Home რუბრიკები პოლიტიკა ყვითელი ბარათი რესპუბლიკელებს

ყვითელი ბარათი რესპუბლიკელებს

684

გიორგი კვირიკაშვილმა თინა ხიდაშელს ყვითელი ბარათი უჩვენა. პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ რესპუბლიკელების გარშემო ატეხილ სკანდალში ახალი ეტაპი დაიწყო. ცხადი შეიქნა, რომ მხარეთა ნებისმიერმა მკვეთრმა ნაბიჯმა კოალიციისა და არჩევნების ბედზე შეიძლება საბედისწერო გავლენა მოახდინოს.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “თინათინ ხიდაშელი, პირველ რიგში, მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული”.

ერთი შეხედვით, პრემიერმა დაიცვა ბალანსი და ხიდაშელის ოპონენტებსაც უსაყვედურა, მაგრამ მის განცხადებაში იგრძნობა აშკარა უკმაყოფილება ხიდაშელის ბოლოდროინდელი კონფრონტაციული რიტორიკით, ხოლო მინიშნება ჯარის პოლიტიზების მცდელობაზე ძალიან ავისმომასწავებლად გამოიყურება. განცხადების დასკვნით ნაწილში პრემიერმა პირდაპირ მიუთითა საკადრო ცვლილებების შესაძლებლობაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”.

ამ გაფრთხილებამ, როგორც ჩანს, შეაშინა რესპუბლიკელები და აიძულა, თავი დაეხარათ, მაგრამ თინა ხიდაშელის ხასიათისა და ამბიციების, მისი ოპონენტების განწყობის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ესკალაცია მალე განახლდება. ასე რომ, თავდაცვის მინისტრის გადადგომამდე (თუ გადაყენებამდე), ისევე როგორც კოალიციიდან რესპუბლიკელების გაძევებამდე კვლავინდებურად ორიოდე ნაბიჯი რჩება.

პრემიერმინისტრის განცხადებაში იყო ერთი საგულისხმო ფრაზა, რომელსაც კომენტატორების უმრავლესობამ ყურადღება არ მიაქცია: ქართული ოცნებაის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს”. საუბარი ეროვნულ თვითმყოფადობაზე, როგორც ამა თუ იმ პოლიტიკის ქვაკუთხედზე, კონსერვატორების პრეროგატივაა და ეს, ალბათ, ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის საქართველოში “ევროატლანტიკურ მომავალთან” ერთ კონტექსტში ახსენეს. ლიბერალური ჯგუფები, რომელნიც საკუთარ თავს “ერთადერთ და განუმეორებელ პროდასავლელებად” განიხილავენ, სხვა ტიპის რიტორიკას მიმართავენ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა არანორმალური სიტუაცია, როდესაც ლიბერალული და კონსერვატიული იდეები გეოპოლიტიკური ბრძოლის ჭრილში განიხილება და ზოგიერთი ლიბერალი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ ორიენტაცია დასავლეთზე და მათი მხარდაჭერა “ერთ პაკეტში” შედის. გამორიცხული არაა, რომ კვირიკაშვილის ამ ფრაზის უკან ასეთი ქვეტექსტიც იდგა: “ქართველი კონსერვატორები შეიძლება არანაკლებ პროდასავლურები იყვნენ, ვიდრე ლიბერალები”. შესაძლოა, სწორედ ეს იყო განცხადების მთავარი გზავნილი (უცხოელებისთვის) და გამოწვევა (ჩვენი პარტიებისთვის) და არა თინა ხიდაშელის პერსონალური საკითხი.

საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, რომელიც ამ ისტორიულ ეტაპზე მოსახლეობის კონსერვატიული ბირთვისთვის მიუღებელ პოლიტიკას გაატარებს, ქვეყანაში სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს. ეს 2003-12 წლების მოვლენების შემდეგ, სავარაუდოდ, საბოლოოდ ცხადი შეიქნა ყველასათვის ბრიუსელსა და ვაშინგტონში, მაგრამ არა ქართულ ლიბერალურ საზოგადოებაში, რომლის ნაწილი კვლავ სრულ დომინირებასა და კონსერვატიულტრადიციონალისტური ძალების მარგინალიზაციაზე ოცნებობს (არადა, ამას დროებით რომც მიაღწიონ, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ). აქ ჩვენ ვუახლოვდებით საინტერესო თემას, რომელსაც პირობითად შეიძლება “კონკურენციის შიში” ვუწოდოთ.

წლების განმავლობაში ლიბერალური ჯგუფები საქართველოში სასათბურე პირობებში იმყოფებოდნენ და პოლიტიკურ თუ საინფორმაციო სივრცეში, მათი მხარდამჭერების რაოდენობის გათვალისწინებით, არაპროპორციულად დიდ ადგილს იკავებდნენ. სააკაშვილის რეჟიმი ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა, ხოლო წელს, სოციოლოგიურ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, პარლამენტში სხვადასხვა პარტიიდან კიდევ უფრო მეტი კონსერვატორი მოხვდება და რესპუბლიკელებს, ისევე როგორც ალასანიას ჯგუფს, მათთან დისკუსიაში ჩაბმა მოუწევთ, თანაც ისე, რომ ერთ-ერთ მხარეს, წინა წლებისგან განსხვავებით, “ფორ ა” არ ექნება (ადრე ეს ჰგავდა შეჯიბრს ცურვაში იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთ მოასპარეზეს ბორკილები ადევს).

ბოლო სკანდალი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რესპუბლიკელებს ნორმალური პოლემიკისთვის უნარჩვევები არ აქვთ. თინა ხიდაშელი საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. რა შუაში იყო აქ სპეკულაციები საგარეო ორიენტაციის თემაზე? ეს დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, ვინმეს ბაზარში ჯიბის ქურდობა რომ დააბრალონ, ხოლო მან საპასუხოდ ყვირილი დაიწყოს: “ჰეგელის ფილოსოფიის თაყვანისმცემელი ვარ და ამიტომ მდევნით!”. სად კრიმინალი და სად მსოფლმხედველობა? ხოლო როდესაც საუბარი საგარეო ორიენტაციაზე მიდგება, რესპუბლიკელები, როგორც წესი, თუთიყუშებივით იმეორებენალტერნატივა არ აქვსალტერნატივა არ აქვს…” და ამ დროს არა პოლიტიკოსებს, არამედ უცნაური კვაზირელიგიის ქურუმებს გვანან. ეს არანორმალურია _ ნებისმიერ პოზიციას დასაბუთება სჭირდება, ოპონენტებთან ღია და პატიოსანი პაექრობის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება საგარეჯოს ეპიზოდის გამოძიება, საზოგადოების ნაწილში მაინც დარჩება იმის განცდა, რომ რესპუბლიკელებმა ითაღლითეს. ამ მხრივ, ხელისუფლებამ საინფორმაციო ომი წააგო, თუმცა იმდენი მოახერხა, რომ ბრალდებები არა მთელ კოალიციასთან, არამედ თინა ხიდაშელთან და მის პარტიასთან დააკავშირა. ამან რესპუბლიკელები, სავარაუდოდ, ძალიან გააღიზიანა, მაგრამ, საგარეჯოში საეჭვო ნაბიჯები რომ არ გადაედგათ, ყოველივე ეს საერთოდ არ მოხდებოდა.

ისე, საინტერესოა, რატომ იძიებს პროკურატურა საგარეჯოს მოვლენებს, ხოლო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე კრინტსაც არ ძრავს.

ყველაზე უსიამოვნო ამ ისტორიაში, ალბათ, იყო თავდაცვის მინისტრის ცინიკური, აგდებული დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, _ ხანდახან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას სურს, ისინი არა მხოლოდ გაჩუმდნენ, არამედ საერთოდ გაქრნენ (სააკაშვილიც ასე იქცეოდა). როგორც ჩანს, მას არ ესმის, რომ თანაარსებობას და ჯანსაღ დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს.

ერთი შეხედვით, რესპუბლიკელები ხელისუფლებაში თავს მშვენივრად გრძნობენ, თუმცა მოპოვებული პოზიციების დაკარგვის შიშმა მათ შეიძლება იმ ავატიურაში მონაწილეობისკენ უბიძგოს, რომელსაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ამზადებს. გამორიცხული არ არის, ლიბერალური ჯგუფების კორპორაციულმა ინტერესმა კიდევ ერთხელ მიაღწიონ ხელოვნურ დომინირებას, გამაერთიანებელი ფაქტორის როლი შეასრულოს. ამასთანავე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ არჩევნების შემდეგ ოპონენტების ზეწოლა გაიზრდება და შეიძლება საკვანძო თანამდებობებიც დააკარგვინოს. ამიტომ შეიძლება სააკაშვილის პოსტსაარჩევნო ავანტიურის დროს მღვრიე წყალში თევზის დაჭერა სცადონ და, სულ ცოტა, ორაზროვანი პოზიცია დაიკავონ. შესაძლოა, სწორედ აქაა დამარხული ძაღლის თავიც და უახლოესი მომავლის მთავარი ინტრიგაც.

2012 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა ვერ გაბედა, საპრეზიდენტო ბერკეტების გამოყენებით გადატრიალება მოეწყო, რადგან პირადი უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა (მშიშარა ადამიანისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია). თუმცა დღეს ის უკრაინაშია და ადგილობრივი თანამოაზრეების უსაფრთხოება, სავარაუდოდ, ნაკლებად ანაღვლებს. ნაციონალებიწინასწარ ამკვიდრებენ თავიანთ მხარდამჭერებში აზრს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება (ესმაიდანისაგორების მნიშვნელოვანი წინაპირობაა), პარალელურად ცდილობენ, ალასანიასთან და რესპუბლიკელებთან საერთო ენა გამონახონ. მათთვის იდეალური იქნებოდა, რესპუბლიკელები კრიტიკულ მომენტში კოალიციიდან რომ გასულიყვნენ, რათა შემდგომი მოვლენები პროდასავლური ძალების რევოლუციის სახით წარმოედგინათ. საინტერესოა, რომ რესპუბლიკელების წასვლას მათი მოწინააღმდეგეებიც მოითხოვენ, რომელნიც მხარს “ქართულ ოცნებას” ან “პატრიოტთა ალიანსს” უჭერენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები (კერძოდ კი, თინა ხიდაშელი) მედგრად ებღაუჭებიან თავიანთ სკამებს, როგორც მეტყვიამფრქვევე ანკა ცნობილი ფილმიდან “ჩაპაევი” თავის მრისხანე ტყვიამფრქვევს (აგრეთვე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დავით უსუფაშვილი ჩაპაევის როლში).

საზოგადოების გაღიზიანებამ ამ კონფლიქტის გამო ნათლად აჩვენა, რომ მას გაწონასწორებული დაღვინებული პოლიტიკოსების ხილვა მოსწყურდა. ხალხი ვეღარ იტანს უპასუხისმგებლო დემაგოგიას და, ალბათ, კარგია, რომ ეს განწყობა ბოლო დღეებში მკაფიოდ გამოიხატა. საერთოდ, ზოგიერთ წამყვან დასავლურ სახელმწიფოში (რომ იტყვიან, “გვარს არ დავასახელებთ”), ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიხვდნენ, რომ იდეოლოგიასა თუ ორიენტაციაზე მიბმული ამბიციები და დაპირისპირება კარგი საექსპორტო საქონელია, თორემ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ჯგუფი ერთი სისტემის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ, როგორც მარჯვენა და მარცხენა ხელი. როგორც კი ქართული ელიტის და საზოგადოების უმრავლესობა ამ მიდგომას გაიზიარებს, ქვეყნის ისტორიაში, სავარაუდოდ, ახალი, გაცილებით ბედნიერი ეპოქა დაიწყება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. სასაცილო და თავხედი თინა, ძნელია სიტყვების შერჩევა. ამ რთულ ვითარებბაში, როცა რუსეთსა და თურქეთს შუა მოექცა საქართველო და ფილიგრანული ტექნიკაა საჭირო ლავირებისათვის, ეს გასიებული თავდაცვის მინისტრი რიმელიც შარვალ-კაბაბში ვერ ეტევა შანსს არ აძლევს საქართველოს, ოდნავ მოქნილი პოლიტიკური თავისუფლების მანევრი განახორციელოს. შვილები თავის მამათმავლურ ამერიკაში გახიზნა და გრანტებზე გაზრდილი არარაობა, თავის მდაბიო ჭკუაზე ატაროს საქართველო. სანამ უაზრო და გასუქებაზე ორიენტირებული მთავრობა გვეყოლება საქართველო საბოლოოდ გაქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here