Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: არავის ვურჩევ ანტირუსული რიტორიკის გამძაფრებას

გულბაათ რცხილაძე: არავის ვურჩევ ანტირუსული რიტორიკის გამძაფრებას

587

მოსახლეობის 80 პროცენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მომხრეა, მას დასავლეთის ხსენებაც არ სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავარი საფრთხე საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა. “ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის ზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველა პოლიტიკოსს უნდა, გაამძაფროს თავისი პოზიცია, სურს აჩვენოს, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან .. რუსული ექსპანსიისა და მუქარის მიმართ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”, _ აღნიშნავს კარასინი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ეს განცხადება საქართველოში სხვადასხვაგვარად აღიქვეს. რა გვითხრა სინამდვილეში გრიგორი კარასინმა და რაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება.

_ ბატონო გულბაათ, მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადება, რომელიც მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მუქარად აღიქვა, მეორე ნაწილმა კი _ როგორცდაკიდება”… რა გვითხრა სინამდვილეში კარასინმა?

_ გრიგორი კარასინის განცხადებაში მუქარის შემცველი ელემენტები არ ყოფილა. კარასინის განცხადებაში გამოთქმული იყო სურვილი, რომ ქართულმა მხარემ იმის ნახევარი მაინც შეასრულოს, რაც განაცხადა _ ურთიერთობების დარეგულირება. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ არ უნდა ილანძღებოდნენ ქართველი მინისტრები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ უნდა მოუწოდებდეს სხვა სახელმწიფოებს, გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს, ლანძღვა კი არა, გამოკვეთილი პოლიტიკაა.

ვსვამ კითხვას: რით განსხვავდება დღევანდელი საგარეო პოლიტიკა მიშა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკისგან?

აქამდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ქართული პოლიტიკა რუსეთის მიმართ ნეგატივზე არ იყო აგებული, შესაძლოა, ბევრი არაფერი კეთდებოდა, მაგრამ ნეგატიური სვლები არ იყო. გვეკავა პოზიცია _ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, თქვენთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ქვეყნის არჩევანი ნატოა და სწორედ მისკენ ვისწრაფვით, თუმცა ამან დიდხან არ გასტანა და ლანძღვაზე გადავედით. უფრო მეტიც, კარასინის ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თქვა, _ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთო, იმის ნაცვლად, რომ გარემოება შეერბილებინა. საინტერესოა, რას ნიშნავს უსუფაშვილისთვისზეწოლარუსეთზე? ჩნდება ეჭვი, რომ პარლამენტში არსებული ლიბერალური ძალები პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ, ისინი პრემიერისა და მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ითქვა, რომ კარასინის განცხადების ასე განხილვა არ შეიძლება, რომ მას ეს განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, კარასინმა პასუხი გასცა ჟურნალისტებს, ჩვენ კი არ ვიცით, რა ჰკითხეს მას.

ჩვენთან ბევრს საუბრობენ, რომ კარასინის განცხადება ისე უნდა აღვიქვათ, თითქოს რუსეთი საქართველოს მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობს ან რაიმე ფორმით ზეგავლენას, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. კარასინმა მარტივად თქვა, რომ არჩევნები მოდის და ვიღაცვიღაცებს ანტირუსული პოპულისტური განცხადებები სჭირდებათ.

მეეჭვება, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩმა კარასინის განცხადებაზე მკვეთრი და უხეში განმარტება გააკეთოს. ყველა იმავეს იტყდოდა იმ ვითრებაში, რომელშიც საქართველო და რუსეთი არიან ერთმანეთთან. თუ ვაცხადებთ, რომ უდიდესი სურვილი გვაქვს, რუსეთთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რატომ ვლანძღავთ? თანაც მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა რუსეთის კენილი ნების გამო. აბაშიძე-კარასინის ამ თითქოს უმნიშვნელო შეხვედრებით მართლაც ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, თანაც მხოლოდ საქართველოსთვის. ვთქვათ სიმართლე: რომ ვყოფილიყავი რუსი ექსპერტი ან პოლიტიკოსი, ძალიან მკაცრად გავაკრიტიკებდი რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან ურთიერთობებში, რადგან რუსეთმა ჩვენთვის დათმობები ცალმხრივად გააკეთა, მან ამ მცირედი, მაგრამ მაინც დამთბარი შეხვედრებით რა მიიღო? მხოლოდ ითხოვს, ნუ მაკრიტიკებთ და ნუ მლანძღავთო…

_ ახლა აქ თქვენი ოპონენტი რომ იჯდეს, აუცილებლად შემოგედავებოდათ და გეტყოდათ, მეტი რა დივიდენდი უნდა მიიღოს რუსეთმა, მას ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და დღემდე მცოცავ ანექსიას ახორციელებსო

_ ვიცი, რომ იტყვიან და თქვან, თუ უნდათ… გავიმეორებ, რომ აბაშიძეკარასინის შეხვედრებიდან საქართველომ ბევრი მიიღო, მაგრამ რუსეთს არაფერი მიუღია. რუსეთი თუ სამხედრო ძალით რამეს მიიღებს, აბაშიძეკარასინის შეხვედრები აქ არაფერ შუაშია.

რაც შეეხება ოკუპაციას, აუცილებლად უნდა ითქვას ჟურნალისტების “ცოდვაზეც”. დაუსხდებიან რესპონდენტს და ეკითხებიან, _ რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს თუ არაო. რესპონდენტი პასუხობს, რომ კიკაციშვილი არ ფიქრობს იმაზე, რას ფიქრობენ ამ პასუხზე აფხაზები და ოსები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი მათი მფარველი და განმათავისუფლებელია, განმათავისუფლებელი საქართველოს ხელისუფლებების აგრესიისგან, განსაკუთრებით _ სააკაშვილის ხელისუფლებისგან.

ჩვენი პოლიტიკოსები ღაღადებენ, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან, არც მეტი, არც ნაკლები _ ძმები, რომლებთანაც პირდაპირი დიალოგი უნდა გვქონდეს და პრობლემები ისე მოვაგვაროთ. დალოცვილებო, თუ ძმები არიან, ხომ უნდა ჰკითხო, რას ფიქრობს რუსულ ჯარზე, რას ფიქრობს შენზე და გთვლის თუ არა ძმად? ამ შეკითხვებს რომ უსვამ ჩვენსურაპატრიოტებს”, “იჭედებიან”. ადამიანთან მოლაპარაკება გინდა და ეუბნები, რომ ოკუპირებული ხარ?! _ ასეთი რამ არსად გაგონილა.

_ საქართველოს პრეზიდენტმა კარასინის განცხადების შემდეგ განკარგულება გასცა, თარგმნეთ ყველა ენაზე აღნიშნული განცხადება და საქართველოში არსებულ საელჩოებს მიაწოდეთო. იქვე დასძინა, აბაშიძეკარასინის შეხვედრებმა ხომ არ ამოწურა თავისი მისიაო

_ ქართველი მედასავლეთე პოლიტიკოსების რეფლექსია ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა. ასე ხდება ყოველთვის: როდესაც სილას გააწნავენ, ტირილს იწყებენ, ცხვირიდან და თვალებიდან ერთდროულად გადმოსდით სითხე და გაიძახიან, გვიშველეთო. არადა, ყველა ნორმალურ ადამიანს რეფლექსი აქვს, როდესაც გაარტყამენ, ხელს იფარებს ან ხელს უბრუნებს. ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, გალახული ბავშვის პოზიცია იყო და არა ქვეყნის პრეზიდენტისა, თუმცა ამას შევეჩვით კიდეც

რაც შეეხება აბაშიძეკარასინის ფორმატს, მან მართლაც ამოწურა შესაძლებლობები და დროა, ახალ, უფრო ფართომასშტაბიან ფორმატზე ვიფიქროთ. არ ვიცი, პრეზიდენტი რას გულისხმობდა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები გასაფართოებელია.

აბაშიძე კარგი დიპლომატია, მაგრამ მას გზა მოსუფთავებული ჰქონდა და ეს ჩვენ გავაკეთეთ, რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც თავი გვქონდა გადადებული და სიმართლის თქმის არ გვეშინოდა. ამ გაკაფულ გზაზე აბაშიძეს სიარული არ გასჭირვებია, მარტივი აღმოჩნდა რუსეთთან ამ ფორმატით საუბარი. დღეს უკვე დროა, ურთიერთობები სერიოზულ ფაზაში გადავიდეს. რუსეთთან ურთიერთობა უკრაინასაც კი არ შეუწყვეტია. საქმე ის არის, რომ ამ მთავრობას ეშინია, ნაციონალებმა სამშობლოს ღალატი არ დააბრალონ. აქედან გამომდინარე, მარგველაშვილის განცხადება არაპატრიოტულია, მას აბაშიძეკარასინის შეხვედრის გაუქმება კი არ უნდა სურდეს, მეტი არხისა და გზის გამონახვას უნდა ცდილობდეს, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რუსეთს დაველაპარაკოთ.

_ ვინ უნდა დაელაპარაკოს რუსეთს, მის პრეზიდენტს? დაელაპარაკება კი რუსეთის პრეზიდენტი ქართველ პოლიტიკოსებს?

_ რუსეთის პრეზიდენტი ამათ არ დაელაპარაკება, თუმცა პრემიერ კვირიკაშვილზე ამბობენ, წესიერი კაციაო, მაგრამ მხოლოდ წესიერება საკმარისი არ არის, საქმე ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალი არ არის. მათ აკონტროლებენ. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დანამატია. სწორედ ეს ფაქტორი არ მისცემს საქართველოს მთავრობას საშუალებას, რუსეთთან ურთიერთობები გააღრმავოს, მაგრამ არც ის მგონია, საქართველოს მთავრობამ მარგველაშვილის ჭკუაზე იაროს და უკვე მონაპოვარზე უარი განაცხადოს.

არჩევნების წინ ანტირუსული რიტორიკის გამძაფრება, რაც უნდა უცნაური იყოს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას დივიდენდებს არ აძლევს. ხალხის განწობა სულ სხვანაირია. საქართველოს მოსახლეობის 80% რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მომხრეა, მას დასავლეთის ხსენებაც არ სურს, რასაც თავად დასავლეთმა შეუწყო ხელი.

რომელიმე პარტიის კონსულტანტი რომ ვიყო, არავის ვურჩევ ანტირუსული რიტორიკის გამძაფრებას, პირიქით, ხალხს უნდა ის პარტია, რომელიც რუსეთთან მეგობრობას დაჰპირდება. ჩვენ დღეს სუვერენული ქვეყანა არ გვაქვს, ბევრი რაღაცით მიჯაჭვულნი ვართ უცხო ქვეყნებზე. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს, პორნოგრაფიით ვართ დაკავებულნი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. დღეს ნართაული და მიკიბმოკიბული ლაპარაკის დრო აღარ არის.ლიბერალებმა მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია:-\\\”რუსეთი ოკუპანტია,არა რუსეთს,გაუმარჯოს ევროინტეგრაციას\\\”.ჩვენ კი როგორ ვესაუბრებით მათ? თავის მართლების პოზიციიდან,რომელიც დასამარცხებლად არის განწირული.პირდაპირ და ხმამაღლა უნდა ითქვას სათქმელი,რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი,რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს და იმეგობროს კიდევაც რუსეთტან და ძირს ევროინტეგრაცია.ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი.ბარიკადები უკვე აგებულია და ყველამ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ,თუ ბარიკადების რომელ მხარესა ვართ!

  2. დანამატია საგარეო საქმეთა სამინისტრო, გეთანხმებით, მაგრამ დააკონკრეტეთ. ჩემი აზრით ატავისტური დანამატია, კუდუსუნის ძვალივით.

  3. ხალხო, პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრაბ ბრმა უნდა იყოს ყველა ქართველი, რომელსაც არ ესმის, მარტო აფხაზეთს და სამაჩაბლოს კი არა ჯავახეთს და ქვემო ქართლსაც წაგვართმევენ… გაიგეთ ხალხოოო. რუსი დამპყრობელია ვიცით ბატონო, მაგრამ სომეხსაც მირჩევნია, თათარსაც და თურქსაც,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here