Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის შს ყოფილი მინისტრი: იანუკოვიჩის ადმინისტრაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ხელმძღვანელობდა

უკრაინის შს ყოფილი მინისტრი: იანუკოვიჩის ადმინისტრაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი ხელმძღვანელობდა

541

“ევრომაიდანი _ 2014: ორი წლის შემდეგ” _ ასე ეწოდებოდა მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო “როსია სეგოდნიას” პრესცენტრში მოწყობილ მრგვალ მაგიდას, რომელიც უკრაინაში ორი წლისწინანდელ მოვლენებს მიეძღვნა. სხდომაზე დისკუსიის მონაწილემ, უკრაინის შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ დააანონსა გამოცემა თავისი წიგნისა “სისხლიანი ევრომაიდანი _ საუკუნის დანაშაული”.

“ჩემს წიგნში შევეცადე, გამომეკვლია როგორც მიზეზები, ასევე, ტექნოლოგიები, რომლებმაც გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება, აგრეთვე, გამეხმაურებინა რიგი იდეებისა, როგორ გამოვიდეთ ამჟამინდელი ჩიხიდან, _ განაცხადა ვიტალი ზახარჩენკომ, _ მიმაჩნია, უკრაინელმა საზოგადოებამ სრულად უნდა გააცნობიეროს, რაც მოხდა გადატრიალების დროს და მას შემდეგ. ის საზოგადოება, რომელმაც ვერ აღიქვა, რა მოხდა, ბოლომდე ვერ ჩასწვდა დამანგრეველი პროცესების მექანიზმებს, მომავალში ვერ შეძლებს, მართებული რეაქცია ჰქონდეს იმ საფრთხეებზე, რომლებიც მსოფლიოში არსებობს”.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი მართავდა

წიგნში “სისხლიანი ევრომაიდანი _ საუკუნის დანაშაული” ავტორი აღნიშნავს, რომ მაიდანზე კრიზისის ძირითადი ტვირთი შსს-ს თანამშრომლებს დააწვათ მხრებზე, მაგრამ გადატრიალების ტექნოლოგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პოლიციელთა ძალებით შეუძლებელი იყო. რადიკალებთან და მათ უკან მდგომი უცხოელი აგენტების წინააღმდეგ ბრძოლაში კი უკრაინის სპეცსამსახურებისა და სხვა სამინისტროების დახმარების იმედი მოჩვენებითი აღმოჩნდა.

ვიტალი ზახარჩენკო: “ფერადი გადატრიალებების ერთერთი ტექნოლოგია არის სხვა ქვეყნებისპროფესიონალი რევოლუციონერებისმონაწილეობა არეულობებში. როგორც წესი, ისინი რადიკალური მოძრაობების კარგად გაწვრთნილი და მდიდარი გამოცდილების მქონე ხელმძღვანელები არიან სერბეთიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, სადაც მსგავსი გადატრიალებები წარმატებით განხორციელდა. ასეთი უამრავი სპეციალისტი მოავლინეს კურატორებმა უკრაინაში 2013 წლის შემოდგომაზე.

როდესაც ეს ჩვენთვის, შსს-თვის შეიქნა ცნობილი, თხოვნით მივმართე უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ იაკიმენკოს, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ეს პერსონები ქვეყანაში არ შემოეშვა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოხსენებებს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევოჩკინი ბლოკავდა. შედეგად, არაფერი გაკეთდა და ეს ფერადი მაიდნების “ქარიშხლები” უზარმაზარი რაოდენობით ჩამოვიდნენ კიევში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევოჩკინი დასავლეთის სპეცსამსახურების გავლენის აგენტი აღმოჩნდა. მისი ნახელავია 1 ნოემბრის პროვოკაცია. გადატრიალებისთანავე ლევოჩკინი გამოიძახეს აშშში, სადაც სამომავლო პოლიტიკური მოღვაწეობის მხარდაჭერა მიიღო და გასაკვირი არ არის, რომ განდევნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს მშვიდად ცხოვრობს კიევში”.

პროფესიონალი მზვერავები დიპლომატიური საფარველით

ვიტალი ზახარჩენკო: “კრიზისის დაწყებიდან დღე ისე არ გასულა, რომ სატელეფონო ან პირადი კონტაქტი არ მქონოდა დასავლეთის ქვეყნების საელჩოების “შეშფოთებულ” წარმომადგენლებთან. ასეთ შეხვედრებს ხშირად ესწრებოდნენ პროფესიონალი მზვერავები დიპლომატიური საფარველით. უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიან კარგად მომზადებული და უკიდურესად ცინიკური არიან. ყველაფერს, რაც კიევის ქუჩებში ხდებოდა, ისინი მშვენივრად ხედავდნენ, აცნობიერებდნენ და საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრავდნენ მიზნებს. არ მალავდნენ არც თავიანთ მოღვაწეობას ქვეყანაში და არც განზრახვებს. მათი ძირითადი ამოცანა, როგორც მომეჩვენა, იყო ჩემი პოზიციის დაზვერვა, ჩემი რეაქციისა და საქციელის მიხვედრა სიტუაციის გამწვავებისას”.

სპეცსამსახურების მოღვაწეობის სხვა საინტერესო ასპექტი იყო ოპოზიციის რიგებში ჩანერგილი თავიანთი აგენტების მეშვეობით საპროტესტო გამოსვლების ხელმძღვანელობა.

ვიტალი ზახარჩენკოს მონაცემებით, არსენ ავაკოვი საკმაო ხნის წინათ გადაიბირა ბრიტანეთის სპეცსამსახურმა. ამის შესახებ ხმები იტალიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გავრცელდა, სადაც ავაკოვი, უბრალოდ, თავისი სისულელით, ადგილობრივი პოლიციის თვალთახედვის არეში აღმოჩნდა, როდესაც ავარია გააკეთა (ამას გარდა, ავტომობილით მოძრაობდა იმ დღეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ უავტომობილოდ მოძრაობის დღედ იყო გამოცხადებული). იმ მომენტში საერთაშორისო ძებნილი ავაკოვი შეიძლებოდა უკრაინაში გადაეყვანათ, რასაც ყველა ხერხით შეეწინააღმდეგა.

როცა კარაბინერებთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, ავაკოვის პერსპექტივა სამწუხარო ჩანდა. მაგრამ მის საშველად დროულად გამოჩნდნენ ბრიტანელი კეთილისმსურველებიმი-6”-დან და ბალტიისპირული ფესვების მქონე საინტერესო პერსონაჟი, რომლის როლიც 2014 წლის თებერვალში ინსტიტუტის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებში, როდესაც ხალხი დახვრიტეს, განმსაზღვრელი იყო. სწორედ ამ ადამიანებმა, შს ყოფილი მინისტრის აზრით, “მოაგვარეს” ავაკოვის პრობლემა იტალიაში, რომლის შემდეგაც მათი კავშირი ძალიან მტკიცე გახდა და შეიმჩნეოდა მაიდნის მოვლენების დაწყებამდე.

ნალივაიჩენკოსა და მის მჭიდრო კავშირზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ლაპარაკიც არ ღირს. არის ცნობები, რომ გერმანიის სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კლიჩკოსთან. მაიდნური გადატრიალების მომწყობთა შორის იყვნენ მცირე მასშტაბის ფიგურებიც, მაგალითად, დანილიუკი, რომელმაც მეწარმეების გადასახადებითა და თუ სხვა საბაბით შევიწროების საპროტესტო აქციების მოწყობის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ “მი-6”-ის ყურადღება მიიპყრო.

სისხლიანი ევრომაიდანი: საუკუნის დანაშაული

ცოცხლი არ აიყვანოთ!”

21 თებერვალს ვიტალი ზახარჩენკო ესაუბრა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ “ბერკუტი” და შინაგანი ჯარები გადაესროლათ დონეცკში.

მინისტრი დაცვით გაემგზავრა დონეცკში, კავშირი კი პრეზიდენტთან შეთანხმებით გათიშა.

“ჩვენ ვიყავით რამდენიმე მანქანით, ყველა მხოლოდ ლოკალური რადიოკავშირით. წინა ავტომობილები ზვერავდნენ ვითარებას, ჩვენ მათ მივყვებოდით, _ იგონებს ზახარჩენკო. _ უპრობლემოდ ჩავედით, მაგრამ ცუდი ამბავი დაგვხვდა: შინაგანი ჯარების ნაწილები და “ბერკუტი” შეუჩერებიათ და უკან, კიევში დაუბრუნებიათ, შემდეგ კი ნაწილობრივ განუიარაღებიათ. ეს ნიშნავდა იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილზეც კი ვერ მოხერხდებოდა ხელისუფლების ლეგიტიმაციის შენარჩუნება. უკვე ცხადი იყო და ეჭვს არ იწვევდა, რომ უკრაინის კანონიერ პრეზიდენტსა და მის გარემოცვაზე ნადირობა გამოცხადდა, თანაც განკარგულებით “ცოცხალი არ აიყვანოთ!”.

დონეცკში ვიქტორ იანუკოვიჩმა და ვიტალი ზახარჩენკომ მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, უფრო მეტიც _ დონეცკიდან გაფრენის მცდელობისას პრეზიდენტი შეიარაღებულ წინააღმდეგობასაც კი წააწყდა, რის გამოც გაფრენა ვერ შეძლო. გადაწყვიტეს, ავტომობილებით ჩასულიყვნენ ყირიმში, თანაც, ცალ-ცალკე, და აზოვის ზღვის სანაპიროზე დათქმულ ადგილას შეხვედროდნენ ერთმანეთს. გზა დაბრკოლებების გარეშე გაიარეს.

საქართველო და ევრომაიდანი

“რა გავლენა იქონია საქართველომ ევრომაიდანზე?” _ აი, რა უპასუხა ჩვენი კორესპონდენტის ამ შეკითხვაზე ვიტალი ზახარჩენკომ:

 “დიახ, საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც წარმატებით იქნა აპრობირებული ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგია. დიახ, მაიდანზე იმყოფებოდნენ “ვარდების რევოლუციით” ნაკვებნი და ე.წ. მოხალისეები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები საქართველოდან. ინტერესმოკლებული არ არის ის ფაქტი, რომ, როცა აჩვენებდნენ 19 იანვარს გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარ შეტაკებას, დემონსტრანტებს ხელში ეკავათ ქართული დროშები და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო უკრაინის _ დახეული, ხანძარგამოვლილი ბოლოებმომწვარი.

უკვე საიდუმლო აღარ არის, ვინ არის ამ რევოლუციის ავტორი. მინდა შევნიშნო, რომ გადატრიალებათა მოწყობის ტექნოლოგიები თანდათან იხვეწება, მათ ამა თუ იმ სახელმწიფოს თავისებურებებს არგებენ და არც შეიძლება იყოს ერთი საერთო სცენარი. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წინ უსწრებს ხანგრძლივი სისტემური სამუშაო. გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი სახელმწიფო ორგანოების სიმტკიცის შესამოწმებლად, განსაკუთრებით სუსტი ადგილების გამოსავლენად. მხოლოდ ამის შემდეგ უტევენუნიათო ხელისუფლებას”, ანუ გამოჰყავთ ხალხი ქუჩაში.

უკრაინის შსს ექსმეთაური თბილისში მიემგზავრება

ვიტალი ზახარჩენკომ გვაცნობა, რომ თავისი წიგნის პრეზენტაციას სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს, ერთ-ერთი იქნება საქართველო.

ვიტალი ზახარჩენკო უკრაინის დამსახურებული იურისტია, ის დაინტერესებულია საქართველოში იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმების გაცნობით. ამ მიზნით 2011 წელს დაგეგმა კიდეც თბილისში ჩამოსვლა. იმხანად ის უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 5 ნოემბერი იყო, სამუშაო კაბინეტში საქართველოში მივლინების დეტალებს გეგმავდა, როცა ტელეფონი აწკრიალდა… რეკავდა სახელმწიფოს პირველი პირი. ვიქტორი ფიოდოროვიჩი (იანუკოვიჩი) კაბინეტში იხმობდა.

“როცა ყურმილი დავდე, თანაშემწე მეუბნება, “ვგრძნობ, ვიტალი იურევიჩ, რომ ჩვენი თბილისში მივლინება ჩაიშლება”. და ის მართალი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა შსს-ს მეთაურობა შემომთავაზა. 6 ნოემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, ხოლო 7 ნოემბერს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასთან წარმადგინეს. ასე ჩაიშალა იმხანად თბილისში ჩემი გამგზავრება, მაგრამ ახლა ხელს აღარაფერი შემიშლის.

ჩემი წიგნის პრეზენტაციასთან ერთად დიდი სიამოვნებით გავეცნობი რეფორმებს იუსტიციის სამინისტროში”.

ბესიკ ფიფია,
სპეციალურად “საქართველო და მსოფლიოსთვის”


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here