Home რუბრიკები საზოგადოება ბესო შენგელია: წარმოუდგენელია, სიყალბეზე აღზრდილი თაობა ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი იყოს

ბესო შენგელია: წარმოუდგენელია, სიყალბეზე აღზრდილი თაობა ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი იყოს

1015

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას სასკოლო განათლების სისტემა, როგორ ხდება სახელმძღვანელოებზე გრიფის მინიჭება, არის თუ არა დღეს სკოლა ზოგადი განათლების მიღების საშუალება? ამ საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციააპრიორისთავმჯდომარე ბესო შენგელია.

_ “დაიოშ! მერე აბხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟიმონ?

_ რათ უნდა დამიჭირონ?

_ როგორ რათ?! ქართველი ხომ ხარ?

_ ხო, მერე?

_ მერე მაგათ ქართველები არ ევასებათ”, _ ეს არის ამონარიდი ქართული ენისა და ლიტერატურის მე-9 კლასის სახელმძღვანელოდან, რომელსაც გრიფი განათლების სამინისტრომ 2012 წელს მიანიჭა და რომლითაც სწავლება დღესაც მიმდინარეობს. ამავე წიგნში ასეთ ტექსტსაც ამოიკითხავთ: “გადავწყვიტე, გოშკა მენახა, იმან ყველაფერი იცოდა, ალბათ, ისიც, ტყვარჩელში რომ უნდა ჩავსულიყავი.

_ ნუ, ბლიად, _ მითხრა გოშკამ”.

ბატონო ბესო, მიზანშეწონილია მსგავსი ტექსტების შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში?

_ ენა აზროვნების საფუძველია. რაც თქვენ წარმოადგინეთ, არის ჩვეულებრივი ბილწსიტყვაობა. ამ სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება პირდაპირ მეტყველებს ჩვენი განათლების სისტემის ფუქსავატობასა და უნიათობაზე. ეს არის სლენგი, რომლის ათვისებაც ძალიან იოლია, რადგან მისი დაუფლების აუცილებელი წინაპირობა მხოლოდ და მხოლოდ ქართული სალიტერატურო ენის უცოდინარობაა. ამ ენის ძირითადი მახასიათებელი აზრიან წერასა და მეტყველებაზე ტოტალური უარის თქმაა და დანიშნულებაც სწორედ ეს არის _ ზუსტი აზროვნების, გამართულად მეტყველებისა და წერის განდევნა. დანაშაულია, რომ განათლების რეფორმის მართვის ჯგუფებში წამყვან თანამდებობებზე ისეთი ოდიოზური ადამიანები არიან, რომლებიც მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენი მომავალი თაობის აზროვნებას. თამამად ვიტყვი, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი, იმ მოზარდების ღალატი, რომლებსაც ამ სახელმძღვანელოებით უწევთ სწავლა. ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ სისტემაში აღზრდილმა ბავშვებმა როგორ უნდა შექმნან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. მაგრამ სწორედ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა იმისა, რომ დაბალი განათლების თაობა აღიზარდოს, რომელიც მართვადი მასა იქნება და მეტი არაფერი. ეს დანაშაულია არა მხოლოდ ამ კონკრეტული თაობის წინაშე, არამედ მთლიანად ერის წინაშე. რეფორმატორთაეს ლაშქრობა არა უბრალოდ ქართული ენის, არამედ, საზოგადოდ, აზროვნებისა და შემეცნების წინააღმდეგაა მიმართული. განათლების მინისტრმა უნდა გვითხრას, რომელი სტანდარტებით არჩევენ სახელმძღვანელოებს.

_ VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოში კი ასეთი დავალებაა მოცემული: “გაესაუბრეთ თქვენს აფხაზ თანატოლს, რომელიც დღეს ქართველებისგან მიტოვებულ სოხუმში ცხოვრობს”. რას შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი შინაარსის ტექსტი?

_ ამ შინაარსის ტექსტი მხოლოდ სამშობლოს ღალატს შეიძლება ემსახურებოდეს. ეს არის მტრის პოლიტიკის გატარება. ქართველებისგან მიტოვებული ნამდვილად არ არის სოხუმი, ქართველები ცხოვრობენ სოხუმში. ის სუბიექტები, რომლებმაც ეს სახელმძღვანელო შეადგინეს, დაამტკიცეს და სკოლებში შეიტანეს, უნდა დაისაჯონ სახელმწიფოს ღალატის მუხლით. ეს არის თანამედროვე სტანდარტებით შუღლისა და ბოღმის გაჩენა მოძმე ერებს შორის. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამას მხარს უჭერს. ამ წიგნის განხილვის შემდგომ ვაპირებთ, სამართლებრივადაც ვიდავოთ განათლების სამინისტროსთან. თუ ჩვენ მოსწავლეებს ამ რიტორიკით ვესაუბრებით და ფარულად მივანიშნებთ ჩვენ მიერ სოხუმის მიტოვებაზე, გამოდის, თაობას ვზრდით ისე, რომ ჰქონდეთ გაუცხოება და სიძულვილი მოძმე ერის მიმართ და ეს უკვე ღალატია! განათლების სისტემის მესვეურები მიზანმიმართულად უშლიან ხელს დამოუკიდებლად და ნათლად მოაზროვნე თავისუფალი ახალგაზრდების აღზრდას, ამოუკიდებლად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა კი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა.

_ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო სახელმძღვანელოები და მათ შექმნაში შესაბამისი დარგის სპეციალისტები თუ მონაწილეობენ?

_ მსგავსი სახელმძღვანელოების არსებობა უკვე ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს არავითარი სტანდარტი არ აქვს. განათლების სისტემა დაემსგავსა დიდ ნეშომპალას და ეს ინფუზორიები ვერ შეძლებენ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას, პირიქით _ უფრო დიდი ჭაობისკენ მიათრევენ. განათლების სისტემა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და ამ ტენდენციებით კიდევ უფრო შემზარავია მომავალი. დღევანდელი განათლების სისტემა დგას უგუნურებისა და გონებასუსტობის საფრთხის წინაშე. ეს არის სეპარატისტების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები და არა სპეციალისტების მიერ. სისტემაში, რომელსაც ერთი უგუნური მართავს, განათლების მინისტრი, ყველაფერი არის ცენტრალიზებული, საჯარო სკოლებს არ აქვთ რეალური თვითმმართველობის განხორციელების უფლება. არ არსებობს არანაირი სტანდარტი და სახელმძღვანელოების შერჩევის ერთიანი სისტემა, გარდა მერკანტილური მიზნებისა.

_ რა სტანდარტებით ხდება გრიფის მინიჭება სამინისტროს მიერ?

_ ამ უნიჭორეფორმატორებმამათ მიერვე უნიჭოდ შეთხზულ სასწავლო გეგმებზე დაყრდნობით შეიმუშავეს სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის წესები, შეფასების კრიტერიუმი და გრიფის მინიჭების პროცედურები. გრიფის მინიჭების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და სახელმძღვანელოების ობიექტურ შეფასებას, ვინაიდან, ახალი დებულების თანახმად, სახელმძღვანელოებს აფასებენ არა დამოუკიდებელი, კომპეტენტური ექსპერტები, არამედ თვითონ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის თანამშრომლები, რომელთა კომპეტენციაც ზემოთ ნახსენებ სახელმძღვანელოზე აისახება. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი სისტემა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული გარიგებებისთვის გამომცემლებსა და შემფასებლებს შორის.

_ ერთერთი გაზეთით გავრცელდა ინფორმაცია კონკრეტული მედიკამენტზე, რომლის მთავარი მიზანი მამაკაცის სასქესო ჰორმონ ტესტოსტერონის დონის ამაღლებაა ბუნებრივი გზით. გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, წამლის პრეზენტაცია უნდა გამართულიყო წნორის #1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს _ 10-დან 11 საათამდე. არის თუ არა ეს მოსწავლეების უფლებების დარღვევა?

_ ეს არის სრული მარაზმი. იქ, სადაც მომავალმა თაობამ განათლება უნდა მიიღოს, მსგავსი ღონისძიების გამართვა დანაშაულია, მით უმეტეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. ხაზგასმით ვამბობ: ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!

_ VII კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში (გვ. 60, 2012 წლის გამოცემა, გამომცემელი ბაკურ სულაკაური, ავტორები: სანიკიძე, გორდეზიანი, ფირცხალავა) მოცემულია რუკა, რომელზეც საზღვრები და მთელი რიგი ქალქებისა თუ სახელმწიფოებისა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასწორად არის დატანილი

_ ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია სამშობლოს ღალატის. ეს არის მომავალ თაობებზე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება. წარმოუდგენელია, სიყალბეზე აღზრდილი თაობა ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი იყოს.

_ რას იტყვით იმაზე, რომ მოსწავლეების გადამზადებისა და სერტიფიცირებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები, რომლებიც დაწერილია უცხოელი ავტორების მიერ ევროკავშირისა და USAID-ის პატრონაჟით და, რომლის სწავლებასაც ჩვენს საჯარო სკოლებში აპირებენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიცავს ასეთ ტექსტებს: “დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალთა ან ლესბოსელთა საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენს ქვეყანაში”?

_ ეს გაუნათლებლობის, დეფექტიანი აზროვნებისა და იდიოტიზმის ნაყოფია. საქართველოში, განათლება კი არა, ბავშვების სოციალური სტიგმატიზაცია და გაბოროტებაა პრიორიტეტი, რომელიც ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს და სრულიად საზოგადოებას. განათლების სისტემა აზროვნების უნარს მოკლებული, უცოდინარი და ბნელმეტყველი ადამიანების აღზრდას ისახავს მიზნად. განათლების სისტემა არ არის არაორიენტირებული მოაზროვნე თაობის აღზრდაზე.

_ თუ ასეთი სახელმძღვანელოებით წარიმართება სწავლება, ემუქრება თუ არა ჩვენს ბავშვებს ცნობიერების გადაგვარება თუ პირიქით _ შეძლებენ ზნეობრივად მაღალი ღირებულებების ადამიანებად ჩამოყალიბებას?

_ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა ეროვნებათა, კულტურათა, სარწმუნეობათა და სქესთა აღრევისა. ცდილობენ, მოსპონ ქართული ეთნოგენეზისი. ამით უარყოფენ ქართულ ეროვნულ იდენტობას, უარყოფენ მართლმადიდებლობას, თვითმყოფადობის განმსაზღვრელად უმცირესობათა არსებობას აღიარებენ და ამ უმცირესობების დომინაციის აღიარებას ბავშვებსაც აიძულებენ.

ესაუბრა ნატა ხორავა

1 COMMENT

  1. ძალიან სწორი ხედვა გაქვთ, ბატონო ბესო, პროფესიონალური, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული.ასმაგად გასახარია, რომ ახალგაზრდა თაობის ადამიანი ასე აზროვნებთ! გმადლობთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here