Home რუბრიკები საზოგადოება როგორ შეაშინა ჩერგოს სადაქალომ რუსეთი

როგორ შეაშინა ჩერგოს სადაქალომ რუსეთი

606

რამდენიმე დღის წინათ თბილისში მეხისდამცემი ჯაჭვი შეიკრა. ერი და ბერიგაზპრომისწინააღმდეგ გამოვიდა და ნამდვილი ნაციონალური შეკრება გამართა. იმ დღეს სამყარო თითქოს დადუმდა. თვით განგებაც კი გულის ფანცქალით შეჰყურებდა მოვლენებს და კბილების კაწკაწით აკვირდებოდა ერის გუგუნს. მსოფლიო ლიდერები ხალხის სიმრავლით ისე გაშტერებულან, რომ 2 საათი ტელევიზორს ვერ წყვეტდნენ თვალს და გასუსულები უცქერდნენ თბილისში შეკრულ ძეწკვს, უკაცრავად, ჯაჭვს.

როგორც ჩვენი ოკუპანტი წყარო გვიყვება, ამ აქციის გამართვას გულისხეთქვით შეხვედრია რუსული ელიტა და თვით ვლადიმერ პუტინი. მაშ ასე, რას იხსენებს კრემლის მთავარი მზარეული ნადია:

“მე კრემლის მზარეული ვარ. უკვე წლებია, აქ ვმუშაობ და მაღალი თანამდებობის პირები სულიერ დასაც კი მეძახიან, ისე მენდობიან. ბატონი ვლადიმერის სამუშაო კაბინეტში ვიყავი, ბავშვობის მეგობრები ჰყავდა. პრეზიდენტმა მთხოვა, ტელევიზორი “რუსთავი 2”-ზე გადამერთო. მეც გადავრთე, ის-ის იყო 12-საათიანი “კურიერიც” დაიწყო. პირველი ნიუსი “გაზპრომის” საწინააღმდეგო აქციის სამზადისს მიეძღვნა. მოულოდნელად ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. შევატყვე, პრეზიდენტი შეშფოთდა. დავინტერესდი მიზეზით და მანაც გულახდილად მითხრა ყველაფერი. პრეზიდენტი ძალიან გახსნილია ჩემთან და თითქმის არაფერს მიმალავს. ყველა დარდს და ტკივილს მიზიარებს, “ბორჯომის” მიტანა მთხოვა და აი, რა მითხრა ბატონმა პრეზიდენტმა:

“ნადია, შენ იცი, რომ მე ბევრ ადამიანს ვერ ვენდობი, ვიცი, რომ ჩვენი საუბარი მხოლოდ ჩვენ ორს შორის დარჩება. ძალიან შევშფოთდი იმაზე, რაც თბილისში ხდება _ ის მაზალო ჩერგოლეიშვილი და მთელი მისი სადაქალო ყოფილა გამოსული “გაზპრომის” წინააღმდეგ, ხომ იცი, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი”.

შევატყვე, შეშფოთებული იყო. ბატონი ვლადიმერი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს.

ამასობაში ასკილის ჩაის მომზადება მთხოვა, ახალმოკრეფილი უყვარს და მეც ბაღჩაში გავედი მოსაკრეფად. შენობიდან საკმაოდ შორია, ამიტომ გარკვეული დრო დამჭირდა ამ ყველაფრისთვის. ალბათ, განგების ნება იყო, რომ ვჩქარობდი. გული კარგს არ მეუბნებოდა.

მოვკრიფე ასკილი და სასწრაფოდ უკან გავბრუნდი. უმალ ავირბინე კიბე და პრეზიდენტის ოთახში შესულს საოცრება დამხვდა. ბატონი ვლადიმერის თავთან ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი იჯდა, მოკლე თმითა და შავი სათვალით. მისი მაჯა ეჭირა ხელში, თვალები ჰქონდა დახუჭული და გაურკვეველ ფრაზებს ბუტბუტებდა. შეშინებულმა ყვირილი დავიწყე. შავოსანი ქალბატონიც დაფრთხა და ფანჯრისკენ გაიწია, ცდილობდა მინის ჩამსხვრევას თავით, ურტყა, მაგრამ ვერაფერი დააკლო, ბოლოს მთელი ძალით მიეხეთქა და, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, “რივოკით გადაეშვა” ფანჯრიდან.

გადავიხედე, ვცდილობდი, დამენახა, საით წავიდა, დაცვამ ძაღლებიც კი დაადევნა, მაგრამ ამაოდ, მხოლოდ ის დავინახე, რომ შავ “რაფში” ჩაჯდა და დიდი სისწრაფით გაეცალა კრემლის ტერიტორიას. მივუბრუნდი პრეზიდენტს, იგი ვინმე ელისოს ახსენებდა.

სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ არის ეს ელისო. ამ სახელის ხსენება იმ შავოსანი ქალბატონის სტუმრობის შემდეგ დაიწყო, ვკითხე, ვინ იყო და რა უნდოდა, რაზეც პრეზიდენტმა ჩამჩურჩულა, რომ ეს ქალი საქართველოდან იყო, მიხეილ სააკაშვილს მუქარა შემოუთვლია, თუ “გაზპრომს” შეიყვანს საქართველოში, რაც დაემართება, თავის თავს დააბრალოსო.

ამ დღის შემდეგ ბატონ პრეზიდენტს სიტყვა “გაზპრომი” აღარ უხსენებია.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here