა მუშაობას, ეს არის მათი მთავარი მიზანი. თუმცა, უფლის წყალობით, არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ჩვენი ავიც და კარგიც, ჩვენი განათლების დონეც და პირვანდელი საქმიანობაც. ბერძნებზე ვერ ვიტყვი, რომ უგულო ხალხია. უყვართ ადამიანის დახმარება, შეფარება და დაპურება, მშვიდობიანი ურთიერთობა და არასოდეს გაგიმეტებენ ცუდისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველგან არის გამონაკლისი. ყველა ერშია ცუდიც და კარგიც. ჩემი დამოკიდებულება იმ ოჯახის მიმართ, რომელთანაც უკვე 7 წელი ვცხოვრობ და ვმუშაობ, ძალიან დადებითია. მქვია მოსამსახურე _ “კოპელა”, მაგრამ ისე მიმიღეს, რომ ოჯახის სრულუფლებიან წევრად მთვლიან. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ასეა. პირველი დღეები კი, ვიდრე გამიცნობდნენ, მართლა მძიმე მქონდა. მსმენია, რომ ჩვენს ემიგრანტებს ხშირად აქვთ კრიტიკული მომენტები, მაგალითად, ავტოფარეხში სძინავთ. ბევრს საქართველოში არ გადაუტანია ისეთი გაჭირვება, როგორსაც აქ იტანს. მწარეა ამ ყველაფრის გახსენება… ბევრი გაჭირვებული მომიყვანია ამ ოჯახში, დაგვიპურებია, ოჯახის უფროს ქალბატონს მიუცია მათთვის საკვებიც და ტანსაცმელიც…

_ ემიგრანტებს დიდი ტკივილის ფასად უწევთ უცხოეთში მუშაობა

_ სამშობლოსა და ახლობლების მონატრება ძალიან ძნელი გადასატანია, უფრო მეტიც, გაუსაძლისი! ამ განცდას ვერაფით ჩაანაცვლებ. ყველაზე მძიმე სასჯელი _ ასე დავარქვი ჩემს ყოფას. მენატრება შვილი, ყველა ახლობელი; მენატრება საფლავების ქვებთან მისვლა და მოფერება; მენატრება საქართველოს ცა, მიწა, ჰაერი ვის მიუძღვის წვლილი ჩვენს გადახვეწაში, თუ არა ჩვენს უთავო ხელისუფლებას, რადგან საქართველოში არ არის საარსებო წყარო და იძულებული ხარ, დატოვო შვილები. სწორედ ასეთ ვითარებაში ხდება ჩვენი გარდაქმნა, გვიჩნდება სხვა თვისებები, იცვლება ჩვენი სულიერი სამყარო.

_ ვხვდები, რომ სამშობლო ძალიან გენატრებათ

_ მწუხარებასთან ერთად მახსენდება ჩემს შვილთან, ახლობლებთან და უახლოეს მეგობრებთან საქართველოში ტკბილად გატარებული დღეები; ყველაზე ტკბილად მახსენდება ჩემს შვილთან გატარებული ლამაზი დღეები. დედაშვილობის გარდა, მეგობრული ურთიერთობაც გვქონდაროცა დავშორდით, ვიცოდი, რა სულიერი ტკივილიც მელოდა, ვიცოდი, როგორ მომენატრებოდა და თვითონაც გაუჭირდებოდა უჩემობა. ამას მხოლოდ ემიგრანტები გამიგებენ, იმასაც, რასაც განვიცდი ან რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როცა ერთ დღეს დამირეკა ჩემმა შვილმა ტირილით, _ დედა, ჩამოდი, ავად ვარ უშენოდო… 23 წლის ვაჟკაცი რომ აქვითინდება, ეს ხომ მონატრების უკიდურესი გამოვლენაა. ღამე იყო და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, წამოსვლა გადავწყვიტე, ვიჯექი აივანზე და ველოდებოდი გათენებას, უკვე აღარ მაინტერესებდა არაფერი, ოღონდაც კი შვილთან მივსულიყავი და დამემშვიდებინა, მაგრამასე შორდება დედებისა და შვილების გულები ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის უკიდურესად გაჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

_ ემიგრანტები ასეთი გაუსაძლისი პირობების შექმნაში ხელისფულებას ადანაშაულებენ

_ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება _ ორივე დამნაშავეა! ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა და სრული ქაოსი, უსამართლობა და განუკითხაობაა, ადამიანების უგულებელყოფა და გაუფასურება. საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის დღითიდღე გაუარესება ემიგრანტებს მხრებზე მძიმედ გვაწვება. პრობლემური ქვეყანა გახდა საქართველო, ქვეყანა, სადაც მრეწველობა ყველაზე დაბალ დონეზეა, დიდი დროა კიდევ საჭირო, რომ ეკონომიკა განვითარდეს. აქედან გამომდინარე, მიჭირს დაბრუნება, თუმცა იმედი მაქვს, რომ უფლის ნებით, მალე დავბრუნდები.

_ რას ეტყოდით ქართველებს?

_ ჩემს ერს, სრულიად საქართველოს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ გამორჩეული ერი, უძველესი ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ! არაფერს მოგვიტანს ურთიერთმტრობა და შური. ვხედავთ, რომ ინგრევა ქვეყანა კაცთმოძულეობით. მინდა, მოგეფეროთ ყველას, ჩემს სისხლსა და ხორცს. ჩვენ ხომ ძლიერი და შემოქმედი ერი ვართ, ჩვენი ქვეყანა ღვთის საუნჯეა. ქართული გენი ძლიერია, სისხლი კი _ ყველაზე თბილი. მჯერა, საქართველო გაბრწყინდება და ყველა ჩვენგანი ბედნიერად იცხოვრებს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. mec ati welia egranti var da ar migvjnia aranairi damcireba,mxolod ojaxis minatreba da siyvaruli mtgunavda, adamiani qva yofila yvelafers echveva turme. chemma shvilma bichma momwera shen rom waxvedi ori dge chumad vtirodi loginshio. mashin 15 w iyo.mxolod es mtkiva, suli guli carieli maqvs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here