Home რუბრიკები საზოგადოება მიმართვა საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

მიმართვა საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მიწის მართვა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა

867

ბატონო

პრემიერმინისტრო!

გვინდა, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ქვეყნისთვის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას, რომელიც საქართველოში მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხს შეეხება. მისული ვართ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა. პრობლემის გადაუწყვეტელობა არარეალურს გახდის ეროვნული ეკონომიკის წინსვლას, გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და მთავრობას შორის და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს

2004 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ, გააუქმა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ძირითადი ფუნქციები გადაანაწილა იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შორის. ფუნქციების ამ გადანაწილებას (გახლეჩას) შედეგი არ მოჰყოლია. მიწის აღრიცხვა და მიწის ბალანსის შედგენა ჯერაც არ ხორციელდება. დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენი ჰექტარი სასოფლოსამეურნეო სავარგული გააჩნია ქვეყანას, მათ შორის რამდენია კერძო საკუთრებაში, მუნიციპალურ თუ სახელმწიფო საკუთრებაში. რაც მთავარია, არ ვიცით მიწის ფართობები დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით.

2005 წლამდე ქვეყანაში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ გადაეგზავნებოდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს. თითოეულ რაიონში ჩატარებული მიწის აღრიცხვის საფუძველზე ხდებოდა საქართველოს მიწის ყოველწლიური ბალანსის შედგენა. მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად და მტკიცდებოდა მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.

მიწის ყოველწლიური ბალანსის საშუალებით სახელმწიფო აკონტროლებდა მიწის ფონდში მომხდარ ნებისმიერ ცვლილებას, მათ შორის, ინტენსიური და არაინტენსიური სავარგულების მატება-კლების დინამიკას, ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა საჭიროებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბრუნვიდან ამოღებას, სამაგიერო მიწის ჩანაცვლებას და ა.შ.

დღეს ძნელი წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელშიც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები აინტერესებდეს და არ აანალიზებდეს, არ აკონტროლებდეს მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), არ იცოდეს, როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რომელიც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეობაზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო, არ ახორციელებდეს ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.

სამწუხაროდ, სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი ხელმძღვანელი მიწის ბალანსს ვერ ასხვავებს მიწის კადასტრისგან და აცხადებს, _ რა საჭიროა მიწის აღრიცხვა, როცა გვაქვს და ვაკეთებთ მიწის კადასტრსო. მიწის კადასტრი არის რეგისტრაციის მომენტისათვის მიწის ფართობის ერთჯერადი დადგენა კარტოგრაფიული და იურიდიული მდგომარეობით.

მიწის ბალანსი მიწის აღრიცხვა არის მიწის ფართობების დადგენა მიწის დანიშნულების, კატეგორიებისა და მესაკუთრეების მიხედვით. მაგალითად, მიწის ბალანსი რაიონში აღრიცხავს და აზუსტებს მთლიან ფართობს, მათ შორის რამდენი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწა კატეგორიების მიხედვით (სახნავი, სათიბი, საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები: ვენახი, ხილის ბაღები, ციტრუსები, ჩაის ფართობები და სხვ.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყის ფონდის მიწა, წყლის ფონდის მიწა და სხვა მიწები მესაკუთრეების მიხედვით.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად აქვს ადგილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ცნებების აღრევას. სავარგული არის მიწის ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის მოსაყვანად. სავარგულების კატეგორიებია: სახნავი, ნასვენი, მრავალწლიანი ნარგავები, სათიბები და საძოვრები; ხოლო საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთად რეგისტრირებულ მიწებში იგულისხმება სავარგულები და ასევე, ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები, გზები, ქარსაფარი ზოლები, არხები და ა.შ., რომლებიც ემსახურება სასოფლო-სამეურნეო წარმოებას.

საინტერესოა, როგორ ადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც ევალება მიწის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ეროვნული ეკონომიკის განვითარების სამოქმედო გეგმას, როდესაც არ აქვს მიწის განვითარების ხედვა, სტრატეგია, აღრიცხვის მონაცემები და სახელმწიფო პროგრამა; ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ როგორ შეიმუშავა “სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წ.წ.~, როდესაც არ იცის და არ აქვს დაზუსტებული, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონაცემები, მათი დინამიკა კულტურებისა და საკუთრების მიხედვით.

როგორც ცნობილია, კონტროლს მიწის გამოყენებაზე უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო. მიწის ფონდის კონტროლი და მართვა მხოლოდ სახელმწიფოს განსახორციელებელია და ამისთვის შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა ქვეყნის რაციონალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გარანტი უნდა იყოს.

მართალია, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მიწასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან და ძვირფას რესურსს, მაგრამ სრულყოფილი რეესტრის წარმოების შემთხვევაშიც კი მარტო ამ რესურსზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ქვეყნის მიწის პოლიტიკის განხორციელება და ეფექტურად მართვა შეუძლებელი იქნება, თუ არ იარსებებს მიწის მართვის ძლიერი სახელმწიფო ორგანო.

იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი საქმიანობა უნდა განხორციელდეს, პოლიტიკური განსჯის საგანი არ უნდა იყოს ის, თუ რომელ სამინისტროს ან ორგანიზაციას შეუძლია, უკეთესად შეასრულოს მმართველის ფუნქცია – აუცილებელია შეიქმნას მიწის ადმინისტრირების მაკოორდინირებელი ორგანო (სახელს მნიშვნელობა არ აქვს, იქნება სააგენტო, სამსახური თუ სხვ.), რომლის ამოცანა იქნება მიწის ადმინისტრირება _ სახელმწიფო მმართველობა, სახელმწიფო ზედამხედველობა, მიწის გამოყენების კოორდინაცია, მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა _ ცვლილებების ყოველწლიური ანგარიშის მომზადება.

ანუ მიწის ადმინისტრირების ორგანო უნდა ფლობდეს ძლიერ პოზიციას მთავრობაში, ერთიანი რესურსის ინფორმაციასა და ძალაუფლებას შორის ურთიერთკავშირის აუცილებლობის გამო.

ქვეყნის უპირველესი ეროვნული სიმდიდრის, მიწის, დაცვა და მისი რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება შეუძლებელი იქნება მიწის მართვის სახელმწიფო სტრუქტურის შექმნის, მიწაზე მონიტორინგისა და მიწის კოდექსის მიღების გარეშე.

მიწის ფართობების ყოველწლიური აღრიცხვის უგულებელყოფას და მიწის კოდექსის არარსებობას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ.

იმედი გვაქვს, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ ამ სახელმწიფოებრივად არსებითი პრობლემის გადასაჭრელად.

პატივისცემით,

ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), დეკანოზი თევდორე (ამბროლაძე), რეზო ამაშუკელი _ პოეტი, გია არეშიძე _ პოლიტოლოგიის დოქტორი, რობერტ ბაბლიძე _ პროფესორი, იოსებ ბაჩიაშვილი _ ეკონომიკის დოქტორი, დემურ ბახტაძე _ პროფესორი, მერაბ ბოხუა _ პროფესორი, გივი ბუცხრიკიძე _ პროფესორი, მიწათმომწყობი, მერი გაბედავა _ პროფესორი, რამაზ გახოკიძე _ პროფესორი, მამუკა გიორგაძე _ პოლიტიკოსი, რევაზ გოგოხია _ პროფესორი, როსტომ გუნთაიშვილი _ პროფესორი, ვახტანგ გურული _ პროფესორი, ავთანდილ დემეტრაშვილი _ პროფესორი, ლევან ვასაძე _ ბიზნესმენი, მერაბ ვაჩნაძე _ პროფესორი, დავით ზარდიაშვილი _ ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში, გენო კალანდია _ პოეტი, ჯემალ კაციტაძე _ აკადემიკოსი, გია მაისაშვილი _ პოლიტოლოგი, ბესიკ მამინაშვილი _ ჟურნალისტი, გოგოლა მარგველაშვილი _ აკადემიკოსი, გურამ მაქაცარია _ ტექნიკის დოქტორი, შოთა მაჭარაშვილი _ ჟურნალისტი, რევაზ მახარობლიძე _ აკადემიკოსი, ანზორ მესხიშვილი _ ეკონომიკის დოქტორი, ზურაბ მიქელაძე _ სოფლის მეურნეობის დოქტორი, გრიგოლ მურღულია _ ფილოლოგიის დოქტორი, ნოდარ ნათაძე _ პოლიტიკოსი, პროფესორი, ზაურ ნაჭყეპია _ ჟურნალისტი, ოთარ ჟორდანია _ პროფესორი, ბადრი რამიშვილი _ პროფესორი, ზურაბ რევიშვილი _ პროფესორი, ნიკა სანებლიძე _პროფესორი, ლევან სვანაძე _ პროფესორი, ავთანდილ სილაგაძე _ აკადემიკოსი, აპოლონ სილაგაძე _აკადემიკოსი, ნაუმ ტურაბელიძე _ პროფესორი, თენგიზ ურუშაძე _ აკადემიკოსი, ჯუმბერ ფანჩულიძე _ პროფესორი, ყარამან ფაღავა _ პროფესორი, ლევან ფრუიძე _ პროფესორი, ნაპოლეონ ქარქაშაძე _ აკადემიკოსი, ომარ ქეშელაშვილი _ აკადემიკოსი, თამაზ ყურაშვილი _ პროფესორი, თემურ შანშიაშვილი _ პოლიტიკოსი, ზვიად შვანგირაძე _ ჟურნალისტი, რევაზ ჩაგელიშვილი _ აკადემიკოსი, ლევან ჩაჩუა _ პოლიტიკოსი, ნიკო ჩიხლაძე _ პროფესორი, ნინო ჩიხლაძე _ აგროეკონომისტი, თინა ჩხეიძე _ პროფესორი, მურმან ცეცხლაძე _ პროფესორი, თამაზ წივწივაძეი _ მწერალი, ნოდარ ჭითანავა _ აკადემიკოსი, მიხეილ ჭიჭაყუა _ ბიოლოგიის დოქტორი, ეთერ ხარაიშვილი _ პროფესორი, ჯემალ ხაჩიძე _ სოფლის მეურნეობის დოქტორი, რამაზ ხუროძე _ აკადემიკოსი, ელიზბარ ჯაველიძე _ მწერალი, აკადემიკოსი, მიხეილ ჯიბუტი _ პროფესორი, ზაურ ჯინჯოლავა _ პროფესორი, დოდო ჯოლოხავა _ პროფესორი, პაატა კოღუაშვილი _ აკადემიკოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here